ქართველი პიანისტი ვერსალის ცენტრში და „რწყილი და ჭიანჭველა“ ფრანგულ კონსერვატორიაში

© courtecy by Nana Chikashuaნანა ჭიქაშუა
ნანა ჭიქაშუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ დღეს პარიზში მცხოვრებ ნიჭიერ და წარმატებულ ქართველ პიანისტს, ფსიქოლოგს ნანა ჭიქაშუას გაგაცნობთ.

უკვე მეათე წელია, პარიზში ცხოვრობს და თვლის, რომ მუსიკოსად და პიროვნებად საქართველოს მერე, საფრანგეთში მეორედ დაიბადა. ცდილობს, ორივე სამშობლოსთვის ერთდროულად იღწვოდეს. მისი დამსახურებების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ზოგადი წარმოდგენისთვის მათგან მნიშვნელოვან ფაქტებს გაგაცნობთ.

საქართველოში რესპუბლიკური კონკურსის მეორე პრემიის ლაურეატი გახლდათ და თბილისის რადიოსა და ტელევიზიასთან არსებულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად უკრავდა. მისი კარიერის მნიშვნელოვანი, ფრანგული ნაწილი დაიწყო პარიზის კორტოს სახელობის სამუსიკო სასწავლებელში, რომლის სტიპენდიანტი სამჯერ გახლდათ, რამაც ამ პრესტიჟული სასწავლებლის გადასახადისგან გაათავისუფლა. 2010 წელს, პარიზში საშემსრულებლო ფაკულტეტის დიპლომი აიღო, 2011 წელს —კორტოს უმაღლესი დიპლომი პედაგოგის კვალიფიკაციით, ხოლო 2012 წელს მას კორტოს კონცერტმეისტერის დიპლომი გადასცეს. კონცერტებით საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქების საკონცერტო დარბაზში გამოდის. ამას გარდა ერთდროულად ორი კონსერვატორიის პედაგოგია, რაც საფრანგეთის სინამდვილეში იშვიათია, ჩაწერილი აქვს სამი დისკი. ქალბატონ ნანას დავუკავშირდით პარიზში, სადაც ის ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

© FB / Kati Patiნანა ჭიქაშუა
ნანა ჭიქაშუა - Sputnik საქართველო
ნანა ჭიქაშუა

-ქალბატონო ნანა, საფრანგეთში უკვე მეცხრე წელი ხართ და მას მეორე სამშობლოდ მიიჩნევთ…

— საფრანგეთი ბავშვობიდანვე იყო ჩემი ოცნების ქვეყანა. რაც აქ ვარ, ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე ვთქვი უარი, რომ საცხოვრებლად გადავსულიყავი ევროპის რომელიმე სხვა ქვეყანაში, სადაც მუსიკოსისთვის უფრო დიდი ასპარეზია. ვთვლი, რომ საფრანგეთში მეორედ დავიბადე: მუსიკოსად, ადამიანად და პიროვნებად… მეამაყება, რომ ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ვცდილობ, ორივე სამშობლოსთვის ერთდროულად ვიღწვოდე. ჩემი ცხოვრება მუდამ არასტანდარტული და საინტერესო იყო. დაბადებიდან დღემდე მუსიკა ჩემი არსებობის წყარო და სათავეა. მუსიკოსობის ბედნიერებას რომ ვზიარებოდი — რთული გზა განვვლე.

© FB / Nino Dzvelaiaნანა ჭიქაშუა
ნანა ჭიქაშუა - Sputnik საქართველო
ნანა ჭიქაშუა

- მოგვიყევით, როგორია თქვენი ცხოვრების მუსიკალური ისტორია?

