00:10 25 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ზვიად ზივზივაძე

უცნაური Mr. Zee, დომინო ციხის შერიფთან და ქართული სამშენებლო კომპანია ნიუ-იორკში

© FB / Zura Zivzivadze
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
ქართველები უცხოეთში (98)
3090232

რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ნიუ-იორკში მცხოვრებ წარმატებულ პიროვნებას ზვიად ზივზივაძეს გაგაცნობთ.

ადამიანი, რომელმაც დაუმტკიცა ყველას და, პირველ რიგში, ალბათ, საკუთარ თავს, რომ შეუძლებელი არაფერია. ამერიკულმა ოცნებამ 18 წლის ასაკში თავისუფლების ქვეყანაში ჩაიყვანა. მას შემდეგ თავისი შესაძლებლობა და ძალა ბევრ სფეროში მოსინჯა და უკან არაფერზე დაუხევია. ერთ მშვენიერ დღეს კი დააარსა სამშენებლო კომპანია Royal Builders, სადაც ქართველი ემიგრანტები დაასაქმა. ამას გარდა შექმნა ორგანიზაცია Georgian Union, რომლის ფარგლებში შორეულ ქვეყანაში ბევრ კარგ ქართულ საქმეს აკეთებს. ბატონ ზვიადს ნიუ-იორკში დავუკავშირდით, რათა ჩვენთვის მისი უჩვეულო ამერიკული თავგადასავლისა და საქმიანობის შესახებ მოეთხრო.

ზვიად ზივზივაძე
ზვიად ზივზივაძე

– ბატონო ზვიად, როგორი იყო თქვენი ამერიკული ოცნება?

— როცა ამერიკაში ჩამოვედი, 18 წლის ვიყავი. ეს იყო სტუდენტური გაცვლითი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუდენტების ამერიკაში ჩამოყვანას საზაფხულო სამუშაოებზე. ფლორიდის შტატის ქალაქ ქისიმში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი „მაკდონალდსის“ სწრაფი კვების სისტემაში, სადაც სტუდენტური პროგრამით გაგვანაწილეს. ეს იყო ჩემი პირველი სამსახური საერთოდ ცხოვრებაში და იქ მიღებულმა გამოცდილებამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. მაშინ გავიგე, თუ რას ნიშნავს საქმის მიმართ პროფესიონალური დამოკიდებულება. იქ ყველა თავის საქმეს აკეთებდა და ყველამ იცოდა როდის და სად უნდა ყოფილიყო. სად არ მიმუშავია – ფლორიდაში მშენებლობაზე დამხმარე მუშა ვიყავი, ტაქსის მძღოლიც კი ვიყავი…

– რას იტყვით თქვენ ამერიკელ კოლეგებზე?

— ამერიკაში, საქართველოსგან განსხვავებით, ტაქსის მძღოლად ის ხალხია დაკავებული, ვინც სხვადასხვა მიზეზების გამო ადრეულ ასაკში პენსიაზე გავიდა და სტუდენტები, რომლებსაც თავისუფალი დრო აქვთ და ზედმეტი ფულის შოვნა უნდათ. მხოლოდ რამდენიმე თვე ვმუშაობდი ტაქსის მძღოლად, რაც ძალიან ძნელი იყო ახალგაზრდა ბიჭისთვის, რომელსაც სულ სხვა მიზნები ჰქონდა, მაგრამ იმ მომენტში სხვა გამოსავალი არ იყო და ჩემ საქმეს პირნათლად ვასრულებდი. თქვენ წარმოიდგინეთ, ქართველები ტაქსიზე ამერიკაშიც მუშაობენ. ამიტომ მუშაობის დროს ბევრი კურიოზი ხდება, რადგან აცხადებენ, რომ ამერიკაში ჩამოსვლამდე თავისი პროფესიით მუშაობდნენ – ზოგი ექიმი იყო, ზოგი მერიის თანამშრომელი და ა.შ.

