მიფრინავენ წეროები...

© photo: Sputnik / Екатерина Чеснокова / გადასვლა მედიაბანკშიალექსეი ბატალოვი
ალექსეი ბატალოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს დიდი რუსი მსახიობი ალექსეი ბატალოვი გარდაიცვალა.

ადამიანს, სამწუხაროდ, ცხოვრებაში სიხარულთან ერთად ბევრი ტკივილიც აქვს გადასატანი და, პირველ რიგში, ეს არის ახლობელი ადამიანების დაკარგვა. მაგრამ ადამიანის ბუნება საოცარია — ზოგჯერ განიცდი ამ ქვეყნიდან იმათ წასვლასაც, ვისაც იცნობდი შორიდან, ან საერთოდ არც იცნობდი… თითქოს საკუთარი ტკივილი არ გყოფნიდეს…

ალბათ სწორედ ამ ფენომენით გამოირჩევა ამხელა გალაქტიკაში ადამიანი სხვისგან.

დღეს გულში სევდა შემეპარა – გავიგე, რომ გარდაიცვალა ალექსეი ბატალოვი.

გამახსენდა მისი საოცრად გულწრფელი და ვაჟკაცური ბორისი მიხეილ კალატოზოვის ფილმიდან „მიფრინავენ წეროები“, ასე გულის წკიპამდე რომ უყვარდა თავისი ვერონიკა, სიცოცხლის ბოლო წამებშიც თვალწინ რომ ედგა…

იცით, რითია მსახიობის ცხოვრება საოცარი? ის სცენაზე ან ეკრანზე ერთხელ მაინც კვდება, მაგრამ ასეთი „რეპეტიციების“ მიუხედავად, ნამდვილი სიკვდილი მაინც რომ წამოეწევა, როგორც აღმოჩნდება ხოლმე, მის წინაშე ისიც ზუსტად ისეთივე უძლურია, როგორც ყველა სხვა დანარჩენი…

მე ალექსეი ბატალოვი გავიცანი მოკოვში, ძალიან ოფიციალურ ღონისძიებაზე. ხელი ჩამოვართვი და იმდენად სხვანაირ სითბოს აფრქვევდა, ისეთი ელეგანტური და სხვანაირად ხიბლიანი იყო, რომ… კინაღამ შემიყვარდა.

სამაგიეროდ, ცოტა ხანში კინაღამ კი არა, მართლა შემიყვარდა ფილმის „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“ ნახვის შემდეგ. ლამისაა „ელექტრიჩკებით“ სიარული დავიწყე.

ჩემო საყვარელო ქალბატონებო, დიდებო და პატარებო, უფროსებო და უმცროსებო, ღრმად გულში ჩაიხედეთ და გამოტყდით, რომელი ერთი არ ველოდით ჩვენ ცხოვრებაში ასეთი ჯენტლმენური გოშების, იგივე გოგების, იგივე ჟორების შემოჭრას?..

არაფერში რომ ცდებიან და არაფერი რომ არ ეშლებათ…

მთელი ფილმი ზეპირად ვიცოდი. მაგრამ ბოლო სცენა მკლავდა…

ყველა, ვინც კი იცნობდა ალექსეი ბატალოვს, იხსენებს, რომ ის ნამდვილი ინტელიგენტი იყო და ზუსტად ისეთი ღირსეული და ღრმა ადამიანი, როგორც მისი გმირები. რომ ასეთი ადამიანების წასვლით მიდის ცხოვრებისა და ხელოვნების მაღალი სტილის ეპოქა, რომ ის ყველაფრით განსაკუთრებული კაცი იყო, უკანასკნელი მოჰიკანი…

ალექსეი ბატალოვმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: „ჩემი მთავარი საჩუქარია ჩემი მეუღლე და ქალიშვილი. ისინი არიან ჩემ ცხოვრებაში ყველაზე ნათელი ადამიანები“…

წარმოვიდგინე, როგორ უჭირთ მათ ახლა, მაგრამ, ამავე დროს, რა ბედნიერები არიან, რომ ასეთი შესანიშნავი ადამიანი ჰყავდათ გვერდით…

 

ყველა ახალი ამბავი
0