მასალას ცნობილი ამბის შეხსენებით დავიწყებ: ალბათ იცით, რომ 2008 წელს საფრანგეთის მთავრობამ გამოცხადა კონკურსი, რათა მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სფეროს გამორჩეული ინტელექტუალები მიეზიდა და მათთვის საფრანგეთის მოქალაქეობა მიენიჭებინა. ქართველი მხატვარი ლევან მოსიაშვილი ამ ნაკადში ფაქტობრივად კონკურსგარეშე მოხვდა და ამგვარი გამონაკლისი ფრანგებმა ერთადერთხელ, მხოლოდ მის შემთხვევაში დაუშვეს. მისი პერსონალური გამოფენები საფრანგეთის უამრავი რეგიონის საგამოფენო სივრცეებში მოეწყო. ლევან მოსიაშვილი მხოლოდ საფრანგეთში 100-ზე მეტი პერსონალური გამოფენის ავტორია. ამ წუთებშიც მისი ნახატები ქალაქ ლიონთან არსებულ ერთ-ერთ გალერეაშია გამოფენილი.
ფაქტობრივად მოხდა საოცრება და რუკაზე არსებული, მანამდე უცნობი ქვეყანა ყველას თვალწინ თავისი საოცარი ფერებით გადაიშალა. საქართველო და მისი მრავალსაუკუნოვანი კულტურა, ისტორია და ტრადიცია ბევრი ფრანგისთვის არა მარტო აღმოჩენა, სიყვარულის წყაროც გახდა… დღეს მსოფლიოში აღიარებული თვითნასწავლი მხატვრის ნამუშევრები მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებში და გალერეებში ინახება. წელს “საქართველოს დღეების“ ფარგლებში ქართული ემიგრაციის ინიციატივით რუსეთში ლევან მოსიაშვილის პრაქტიკულად პერსონალური გამოფენა გაიმართა. შემოთავაზება ჰქონდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გამოფენების გამართვის თაობაზეც, რაც ერთგვარი მშვიდობის ჟესტი იქნებოდა ქართველების მხრიდან… შემოქმედების გარდა ბატონი ლევანი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის „მეგობართა კლუბს“ ხელმძღვანელობს და ადმინისტრირებას უწევს ფრანგულ-ქართულ კულტურულ ასოციაციას, მონაწილეობს საქველმოქმედო ჰუმანიტარულ აუქციონებში და ქართველ სტუდენტებს ჰონორარს უხდის. ბატონ ლევანს თბილისში გავესაუბრეთ.
– ბატონო ლევან, მივყვეთ ქრონოლოგიურად: საქართველოში აგრარული უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტი დაამთავრეთ და ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის აკადემიური ხარისხი მოგანიჭეს, პარალელურად თეატრის რეჟისურას დაეუფლეთ… ერთ მშვენიერ დღეს კი სამყარომ გაგიცნოთ როგორც მხატვარი. ამგვარი კონტრასტები თქვენი ხასიათიდან გამომდინარეა თუ სიტუაციამ მოიტანა?
— ჯერ გეტყვით, რომ ბავშვობიდან, 5-6 წლის ასაკიდან ვხატავ. ჩემთვის ვერთობოდი, თავიდანვე ხელოვნების სფეროთი ვიყავი „მოწამლული“. მეხუთე-მეექვსე კლასში საქალაქთაშორისო კონკურსზე გაიტანეს ჩემი ნამუშევარი და ისე მოხდა, რომ გავიმარჯვე. 10-11 წლის ასაკში კი უკვე რამდენიმე კონკურსის გამარჯვებული ვიყავი და იმის სტიმული მომეცა, რომ ხატვა გამეგრძელებინა.
– რა თემატიკის ნახატები იყო, როცა იმარჯვებდით?
— დღეს მეცინება რომ მახსენდება… მაშინ აღლუმს ვხატავდი, საბჭოთა აღლუმს: პირველი მაისისა და 7 ნოემბრის გამოსვლებს, თავისი ტრანსფარანტებით და წითელი დროშებით… იმ დროს არ მქონდა გადაწყვეტილი, რომ სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარებდი, რადგან ჩემეული მიდგომა დადგენილი წესებისა და მიდგომებისგან მათავისუფლებდა.
