პავიის უნივერსიტეტის პროფესორის ოცნება – ვის ეძახდნენ იტალიელები ლამაზ გიორგის

© FB/ Solomon Nergadzeსოლომონ ნერგაძე
სოლომონ ნერგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოლომონ ნერგაძე - ფიზიკოსი, მოლეკულური ბიოლოგი, იტალიაში არსებული ქართული საზოგადოების "სამშობლო გულით სატარებელი" დამფუძნებელი, ქალაქ პავიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.

ბატონი სოლომონი იტალიის უნივერსიტეტში ატარებს ლექციებს: მოლეკულური ბიოლოგია, ახალგაზრდა ევოლუციური ცენტრომერები და ტელომერთა ტრანსკრიფცია. იგი ამ დღეებში თბილისში იმყოფებოდა, საქართველოში დაბრუნებულ მეცნიერს იტალიაში განცდილსა და ნანახზე ვესაუბრეთ…

© FB/ Solomon Nergadzeსოლომონ ნერგაძე კოლეგებთან ერთად
სოლომონ ნერგაძე კოლეგებთან ერთად - Sputnik საქართველო
სოლომონ ნერგაძე კოლეგებთან ერთად

– ბატონო სოლომონ, ბოლოს როდის იყავით საქართველოში?

— საქართველოში ბოლოს 2013 წელს ვიყავი, მაგრამ შვილებს ყოველ ზაფხულს და ზოგჯერ საახალწლოდაც ვუშვებდი ხოლმე. იტალიაში ორ შვილთან ერთად ვცხოვრობ. მეუღლე 2011-ში გარდამეცვალა. ახლა აქ ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ქართველისთვის ყველა გზა რომში კი არა, საქართველოში მოდის! მოდის იმიტომ ვამბობ, რომ ახლა აქ ვარ. არავინ დაგაჯეროთ, რომ რასაც აქ ნახავს, იმას ყველგან ნახავს! აქ შენიანია და რასაც მათში პოულობ, იმას ვერსად ნახავ და იგრძნობ, იმიტომ რომ ეს შენია, მშობლიურია და ეს მშობლიურიც მხოლოდ აქ არის!..

© FB/ Solomon Nergadzeსოლომონ ნერგაძე ლექციაზე
სოლომონ ნერგაძე ლექციაზე - Sputnik საქართველო
სოლომონ ნერგაძე ლექციაზე

– პირველად როგორ მოხვდა ქართველი მეცნიერი მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ იტალიურ უნივერსიტეტში?

— 1995 წელს მიმოწერა მქონდა რამდენიმე უცხოელ პროფესორთან, ვისაც სტატიებით ვიცნობდი. სურვილი გამოითქვა ჩემი მხრიდან, რომ თქვენთან ერთად ვიმუშავებდი–მეთქი და დამთანხმდნენ. იყო ერთი ფონდი — მოლეკულური ბიოლოგიისა და გენეტიკური ინჟინერიის საერთაშორისო ცენტრი, რომელშიც მთელი ევროპაა გაერთიანებული. მის კონკურსში მივიღე მონაწილეობა და ორწლიანი სტიპენდია მომანიჭეს. მოკლედ, თავიდან ორი წელი ვიყავი, მორიგ კონკურსში ოთხთვიანი სტიპენდია მომცეს. მერე ისევ საქართველოში დავბრუნდი, რაღაც საქმეები იწყებოდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა, მოგეხსენებათ, 2000-იან წლებში ყველაფერი ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო. მოკლედ, შევარდნაძემ ფაქტიურად გაგვყარა აქედან… თუმცა პოლიტიკაზე საუბარი არ მინდა. ამის მერე კანადაში გავემგზავრე და იქ ჰამილტონის ცნობილ უნივერსიტეტში 2002 წლამდე ვიმუშავე. მერე ისევ საქართველოში დავბრუნდი.

