"როცა არ არის შემოსავალი - უნდა მონახო გამოსავალი" - მწერალი გიტარითა და ქაფჩით ხელში

© ვახტანგ ცეცხლაძის პირადი არქივივახტანგ ცეცხლაძე
ვახტანგ ცეცხლაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვახტანგ ცეცხლაძე დეტექტიურ რომანებს წერს, ასამდე საესტრადო სიმღერის ავტორია და მისი სიმღერები დიდ სცენაზეც გაჟღერებულა... დრომ მოიტანა და, ოჯახისთვის საარსებო ლუკმა რომ იშოვოს, იძულებულია, კალამი ზოგჯერ გვერდით გადადოს და ხელში, საჭიროების მიხედვით, ხან გიტარა აიღოს, ხან - მლესავის ქაფჩა.

რა გზა გაიარა ვახტანგ ცეცხლაძემ მწერლობამდე და შემდეგ, მწერლობიდან — ქუჩის მუსიკოსობამდე, როგორია მისი ცხოვრებისეული პერიპეტიები — ამის შესახებ თავად მოგვითხრობს.

- ბატონო ვახტანგ, ადამიანი მწერალი მაშინ ხდება, როცა გამოცდილებას აგროვებს და სათქმელი უჩნდება…

— ამბის მოყოლას სკოლის პერიოდიდან დავიწყებ. იმ დროს დეტექტიური ჟანრი მიტაცებდა და ბევრს ვკითხულობდი. პატარა დეტექტიური მოთხრობა დავწერე და მარტო კლასელებს წავუკითხე. სკოლა რომ დავამთავრე, საბჭოთა ჯარში ბელორუსიაში ვიმსახურე. იქიდან ჩამოტანილი ლიმიტით გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში საღამოს დასწრებულ ფაკულტეტზე ჩავაბარე. ერთხელაც ჩავიფიქრე, თვითონ ვცდი დეტექტივის დაწერას–მეთქი. პირველი ჩემი პირველი რომანი "უპროცესო განაჩენი" 1994 წელს გამოვიდა. მისი ხელნაწერი ოთხი წელი სახლში მედო. მაშინ ჯერ კიდევ კომუნისტების დრო იყო და ვინც წაიკითხა, ყველამ მითხრა, ეს არ დაბეჭდოთ, თორემ დაგიჭერენო. წიგნში გაუხსნელ საქმეებზე იყო საუბარი. მერე, ცენზურა როცა გაუქმდა, მეგობარს, ბესიკ ასლანიშვილს წავაკითხე, ისე მოეწონა, რომ თქვა: ეს წიგნი აუცილებლად უნდა დაიბეჭდოსო და მის გამოცემაში დამეხმარა. მეორე რომანის "ჟამი განკითხვისა" დაწერას ორი წელი მოვანდომე. ამას მერე მოჰყვა დეტექტივი "სასტიკი საზღაური", რომელიც, თავს არ ვიქებ, მაგრამ მართლა საინტერესო გამოვიდა. მერე იყო: "ბედნიერების მსხვერპლი" და "გამხელილი საიდუმლო". ჩემი მეშვიდე წიგნია "ცეცხლში ჩამწვარი ვნება".

© ვახტანგ ცეცხლაძის პირადი არქივივახტანგ ცეცხლაძე
ვახტანგ ცეცხლაძე - Sputnik საქართველო
ვახტანგ ცეცხლაძე

- ეს ბოლო რომანი, დეტექტიური ნამდვილად არ იქნება…

— არა, ეს ყოფითი რომანია, რომელშიც სასიყვარულო ინტრიგებია ჩახლართული, ეს წიგნი გამოუცემელია ისევე, როგორც ჩემი ზოგი სიმღერა არ გაჟღერებულა…

- რამდენი საესტრადო სიმღერის ავტორი ხართ?