ზაზა და ზვიად ზივზივაძეები
ზაზა და ზვიად ზივზივაძეები

– ქართველი ტაქსის მძღოლი ამერიკაში — უკვე თემაა და რაიმე ამბავი ხომ არ გახსენდებათ?

— ერთხელ ერთმა ექიმმა, ქართველმა პროფესორმა, რომელიც ტაქსის მძღოლად მუშაობდა, ვერ მოითმინა კლიენტისგან შეურაცხყოფა და მგზავრი შუა მაგისტრალზე ჩამოსვა. ძალიან გაბრაზებული იყო და ასე გვითხრა, მე ამათ მართლა ტაქსისტი ხომ არ ვგონივარო. ჩვენ გაგვეცინა და იმ კლიენტის მოსაძებნად წავედით. ნეტავ გენახათ, რა დღეში ვიყავით — იმ კაცს მაგისტრალზე ათი კაცი ვეძებდით, რადგან ასეთი რამ არ შეიძლება. იმ კაცს შეეძლო ჩვენი კომპანიისთვის ეჩივლა. დიდი ხნის ძებნის მერე როგორც იქნა ვიპოვეთ, საწყალი ისევ იმ გზაზე იდგა, სადაც ჩამოსვეს. თურმე ტაქსის გამოძახება უნდოდა და სადაც დარეკა, ყველგან ჩათვალეს, გვეღადავება, თორემ შუა მაგისტრალზე რანაირად მოხვდაო. რაც შემეხება მე, თქვენ წარმოიდგინეთ, ტაქსზე მუშაობის დროს მართვის მოწმობა არ მქონდა, არც ტარება ვიცოდი, როცა მეგობარმა მანქანა სამუშაოს დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მათხოვა. ზუსტად ერთ კვირაში ვისწავლე მართვა, დავეუფლე მომავალ დროებით პროფესიას.

– მართვის მოწმობის გარეშე სიარული ყველგან რისკია და როცა ამერიკული პოლიცია გაჩერებდათ, როგორ იმართლებდით თავს?

— როცა იქაური პოლიცია შემოწმების მიზნით გვაჩერებდა, მერე სასამართლოზე თავის მართლება ბევრჯერ მომიწია. სადაც ვმუშაობდით, პატარა ქალაქი იყო და მოსამართლე უკვე მცნობდა. ჩემი სახელი და გვარი მათთვის ძალიან ძნელად წარმოსათქმელი იყო და მისტერ ზე (Mr. Zee) შემარქვეს. ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე თავი იმით გავიმართლე, აქ არავინ მყავს, რომ მარჩინოს და სხვა გამოსავალი არ მქონდა–მეთქი. დამიჯერეს, იმ დროისთვის ჯარიმა გამიუქმეს და გამომიშვეს, მაგრამ შერიფმა საიდუმლოდ გამაფრთხილა – მოერიდე იმ გზებს, სადაც შემოწმებებს ვატარებთო. ამის მერე მალევე დავანებე იქ მუშაობას თავი და ნიუ-იორკში გადმოვედი. ოთხი დღით მომისაჯეს საკანში ყოფნა, მაგრამ არ ჩამსვეს და ის ოთხი დღე შერიფს დომინოს ვეთამაშებოდი.

ზვიად ზივზივაძე მეგობრებთან ერთად
ზვიად ზივზივაძე მეგობრებთან ერთად

– ამერიკის სამშენებლო ბიზნესში როგორ აღმოჩნდით?