– ანუ იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, ვინც თვლის, რომ აკადემიური განათლება ერთგვარ ჩარჩოებში აქცევს ადამიანის ნიჭს?
— აბსოლუტურად ასეა, დარწმუნებული ვარ. უამრავ მხატვარს, ვისაც დამთავრებული აქვს აკადემია, მათი შემოქმედება ერთ ხაზს, ერთ სწორ გზას მიჰყვება…
– იცით, რომ ამით ბევრს აიმხედრებთ თქვენს წინააღმდეგ?
— ჰოდა ძალიან კარგი… სულ მეჩვენება, რომ ქართულ საზოგადოებას თავისუფლება აკლია.
– ეგ უკვე საფრანგეთში აღმოაჩინეთ თუ მანამდე, საქართველოში?
— რა თქმა უნდა, დასავლეთში… როცა იმ რაკურსით, იმ გადასახედიდან შევხედე ყველაფერს, გავაანალიზე შემოქმედებითი პერიოდები, მივხვდი, რომ ცხოვრება ყოველთვის ექსპერიმენტია…
– და ქართველები ცხოვრებაშიც შებოჭილები მოგეჩვენათ?
— საერთოდ, საქართველო ძალიან კონსერვატორული ქვეყანაა, რაღაცნაირად ინგლისსაც მაგონებს. ზედმეტად ტრადიციული ხალხი ვართ. ძალიან ნაკლებია აქ თვითკრიტიკა, სხვების კრიტიკას კი ქართველები ძალიან მტკივნეულად აღვიქვამთ ხოლმე. არადა, ვფიქრობ, ჯანსაღი კრიტიკა ადამიანს ზრდის და ახალი მწვერვალების დაპყრობისკენ უბიძგებს. საკუთარ თავთან მუშაობაა აუცილებელი, ბედნიერი ვარ, როცა დასავლეთში ბევრი კრიტიკოსი აღნიშნავს, რომ საქართველო ევროპული კულტურის ნაწილია და მომწონს, როცა ჩემ ნახატებს ცნობილი მხატვრების ნახატებს ადარებენ.
– თქვენ თეატრის რეჟისორიც ხართ და როგორ ფიქრობთ, სცენაზეც შებოჭილები არიან ქართველები?
— არა, სცენაზე და სუფრაზე გახსნილები არიან… მე ვფიქრობ, 70-წლიანმა პერიოდმა თავისი დაღი დაგვასვა და შებოჭილობაც ამის გამოა. საერთოდ ნიჭიერი ხალხი ვართ, მაგრამ ამ ნიჭს განვითარება სჭირდება. ყველაფერში არ შეიძლება, რომ დასავლეთს მიბაძო…
– რაც შეეხება დასავლეთს, ვიცი, რომ ძალიან საინტერესო ამბავია, როგორ მოხვდით საფრანგეთში ეს კახელი კაცი?
— ეს იყო 2008 წელს, ერთ დღესაც ჩემ ტელეფონზე საფრანგეთიდან რამდენიმე ზარი შემოვიდა, უცნობი ადამიანი საფრანგეთში გადასვლას მთავაზობდა. მე, რა თქმა უნდა, ეს ხუმრობად ჩავთვალე და ვუთხარი, სახუმაროდ არ მცალია, რადგან ვენახები მაქვს შესაწამლი–მეთქი… ბოლოს, როგორც იქნა, დავიჯერე…
– მართალია, რომ თქვენ საღებავებს კახური ზეთით აზავებდით?
— დიახ, ეს სიმართლეა, ჩემი პირველი საღებავები კახური ზეთით იყო გაზავებული. ჩემი მეგობარი, დათო, რომელსაც კახეთში ზედმეტსახელით — ურომანათი იცნობენ, სპეციალურად ჩემთვის წითელწყაროდან ზეთს ეზიდებოდა. მახსოვს, დაბადების დღეზე 10 ლიტრი ზეთი მომართვა… ასე რომ, ჩემი ხელოვნების აღიარება კახეთის ზეთისა და მზის ბრალია… თქვენ წარმოიდგინეთ, ახლაც მირჩევნია ვენახში ვიმუშაო, ჭრაქისა და სოკოს პრობლემა გადავწყვიტო, ვიდრე ფუნჯებით მუზებს დავდევდე. წელს კახური მოსავალი კარგ ფასად ჩაიბარეს და, აბა, ასე წონით ჩემ ნამუშევრებს ვინ ჩაიბარებს?
