გოგონა, რომელიც პრესტიჟულ მსოფლიო კოლეჯში 70 000 დოლარიანი დაფინანსებით მოხვდა

© FB / Lizi Budagashviliლიზი ბუდაღაშვილი
ლიზი ბუდაღაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავიდანვე ასეთი იყო: მრავალმხრივ განვითარებული, ნიჭიერი და ისეთი, არავის რომ ჰგავდა, თუნდაც იმიტომ, რომ ხელოვნების სამ დარგში ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე ერთნაირად ძლიერი და წარმატებულია. პოეტი, მხატვარი და პიანისტი ლიზი ბუდაღაშვილი.

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და დღეს სომხეთში, დილიჟანში არსებულ პრესტიჟული მსოფლიო UWC (United World College) კოლეჯში ჩაირიცხა. კოლეჯს ფილიალი აფრიკის, ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის და აზიის კონტინენტების 17 ქვეყანაში აქვს და 1962 წელს დაარსდა. დილიჟანის კამპუსი 2014 წელს აშენდა და კოლეჯში სტუდენტები მსოფლიოს 82 ქვეყნიდან არიან. ლიზი საქართველოდან იქ სწავლის მსურველი 450 აბიტურიენტიდან შვიდ გამარჯვებულს შორის მოხვდა. დილიჟანის ფილიალი, სადაც სრული დაფინანსებით (70 000 $) მოხვდა, მისი არჩევანი იყო. 

© FB / Lizi Budagashviliლიზი ბუდაღაშვილი
ლიზი ბუდაღაშვილი - Sputnik საქართველო
ლიზი ბუდაღაშვილი

– ლიზი, მოგვიყევით რა ეტაპები გაიარეთ გამარჯვებამდე?

— თავიდან UWC მსოფლიო კოლეჯის შესახებ გეტყვით. კოლეჯის აპლიკაცია 2016 წლის სექტემბერში შევავსე. შესარჩევი პროცესი სამ ეტაპს, სამ ტურს მოიცავდა. აპლიკაციაში ჩვენთვის პრიორიტეტული ქვეყნები თავიდანვე გვქონდა მითითებული. დილიჟანის ფილიალი ჩემი არჩევანი იყო, რომელშიც სრული დაფინანსებით ($70 000) მოვხვდი. ფინალური, მესამე ეტაპი უშუალოდ საქართველოში ჩატარდა. აქ სპეციალურად იყო ჩამოსული კომისია, რომელმაც 450-მსურველიდან შვიდი შეგვარჩია და სხვადასხვა ქვეყნების ფილიალებში გადაგვანაწილა. ეს ფაქტი მაისში უკვე ვიცოდი, მაგრამ საქართველოში მისაღებ ეროვნულ გამოცდებზე მაინც გავედი. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაშიც ჩავაბარე და სამხატვრო აკადემიაშიც. ახლა კონსერვატორიის კომპოზიციის ფაკულტეტის სტუდენტად ვითვლები, თუმცა აკადემიური მაქვს გარკვეული დროით აღებული, რადგან კოლეჯში ვსწავლობ.

© Courtesy by Lizi Budaghashviliლიზი ბუდაღაშვილი ვიზუალური ხელოვნების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მისი არტის პედაგოგთან კევინ ჰოპკინსთან ერთად (Kevin Hopkins)
ლიზი ბუდაღაშვილი ვიზუალური ხელოვნების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მისი არტის პედაგოგთან კევინ ჰოპკინსთან ერთად (Kevin Hopkins) - Sputnik საქართველო
ლიზი ბუდაღაშვილი ვიზუალური ხელოვნების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მისი არტის პედაგოგთან კევინ ჰოპკინსთან ერთად (Kevin Hopkins)

