როდესაც ჩემი თავი გენიალური მგონია, სამზარეულოში მივდივარ ჭურჭლის გასარეცხად...

© photo: Sputnik / Elkin / გადასვლა მედიაბანკშიბულატ ოკუჯავა
ბულატ ოკუჯავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალინ დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენს აივანზე ცოტა სევდიანი განწყობაა… მართალია, დღეს — 9 მაისს, გამარჯვების დღე აღინიშნება, მაგრამ… ყველა გამარჯვებას საკუთარი ფასი აქვს… ზოგჯერ, ის გაუსაძლისად მძიმეა… საქართველოდან მეორე მსოფლიო ომის დროს ომში წასულებიდან 200 ათასამდე ადამიანი სახლში აღარ დაბრუნებულა… სახლში, სადაც ელოდნენ, უყვარდათ და ბოლომდე სწამდათ…

მინდა მოგახსენოთ, რომ დღეს ამ შესანიშნავი სიმღერის ავტორი, ყველასთვის საყვარელი და გულში ბოლომდე ჩამწდომი ბულატ ოკუჯავა ჩვენი აივნის სტუმარია…

ის დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1924 წლის 9 მაისს, მოსკოვში, ძველი არბატის N43-ში, მე-4 სართულზე განთავსებულ კომუნალურ ბინაში…

როდესაც ჩემთვის, გულში ვცდილობ მის დახასიათებას, პირველი, რაც თავში მომდის, არის კეთილშობილება და ინტელიგენტობა… თანაც ყველაფერში… მუსიკაში, ლექსებში, შესრულებაში, მიხვრა-მოხვრაში, საუბარში… ცხოვრებაში…

თავად ბატონ ბულატს ნათქვამი აქვს…

„კეთილშობილება — ეს არ არის წოდება, არც ოქროა, არც მდგომარეობა საზოგადოებაში… ეს არის სინათლე გულში…“

ბატონ ბულტს ეს სინათლე ჰქონდა და თანაც უხვად და ულევად…

მე ბატონი ბულატი მოსკოვში ლიტერატორების ცენტრალურ სახლში გამაცნეს… ერთი საათი ვემზადებოდი, ისე მერიდებოდა მასთან მისვლა… და იცით, ყველაზე სასაცილო რა იყო? რომ გავიცანი, შევიტყვე, რომ მას ჩემზე კიდევ უფრო ერიდებოდა…

საოცარი კაცი იყო… ძალიან საინტერესო და რთული ცხოვრება გაიარა, მშობლები რეპრესირებული ყავდა… 18 წლის ასაკში ომში წავიდა, სადაც სერიოზულად დაიჭრა… არასტანდარტული და თავისუფალი აზროვნებისთვის დევნიდნენ… მაგრამ ისეთი დახვეწილი რჩებოდა, თითქოს მეფის სასახლის იქით ფეხი არ ქონია გადადგმული…

ამავე დროს იყო ძალიან თავმდაბალი… ძალიან მიყვარს მისი გამოთქმა- „როდესაც ჩემი თავი გენიალური მგონია ხოლმე… მივდივარ სამზარეულოში, ჭურჭლის გასარეცხად…"

ხოლო როდესაც მას ჟურნალისტები შემოქმედებით გეგმებზე უსვამდნენ შეკითხვებს, ის იღიმებოდა და პასუხობდა „შემოქმდება აქვს პუშკინს… მე მაქვს სამუშაო“….

ბრძენი კაცი იყო… ფილოსოფოსი… მის ყოველ სტრიქონს რომ დაუკვირდე, აფორიზმია…

საოცრად ნათელი კაცი იყო, მის შემოქმდება იმედით და ცხოვრების წყურვილით გავსებდა…

სხვათაშორის, ამ სიმღერას „ქართული სიმღერა ქვია“…

ბატონი ბულატი თავის თავს „მოსკოვური ჩამოსხმის ქართველს ეძახდა“…

ჩემი მოსკოველი მეგობრები სულ მეუბნებოდნენ ხოლმე — თქვენ რუსულ სიმღერებს ქართული აქცენტით მღერიხართ, მაგრამ ხშირად ჩვენზე უკეთესადაც კიო…

ბატონ ბულატს ქართული აქცენტი სიტყვების გამოთქმაში, სავარაუდოდ, არ ქონდა, ძველ არბატზე იყო გაზრდილი, მაგრამ ეს აქცენტი მას გამჯდარი ქონდა ხასიათში და გულში…. მართალი გითხრათ, ზოგჯერ რომ მღეროდა, რატომღაც მეგონა, რომ ქართულად მღეროდა… რაღაც ხვანაირად ქართული ტემბრი ქონდა და ჟღერადობა…

