09:25 25 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
2232120

Sputnik საქართველოს ჟურნალისტი რუსუდან შაიშმელაშვილი დაცლილ ქართულ სოფლებზე პოეტ გელა დაიაურთან ერთად გიამბობთ.

…აქ კი აღარც თორღვა ძაგანია,

აღარც ფარ-შუბების ჭახანია,

მშველელს ელოდება რა ხანია

ბეჭებგაბზარული მუცო.

გელა დაიაური

პოეზიის მოყვარულები მას იცნობენ მისი ლექსებით, ხალხური სიმღერის მოყვარულები – სიმღერებით, მთის მოყვარულები – მისი ქართველობით, მუცოზე, შატილისა და ხევსურეთის სკოლებზე ზრუნვით. მაგრამ მის თავზე დატრიალებულმა ტრაგედიამ ის მთელ საქართველოს უფრო ახლოს გააცნო. მიუხედავად ყველაფრისა, გელა დაიაურს არც ლექსი მიუტოვებია, არც ქართული სიმღერა და არც მშობლიური მთები. ის დღესაც ამქვეყნიური საქართველოსთვის ისევე ცხოვრობს და ზრუნავს, როგორც იმ ქვეყნად გადასახლებული მისი პატარა ოჯახისთვის…

ამჯერად ჩვენ მას ხევსურეთის დაცლილ სოფლებზე სასაუბროდ შევხვდით.

პირაქეთა ხევსურეთი
პაატა ვარდანაშვილი
პირაქეთა ხევსურეთი

– პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ, ინტერვიუზე რომ დაგვთანხმდით. საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი კუთხიდან ბრძანდებით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს კუთხე სრულიად საქართველოსთვის?

– ზოგადად, ჩემი კუთხე არის ხევსურეთი, მაგრამ ხევსურეთი იყოფა პირიქითა ხევსურეთად და არხოტის თემად. მე ვარ პირიქითა ხევსურეთიდან. დათვისჯვრის უღელტეხილზე როცა გადავდივართ, იქიდან იწყება პირიქითა ხევსურეთი, ჩრდილოეთი კავკასია. პირველი სოფელი არის ლებაისკარი, მეორე სოფელია კისტანი, მესამე და მეოთხე – გურო და გიორგიწმინდა. ყველა ეს სოფელი დაცლილია. მერე გვხვდება შატილი.

პირიქითა ხევსურეთი
პაატა ვარდანაშვილი
პირიქითა ხევსურეთი

შატილი პირიქითა ხევსურეთის ცენტრად მოიაზრება, იმიტომ რომ შატილში არის სკოლა, არის მედპუნქტი, არის სატელეფონო კავშირი. ამ ეტაპზე შატილში 10 კომლამდე  ცხოვრობს. მუცოში ცხოვრობს მკვიდრი სამი კომლი. შემდეგ მოდის ხონისჭალა. იქაც ზამთარში 2-3 კომლი რჩება. მარჯვენა მხარეს არის არდოტი, სადაც 3-4 კომლია. გზას თუ პირდაპირ გავაგრძელებთ, გვხვდება ორი სოფელი, ანდაქი და არჭილო, სადაც აღარავინ ცხოვრობს. და დარჩა ხახაბო, სადაც კარგა ხანს ერთი ბიჭი ცხოვრობდა, მაგრამ ახლა ის ბიჭიც წამოვიდა, იმიტომ რომ წყალდიდობამ გზები და ხიდები დაანგრია. ბოლო 10 წელი დაახლოებით ასეთი მდგომარეობაა. მახსოვს, ლებაისკარში ცხოვრობდა ერთი კაცი, მახსოვს კისტანში ცხოვრობდა კიდევ 4 ოჯახი, ანდაქში და არჭილოში დააახლოებით 5-5 ოჯახი ცხოვრობდა, რომლებიც ახლა დაცლილია მთლიანად. სულ პირიქითა ხევსურეთში მკვიდრი მოსახლე იქნება 20-25 კომლი.

