თბილისელი პოლონელების უკანასკნელი მოჰიკანი

© რეზო მახათაძის პირადი არქივიმიხეილ სავიცკი
მიხეილ სავიცკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იგი გახლავთ საქართველოში ჩამოსახლებული და დამკვიდრებული პოლონელი საგზაო ინჟინრის გრიგოლ სავიცკის შვილთაშვილი. მიხეილ სავიცკიმ – ძია მიშამ 20 წელი ქართულ ხალხურ ცეკვებს მიუძღვნა, 88 წლის ჭარმაგი მოხუცი, წელგამართული, ჯერაც კოხტა მიხვრა-მოხვრით, ბევრ ახალგაზრდას ტოლს არ დაუდებს.

ვახტანგ კობაიძე

მას შემდეგ, რაც საქართველო და პოლონეთი რუსეთის იმპერიის დაქვემდებარებაში აღმოჩნდნენ, ჩვენ ქვეყანაში პოლონელებიც გამოჩნდენ. თავდაპირველად ჯარში მომსახურე ოფიცრები, შემდეგ უკვე სამშობლოდან გადმოსახლებული მეამბოხეები. მე-19 საუკუნის 40-50-იან წლებში მათი რიცხვი 4000 აღწევდა. ეს მცირე ისტორიული ექსკურსი იმად დამჭირდა, რომ დღევანდელი ინტერვიუერის წარმომავლობისთვის გამესვა ხაზი. იგი გახლავთ საქართველოში ჩამოსახლებული და დამკვიდრებული პოლონელი საგზაო ინჟინრის გრიგოლ სავიცკის შვილთაშვილი. მიხეილ სავიცკიმ — ძია მიშამ 20 წელი ქართულ ხალხურ ცეკვებს მიუძღვნა, 88 წლის ჭარმაგი მოხუცი, წელგამართული, ჯერაც კოხტა მიხვრა-მოხვრით, ბევრ ახალგაზრდას ტოლს არ დაუდებს. ძია მიშას შინ ვესტუმრე ინტერვიუსთვის, თუმცა, საბოლოოდ, უფრო მონოლოგი გამოვიდა.

—  დავიბადე თბილისში 1929 წელს, დღევანდელი ზოოპარკის ტერიტორიაზე. ამ უბანს "ედემის ბაღი" ერქვა. დიღომთან ერთად ქალაქს ბოსტნეულით აქაურები ამარაგებდნენ. ჩემ თვალწინ აშენდა „თერთმეტსართულიანი“. ბებია მყავდა ღოღობერიძის ქალი, იმან მიმიყვანა თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ჭონქაძეზე. 41-ში მამა დამეღუპა, მამინაცვალთან ცხოვრება არ მოვინდომე და ჯერაც პატარა ბიჭი მოვეწყვე მუშად ახლანდელ რკინიგზელთა სახლის მშენებლობაზე. ბინად ძნელაძის ქუჩაზე გადმოვედი და ძირითადად გოლოვინის (რუსთაველის) პროსპექტზე გავიზარდე. ბირჟა გვქონდა ორივე მხარეს, ერთი „ლაღიძის წყლებთან“, მეორე – ოპერასთან, „ეთერის ბაღში“. მოკლედ, „ქუჩის აკადემიას“ ბავშვობიდან ვეზიარე, უფროსისა და ქალის პატივისცემა მასწავლეს და კიდევ ბევრი რამ. 

© რეზო მახათაძის პირადი არქივიმიხეილ სავიცკი
მიხეილ სავიცკი - Sputnik საქართველო
მიხეილ სავიცკი

იმხანად უფროსი ჯანო ბაგრატიონი „ერისიონში“ მუშაობდა. ერთხელაც მითხრა, ნაღდი მოცეკვავის ტანი გაქვს, ცეკვა უნდა გასწავლოო. ასე მოვხვდი ცეკვის სამყაროში და ოც წელზე მეტი გავატარე ამ საოცარ ხალხთან. მოსკოვში სტალინის დაბადების დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე დიდ თეატრში „ქართული“ ვიცეკვე, სტალინი და ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი კლემენტ გოტვალდი ესწრებოდნენ, კრემლშიც მიგვიწვიეს. იქ, მოსკოვში გავიცანი ილიკო სუხიშვილი და მათთან გადასვლა შემომთავაზა. აბა, ასეთ წინადადებაზე უარს როგორ ვიტყოდი, სუხიშვილები უკვე მთელ ქვეყანას აზანზარებდნენ. დაიწყო გასტროლები მთელ მსოფლიოში. 1957 წელს ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალზე სპეციალური დიპლომით დამაჯილდოეს. ჩოხა მიხდებოდა, ილიკო კარგა ხანს მამზადებდა და თავად რომ დაანება ცეკვას თავი, ნინასთან (ნინო რამიშვილი) მე დავიწყე ცეკვა. 1964 წელს დავოჯახდი, დადიანის ქალი მოვიყვანე ცოლად, დედით მიქელაძე. ამ თავადების გარემოში, თავი დაჩაგრულად რომ არ მეგრძნო, მოსკოვში ჩვენ ნათესავს, მარშალ სავიცკის მივწერე და ურთიერთობა აღვადგინე. „დვაჟდი გეროი“ იყო, მისი ქალიშვილია კოსმონავტი სვეტლანა სავიცკაია.

1952 წელს გასტროლებზე ვიყავით ციმბირში. ძირითადად ნოვოსიბირსკში ვცხოვრობდით და იქიდან დავდიოდით ირკუტსკში, ჩიტაში, ბაიკალზე და სხვაგან. კახი კავსაძის მამა დათაშკა კავსაძე იმ დროს ირკუტსკში „იჯდა“. ერთი ბიჭი მუშაობდა ჩვენთან, ლოტბარი, გველესიანი გვარად, იმასთან ერთად უმღერია და ამ გველესიანმა თუთუნი გამატანა. ჩავუტანე დათაშკას ეს თუთუნი, ნახვაც მოვახერხე, ჩემმა გვარმა გაჭრა, ვუთხარი მარშალ სავიცკის ბიძაშვილი ვარ-მეთქი და კარგა ხანს ვეფერეთ ერთმანეთს.

88 წლისა ვარ, ეროვნებას რომ მეკითხებიან, ვამბობ, რომ ვარ თბილისელი სავიცკი. ის თბილისი მენატრება, ჩემი ახალგაზრდობის ქალაქი, მაშინდელი ეზო. ყველაფერი საერთო გვქონდა – ჭირიც და ლხინიც. ერთი „დეჟურნი“ თეფში იყო ეზოში, თუ ვინმეს სტუმარი მოუვიდოდა, ვისაც რა ჰქონდა, იმით შეეწეოდა მასპინძელს. სულ სხვა სითბო და ურთიერთობა იყო, მაშინდელი ქალაქის ხიბლიც ეგ იყო…

P.S. თბილისში სავიცკების ორი ოჯახი ცხოვრობდა, თავად ბატონი მიხეილის და ედიშერ სავიცკის, მსოფლიოში ცნობილი პიანისტის, რომელიც დიდი ხანია ამერიკაში მოღვაწეობს. ედიშერიც და ძია მიშას ვაჟი გიორგიც დაუქორწინებელი არიან, სადარდებელიც ეგ აქვს – გვარის გამგრძელებელი არ ჩანს და ამბობს, მეც თბილისელი პოლონელების „უკანასკნელი მოჰიკანი“ გამოვდივარო…

ყველა ახალი ამბავი
0