09:56 11 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0412
  • 100 RUB4.0143
  • USD2.6670
მსახიობი დოდო აბაშიძე

დიდი დოდო… და „ამპრედუზო – მედუზო“

FB/Rezo Shatikashvili
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
598611

ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენი დახვეწილი აივნის კიბეებზე იმისთანა კაცი ამოირბენს და ამოფრინდება, ყველას რომ გულში განსაკუთრებით უყვარს, ახსოვს და უხარია.

უნიჭიერესი, უვაჟკაცესი, უსაყვარლესი დოდო აბაშიძე, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1934 წლის 1 მაისს ქალაქ თბილისში მსახიობ ივანე აბაშიძის და შესანიშნავი ნინო ანდრონიკაშვილის ოჯახში.

უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე დგას ერთი საოცარი, თაღიანი და ორტირიფიანი სახლი, ნომერი 33 — კინომსახიობთა სახლს ეძახიან, რადგან იქ ცხოვრობდნენ ლია ელიავა, სანდრო და დინარა ჟორჟოლიანები, ოთარ კობერიძე, ხოტივარები — თუთბერიძეები, პიპინაშვილი — რონდელები, ვისოცკი- კრეფსები, მიშკა კალატოზიშვილი, განუმეორებელი დოდო და სულ პატარა მე…

მსახიობები - დოდო აბაშიძე და გოგი გელოვანი
ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი
მსახიობები - დოდო აბაშიძე და გოგი გელოვანი

სამწუხაროდ, დოდოს ჩვენ სახლში ცხოვრება არ მახსოვს. დედა მიყვებოდა — დოდო ამ სახლში რომ ცხოვრობდა, სახლი უფრო მხიარული იყოო. როცა ცხელოდა, გარეთ გამოდიოდა და შლანგით ვასხამდით წყალსო, და შესანიშნავი სიცილი იცოდაო…

მაგრამ, სამაგიეროდ, ზაზა დოდოს ძე აბაშიძე მახსოვს განსაკუთრებით – ერთად ვიზრდებოდით. თუმცა ის ჩემზე მთელი 5 სართულით ზემოთ ცხოვრობდა.

მისი დახასიათება ძალიან მოკლედ შეიძლება — საოცრად სამართლიანი და მზესავით ნათელი ბიჭი.  ნუ, ახლა დოდოს შვილს სხვა რამის უფლება არც ჰქონდა, როცა „ამპრედუზო — მედუზო“…

ზაზამ ნამდვილად იცოდა ის, რომ დოდოს ბებია — ეფრო კლდიაშვილი აკაკი წერეთელთან ერთად გამოდიოდა სცენაზე და აკაკი „ჩემ თავგადასავალში“ მას იხსენიებს. ზაზამ, ვიცი, რომ ისიც იცის, დოდომ 9 წლისამ ეზოში რომ დადგა „სურამის ციხე“ – თვითონ იყო სპექტაკლის რეჟისორიც, დურმიშხანის როლის შემსრულებელიც და ფარდის ამწევ-დამწევიც.

როცა ბატონ დოდოს ვიხსენებთ, პირველ რიგში განუმეორებელი აბდუშაჰილი გვახსენდება.

მისი ეს „ვაჟკაცური წრე“ ჰოლივუდის ბევრ ვარსკვლავს შეშურდებოდა.

ბატონი დოდო, საერთოდ, შესანიშნავად ნიჭიერი იყო…

ის კი არ მსახიობობდა, უბრალოდ ბრწყინავდა.

რატომღაც განსაკუთრებით დამამახსოვრდა მისი როლი ფილმში „ფესვები“, სადაც დოდოს პარტნიორობას უწევს შესანიშნავი ბიჭი, მისი მოგვარე ლევან აბაშიძე – აფხაზეთში რომ წავიდა და აღარ დაბრუნდა…

მსახიობი დოდო აბაშიძე
კადრი ფილმისან "ბაში-აჩუკი"
მსახიობი დოდო აბაშიძე

ბატონ დოდოს ძალიან უყვარდა წიგნების კითხვა. თავისთვის კითხულობდა, გულში, საოცრად ნაკითხი და განათლებული კაცი იყო.

ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ნამდვილად არის ის, რომ დოდო აბაშიძეს შესანიშნავი გემოვნება ჰქონდა.

ყოველ დილით ფანჯარასთან მივიპარებოდი ხოლმე, მისი მეუღლე მარინა ახვლედიანი რომ დამენახა მანქანაში ჩაჯდომამდე… ისეთი ლამაზი იყო, ვერც წარმოიდგენთ.

ზაზა ჰყვება, ავადმყოფობის ბოლო თვეებში დოდო ამბობდა, ამ მამაძაღლ მოსამართლეს ვინ ეკითხებოდა მე და მარინა ასე უცებ რომ გაგვყარა, 6 თვე მაინც მოეცა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებადო.

წლების გასვლის შემდეგ დოდოც და მარინაც თავის გადაწყვეტილებას ნანობდნენ…

მსახიობი დოდო აბაშიძე
ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი
მსახიობი დოდო აბაშიძე

რა უცნაურია ხოლმე ეს ცხოვრება… მე, მაგალითად, ჩემი ძველი სახლის ტირიფობა მენატრება…

დოდო აბაშიძეს კი, სავარაუდოდ – თავისი მარინა…

და არასდროს არ დაიჯეროთ, რომ დოდოსნაირი ხალხი აღარ არის… 

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და დოდო აბაშიძესავით ნათელ დღეს!

 

მთავარი თემები