— ძალიან მრავალფეროვანია… საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ბავშვობაში გამართული მრავალი კონცერტი, კონკურსი და ღონისძიება მახსენდება. ვარ 1997 წლის რესპუბლიკური კონკურსის მე-2 პრემიის ლაურეატი, ხოლო რამდენიმე წლით ადრე, მცირე ასაკის გამო, კონკურსგარეშე მონაწილეობისთვის დიპლომანტი გავხდი. თბილისის რადიოსა და ტელევიზიასთან არსებულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად (დირიჟორი: რევაზ ტაკიძე) შევასრულე სენ-სანსის საფორტეპიანო კონცერტი, რამაც ჩემს მუსიკალურ კარიერაში წარუშლელი კვალი დატოვა. სამტრედიის დ. შანიძის სახელობის მუსიკალური სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა თბილისის კონსერვატორიასთან არსებულ ნიჭიერთა ათწლედში გავაგრძელე. ბევრი არაჩვეულებრივი პედაგოგი მყავდა. არ შეიძლია, არ აღვნიშნო ბატონი მერაბ ოძელაშვილი, რომელმაც სულ სხვა თვალით დამანახა მუსიკის სტრუქტურა. ამ გადასახედიდან ვთვლი, რომ ჩვენში დამკვიდრებულ პედაგოგიურ მიდგომაში ბევრი რამაა შესაცვლელი.

© FB / Kati Patiნანა ჭიქაშუა
ნანა ჭიქაშუა - Sputnik საქართველო
ნანა ჭიქაშუა

- უცნაურია, რომ ასეთი წარმატებების ფონზე სულ სხვა პროფესიის დაუფლება გადაწყვიტეთ…

— ამას თავისი ახსნაც აქვს: მოზარდობის ასაკისთვის დამახასიათებელი შინაგანი ბრძოლის კვალდაკვალ გადავწყვიტე სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე გამეგრძელებინა, ვინაიდან ბავშვის ფსიქოლოგიითა და პედაგოგიკით დავინტერესდი. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მეცადინეობა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგთან, პროფესორ რუსუდან ხოჯავასთან განვაგრძე. მისივე რჩევით პირველი დისკი ჩავწერე.

- რამდენადაც ვიცი, ამ დისკის წყალობით მოხერხდა, რომ თქვენი საშემსრულებლო ხელოვნება პარიზის კორტოს სახელობის სამუსიკო სასწავლებელში მოესმინათ?

— დიახ, ეს დისკი გახლდათ. ამის მერე ბატონ გიგლა ქაცარავას კლასში ჩავირიცხე. ჩემი სწავლის პერიოდი კორტოში რთული იყო. ყველაფრისთვის თავად უნდა მიმეღწია, რასაც ემატებოდა სწავლის სოლიდური გადასახადი. საბედნიეროდ, ყოველ წელს სტიპენდიანტი ვიყავი (ერთხელ შერინგის, ორჯერ- ზალენსკის), რამაც გადასახადისგან გამათავისუფლა. თუმცა, ცხოვრების ეს ეტაპი შემოქმედებითად მდიდარი და ნაყოფიერი გამოდგა. ცნობილია, რომ კორტოს სასწავლებელში ფინალური გამოცდის წარმატებით ჩაბარება და დიპლომის აღება მეტად რთულია. ყოველი მორიგი კონკურსისთვის ურთულესი რეპერტუარის სათანადო მომზადებას დიდი დრო და ენერგია შევალიე.

© FB / Kati Patiნანა ჭიქაშუა
ნანა ჭიქაშუა - Sputnik საქართველო
ნანა ჭიქაშუა

- გაიხსენეთ ადამიანები, ვინც რთულ პერიოდში მორალურად გამხნევებდათ…

— ესენი ჩემი ძვირფასი მეგობრები არიან: არ შემიძლია, მადლიერებით არ მოვიხსენიო ისინი, ვის მორალურ მხარდაჭერასაც განუწყვეტლივ ვგრძნობდი. ესენია: ქართული ემიგრანტული ეკლესიის წინამძღვარი, მამა არჩილ დავრიშაშვილი, დიდი მელომანი —ბატონი ტარიელ ზურაბიშვილი, მუსიკოსი კარლ ერიკ კედემოსი, რომელმაც ინსტრუმენტი მაჩუქა და საკუთარ მუსიკალურ სალონში არაერთი კონცერტის გამართვის საშუალება მომცა, ბატონი ბერტან ვალონი- საფრანგეთის მიტერანის სახელობის სახელმწიფო ბიბლიოთეკის დირექტორი და მისი მეუღლე — ქალბატონი შანტალ ვალონი, რომელთა წყალობით უამრავი საქველმოქმედი კონცერტის მონაწილე გავხდი.