© FB/ Solomon Nergadzeსოლომონ ნერგაძე სტუდენტებთან ერთად
სოლომონ ნერგაძე სტუდენტებთან ერთად - Sputnik საქართველო
სოლომონ ნერგაძე სტუდენტებთან ერთად

– ანუ საქართველოში დაბრუნების მცდელობა არაერთგზის გქონდათ…

— მქონდა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. საბოლოოდ კი ჯამში უკვე 22 წელია, რაც იტალიაში ვარ, იტალიური ენა მთლად დანტეს დონეზე ვერა, მაგრამ უკვე კარგად ვიცი. მილანთანაა ახლოს ქალაქი პავია, იტალიის პატარა, ძალიან ლამაზი, საუნივერსიტეტო ქალაქია და იქ დავიწყე მუშაობა. უძველესი უნივერსიტეტია და მსოფლიოში მესამე-მეოთხეა. იქ მოლეკულური ბიოლოგიის ასისტენტ-პროფესორი ვარ. ვასწავლი სტუდენტებს, მაქვს ლაბორატორია და სამეცნიერო მიმართულებით ვმუშაობ. ლიტერატურული იტალიური უფრო ნაკლებად ვიცი, ვიდრე სამეცნიერო-ტექნიკური იტალიური. ჩემმა სტუდენტებმა იციან როგორი შეცდომები მაქვს.

© FB/ Solomon Nergadzeსოლომონ ნერგაძე ვაჟთან ერთად
სოლომონ ნერგაძე ვაჟთან ერთად - Sputnik საქართველო
სოლომონ ნერგაძე ვაჟთან ერთად

– და თქვენი სტუდენტები შეცდომებს გისწორებენ ხოლმე?

— უფრო სწორედ, მე ვთხოვ ხოლმე, რომ შემისწორონ, მაგრამ ბოლო დროს უკვე ამის საჭიროება აღარ არის. საკმაოდ საინტერესო ფაქტი მახსენდება: ერთხელ საგამოცდო ნამუშევარს ვასწორებდი, ადრე მე ლექციაზე რაღაც ვთქვი და იმ წუთში კი მივხვდი, რომ შემეშალა, მაგრამ საგამოცდო ნამუშევარში ვნახე, რომ სტუდენტი ზუსტად იმავე ფრაზას წერს. ვუთხარი, თქვე დალოცვილებო, გრამატიკულად მაინც გაასწორეთ, თორემ რაღაც გადაწერილს ჰგავს–მეთქი. ერთმა გულწრფელად მითხრა: და ჩვენ ვიცით, როო? საქართველოშიც ხომ ასეა — გამართული ქართულით ბევრი ვერ საუბრობს.

© FB/ Solomon Nergadzeსოლომონ ნერგაძე
სოლომონ ნერგაძე - Sputnik საქართველო
სოლომონ ნერგაძე

– ბატონო სოლომონ, სიტყვამ მოიტანა და, „ხარი ხართან დააბიო“ ქართული ანდაზა რომ მოვიშველიოთ, რომელიც რაციონალურ აზრს მოკლებული არ არის, რომელი იტალიური თვისება შენიშნეთ საკუთარ თავს ან შვილებს?

— უნდა ვიფიქრო, ისეთი საინტერესო კითხვა დამისვით, ასე უცებ პასუხის გაცემა მიჭირს… მე მგონი, ფაქტობრივად იგივე დავრჩი, რაც ვიყავი. ჩემი ბიჭი, რომელიც 20 წლისაა, ბრჭყალებში ჩავსვათ, „უფრო ქართველია“, ვიდრე ჩემი 23 წლის გოგონა, რომელიც იტალიურად აზროვნებს და მერე ქართულად თარგმნის. რაღაც მომენტში მას შეუძლია ვინმეზე თქვას: „რა ვუყოთ, თავის პრობლემას თვითონ მიხედოს!“ ჩვენ ჩრდილოეთ იტალიაში ვართ, რომელიც შედარებით ამ კუთხით გამოირჩევა. სამხრეთელები კი ანალოგიურ სიტუაციაში ასე ამბობენ: „თუ შემიძლია, დავეხმარები!“ ჩემს ბიჭს სწორედ ეს თვისება აქვს ქართული. ზოგჯერ და-ძმას შორის ასეთ თემებზე კამათიც მიდის და მე არ მინდა ხოლმე, რომ ამ კამათში რომელიმეს მხარი დავიჭირო. ნეიტრალურსაც ვერ ვიჭერ, მაშინ საკუთარი თავის წინააღმდეგ უნდა წავიდე… ისე, უფრო ბიჭის მხარეს ვარ, თუმცა, ვფიქრობ, რომ გოგო მაინც იმას გულისხმობს, რომ უმჯობესია, ვინმემ საკუთარი გასაკეთებელი თავად გააკეთოს.