შატილი
პაატა ვარდანაშვილი
შატილი

ჩვენ ვესაზღვრებით რუსეთის ფედერაციას, უშუალოდ ჩეჩნეთი გვესაზღვრება, და რომ გააყოლო თვალი, სიგრძეზე დაახლოებით 40-45 კმ საზღვარზე ცხოვრობს დაახლოებით 20-25 ოჯახი. ამ 11 სოფლიდან – ლებაისკარი, კისტანი, გიორგიწმინდა, გურო, შატილი, მუცო, ხონისჭალა, არდოტი, არჭილო, ანდაქი, ხახაბო – ნახევარი დაცლილია. მეშინია, რომ როგორც სამაჩაბლოში, აქაც არ გადმოგვიწიონ საზღვარი.

პირიქითა ხევსურეთი
photo: courtesy of Paata Vardanashvili
პირიქითა ხევსურეთი

– კომუნისტების პერიოდში მოსახლეობის მხრივ როგორი მდგომარეობა იყო?

– სხვათა შორის, კომუნისტების პერიოდში უფრო არ ცხოვრობდა ბევრი ხალხი. ყველაზე მეტი ხალხი ცხოვრობდა 1991-92 წლებში. ამ წლებში ბარში გაჭირდა ცხოვრება, ხალხი მთაში ამოვიდა. მახსოვს, მუცოში დაახლოებით 12-13 ოჯახი ცხოვრობდა, არდოტში თითქმის 15 ოჯახი. მაგრამ როგორც კი გაიოლდა ბარში ცხოვრება, ისევ აიყარა ხალხი მთიდან. მაგრამ ეს არ არის იმათი ბრალი, ეს არის პირობების ბრალი. მაგალითად, მუცოში ჰესის დადგმაზე იყო საუბარი ხელმძღვანელობასთან და ასე მიპასუხეს, სადაც დიდი სოფელია, მიკროჰესი იქ უნდა დაიდგას, აქ ხალხი არ ცხოვრობს და ჰესი არ უნდა დაიდგასო. მე ვუხსნი, ხალხი იმიტომ არ ცხოვრობს, რომ ელექტროენერგია არ არის–მეთქი, მაგრამ ისინი ამბობენ, ხალხი თუ არ ცხოვრობს, მაშინ რა საჭიროა ელექტროენერგიაო. საბოლოოდ ვერაფერი გავაგებინეთ ერთმანეთს. ვთქვათ ხახაბო, ანდაქი, არჭილო – ამ სამ სოფელში სამანქანო გზა არასოდეს ყოფილა, ელექტროენერგიაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. დღესაც ბილიკებით ადის იქ ხალხი. ძალიან დიდი საქმეა მუცოს რეაბილიტაცია, მაგრამ არანაკლები ძეგლებია არდოტში და ხახაბოში.

შატილი
photo: courtesy of Paata Vardanashvili
შატილი

– ისტორიულად რომელ სოფელს გამოყოფდით?

– ისტორიულად, მაგალითად, ანატორი არის საინტერესო. მას „მკვდართა ქალაქი“ შეარქვეს. ვარაუდობენ, რომ იყო ეპიდემია (სავარაუდოდ ქოლერა ან „შავი ჭირი“, ხევსურულად – „ჟამიანობა“), რომლის დროსაც დაავადებულები თავისი ფეხით გადიოდნენ სოფლიდან, რადგან, ერთი მხრივ, დამარხვას უკვე ვეღარ აუდიოდნენ, მეორე მხრივ – სხვებისგან გასარიდებლად, და ისეთი აკლდამები ააშენეს, სადაც თავისი ფეხით შედიოდნენ. ანატორის აკლდამაზე არის ასეთი თქმულება: ერთ დღეს 60 ხმლიანი გავიდა სოფლიდან. ეს სოფელი იყო სისაურების. ეს გვარი იყოფოდა სამ ჩამომავლობად. თითო ჩამომავლობიდან აარჩიეს თითო კაცი, თითო მეთოფე. თუ სოფლიდან ვინმე დააპირებდა გასვლას, მაშინვე უნდა ესროლათ მისთვის, რათა ეპიდემია ერთი სოფლიდან მეორეში არ გასულიყო. თვითონვე  გააკეთეს კარანტინი და საამაყო აქვთ დღესაც სისაურებს, ანატორელებს, რომ თოფი არ გასროლილა, ანუ სოფლიდან არავინ გაქცეულა. როცა იგებდნენ, რომ ავად იყვნენ, ფანდური, საგზალი, არაყი მიჰქონდათ და სიკვდილს სიმღერით ხვდებოდნენ. მხოლოდ ერთი ბავშვი ამოურჩევიათ და, გვარი რომ არ გადაშენებულიყო,  გაუგზავნით თუშეთში. ამ ბავშვს სულ ახსოვდა და ამბობდა, მე იქიდან ვარ, სადაც მზე ორჯერ ამოდისო.  ანატორში, სადაც სალოცავი დგას, იქიდან თუ დააკვირდებით, მზე გადადის ამ მთაზე და მეორედ მთიდან ახლიდან ამოდის. ანუ მზე ორჯერ ამოდის.