– თქვენ შემოქმედებას ორ პერიოდად ყოფენ, პირველის შემთხვევაში შემოქმედებითი წყარო კახეთი იყო, მეორის შემთხვევაში — თბილისი. დღეს ე.წ. ფრანგული პერიოდი გაქვთ. მაინტერესებს, შემოქმედებითად სად ხართ?
— დედამიწაზე ვარ, სრულიად ახალ სამყაროში… მუდმივად ფრენა მფრინავებსაც არ შეუძლიათ, ისინიც ვერ ძლებენ ყოველთვის ჰაერში და მიწაზე დაშვება უნდათ ხოლმე…
– და როგორია თქვენი ახალი სამყარო?
— ვთვლი, რომ ჩემი სამყარო უფრო ფერადი, თავისუფალი და ჰაეროვანია. ის უფრო მეტი ფრენის, აღმაფრენისა და პოეზიის ნაზავს წარმოადგენს. განვლილი გზა არ არის თავისუფალი. სიმართლე გითხრათ, მე თავად არ ველოდი იმას, რასაც დღეს ვქმნი. აბსტრაქტულ პერიოდში გადასული მხატვარი ვარ და ეს ახალი ხედვა თავისით მოვიდა. თუმცა ვიცი, ცხოვრებაში თავისით არაფერი ხდება… ადრე მოკრძალებულ ფერებს ვიყენებდი და მეც მოკრძალებული ვიყავი და ისეთ მოკრძალებულ ქვეყანაში ვცხოვრობდი, სადაც ბევრი პრობლემა იყო. ამ 20 წლის განმავლობაში ბევრი რამ დალაგდა და ვაღიარებ, რომ საქართველო ძალიან ბევრ სფეროში წინ წავიდა. თუმცა უცხოელი მეგობრები მეუბნებიან, დღესაც საქართველოში ხარო. ეს, ალბათ, იმის გამო, რომ სულიერება და ქართული ღირებულებები ჩემ შემოქმედებას ფონად მიჰყვება… ჩემი ფესვები საქართველოა და ამას ვერსად გავექცევი. ბედნიერებაა, რომ ქართველი ვარ…
– ოღონდ ამას რატომღაც საფრანგეთში მიხვდით…
— არა მხოლოდ საფრანგეთში… ისე, სხვა ქვეყნებშიც აღნიშნავენ, რომ ქართული თემები და ტიპაჟები მძლავრობენ ჩემ შემოქმედებაში. მეუბნებიან, დღემდე მოსიაშვილი დარჩი და არა რომელიმე ფრანგი მხატვარიო. ეს მსიამოვნებს და მეამაყება. უკვე 9 წელია მას შემდეგ გასული, რაც საფრანგეთის შემოთავაზებით იქ ვარ. დღემდე შოკში ვარ და საკუთარ თავს ვეკითხები – რა მოეწონათ ამ კახელ კაცში?!
– მაინც როგორ ფიქრობთ — რა მოეწონათ?
— ალბათ ის უშუალობა, რაც ჩემ ფესვებშია…
– დღეს თქვენ ადმინისტრირებას უწევთ ასოციაციას „საქართველო-ცენტრში“, რომლის პრეზიდენტი ცნობილი ფრანგი იურისტი ჟერარ ჟერმანია და რომელსაც ბევრი ქართული საქმე აქვს გაკეთებული.
— მე კახელი ვარ და ყველაზე მნიშვნელოვნად, რაც ამ ასოციაციის სახელით გაკეთებულა, კახეთის საფრანგეთთან დამეგობრება მიმაჩნია. მშობლიური მხარის ფრანგებისთვის გაცნობა, ქართველი ბავშვების საფრანგეთში მიწვევა, სიღნაღის და შატონეფის დამეგობრება. სამი წლის წინ მე და ბატონმა ჟერარმა საქართველოში ერთად ვიმოგზაურეთ და ამ ასოციაციის შექმნის იდეაც გზაში დაიბადა. ასოციაციის პრეზიდენტი ის გახლავთ და თავიდანვე შევთანხმდით, რომ ადმინისტრირება მე უნდა გამეწია.