ბულატ ოკუჯავა იყო იმ პირველთა შორის, ვინც 50-იანი წლების დასასრულს, ხელში აიღო გიტარა, რომ მისი აკომპონემენტის ქვეშ, საკუთარი ლექსები საკუთარ მელოდიაზე წაემღერა… ვლადიმერ ვისოცკი მას სულიერ მამად თვლიდა და ყოველთვის იმეორებდა, რომ სწორედ ოკუჯავას შემოქმედებამ უბიძგა მას სიმღერისკენ… ისინი ახლო მეგობრები არ ყოფილან, ასაკსა და ტემპრამენტში განსხვავების გამო… თუ, რა თქმა უნდა, ახლო მეგობრობას — შეხვედრების სიხშირით შეაფსებ… მაგრამ ისინი სულიერი მეგობრები ნამდვილად იყვნენ… ძალიან უყვარდათ ერთმანეთის შემოქმედება და უაღრესად სცემდნენ პატივს ერთმანეთს…

ბულატმა და ვისოცკიმ ერთმანეთი გაიცნეს 1961 წელს და გადაიღეს ერთად სურათი, რომლსაც ოკუჯავა ბოლომდე სათუთად ინახავდა… 1977 წელს, პარიზში ისინი ერათდერთხელ გამოვიდნენ ერთ კონცერტში და მაყურებელმა ორივე აღფრთოვანებით მიიღო… არა და, ემოციურმა ვისოცკიმ დარბაზი როგორც ყოველთვის ააფეთქა… თავმდაბალმა ბულატმა კი ამ ფონზე თავისი წარმატება ასე შეაფასა — „ეს ჩემი კი არა, გიტარის დამსახურება იყოო“…

მათი ბოლო შეხვედრა მოხდა შემთხვევით, 1980 წლის ივლისში… ორივე მანქანას მართავდა და ერთმანეთი შუა მოსკოვში დაინახეს… ხელი დაუქნიეს ერთმანეთს და თავის საქმეებზე წავიდნენ… ბულატი მეორე დღეს გაემგზავრა დასასვენებლად და ადგილზე ჩასულმა გაიგო ვისოცკის გარდაცვალების ამბავი…

მან საოცარი სიმღერა მიუძღვნა ვლადიმერ ვისოცკის…

ძალინ საინტერესო იყო ბულატ ოკუჯავას და კომპოზიტორ ისააკ შვარცის შემოქმედებითი დუეტი… საოცარია, როდესაც კაცი თავად ქმნის მუსიკას საკუთარ ლექსებზე და უმტკივნეულოდ… უფრო მეტიც, სიამოვნებით აღიარებს, რომ ვიღაცას მის ლექსებზე მუსიკის დაწერა უკეთესად შეუძლია… ყველას გვახსოვს არაჩვეულებრივი სიმღერა ფილმიდან „უდაბნოს თეთრი მზე“… ან რომანსი ფილმიდან „ეს ქალი ფანჯარასთან“, რომელსაც განუმეორებლად ასრულებს ირინა მურავიოვა… აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ ბულატ ოკუჯავას 80-მდე ფილმისთვის სიმღერის ავტორი ან თანაავტორია…

დღეს კი შემოგთავაზებთ ამ შესანიშნავი შემოქმედებითი ტანდემის კიდევ ერთ არაჩვეულებრივ სიმღერას „სიყვარული და დაშორება“… ელენა კამბუროვას შესრულებით…

ბულატ ოკუჯავას ყავდა 2 მეუღლე…

პირველი ქორწინება გალინა სმოლიანინოვასთან, ტრაგიკულად დასრულდა… მათი ქალიშვილი ადრეულ ასაკში გარდაიცვალა, ხოლო ვაჟი არასწორ გზას დაადგა… თავად გალინა 40 წლის ასაკში, ბულატთან დაცილებისთანავე გარდაიცვალა… მეორე მუღლის, ფიზიკოსი ოლგა არციმოვიჩისგან ოკუჯავას ყავდა ვაჟი — ანტონი, რომელიც საკმაოდ წარმატებული კომპოზიტორი გახდა…

ცხოვრების ბოლოს, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, ბულატ ოკუჯავამ უფროსი შვილი, იგორი დაკარგა, რაც მისთვის საშინელი ტრაგედია გახდა, რადგანაც შვილის გარდაცვალებას ემატებოდა დანაშაულის გრძნობა, რომ მან თავის დროზე ვერაფერი ვერ გააკეთა მის გადასარჩენად…

ალბათ, სწორედ მაშინ წარმოთქვა მან სიტყვები — „ადამიანს 2 ცხოვრება რომ ქონოდა, ერთს მიუძღვნიდა მწუხარებას და ტკივილს, მაგრამ ცხოვრება მხოლოდ ერთია“…

პოეტი გარდაიცვალა 1997 წლის 12 ივნისს, პარიზში… ის დაკრძალულია მოსკოვში ვაგანკოვსკის სასაფლაოზე…

ძველი არბატისა და პლოტნიკოვის შესახვევის კუთხეში სევდიანად დგას მისი არაჩვეულებრივი ქანდაკება… უფრო სწორედ, კი არ დგას, მიდის…

ჩვენს გულებს კი სამუდამოდ ანდერძივით შემორჩა მისი გულწრფელი, ბრძნული და ნათელი სიტყვები, ლექსები, ჰანგები, რომლების დღესაც გვილამაზებენ ცხოვრებას და საოცარ იმედს გვჩუქნიან…

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ბულატ ოკუჯავასავით გულწრფელ დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0