© FB/ Solomon Nergadzeსოლომონ ნერგაძე
სოლომონ ნერგაძე - Sputnik საქართველო
სოლომონ ნერგაძე

– ამბობენ, ამა თუ იმ ერისადმი კუთვნილება იმაშიც გამოიხატება, თუ რომელ ენაზე ფიქრობს ან ხედავს ადამიანი სიზმრებსო, თქვენ რა ენაზე ხედავთ სიზმრებს?

— ძალიან საინტერესო ფენომენია… იცით? მე ქართულად ვხედავ სიზმრებს… საინტერესოა, ჩემს შვილებსაც უნდა ვკითხო იგივე, ნეტავ რას მიპასუხებენ?..

– სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის გარდა თქვენ ბრძანდებით იტალიაში არსებული ორგანიზაციის „სამშობლო გულით სატარებელი“ დამფუძნებელი. ეს ის სამშობლოა, რომელიც გულშია და შეიძლება იტალიაშიც წაიყვანო?

— მართალი ხართ, სამშობლოს „წავიყვანთ“. თუმცა ეს სიტყვა უსულო სახელია, მაგრამ მასზე მაინც ვერ ვიტყვი, „წავიღებო“. ის სწორედაც უნდა წაიყვანო! ეს საზოგადოება ქართველებს საკმაოდ აკავშირებს, იქ იტალიურ-ქართულ კულტურულ ღონისძიებებსა და შეხვედრებს ატარებს. ქალბატონი ნუნუ გელაძე, რომელიც ჩვენი საზოგადოების პრეზიდენტია, ხმალამოღებული იბრძვის იმისთვის, რომ ყველაფერი ქართული გაიტანოს, ყველას დაეხმაროს და აქ ქართული სიტყვა და საქმე გამოაჩინოს. ეს ქალბატონი იტალიურს მაღალ დონეზე ფლობს. მინდა ვახსენო რომში მცხოვრები ქართველი ფიზიკოსი ედიშერ ცხადაძე, რომელიც არაჩვეულებრივი ფიზიკოსი და შესანიშნავი ადამიანია.

– თქვენი საზოგადოების ხელმძღვანელი ქალბატონი ნინო ყაუხჩიშვილი იყო…

— დიახ, ეს იყო ის არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქალბატონი ნინო აკადემიკოს სიმონ ყაუხჩიშვილის ძმისშვილი იყო და იტალიაში მცხოვრები ქართველები სწორედ მან შეგვკრიბა. ეს მოხუცი ქალი ძალიან ძლიერ ენერგიას ასხივებდა. მისმა ძმამ გიორგი ყაუხჩიშვილმა, რომელიც იტალიაში დაიბადა (სამწუხაროდ, ადრიანად გარდაიცვალა), ქალაქ პავიის საავადმყოფოში შაკიკის კვლევის მიმართულებებს ჩაუყარა საფუძველი და იქ ანალოგიურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა. როცა მასზე ვიკითხე, იტალიელებმა მითხრეს, რომ მას „ჯორჯო ბელოს“ – „ლამაზ გიორგის“ ვეძახდითო. ფიზიკურად ძალიან ლამაზი კაცი ყოფილა, ნამდვილი ქართული გარეგნობით და მისი კეთილი საქმეები იტალიაში დღემდე ახსოვთ.

– ბატონო სოლომონ, ვიცი, რომ იტალიაში მცხოვრები ქართველი მეცნიერი რაღაცაზე ოცნებობს…

— ერთი ოცნება მაქვს და მინდა ეს ყველას ვაცნობო და საკითხი დავძრა – რომ აქ თბილისთან ახლოს, სადმე მცხეთის მიდამოებში გავაკეთოთ ემიგრანტთა კედელი, სიტყვა ძეგლი არ მინდა გამოვიყენო. ქალბატონმა მარინე ბერიძემ, რომელიც არაჩვეულებრივი ლინგვისტია, მირჩია სელინჯერის კედელივით გავაკეთოთო. ამ იდეამ ისე მომაჯადოვა, რომ, სიმართლე გითხრათ, მესიზმრება კიდეც. თუ სადმე პატარა ადგილს გამოგვიყოფენ, ეს იქნება ემიგრანტთა ხეივანი, სადაც უცხოეთიდან ჩამოსული ყოველი ქართველი თითო ხეს მაინც დარგავს. ამ თემაზე ყველასთან ვლაპარაკობ, იმედია, ერთხელაც ასრულდება…

 

ყველა ახალი ამბავი
0