ქართველი რადიომოყვარულის „UF 6 АF"-ის საოცარი ცხოვრება და კოსმოსიდან ჩაწერილი გინება

© პირადი არქივიმარინა თევდორაშვილი
მარინა თევდორაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ მოსკოვში მცხოვრებ მარინა თევდორაშვილს გაგაცნობთ

რადიოსთან მისი პირველი შეხება მოხდა თბილისში, საქართველოს რადიოში, სადაც ხმის რეჟისორად მუშაობდა. ამის მერე მოსკოვის რადიო „პანორამის“ ხმის რეჟისორი და პროდიუსერი გახლდათ. მუშაობდა ასევე მოსკოვის რადიოსადგურებში: „101“ და „მაიაკი“, სადაც კულტურის ძალიან ბევრ გამოჩენილ მოღვაწესთან შეხვედრა და ურთიერთობა მოუწია.

© პირადი არქივიმარინა თევდორაშვილი
მარინა თევდორაშვილი - Sputnik საქართველო
მარინა თევდორაშვილი

ქალბატონი მარინას მამა, რადიომოყვარული, ამ დარგის საუკეთესო სპეციალისტი, ფენომენალური მეხსიერების ადამიანი, ბატონო ვლადიმერ თევდორაშვილი იყო. ადამიანი, რომელიც იმ დროის გამოჩენილი კოსმონავტების გუნდის წევრი იყო და გარკვეულ ტერიტორიაზე მათ რადიოკავშირს უზრუნველყოფდა. ბატონი ვლადიმერი წლების მანძილზე საქართველოს რადიოს ტექნიკურ სამსახურს ხელმძღვანელობდა. როგორც რადიო მოყვარულს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ საცნობი კოდით — „UF 6 АF“.  ქალბატონ მარინასთან საუბარი, ბუნებრივია, მამის გახსენებით დავიწყეთ.

© პირადი არქივივლადიმერ თევდორაშვილი
ვლადიმერ თევდორაშვილის QSL საფოსტო ღია ბარათი - Sputnik საქართველო
ვლადიმერ თევდორაშვილი

- ქალბატონო მარინა, საუბარი დავიწყოთ თქვენს მამაზე, რომელმაც ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება განვლო…

— მართლაც ძალიან ბევრი ამბავი ჩაეტია მის ცხოვრებაში. მამა, ვლადიმერ თევდორაშვილი სოფელ ყანდაურაში, 1924 წელს დაიბადა. ბავშვობა თბილისში გაატარა. შემდეგ ქალაქ ეისკში, რომელიც აზოვის ზღვაზეა, საავიაციო სასწავლებელი საზღვაო ავიაციის განხრით დაამთავრა.  იქიდან შორეულ აღმოსავლეთში გააგზავნეს. ომი ახალი დაწყებული იყო, როცა მან უმაღლესში ჩააბარა. საკმაოდ ახალგაზრდა შორეულ აღმოსავლეთში მოხვდა. როცა იაპონიასთან ომი დაიწყო ის უკვე იყო მფრინავი და საზღვაო თვითმფრინავებით დაფრინავდა.

- ცნობილია, რომ ბატონ ვლადიმერს იშვიათი მეხსიერება ჰქონდა და ტელეფონის წიგნაკითაც არასოდეს უსარგებლია…

— მამა ტექნიკურად მოაზროვნე ადამიანი და მართლაც ფენომენალური მეხსიერების პატრონი იყო. სამწუხაროდ მას ამაში არ დავემსგავსე. ტელეფონების წიგნაკი მართლა არასოდეს ჰქონია, იმიტომ რომ ყველას ნომერი ზეპირად ახსოვდა. რაც ტელევიზიაში მანქანები იყო, ყველას ნომერი იცოდა. როცა ვეკითხებოდი, რად გინდა, რატომ იმახსოვრებ მეთქი. მპასუხობდა: რა ვქნა? სპეციალურად არ ვცდილობ, ბუნებრივად მამახსოვრდებაო. ტექნიკური გონება ჰქონდა. მამა ცნობილი იყო, როგორც რადიო მოყვარული.