UWC ეფუძნება IB დიპლომის პროგრამას, რაც გულისხმობს საერთაშორისო ბაკალავრიატს (International Baccalaureate). აქ საგნების ექვსი ჯგუფია: ინგლისური, უცხო ენები, მათემატიკა, მეცნიერებები, ხელოვნება  და ჰუმანიტარული. მე  უცხო ენებიდან გერმანულს ვსწავლობ. ჰუმანიტარული საგნებიდან კი ფილოსოფიას. ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც ეს ფილიალი ავირჩიე, საოცარი არტ–კათედრაა. ვიზუალური არტის საგანი ყველაზე მრავლისმომცველია. გვაქვს კერამიკა, ქანდაკება, ფერწერა, გრაფიკა. ჩვენთან ვიზუალური ხელოვნების საოცარი სტუდიაა ყველანაირი აღჭურვილობით და აქ დიდ დროს ვატარებ. ვცდილობ კერამიკასაც დავეუფლო, ლინოგრავიურაც ვცადე. ყველანაირი მასალით ვართ მომარაგებული. მუსიკას რაც შეეხება, გვაქვს ძალიან კარგად აღჭურვილი კაბინეტები, როიალები, ყველა პირობაა იმისთვის, რომ იმუშაო. 

© FB / Lizi Budagashviliლიზი ბუდაღაშვილი
ლიზი ბუდაღაშვილი - Sputnik საქართველო
ლიზი ბუდაღაშვილი

– რა პერსპექტივებია კოლეჯის დამთავრების შემდეგ?

— სწავლა ორწლიანია და დიპლომის აღების შემდეგ საშუალება გეძლევა სწავლა მსოფლიოს ყველაზე სოლიდურ და წამყვან უნივერსიტეტებში შენთვის სასურველი მიმართულებით განაგრძო. ჯერ დაზუსტებით არ გადამიწყვეტია, რომელ ქვეყანაში და სად გავაგრძელებ სწავლას, მაგრამ სამომავლოდ იმდენად იმედისმომცემი გარემოა, რომ მართლა დიდი პერსპექტივის დანახვის საშუალებას გაძლევს. შრომა და მუშაობა, რასაკვირველია, ამისთვის აუცილებელი პირობაა.

© Courtesy by Lizi Budagashviliლიზი ბუდაღაშვილი
ლიზი ბუდაღაშვილი - Sputnik საქართველო
ლიზი ბუდაღაშვილი

– გარდა იმისა, რომ სწავლისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი, ბუნებრივია, გართობისა და დასვენების საშუალებაც შესაბამისად გამორჩეულია…

— მართლაც ასეა. ეს ფილიალებს შორის ყველაზე ახალი შექმნილია და ყველაზე კეთილმოწყობილია. UWC სწავლის გარდა უამრავ რამეს მოიცავს. ვგულისხმობ სტუდენტურ ცხოვრებას. უკვე ვახსენე, რომ გვაქვს რამდენიმე ფორტეპიანო. სპორტული ცხოვრებაც სწავლასთან მარტივად შეთავსებადია, რადგან კამპუსში დახურული და ღია საცურაო აუზები და სპორტული დარბაზები გვაქვს. კოლეჯი მთებითაა გარშემორტყმული, საოცარი ბუნება და კლიმატია. ამბობენ, აქაურობა ზამთარში ულამაზესიაო. ყოველ შაბათ–კვირას გასვლებია ველოსიპედით, არის სერფინგი, ნაოსნობა. ტარდება კულტურული საღამოები, შეჯიბრებები ფეხბურთში, წყალბურთში, თეატრალური წარმოდგენები. აქაურ მოსახლეობასთანაც აქტიური კონტაქტი გვაქვს. არის პროექტები, რომლებითაც კოლეჯის სტუდენტები აქაურ სკოლებში და საბავშვო ბაღებში მიდიან და ბავშვებს ინგლისურს ასწავლიან. ბაღში ერთხელ მეც ვიყავი. ის დღე ძალიან ტკბილად დამამახსოვრდა. გვაქვს მოხალისეობრივი აქტივობები, მაგალითად, კვირაობით 2 საათით ბიბლიოთეკაში ვმორიგეობ. საოცარი ბიბლიოთეკა გვაქვს. ამაზე მყუდრო ადგილი იშვიათია.