— საქმე ისაა, რომ ნიუ-იორკში მეგობარ ვოვა ზაქარაიასთან ჩამოვედი, რომელიც უკვე მუშაობდა მშენებლობაზე. მე და ვოვა ქუთაისშიც ვიცნობდით ერთმანეთს და ამერიკაშიც ერთი პროგრამით ამოვყავით თავი სხვა რვა ქართველთან ერთად. სულ ათნი ვიყავით. იქ მუშაობის დროს ვოვას სულ ვეუბნებოდი — რაღაც უნდა გავაკეთოთ, რასაც ჩვენი უფროსობა აკეთებს, ჩვენც შევძლებთ–მეთქი. მართლაც, სულ ვაკვირდებოდი რას და როგორ ამბობდნენ, საქმეს როგორ უდგებოდნენ. მშენებლობაზე ორწლიანი მუშაობის მერე დავიწყე სწავლა და ავიღე უძრავი ქონების გაყიდვის ლიცენზია, რადგან ბევრ მშენებელს ვიცნობდი. ვიფიქრე, იქნებ საბუთებშიც ჩავიხედო ამ გზით და მერე საკუთარ კომპანიას გავაკეთებ–მეთქი. თითქმის უკვე ყველაფერში ვერკვეოდი. ერთმა ჩემმა მეგობარმა, მალხაზ გველესიანმა, რომელიც დიდი ხანია ამერიკაში იყო და ელექტროობაზე მუშაობდა, თავისთან წამიყვანა სამუშაოდ და ამ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანი ხალხი გამაცნო. თან გამაფრთხილა, კარგად დაუკვირდი რას და როგორ იტყვი, რაც არ იცი, არ დაიბრალო, რომ მერე წინ არ დაგხვდესო. ამ სიტყვებმა ჩემზე დიდი გავლენა იქონია.

– ამერიკულ სამშენებლო კომპანიაში როგორ მოხვდით?

— ერთ დღეს გავიცანი ძალიან გამოცდილი მშენებელი ჯეიმს ვინტერი (James Winter). ჯეიმსმა თავის კომპანიაში წამიყვანა სამუშაოდ, მითხრა ჯერ არანაირი პოზიცია არ მაქვს, მარტო დამლაგებლად გამუშავებო. მეც დავთანხმდი, იმიტომ რომ ჩემ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვიყავი. მალე მან დაინახა, რომ უფრო მეტი შემეძლო, ვიდრე ნაგვის თრევაა და სხვა საქმე ჩამაბარა. მერე დამაწინაურა და გავხდი სამშენებლო ჯგუფის ხელმძღვანელი, ანუ ბრიგადირი — ამერიკულად Foreman. მოგვიანებით დამაწინაურეს და გავხდი ერთ-ერთი ობიექტის ხელმძღვანელი, ანუ სამუშაოთა მწარმოებელი — ამერიკულად Supervize. შემდეგ კომპანიის სამშენებლო მრჩევლის პოზიციაზე დამნიშნა. იმ დროისთვის უკვე რამდენიმე ობიექტი მებარა და სამშენებლო სამუშაო პროცესებს ვაკონტროლებდი.

ზვიად ზივზივაძე
ზვიად ზივზივაძე

– საკუთარი სამშენებლო კომპანია როდის შექმენით?

— ერთხელ რაღაც მიზეზების გამო ჯეიმსს ყველა თანამშრომლის გათავისუფლება მოუწია. მე კი დამიძახა შეხვედრაზე და მითხრა, რომ დროა საკუთარი კომპანია გახსნა და საქმეს პირდაპირ კონტრაქტით მოგცემო. მე ფული არ მქონდა და ამის შესახებ პირდაპირ ვუთხარი, რადგან უკვე კარგი ურთიერთობა გვქონდა და ვმეგობრობდით. ჩემი სიტყვების მერე მომცა კონტაქტები, ტელეფონის ნომერი და 3000 დოლარი და მითხრა, ამ ნომერზე დარეკე და ხვალ კომპანია უნდა გქონდესო. მე ფულს არ ვართმევდი, მაგრამ დამამშვიდა, ნუ გეშინია, როცა გექნება საქმიდან დამიბრუნებო. წავედი და ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც მასწავლა. მეორე დღეს პირველი საქმეც მომცა. ასე დავაარსე საკუთარი კომპანია Royal Builders. შემდეგ ჯეიმსმა ამ სფეროს ხალხი გამაცნო და სხვა კონტაქტებზე გავედი, რეკლამები გავაკეთე, საქმეს კარგად ვუძღვებოდი და კლიენტი არასდროს დამიკარგავს. ასე გავითქვი სახელი და ინვესტორებიც გავიცანი. ახლა მარტო ახალ მშენებლობებზე ვმუშაობ, ძირითადად მრავალსართულიან კორპუსებს ვაშენებთ. ისე, მიკეთებია სხვადასხვა პროექტები, დაწყებული უბრალო სახლის რემონტით. აშენებული მაქვს სილამაზის სალონები, სკოლები, სპორტული დარბაზები, ჰოკეისა და კალათბურთის მოედნები და ასე შემდეგ.