– სწორედ თქვენი ნახატების ნახვის მერე დაინტერესდა საქართველოთი მუსიე ჟერარიც…
— დიახ, ჩემი ნახატებიდან წამოვიდა ბატონი ჟერარის საქართველოსადმი ინტერესიც. იგი საკმაოდ დიდი პიროვნება და სერიოზული მოთამაშეა რეგიონში, ნიცაში ყველაზე ცნობილი ადვოკატია, მეცენატიც გახლავთ და ბევრ ქართველს გაუმართა ხელი. ჟერარი ქართული კულტურის ცენტრის არსებობით ძალიან ამაყობს და შეიძლება ითქვას, რომ საფრანგეთში, საქართველოს საელჩოს ფუნქციას ახორციელებს: მნიშვნელოვან შეხვედრებს და ღონისძიებებს ატარებს.
– გამოდის, რომ ფრანგებს კახეთი და საქართველო ჯერ ნახატებით გააცანით და შემდეგ რეალურად…
— კი, ნამდვილად ასე გამოდის, არა მარტო გავაცანი, გამოდის, რომ შევაყვარე კიდეც! ყველაზე უცნაური ისაა, რომ ჩემ ნამუშევრებზე მოთხოვნა უფრო ფრანგულ პერიოდს კი არ ხვდა წილად, არამედ ქართულს — კერძოდ, კახურს, სადაც ფოლკლორია ასახული. მიხარია, რომ ამ ნახატებზე ქართველი გოგო-ბიჭების პორტრეტები და ქართული პეიზაჟებია. დღეს მსოფლიოში არა მარტო ეკონომიური კრიზისია, არამედ სულიერიც. საფრანგეთი სიყვარულის ქვეყანაა და სიღნაღი — სიყვარულის ქალაქია, და ამ ხიდზე სიარული ჩვენმა მომავალმა თაობებმა უნდა დაიწყონ. ბედნიერი ვარ, რომ იუმორით და ინტელექტით სავსე ამბების მოთხრობა შევძელი და პირველი მხატვარი ვარ, ვისაც გაეროში, ჟენევაში გამოფენა შესთავაზეს. მსოფლიო ინტელექტუალური ცენტრი ჟენევაშია და მიმაჩნია, რომ ეს ისტორიული მოვლენაა, რადგან საუბარია ქართული კულტურის გამოჩენაზე. მასში საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა.
– ასეთი კითხვა გამოჩნდა — ვინმეს თუ აუკრძალავს თქვენთვის ხატვა?
— დიახ, აუკრძალავთ… ბიძაჩემი თამაზი მიკრძალავს ხოლმე ხატვას – მალე მოდი, თორემ მწვადი გაცივდაო, და კიდევ საფრანგეთში მენეჯერი მიკრძალავს ხოლმე: გამოფენა იწყება და შენ ისევ ხატავ და მზად არ ხარო! კიდევ სტამბულის აეროპორტში ვხატავდი და მითხრეს, აქ ხატვა არ შეიძლებაო. სულ ვხატავ და მეჩვენება, რომ საკუთარი თავისთვის არ მაქვს ხოლმე დრო… ახლაც დამირეკეს და გორში დეკემბრის თვეში შემომთავაზეს გამოფენის გამართვა. პრაქტიკულად ანგარიშს ვაბარებ ქართულ საზოგადოებას, როცა ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენებს ვმართავ. წელს მეოთხედ ჩავატარე და კმაყოფილი ვარ. ჩემთვის ყველანაირი აზრი მისაღებია და მოსაწონი. მიხარია, როცა ბევრი ხელოვანი და უბრალო მაყურებელი აღნიშნავს, რომ ჩემს შემოქმედებაში თავისუფლების მაღალი ხარისხია. ეს უკვე ისაა, რაც მასში ჩავდე…