© Courtesy by Lizi Budagashviliლიზი ბუდაღაშვილი
ლიზი ბუდაღაშვილი - Sputnik საქართველო
ლიზი ბუდაღაშვილი

– ალბათ ასეთ იდილიურ გარემოში ურთიერთობებიც საინტერესო და სასიამოვნოა…

— დიახ, სწავლის მერე ყველაზე მთავარი ისაა, რომ აქ ურთიერთობებსა და კავშირებს იძენ. ადამიანები, გარემო, განწყობა ყოველთვის ერთიანობის შეგრძნებას გიტოვებს. ძალიან ცხადად გრძნობ, რომ რაღაც ძალიან დიდის და მნიშვნელოვანის ნაწილი ხარ. ყოველ დღეს რაღაც განსაკუთრებული მოაქვს. ორი თვე გავიდა, რაც აქ ვარ (აგვისტოში დაგვეწყო სწავლა) და აქაურობას ძალიან მივეჩვიე. მასწავლებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან სათანადოდ შერჩეული. ჩემი მათემატიკის ლექტორი კენიიდან არის და უკვე მის ენაზე ათამდე დათვლაც ვიცი. ყოველდღე რაღაც ახალს აღმოვაჩენ სხვადასხვა ეროვნების შესახებ. აქ მივხვდი, რომ უცხო ქვეყანაში როცა მიდიხარ ტურისტად, იმდენად ვერ შეიგრძნობ იქაურ ცხოვრებას, რამდენადაც მაშინ, როდესაც იქაურებს ელაპარაკები, მათთან ერთად ცხოვრობ და 24 საათს მათთან ერთად ატარებ. სულ არ ვყოფილვარ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში და ზიმბაბვეში, მაგრამ იმდენი რამ ვიცი უკვე. ყოველ ჯერზე მეღიმება, რომ ვიაზრებ, რამხელა შესაძლებლობაა. ზოგჯერ გონება ვერ წვდება, იმდენად დიდი რაღაც არის და იმდენად ყოვლისმომცველია. ამ ცოტა ხნის წინ  “კავკასიის დღე“ გვქონდა და როცა საქართველოს წარმოვადგენდი, პასუხისმგებლობის და სიამაყის საოცარი გრძნობა მქონდა.

© Courtesy by Lizi Budagashviliლიზი ბუდაღაშვილი
ლიზი ბუდაღაშვილი - Sputnik საქართველო
ლიზი ბუდაღაშვილი

– სწავლასთან ერთად შემოქმედებით ცხოვრებასაც ახერხებ, მომავალში სად იგეგმება შენი ლიტერატურული საღამო?

— ნოემბერში წასვლა მიწევს ფრანკფურტში, სადაც ქართულ-გერმანული ეკონომიკურ-კულტურული ასოციაციის, კერძოდ, მისი პრეზიდენტის, ნინო ყამბეგაშვილის თაოსნობით ჩემი შემოქმედებითი საღამოა დაგეგმილი. მათივე დახმარებით ჩემი ნოველები გერმანულად ითარგმნა, წიგნად გამოიცა და მისი პრეზენტაცია ფრანკფურტში გაიმართება. იქვე წარვადგენ ჩემი მუსიკალური კომპოზიციების კრებულსაც, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოიცა, გამოვფენ ჩემს ფერწერულ ტილოებს. ამისათვის რამდენიმე დღით კოლეჯიდან გათავისუფლება მიწევს. თბილისში კონსერვატორიაში სტუდენტად დარეგისტრირებისთვის ორი დღით ჩამოვედი და ეს ორი დღე საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მეგრძნო, როგორ მომენატრა აქაურობა… ბოლოს მინდა ყველას გულწრფელად ვურჩიო, რომ ბედი ამ კოლეჯში სცადონ. თამამად შეიძლება ვთქვა, რომ UWC — ჩემი მეორე სახლია. საოცარია მასწავლებლებისა და მოსწავლეების გულწრფელი, შეუბოჭავი ურთიერთობა. მათ მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობ. აქ ყველაფერი ფასდება, ეს კი საოცარი მამოძრავებელი ძალაა. დარწმუნებული ვარ, აქ ჩემი ცხოვრების ორ ულამაზეს წელს ნაყოფიერად გავატარებ.

ყველა ახალი ამბავი
0