ხევსურეთი ასევე თემებად იყოფა. კისტან-ლებაისკარის თემი, სადაც ჭინჭარაულები ცხოვრობდნენ, გურო-გიორგიწმინდას თემი, სადაც გოგოჭურები ცხოვრობდნენ.  შატილი კი ცალკე თემი იყო. მერე უკვე მიღმახევი არის, რომლის ხეობაც ბორბალოდან იწყება. მიღმახევში შედის არდოტის, ხახაბოს და მუცოს თემები.

ქაჩუს ციხე
პაატა ვარდანაშვილი
ქაჩუს ციხე

– ძეგლების მხრივ რას გვეტყვით?

– ყველა სოფელშია აკლდამები, ყველა სოფელში არის ციხე-კოშკები. პირიქითა ხევსურეთი არის სასაზღვრე ზოლი, რომელიც გამაგრებული იყო ციხე-სიმაგრეებით. და ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ საქართველოში იქიდან მტერი არასოდეს შემოსულა. ბოლო ბრძოლა შატილში იყო შამილის ნაიბთან. თვითონ ეს ნაიბიც იქ მოკლა 70 შატილიონმა, მეომარმა. შატილიდან დაღესტნისკენ უკან შეატრილა 3–ათასკაციანი ლეკების ლაშქარი. ასეთი პირობით მოდიოდნენ: ჩვენ თქვენ არ გერჩით, ჩვენ გადავალთ საქართველოში, ოღონდ თქვენ გაგვატარეთო. ამათ არ გაატარეს და პირდაპირ ეომნენ. ასეთი პატარა ისტორიაცაა: ბრძოლის დროს ციხე-სიმაგრეში ცოლი ქმარს უტენიდა და აწვდიდა თოფს. ამ დროს სარკმლიდან შემოვარდნილმა ტყვიამ აკვანში ბავშვი მოკლა. დედამ, ანუ ცოლმა აკვანში ბავშვს ზეწარი გადააფარა, რომ ქმარს არ დაენახა და ხელი არ აჰკანკალებოდა, და გააგრძელა ტყვია-წამლის მიწოდება. როცა ბრძოლა დამთავრდა, მხოლოდ შემდეგ უთხრა, შვილი მოგიკვდაო. არც არის გასაკვირი, აქ რომ მტერი ვერ შემოდიოდა, რადგან ასეთი ხალხი ცხოვრობდა. მსგავსი გმირობის ისტორია კი თითქმის ყველა სოფელს აქვს.

მუცო
პაატა ვარდანაშვილი
მუცო

– დღეს რა მდგომარეობაა ხეობაში?

– დღეს ერთადერთი სოფელი, სადაც ყველა პირობაა იმისთვის, რომ იცხოვრო, არის შატილი. არის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც არის დამოუკიდებელი და გადასახადი არ არის დენზე, ანუ სოფელი თავის დენს თვითონ მოიხმარს. სამწუხაროდ, არ არის სამანქანო გზები სოფლებისკენ.

პირიქითა ხევსურეთი
პაატა ვარდანაშვილი
პირიქითა ხევსურეთი

– თქვენი აზრით, ელემენტარული პირობები რომ იყოს, ხალხი დაბრუნდება?