– ვიცი, რომ კომპანიაში ქართველები გყავთ დასაქმებული…

— დიახ, მშენებლობაზე ძირითადად, 90% ქართველები მყავს დასაქმებული, თუმცა მშენებლებს შორის სხვა ეროვნების ხალხიცაა – მექსიკელები, რუსები, პოლონელები და ასე შემდეგ. ყველასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ერთი დიდი ოჯახივით ვმუშაობთ.

– მშენებლობის გარდა საკუთარ ორგანიზაციაში სხვადასხვა პროექტებსაც ახორციელებთ, რა ორგანიზაციაა ეს?

— დიახ, დავწერე პროექტი Georgian Union, გავხსენი ამ სახელწოდების ორგანიზაცია, რომელიც ემიგრანტების ცხოვრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს, რათა ქართველმა ხალხმა ამერიკელ ხალხთან სათანადო ინტეგრაცია და სხვადასხვა სფეროში წარმატება შეძლოს. მათ ვეხმარებით ნებისმიერი ინფორმაციის უფასოდ მიღებაში. სხვადასხვა სოციალურ პროექტებს ვაფინანსებთ. გავარემონტეთ ქართული ბაგა-ბაღები, ვეხმარებით სპორტსმენებს და დავაფინანსეთ ქართული კარატეს სკოლა. ვეხმარებით ნიუ-იორკში ქართული კულტურის ცენტრს “ფესვები”. გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, გვინდა ავაშენოთ ქართული კულტურის ცენტრი, ქართული ბიზნეს-ცენტრი და ქართული სამეზობლო. უკვე დავიწყეთ ქართული სოფლის შენება ერთ-ერთ ამერიკულ კურორტზე, სადაც ემიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეები მყუდრო გარემოში დასვენებას შეძლებენ.

– მესმის, რომ ყოველივე ამის შემდეგ გულუბრყვილობაა გკითხოთ, როგორ შეცვალა ამერიკამ თქვენი პიროვნება და ცხოვრება–მეთქი, მაგრამ მაინც…

— ეს ისეთი კითხვაა, რომელიც ყოველთვის ჩამაფიქრებს, ნეტავ, რომ არა ამერიკა, დღეს საქართველოში რა ვიქნებოდი… გადაუჭარბებელი იქნება, თუ ვიტყვი, რომ ამერიკა — ჩემი მეორე სამშობლოა. ამ ქვეყანამ მომცა საშუალება, რომ მეკეთებინა ის, რაც მიყვარს და თან ჩემს თანამემამულეებს დავეხმარო.

– საქართველოში როდის იყავით ბოლოს?

— ბოლოს ორი წლის წინ ვიყავი და უკვე მენატრება ყველა და ყველაფერი – დედა, მამა, ძმა, რომლებიც არ მენახა 9 წელი. მენატრება ჩემი ქუთაისი, ჩემი ქუჩა, მეზობლები, მეგობრები, ნათესავები, ვისთან ერთადაც გავიზარდე. მენატრება ყველა და ყველაფერი ქართული…

თემები:
ქართველები უცხოეთში (98)

მთავარი თემები