© პირადი არქივივლადიმერ თევდორაშვილი სამუშაო გარემოში
ვლადიმერ თევდორაშვილი  - Sputnik საქართველო
ვლადიმერ თევდორაშვილი სამუშაო გარემოში

- ქალბატონო მარინა, მამას, როგორც რადიომოყვარულს, მთელ მსოფლიოსთან ჰქონია კავშირი…

— როცა შორეული აღმოსავლეთიდან საქართველოში დაბრუნდა თავისი რადიოსადგური შექმნა. ის რესპუბლიკის მასშტაბით რადიო სპორტში მსაჯი გახლდათ. ჩვენს სახლში იყო სარდაფი, რომელშიც მან მოაწყო ლაბორატორია, სადაც გადაღებულ ფოტოებსაც ვამჟღავნებდით. მთელი ბავშვობა იქ მაქვს გატარებული. ხომ იცით, რადიომოყვარულები მთელ მსოფლიოში არიან, მაშინაც იყვნენ და ისინი ერთმანეთს მორზეს ანბანით უკავშირდებოდნენ. მამას ერთ-ერთი რარიტეტი იყო QSL- საფოსტო ღია ბარათები, რომლითაც რადიომოყვარულები მთელ მსოფლიოში ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.  ნებისმიერ რადიომოყვარულს თავისი საცნობი კოდი ჰქონდა, მამას საცნობი კოდი იყო: UF 6 АF. მამას სარდაფში ყუთებითაა ეს ბარათები. ახლა მინდა, რომ სახლში არტ-ობიექტი გავაკეთო.

© პირადი არქივივლადიმერ თევდორაშვილის QSL საფოსტო ღია ბარათი
მარინა თევდორაშვილი - Sputnik საქართველო
ვლადიმერ თევდორაშვილის QSL საფოსტო ღია ბარათი

- რადიომოყვარულობა მისი გატაცება და ჰობი იყო, მაგრამ ბატონი ვლადიმერი, ცნობილია, როგორც საქართველოში რადიოს ერთ-ერთი დამაარსებელი.

— რადიო ბიურო ერქვა სამსახურს, სადაც მამამ მუშაობა დაიწყო. ამის მერე საქართველოს რადიოს ტექნიკური სამსახურის უფროსი იყო. როგორც იცით, რადიოკომუნიკაციები 50-იან წლებში ყალიბდებოდა. ყველა რადიო კაბელი ფუნიკულიორიდან მოდიოდა და მამას ბოლომდე, ზეპირად ახსოვდა მთელ ქალაქში, სად, რომელი ქუჩის ჭაში ჩადიოდა ისინი, ანუ ფაქტობრივად მან 50-იან წლებში ნანახი მთელი სქემა ზეპირად იცოდა.

- როგორც საუკეთესო რადიო სპეციალისტი, ის კოსმონავტების წრეებთანაც იყო დაკავშირებული, რა გახსენდებათ ამასთან დაკავშირებით?

— მაშინ ციფრული კავშირი არ არსებობდა და კოსმოსურ ხომალდებთან კავშირის დამყარება რადიოს გზით ხდებოდა. ასე იყო გაგარინის, ტერეშკოვას და ყველა მფრინავის დროს. როცა ხომალდი კონკრეტული მარშრუტით მიფრინავდა, მისი კოორდინატები იცვლებოდა და ეს რადიოსადგურები ერთმანეთს ესტაფეტას გადასცემდნენ. ყველა წერტილში, სადაც ხომალდს უნდა გაევლო, თავისი წარმომადგენლები იყვნენ. საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ამ სამსახურს მამას ხელმძღვანელობდა. ეს ხალხი, ვისაც მამასთან კავშირი ჰქონდა- ჩვენს სახლშიც მოდიოდა.

© პირადი არქივიმარცხნიდან პირველი - იური გაგარინი, მარჯვნიდან პირველი - ვალერი ბიკოვსკი, კოსმოსში პირველი გინების "ავტორი"
მარცხნიდან პირველი - იური გაგარინი,  მარჯვნიდან პირველი - ვალერი ბიკოვსკი, კოსმოსში პირველი გინების ავტორი - Sputnik საქართველო
მარცხნიდან პირველი - იური გაგარინი, მარჯვნიდან პირველი - ვალერი ბიკოვსკი, კოსმოსში პირველი გინების "ავტორი"

- ქალბატონო მარინა, თქვენს საოჯახო არქივში არის ფოტო, რომელზეც იური გაგარინი და სხვა კოსმონავტებია გადაღებული და მას სამახსოვრო წარწერა აქვს…

— მამა ფაქტობრივად კოსმონავტების გუნდის წევრი იყო და ეს ფოტოც იმდროინდელია. იური გაგარინით დაწყებული, ყველა კოსმოსური ეკიპაჟის რადიოკავშირს სხვებთან ერთად მამაც უზრუნველყოფდა. ისინი მარტო გუნდის წევრები არ იყვნენ, მეგობრობდნენ კიდეც და ეს ფოტოც მას სამახსოვროდ აჩუქეს.

