00:08 25 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ირმა სვანიძე და მისი ნამუშევრები

პაციენტების თხოვნით გამოფენილი ნახატები და მეგობრის გასამხნევებლად გადაპარსული თავი

© Courtesy of Irma Svanidze
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
41391

ირმა სვანიძე - თეატრის მხატვარი. მისი ცხოვრების ისტორია კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ნამდვილ ხელოვნებას და ნამდვილ მეგობრობას სასიცოცხლო ძალა აქვს და ეს ლიტონი სიტყვები არ არის.

მას შემდეგ რაც ავადმყოფობის შესახებ გაიგო, ირმას ნახატებში უფრო მეტი ფერი და სინათლე გაჩნდა. მან დღეს კარგად იცის, რომ ადამიანის შინაგანი ძალა და სიკეთე ყველაფერზე მაღლა დგას და ყველაფრის მომრევია… ამის მერე კლინიკაში, სადაც თავად მკურნალობდა,  ყველაზე მძიმე დაავადებულების თხოვნით კედლებზე მისი ნახატები გაჩნდა როგორც იმის სიმბოლო, რომ რაც უნდა მოხდეს, მხრები არ ჩამოყარო და რაც მთავარია, არ გაბოროტდე!…

ირმა სვანიძე და მისი ნამუშევრები
ირმა სვანიძე და მისი ნამუშევრები

- ირმა, თქვენს ნამუშევრებს კომენტარად უწერთ, რომ „ცისფერი პერიოდი“ დამეწყოო, მანამდე რა პერიოდი გქონდათ?

—  ჩემი განწყობიდან გამომდინარე, ადრე მქონდა ჭრელი პერიოდები, რასაც ფერწერულს ვუწოდებთ.. ვცდილობდი, რომ ეს ყველაფერი გარკვეულ მიმდინარეობაში არ გადაზრდილიყო და რაღაც კონკრეტული სახელი არ დარქმეოდა. ამას უფრო საკუთარი თავის ძიებას დავარქმევ. ვეძებდი საკუთარ თავს, საკუთარ შტრიხებს, ფერებს და ფორმებს… ვცდილობდი, რომ ნამუშევრები ყოფილიყო თავისუფალი და ძალიან თემატიკას რაც შეეხება, ეს ძალიან უცნაურად ხდებოდა, თავადაც მიკვირს და საკუთარ თავს ვაკვირდებოდი. თემატიკა მოდიოდა ყოველი ახალი დღიდან, ამ უკანასკნელს ახალი შთაბეჭდილება და ემოცია მოჰქონდა. ეს შესაძლოა, გაჩენილიყო გარეთ გასეირნებით, შემთხვევითი ნაცნობობით, როცა ვხედავდი ახალ ადამიანს, ახალ სახეს.

ირმა სვანიძის ნამუშევარი
ირმა სვანიძის ნამუშევარი

- მარტო თემატიკა არა, ამ ნახატების სტილიც განსხვავებულია. ერთ ხაზს არ მისდევთ, მუდმივად იცვლებით და ამ ცვალებადობით უფრო  საინტერესო ხართ…

— ამიტომაც ვეძახი ამ ყველაფერს საკუთარი თავის ძიებას… ყველა ჟანრში ვეძებ საკუთარ თავს: პორტრეტში, ნატურმორტშიც კი ვცდილობ დავინახო ის, რაც ჩემია. ზოგადად ჩემია ადამიანი და მისი შინაგანი სამყარო. პირველ რიგში რაც ჩემს ყურადღებას იქცევს- ეს ემოციაა… მხოლოდ და მხოლოდ ემოცია- ანუ მისი შინაგანი მდგომარეობა…

ირმა სვანიძის ნამუშევარი
ირმა სვანიძის ნამუშევარი

- პროფესიით თეატრის მხატვარი ხართ…

— დიახ, ჩემი პროფილია თეატრის მხატვრობა, ესაა ჩემი პროფესია, ანუ ამ მხრივაც პატარა გამოცდილება მაქვს. „თავისუფალ თეატრში“ რამდენიმე მხატვარი ვიყავით და იქ კასტინგის შედეგად შეგვარჩიეს. ნამუშევარი ვარ რეჟისორ მიკა კიკაჩეიშვილთან, რომელიც სამწუხაროდ ტრაგიკულად დაიღუპა. ჩვენ ტრაგიკომედია სახელად „მაქცია“ გავაკეთეთ. პრემიერის დღეს ძალიან ბედნიერები ვიყავით და სადღაც ორი-სამი კვირის მერე მოხდა ეს ტრაგიკული შემთხვევა.. ეს სპექტაკლიც სამწუხაროდ დაიკარგა, რადგან მსახიობებმა ვერ შეძლეს იმ მთლიანობის აღდგენა, რასაც მიკა აკეთებდა… მას შემდეგ იყო ისეთი შემოთავაზება, რისთვისაც დღემდე ვემზადები და ალბათ გავაკეთებ. ამჯერად მოუცლელობიდან გამომდინარე  ვერ ვახერხებ, რადგან სამი პატარა მყავს და რთულია საპასუხისმგებლო საქმეს ხელი მოჰკიდო. ერთჯერად შემოთავაზებებზე უფრო ვარ გადართული.