– აუცილებლად დაბრუნდება. მაგალითად, არდოტში ახლა ძირითადად მესაზღვრეები არიან და ოჯახებით ამოდიან ზაფხულში. სახლები ააშენეს, იმიტომ რომ სამანქანე გზა მივიდა. მაგრამ იქ ჰესი და სხვა პირობებიც რომ იყოს, ვიცი, რომ დაბრნუდება ხალხი. როგორც გითხარით, ერთმა ბიჭმა ხახაბოში ზამთარი მარტომ გაატარა. როცა ავაკითხეთ, თქვა, ერთი თვეა კაცი არ მინახავს თვალითო. ბიჭმა მთელი ზამთარი იქ გაატარა და, წარმოიდგინეთ, ახლა იქ რომ სამანქანო გზა იყოს, ელექტროენერგია, აქ საერთოდ ჩამოვა? ნორმალური ბიჭია, საღად აზროვნებს, გულიანი და მგელი ბიჭია, მაგრამ წამოვიდა, იმიტომ რომ არ იყო ელემენტალური პირობები.

– ცნობილია, რომ ამ კუთხეში ძალიან შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობდა…

– დიახ, დასვენება მთაში არ არსებობს. ერთადერთი – კვირაა. მხოლოდ შაბათ-კვირას სანადიროდ თუ გავიპარებოდით. იქ ვერ დაისვენებ. დღე-ღამეში, ალბათ, 17-18 საათი ვმუშაობდით ფიზიკურად. სტუდენტობისას ზაფხულში რომ ჩამოვდიოდი, კაი რუჯი მქონდა და რომ მეკითხებოდნენ, ვეხუმრებოდი, ზღვაზე ვისვენებდი–მეთქი. რა დასვენება, რის დასვენება – სად მეცალა. იქ დასვენება, როგორც ასეთი, არ არსებობს. იმიტომაა, რომ ხმელი და ჯანმრთელი ხალხია, საოცრად შრომისმოყვარე. უბრალოდ, როცა ხედავენ, ბარში უფრო იოლია ცხოვრება და იქ არ არის ის პირობები, ძნელია. იგივე ჩემი ოჯახი ავიღოთ. ამიტომ წამოვიდნენ ჩემი მშობლებიც. ჩემს ძმას ჰქონდა აპენდიციტის პრობლემა. შემთხვევით გამოვიდა ამინდი იმ დღეს და რომ ჩამოვიყვანეთ, პერიტონიტი იყო უკვე წასული ორგანიზმშიო. იმ დღეს ამინდი რომ არ გამოსულიყო, ალბათ, დღეს ჩემი ძმა ცოცხალი არ იქნებოდა. მაშინ მამამ თქვა, რაზე ვკლავ ოჯახსო და წამოვიდა. აი, ასეთ პირობებს გამოურბის ხალხი.

შატილი
photo: courtesy of Paata Vardanashvili
შატილი
– ტრადიციების მხრივაც გამორჩეული ხალხი ხართ…

– ბოლო ტრადიცია, რაც მე მახსოვს და გადავიდა, არის „მოკითხვა“, ტრადიცია, რომელიც უკვე დაიკარგა, ჩემ მეხსიერებაში კი დარჩა. შეიძლება მოგეკითხა დედმამიშვილი, მოგეკითხა ნათელ-მირონი, მოგეკითხა ძმადნაფიცი, და ეს ყველაფერი ხდებოდა არყით. ვთქვათ, 10 ლიტრ არაყს ჩაასხამდი ჭურჭელში და მიგქონდა. გზადაგზა, სოფლიდან სოფელში ვინც შეგხვდებოდა, გააჩერებდი და დაალევინებდი. ეს ხდებოდა ზამთრის პერიოდში, რადგან იმდენი საქმე არ არის ამ დროს და ძირითადად საქონელს უვლი. მძიმე ზამთრის გადასაგორებლად კი ეს კარგი საშუალება იყო ურთიერთობისთვის. მაშინ უფრო მეტი სიყვარული იყო, ახლა კი აღარ არის მისვლა-მოსვლა, ზოგადად, საქართველოში გაცივდა სტუმარ-მასპინძლობა. საერთოდ კი ამ მხარეში ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა იყო და არის. ძირითადად ხელოვნების მიმართულებით ძალიან ბევრი შეიძინა საქართველომ, იმიტომ რომ სულიერი ხალხია, უყვართ პოეზია, სიმღერა. არიან ძალიან გულიანები და უღალატოები. თუ მიგიღეს და დაინახეს შენში ადამიანი, გამორიცხულია, რომ გიღალატონ.