- ალბათ მამა ხშირად გიყვებოდათ კოსმონავტების შიდა სამზარეულოს ამბებს…

— მამისგან ვიცი, რომ პირველი დედის გინება კოსმოსიდან მე გავიგეო. ეს იყო ვალერი ბიკოვსკი, რომლის გინება მამას ჩაწერილი ჰქონდა. მახსოვს, ამიხსნა, მაშინ რაღაც ისე არ წავიდა, როგორც უნდა წასულიყო და ამის გამო კოსმონავტმა შეიგინაო. ამის შესახებ არსად თქმულა და არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ფაქტია, რომ მოხდა. კოსმონავტების ფოტოზე მარჯვნივ ბოლოში ბიკოვსკია… კოსმოსში ჯერ ბიკოვსკი გაფრინდა და რამდენიმე საათის მერე ტერეშკოვა, იმიტომ, რომ ხომალდებს შორის კავშირი დაემყარებინათ. ეს იყო 1963 წელი და მაშინ ორი წლის ვიყავი. სხვათაშორის ეს ჩანაწერი სახლში ახლაც მაქვს. ასეთი ამბები მათი შიდა სამზარეულო იყო. სინამდვილეში საშინელებები ხდებოდა, ყველა საკუთარი სიცოცხლის ფასად რისკავდა. თუმცა სულ გვესმოდა, რომ კოსმონავტებს არაფრის ეშინიათო, მაგრამ ისინი მოკვდავი ადამიანები იყვნენ, რისკავდნენ და შიშის ფაქტორიც არსებობდა. მოსკოვიდან რომ მოვდიოდი, ვნახე ფილმი “Время первых“, რომელიც იყო კოსმონავტ ლეონოვზე, ვინც ღია კოსმოსში პირველი გავიდა. ორჯერ ვნახე ეს ფილმი და ორჯერვე გამიჩერდა გული… ეს იყო საშინელება, რაც იმ ხალხმა გამოიარა. ვალენტინა ტერეშკოვა თურმე კარგა ხნის განმავლობაში გათიშული იყო და ფსიქოლოგიურად იმდენად იყო დაძაბული, რომ კოსმოსში ნანახიდან თურმე არაფერი ახსოვდა….

- თქვენთან სახლში მოსული თუ გინახავთ ეს ხალხი?

— მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს ჩემი დაბადების დღე, როცა ერთ-ერთი ეკიპაჟის დუბლიორი და ექიმი მალიშევი და სხვები ჩემთან რომ მოვიდნენ და სათამაშო პიანინო მაჩუქეს. მასზე შევქმენი ჩემი პირველი კომპოზიცია, რომელსაც „ტყე“ დავარქვი. სწორედ მათ მიბიძგეს იმისკენ, რომ მომავალში მუსიკასთან ახლო ურთიერთობა მქონოდა.

© პირადი არქივიმარინა თევდორაშვილი საქართველოს რადიოში
მარინა თევდორაშვილი - Sputnik საქართველო
მარინა თევდორაშვილი საქართველოს რადიოში

-ანუ შეიძლება ითქვას, რომ მომავალში ხმის რეჟისორი მათი მეშვეობით გახდით?..

— დიახ… სკოლის მერე სამედიცინო ინსტიტუტში ვაბარებდი, მინდოდა, რომ ექიმი გავმხდარიყავი, მაგრამ ერთი ქულა დამაკლდა და მამამ რადიოში მომაწყო. მერე დავრჩი იქ და სამედიცინო კარიერა სულ დამავიწყდა. მოსკოვში ვმუშაობდი რადიო “პანორამაში“, რომლის ხმის რეჟისორი და პროდიუსერი მე გახლდით. ეს იყო პირველი რადიოსადგური, რომლიდანაც გადიოდა რადიო ეთერი კონცერტებიდან და მუსიკალურ, საქველმოქმედო მარათონებს ვაწყობდით. იმ დროს ღია ეთერში კონცერტებს ჯერ არავინ აწყობდა. „პანორამაში“ რაც კი რუსული ესტრადის ვარსკვლავია, ყველასთან მიმუშავია. მერე იყო რადიოსადგურები: „101“ და „მაიაკი“. „მაიაკში“ არ დამავიწყდება ცნობილ კინორეჟისორ, მარლენ ხუციევთან შეხვედრა. როცა გაიგო თბილისიდან ვარ, სახე გაუბრწყინდა. ეთერის მერე დავრჩით და გავიხსენეთ თბილისი, მომიყვა სოლოლაკში სად სწავლობდა, ქუჩების სახელები გაიხსენა… ბოლოს მკითხა: შეიცვალა თუ არა თბილისიო?..

- ქალბატონო მარინა, საქართველოში ხშირად ჩამოდიხართ?

— ბოლო დროს რა მომენტზე დავიჭირე, იცით, ჩემი თავი? სრულყოფილ ადამიანად თავს მარტო აქ, ჩემს ქვეყანაში ვგრძნობ… სულ ახლახან ბაკურიანში სახლი შევიძინე და ეს პირველ რიგში იმიტომ, რომ საქართველო არ დავკარგო…

 

ყველა ახალი ამბავი
0