ირმა სვანიძე შვილებთან ერთად
ირმა სვანიძე შვილებთან ერთად

- ირმა, უკაცრავად ამ თემას რომ ვეხები, თქვენმა ნახატებმა სულ სხვა დატვირთვა მიიღეს მას შემდეგ რაც აღმოაჩინეთ, რომ ავად იყავით…

— ამ პრობლემის მქონე უამრავ ადამიანთან მქონდა შეხვედრა-შეხება. მივხვდი, რომ ისინი ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქში ძალიან ბევრნი არიან  უმძიმესი პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ რაღაც მუხტს, რაღაც ბიძგს, იმედის ჩასახვას და მე საკუთარი ძალებიდან გამომდინარე, რაც შემეძლო ეს მათთვის ხატვა, მათთვის ნახატების შექმნა იყო. როდესაც კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტში („კოი“) ვიყავი, მათთვის დავხატე და ნახატები ექიმებს ვაჩვენე. მათ გაუჩნდათ სურვილი, რომ ისინი გადასხმის ოთახში გამოფინონ, ანუ იქ, სადაც ყველაზე მძიმე პაციენტები არიან… გეტყვით რა არის გამოსახული მათზე: ეს არის თბილი ნატურმორტი, რომელზეც იასამნებია გამოსახული, კიდევ არის ტბის პეიზაჟი წეროებით, რომელიც გადაწყვიტეს, რომ იქ დაეკიდათ. ასევე იყო თბილ ფერებში გაკეთებული დეკორატიული  და ამავე დროს ძალიან ფერწერული სურათი, რომელზეც ფარშევანგია გამოსახული. იყო უკიდეგანო სივრცეში მყოფი პატარა გოგონა, რომელიც ყაყაჩოების მინდორში ასხამს წყალს, ანუ მათ საზრდოს აწვდის.

ირმა სვანიძის ნამუშევარი
ირმა სვანიძის ნამუშევარი

- ვიცი, რომ თავად პაციენტებმა მოითხოვეს, კლინიკის კედლებზე თქვენი ნამუშევრები ყოფილიყო….

— დიახ, პაციენტებმა მოითხოვეს, რომ კლინიკაში ბევრი ჩემი სურათი ყოფილიყო. მათ სურვილი გაუჩნდათ, რომ იქაურობა ფერადი გამხდარიყო. სხვათაშორის როცა შევხვდი ექიმებს, მათ მითხრეს, რომ ჩემი ერიდებოდათ, როგორ შეძლებ, რომ ჩვენ კიდევ ბევრი ნახატი მოგვაწოდო. მე ვპასუხობდი: სიამოვნებით გავაკეთებ იმას, რომ საავადმყოფოს კედლები ჩემი ნამუშევრებით შევავსო… იქ ყველამ იცის ჩემი ისტორია. ეს იყო ჩემი პატარა მცდელობა, რომ გავამხნევო ისეთი ადამიანები, ვისაც სამწუხაროდ ამ დიაგნოზთან ერთად უწევს ცხოვრება…

ირმა სვანიძის ნამუშევარი
ირმა სვანიძის ნამუშევარი

- საოცარი მეგობრობა იცით და ასეთივე მეგობრები გყავთ, ერთმა მათგანმა როდესაც თქვენი დიაგნოზის შესახებ შეიტყო თქვენს გასამხნევებლად იშვიათი ნაბიჯი გადადგა…

— საუბარია გვანცა ჩიტაიშვილზე, რომელსაც მთელი ცხოვრება წელამდე გრძელი, ულამაზესი თმები ჰქონდა და მოკლე თმით ის არავის უნახავს. ჩემს გამო მან თავი გადაიპარსა… დამიჯერებთ, ჩემს ავადმყოფობას იმდენად არ ვჩიოდი, როგორც მის მოჭრილ თმებს… როცა გვერდით ასეთი მეგობარი გყავს, ცხოვრებაში ძალიან ძნელი მომენტებიც შედარებით ადვილი ასატანი ხდება. ვამაყობ, რომ ასეთი მეგობრები მყავს…

ირმა სვანიძე და მისი მეგობარი გვანცა ჩიტაიშვილი
ირმა სვანიძე და მისი მეგობარი გვანცა ჩიტაიშვილი

- რას ეტყვით იმ ადამიანებს, როგორ გაამხნევებთ?

— ვეტყვი, რომ ამით ყველაფერი არ მთავრდება, პირიქით შეიძლება, რომ მათ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც დაიწყოს- უფრო საინტერესო და უფრო დიდი, ვიდრე მანამდე ჰქონდათ… არამცდაარამც ხელები არ ჩამოუშვან, პირიქით ცხოვრება შემართებით და საბრძოლო განწყობით გააგრძელონ — ამას ჩვენგან უფალიც ითხოვს და ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანებიც საჭიროებენ… საჭიროა იმის რწმენა, ყველაფერი კარგად იქნება…

 

მთავარი თემები