 ლებაისკარის ციხე, ჩანახატები ჩანსკირზე
პაატა ვარდანაშვილი
ლებაისკარის ციხე, ჩანახატები ჩანსკირზე

– რას ეტყოდი ხალხს, ვინც სოფლიდანაა წამოსული?

– პირველ რიგში ჩემს თავს ვეტყოდი. მე უკვე 7 წელია, რაც წამოსული ვარ. შეიძლება ჩემთვის ცოტა რთულიც იყოს იქ დაბრუნდა ჩემივე დიდი ტრაგედიის გამო, მაგრამ ეს არ არის გასამართლებელი მიზეზი. მე პირადად ყველა კუთხეში დავდივარ, ძირითადად – მთაში. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი სოფელია დაცლილი. მაგრამ ჩვენი მხარე ხომ სასაზღვრო რეგიონია და ამით გამორჩეულია, რომელიც ყველაზე მეტად უნდა იყოს დატვირთული ხალხითაც, თანამედროვე ტექნოლოგიებითაც, ელექტროენერგიითაც და ყველაზე მეტადაც უნდა იყოს გამაგრებული. ჩვენ კი, პირიქით, იმას ვუწყობთ ხელს, რომ ხალხი წამოვიდეს იქიდან. მე ასე ვფიქრობ, ერთი პატარა დაბერვა უნდა და დათვისჯვრის უღელტეხილს იქით რუსები დაიკავებენ. პატარა ამოსუნთქვა და ჩაგვიკეტავენ გზას. და დავკარგავთ რას? ძეგლებს, ისტორიულ, მამაპაპისეულ ადგილებს, საფლავებს, სალოცავებს და მერე ერთად დავიწყებთ თავში ხელის ცემას, როგორც ახალგორში მოგვივიდა. ასე რომ, ჯობს, აქ გაკეთდეს ყველაფერი დროულად, თუ უნდათ, რომ საქართელოს მთლიანობას გაუფრთხილდნენ. მე ვამბობ – ხალხის დაბრუნებაა ყველაზე მთავარი. ეს არის საქართველოს მთლიანობის შენარჩუნება. ცოტა შორს უნდა გაიხედონ და შორიდან დაინახონ. მე ვურჩევდი, მიაქციონ ამას ყურადღება, როგორც შეუძლიათ. მესმის, საქართველოში ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ პირველ რიგში მთავარია, მყარი ღობე გააკეთო სახლის გარშემო, დაცული რომ იყო. მე როგორ ვუთხრა თუნდაც იმ ბიჭს, ვინც ერთი თვე მარტომ ხახაბოში იცხოვრა, შენ ადი და დარჩი ისე, რომ ერთი თვე კაცი ვერ დაინახო–მეთქი? კი, ბატონო, ის ბიჭი ჩემთვის გმირია, მაგრამ ახალგაზრდაა, მასაც ხომ უნდა ცხოვრება. ამიტომ ვერავის ვერაფერს ვერ ვეტყვი.

მუცო
photo: courtesy of Paata Vardanashvili
მუცო

იგივე ტურისტულადაც რომ ავიღოთ, ამდენი ძეგლი არც ერთ კუთხეში არ არის – კისტანის ციხე, გუროს ციხე, შატილის კოშკები, ანატორის აკლდამები, მუცოს, არდოტის, ხახაბოს კოშკები და, რაც მთავარია, ყველა ეს ძეგლი განსხვავებულია არა მარტო ადგილმდებარეობითა და გეოგრაფიით, არამედ გამორჩეული სილამაზითაც.

ლებაისკარი
პაატა ვარდანაშვილი
ლებაისკარი

გაუქმებულ სოფელზე მოფიქრალი არ დაელიოს ჩვენს მამულს. უფროსებისგან გამიგონია, „ადგილის დედას რომ მოშორდები, მფარველი ანგელოზი ცრემლობსო“.  ნუ ავატირებთ სოფლის მფარველ ანგელოზებს…

მთავარი თემები