— გორში მოღვაწე სხვადასხვა ავტორების მიერ დაწერილ ლექსზე 100-ზე მეტი სიმღერა მაქვს შექმნილი. სიმღერებს ჩემს ლექსებზეც ვწერ. მიხარია, რომ ისინი დიდ ეკრანზე და სცენაზეც გაჟღერდა. 2009 წლის "ჯეოსტარის" ფინალისტმა, მაკა სირბილაძემ დათო ახლოურის ლექსზე დაწერილი ჩემი სიმღერა შეასრულა. ამას გარდა, გორში ბევრი ახალგაზრდა ასრულებს ჩემს სიმღერას და ეს ამბავი ძალიან მახარებს.

- ისეთი აქტიური ხართ, არა მგონია, მარტო ამ ორი საქმით დაკმაყოფილდეთ…

— იცით, ცხოვრებაში ჩემი დევიზი რა არის?— "როცა არ არის შემოსავალი — უნდა მონახო გამოსავალი". ჰოდა, მხოლოდ წიგნებით და სიმღერებით ვერ ვიარსებებდი და ამიტომ ბოლო 18 წელია, ხელოსნობაც ვისწავლე და დღეს გიტარის გარდა ქაფჩაც მიჭირავს ხელში და კედლებს ვლესავ. ერთკვირიან სარემონტო საქმეებს ვიღებ, როცა ამისგან ვიღლები, მუსიკა მენატრება და ხელში გიტარას ვიღებ. ერთი კვირა ვმღერი და როცა ისიც მბეზრდება, სხვა საქმეს ვუბრუნდები. მე და ჩემი მეგობარი ახლა ერთი ახლობლის ოჯახში ვმუშაობთ, ამათ იციან, რომ შემოქმედებითი ადამიანი ვარ, მაგრამ ისეთი ოჯახებიც ყოფილა, რომ ჩემი თავი არ გამომიმჟღავნებია და მაშინ ჩემი მეგობარი ჩუმად ეტყვის ხოლმე: ეს კაცი მწერალია და სიმღერებსაც წერსო. მათაც უკვირთ და უკვე სხვა თვალით მიყურებენ.

© ვახტანგ ცეცხლაძის პირადი არქივივახტანგ ცეცხლაძე ოჯახთან ერთად
ვახტანგ ცეცხლაძე ოჯახთან ერთად - Sputnik საქართველო
ვახტანგ ცეცხლაძე ოჯახთან ერთად

- დროდადრო ქუჩის მუსიკოსობასაც ახერხებთ…

— კი, გორში, ბორჯომში და სხვადასხვა ქალაქებში ჩავდივარ და ორ კაპიკს ასეც ვშოულობ. ამას წინათ ერთი სატელევიზიო გადაცემის ქუდშიც მოვხვდით მე და ჩემი გიტარა.

- როცა სახლში ბრუნდებით, თუ გრჩებათ სურვილი, რომ თქვენივე სიამოვნებისთვის იმღეროთ?

— მივხვდი, რა იგულისხმეთ… ფსიქოლოგიურად ისე ვიღლები, რომ სიმღერის ხალისი მეკარგება. გარეთ კი იმიტომ ვმღერი, რომ ჩემს უკან ლოგინად ჩავარდნილი დედა და ცხრა სულია, ვისზეც პასუხისმგებლობას ვგრძნობ. სიმღერის დროსაც მათზე ვფიქრობ… მე ოთხი შვილი და ექვსი შვილიშვილი მყავს, მათთან ყოველთვის ვამბობ: მე ქვაზეც რომ დავჯდე, ფულს იქაც ვიშოვი მეთქი…

- ბატონო ვახტანგ, რას ეტყვით მათ, ვისაც შემოსავალი არ აქვს და გამოსავალსაც ვერაფერში ხედავს?

— ყველას ასე ვეტყვი: თუ ადამიანი ფიზიკურად ჯანმრთელია და შრომა შეუძლია, ნურავის დააბრალებს იმას, რომ ლუკმაპურის ფული არ აქვს. ყველაფერი საკუთარ სიზარმაცეს დააბრალოს. მე იღბალი ცხოვრებაში არ მქონია, უფრო პრაქტიკული ადამიანი ვარ. ჩემთვის მთავარია, ჯანმრთელი ვარ, მუშაობა შემიძლია და კარგი შვილები და შვილიშვილები მყავს. მე მაგათთვის ვშრომობ და ვცხოვრობ…

 

ყველა ახალი ამბავი
0