© Courtecy by Nana Chikashuaნანა ჭიქაშუა მეგობრებთან ერთად
ნანა ჭიქაშუა მეგობრებთან ერთად - Sputnik საქართველო
ნანა ჭიქაშუა მეგობრებთან ერთად

- ქალბატონო ნანა, საფრანგეთში გამართული  კონცერტებიდან თქვენთვის რომელი იყო მნიშვნელოვანი?

— ასეთი იყო 2009 წელს, ვერსალის "ბაროკოს ცენტრში" გამართული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი კონტრ-ტენორი, გარი საფარიანი და ქართველი პიანისტი თეა მარიამიძე. კონცერტი ქართველმა ფოტოგრაფმა, მაია გიორხელიძემ ჩაწერა. არ შემიძლია არ ვახსენო ჩემი ქართველი მეგობრები, ეკა კოპალეიშვილი და ალექსანდრე ადეიშვილი, რომელთან უშუალო დახმარებით გაიმართა კონცერტი. სწორედ ეს იყო ჩემი პირველი მნიშვნელოვანი კონცერტი საფრანგეთში. პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში გავმართე არა ერთი სოლო და გაერთიანებული კონცერტი, რომელზეც ქართველი კომპოზიტორების: რევაზ ლაღიძისა და ვაჟა აზარაშვილის თხზულებები შესრულდა. 2011 წელს ვმონაწილეობდი "გაზაფხულის ფესტივალში", საიდანაც შემოსული თანხა აიტის მიწისძვრით დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხა. ქართველ პიანისტ, თეა მარიამიძესთან ერთად ქართული პოლიფონიური საგალობლების რამდენიმე კონცერტი გავმართეთ. ამ ხნის განმავლობაში უამრავი უდიდესი მუსიკოსი გავიცანი, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი ითამაშეს. დიდი მეგობრობა მაკავშირებს კომპოზიტორ და პიანისტ ნიკოლა ზურაბიშვილი დე პელკენთან და მის ოჯახთან. ამჟამად ბატონ ნიკოლასთან ერთად ვამზადებთ შუბერტის თხზულებებს ოთხი ხელისთვის და მის ჩაწერასაც ვაპირებთ.

ეკა გრძელიძე - Sputnik საქართველო
პარიზის სენ-დენის მუზეუმის ქართველი მასპინძელი და მისი სახიფათო თავგადასავალი

- საფრანგეთში, კონსერვატორიაში სწავლების უფლება რომ მიანიჭონ, ამისთვის ხელოვანს პედაგოგის დიპლომი უნდა ჰქონდეს…

— დიახ და სწორედ ამიტომ 2012-2013 წელს ბობინისა და ვერსალის რეგიონალურ კონსერვატორიებში დახელოვნების ერთწლიანი კურსი გავიარე. 2017 წელს დავამთავრე უნივერსიტეტებისა და სახელმწიფო კონსერვატორიის გაერთიანება, რომელიც ამზადებს პროფესიონალ მუსიკოსებს პედაგოგებისთვის. მსგავსი სკოლა სულ ათიოდეა მთელ საფრანგეთში და ყოველ წელს ძალიან დიდი კონკურსია. ჩემთვის დიდი პატივია იქ სწავლა და იქაური დიპლომის ფლობა. სწორედ ამ დიპლომის წყალობით დავინიშნე ფორტეპიანოს პედაგოგად ორ კონსერვატორიაში: ქალაქ ლა ვერიერსა და ქალაქ სან ჟერმენ ან ლეიში, სადაც ფორტეპიანოს გაკვეთილების გარდა, ჩემს კომპეტენციაში შემოქმედებითი პროექტების განხორციელება შედის.

