21:34 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
ძაღლის ფორმის სურნელოვანი საპნები

მოგზაურობის დროს გაჩენილი ჰობი, რომელიც საოჯახო ბიზნესად გადაიქცა

© FB/ საპნის სამყარო - World Of Soap
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
მერი ბლიაძე
11020

ქართველი ხალხი ყოველთვის გამოირჩეოდა ნიჭიერებით, მაგრამ ნიჭს თუ შრომისმოყვარეობა და კრეატიულობა ახლავს თან, შედეგი საუკეთესოა.

თეონა კეკელია პროფესიით ქორეოგრაფია, ბავშვობიდან ცეკვავს. ერთ-ერთი გასტროლების დროს იტალიაში სურნელოვანი, ფერადი, და ლამაზი ფორმის საპნები ნახა, რომლითაც ძალიან მოიხიბლა და გადაწყვიტა თავად შეესწავლა დეკორატული საპნის დამზადება. ამ საქმიანობამ იმდენად გაიტაცა, რომ მალე საოჯახო ბიზნესად აქცია.

თახვის ფორმის სურნელოვანი საპონი
თახვის ფორმის სურნელოვანი საპონი

- როგორ გაჩნდა იდეა ხელნაკეთი საპნის წარმოება დაგეწყოთ?

— იდეა გაჩნდა დაახლოებით ექვსი თვის წინ, იტალიაში გასტროლებზე ყოფნისას, როცა სურნელოვანი, ფერადი და ლამაზი ფორმის საპნები ვნახე. დავინტერესდი, იყო თუ არა საქართველოში მსგავსი რამ და როგორც აღმოჩნდა — არა. გადავწყვიტე შემესწავლა და დამეწყო მსგავსი საპნების დამზადება, თან იდეაც ძალიან მომეწონა, ისეთი საპონია, რომლის ჩუქებაც შეიძლება. შესაძლოა დეკორაციული მიზნით სადმე თაროზე შემოვდოთ, ან გამოვიყენოთ საჭიროებისამებრ.

ბუს ფორმის სურნელოვანი საპნები
ბუს ფორმის სურნელოვანი საპნები

- სად და როგორ შეისწავლეთ საპნების დამზადება?

— YouTube-ზე ვნახე ვიდეოგაკვეთილები (Tutorial-ები), სადაც დეტალურად იყო ახსნილი, როგორ კეთდებოდა მსგავსი ტიპის საპონი-სუვენირები. ნელ-ნელა დავიხვეწე. ვისწავლე საკმაოდ დეტალური და ლამაზი ფიგურების დამზადება და ასე დავოსტატდი ამ ხელობაში.

- ვინ არიან ადამიანები, ვინც ამ საქმიანობაში გეხმარებიან?

— მთელი ოჯახი მეხმარება. ჩემი ძმა საპნის სუვენირების დასამზადებელი მასალებით და ინგრედიენტებით მამარაგებს. მამა რეალიზაციაში მეხმარება, ეს ჩვენი საოჯახო ბიზნესი გახდა.

დათვის ფორმის სურნელოვანი საპნები
დათვის ფორმის სურნელოვანი საპნები

- როგორ და რა ინგრედიენტებით მზადდება საპნები? თქვენი დამზადებული საპნები მცენარეულია?

— ჩვენი საპონი არ არის მცენარეული. ის მზადდება ინგლისური მაღალხარისხიანი საპნის მასისგან, რომელიც არ იწვევს ალერგიას. საპონს არ გააჩნია არანაირი უკუჩვენება.

სურნელოვანი საპნების შესაქმნელად გამოიყენება სილიკონის ფორმა (ყალიბი). საპნის მასა (თეთრი და გამჭვირვალე), ნატურალური არომატიზატორები, ეთერზეთები და საღებავი პიგმენტები.

- საპონი ყველა ტიპის კანისთვის არის განკუთვნილი, თუ სხვადასხვა სახეობებს ამზადებთ?

— პროდუქცია ყველა ტიპის კანისთვის არის განკუთვნილი. არ აშრობს კანს და არ იწვევს მის გაღიზიანებას.

თახვის ფორმის სურნელოვანი საპნები
თახვის ფორმის სურნელოვანი საპნები

- თქვენი მოღვაწეობის განმავლობაში რა სირთულეებს წააწყდით?

— მთავარი სირთულე ინგრედიენტების ჩამოტანაა. ყველაფრის ყიდვა საზღვარგარეთ გვიწევს.

სურნელოვანი საპნები სხვადასხვა ზღაპრების გმირების გამოსახულებებით
სურნელოვანი საპნები სხვადასხვა ზღაპრების გმირების გამოსახულებებით

- რამდენად რთული იყო ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრება? როგორ ახდენთ საპნების რეალიზებას?

— ჩვენი პროდუქცია ქართულ ბაზარზე ახალი გამოსულია. ერთი თვის წინ დავიწყეთ მისი აქტიური დამზადება და რეალიზაცია, თუმცა, ვინც ნახა, ყველას მოეწონა და ბევრს ვერ წარმოედგინა, რომ ასეთი სილამაზე ხელით იქმნება. თითოეული საპონი უნიკალურია და ალბათ ამან განაპირობა ჩვენი ხელნაკეთი საპნებით დაინტერესება.

ონლაინ სივრცისთვის და გაყიდვებისთვის გვაქვს Facebook-ის გვერდი "World of Soap" სადაც ხალხი გვწერს და ინტერესდება პროდუქციით. გარდა ამისა, ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია "ბომბორას" პარკში, "ეშმაკის ბორბალთან", ზოოპარკში და "Tbilisi Mall-ში" "Angry Birds"ის ატრაქციონთან. ფერადი სუვენირები იზიდავს ბავშვებს, თან ამავდროულად აჩვევს მათ სისუფთავეს და ახალისებს კიდეც.

სპილოს ფორმის სურნელოვანი საპნები
სპილოს ფორმის სურნელოვანი საპნები

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

— ჩვენ შეგვიძლია დავამზადოთ ნებისმიერი ფორმის საპონი. ნებისმიერი დღესასწაულისთვის, კორპორატიული საღამოსთვის ვიღებთ შეკვეთებს და ა.შ. ვაპირებთ ასორტიმენტის გაფართოებას. პროდუქტი არამარტო ლამაზი და ორიგინალურია, არამედ პრაქტიკულიც. ვგეგმავთ საქართველოს ბაზრის უკეთ ათვისებას. ევროპაში ხელნაკეთი საპნები საკმაოდ პოპულარულია, გვსურს, რომ საქართველოშიც გავუწიოთ ამ პროდუქციას პოპულარიზაცია და ხალხიც დავაინტერესოთ.

 

მთავარი თემები