-  ფრანგულ კონსერვატორიაში  თქვენ "რწყილი და ჭიანჭველა" დადგით…

— ეს შარშან მოხდა სან ჟერმენის დებიუსის სახელობის კონსერვატორიაში, სადაც ჩემი თაოსნობით დაიდგა სპექტაკლი "რწყილი და ჭიანჭველა". ბატონი ვაჟა  აზარაშვილის მუსიკის თანხლებით ამ ზღაპრის მაია გიორხელიძისეული ფრანგული თარგმანი გამოვიყენეთ. სპექტაკლში ტექსტს კითხულობდა ქართველი მოსწავლე ელენე ადეიშვილი, აზარაშვილის მუსიკას კი ფრანგი პიანისტები ასრულებდნენ. ამ სპექტაკლს დიდი გამოხმაურება და მოწონება მოჰყვა. ბევრმა მუსიკოსმა მთხოვა, რომ პარტიტურა გადამეცა, ხოლო სპექტაკლი უფრო დიდი მასშტაბით განმეორებით დადგმულიყო.

- როგორც ჩანს, ფრანგულმა პუბლიკამ უკვე გაგიცნოთ და შეგიყვარათ…

— საფრანგეთში მიცნობენ, როგორც ძალიან მიზანსწრაფ ადამიანს და რთულ სიტუაციებში ჩემი ენთუზიაზმი და შემართება ძალიან უკვირთ. ჩემთვის ბედნიერებაა ფრანგული პუბლიკის წინაშე წარვსდგე. ხშირად მეუბნებიან, რომ ჩემში  მუსიკალურობა და ტემპერამენტი ხიბლავთ, რაც უთუოდ ჩემი ქართული ფესვების დამსახურებაა. მსიამოვნებს, როდესაც ვიგებ, თუ როგორ ცდილობენ მშობლები რომ მათი შვილები ჩემს კლასში მოხვდნენ.

- ქალბატონო ნანა, ამჟამად ოჯახთან ერთად სად ცხოვრობთ და სად გაიცანით თქვენი უცხოელი მეუღლე?

— ამჟამად პარიზის ერთ-ერთ რეგიონში, ისტორიულ ქალაქ მარლი ლე რუაში ვცხოვრობ, ჩემს მეუღლეს, ამირ ბერ ტურესთან და ჩემს შვილთან, დებოსთან ერთად. ამირი მწერალია, ფილოსოფოსი. ადამიანი, რომელიც ყოველთვის, ყველა ჩემს იდეას მხარს უჭერს. მისი სიყვარულისა და თანადგომის გარეშე წარმატებას ვერ მივაღწევდი. ჩემი გოგონა ხუთი წლისაა და ის უკვე ეუფლება ფორტეპიანოსა და ჰობოის. მეუღლე გავიცანი ინტერნეტ კაფეში,სადაც სტუდენტობის დროს ქსეროასლების გასაკეთებლად ხშირად დავდიოდი. ამირი პარიზის მე-14 რაიონში ერთ-ერთი ინტერნეტ-კაფეს მეპატრონე იყო. თავიდან ძალიან დავმეგობრდით, ის დიდი მელომანია, მუსიკაზე და ფილოსოფიაზე ვსაუბროდით. მხიბლავდა მისი გულწრფელობა, უკიდეგანო ცოდნა და უბრალოება. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მისი მეუღლე უბედნიერესი იქნებოდა და მიხარია, რომ ეს ქალი დღეს მე ვარ…

-საქართველოსთან კავშირი არ გაგიწყვეტიათ…

— ძნელია ჩემი ოჯახისგან შორს ცხოვრება… კავშირი, რა თქმა უნდა, არ გამიწყვეტია, რადგან საქართველოში მყავს დედა და ორი და თავიანთი ოჯახებით. მე მათი განუყოფელი ნაწილი ვარ. დედამ ჩაუდგა სული ხელოვნებისადმი ჩემს დიდ სიყვარულს. მინდა, მადლიერება გამოვხატო ყველა ჩემი კეთილისმყოფელი ადამიანის მიმართ საქართველოსა თუ საფრანგეთში, რომელთა სიყვარული და თანადგომა მუდამ თან მდევდა ბედნიერების ძიების გზაზე. ყველას გისურვებთ, შეაბიჯოთ მუსიკის ჯადოსნურ სამყაროში, სადაც თავისუფლება, ბედნიერება და ჰარმონია სუფევს. მენატრება ქართული პოლიფონიური სიმღერა, რომელიც მანდ თითქმის ყველა სახლში ისმის, აქ კი ძალიან მაკლია…

 

ყველა ახალი ამბავი
0