15:24 21 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
ლელა გაბური

რუკიდან გამქრალი ბარისახოს სოფლები, ანუ "ლელა ექიმო, როდის გვექნება სპექტაკლი"

© FB/ Lela Gaburi
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
66791

ლელა გაბური პროფესიით ექიმია, სულით ხელოვანი და ლექსებსაც წერს. სიმართლე გითხრათ, მედიცინის გარდა მასთან პოეზიაზეც მინდოდა მესაუბრა. თუმცა დიალოგი სხვა გზით წარიმართა და ჩვენც, ცხოვრების პროზაზე: მიტოვებული ქართული სოფლის სატკივარს და მართლა ღმერთის ანაბა დარჩენილ ბარისახოზე საუბარს შემოვრჩით.

მას იქ ყველა იცნობს, რადგან 34 ქართულ სოფელს ემსახურება, მაგრამ ამ სოფლებიდან მხოლოდ რამდენიმეში არსებულ მაცხოვრებელთა ჯანმრთელობის გარდა, ლელა ექიმმა საკუთარ თავზე სხვა სატკივარზე ზრუნვაც აიღო… მას ბარისახოსკენ მიმავალ გზაზე დავუკავშირდით.

-ქალბატონო ლელა, ახლა სად ხართ?

— ახლა ავტობუსში ვარ და თბილისიდან, სადაც საქმე მქონდა, ისევ ჩემი დისლოკაციის ადგილზე, ანუ ბარისახოში ვბრუნდები. ეგრე არ არის ჩემი საქმე, რომ წამოხვიდე და მთელი დღე აქ იყო.

- ბარისახოს 34 სოფლის ხალხი მხოლოდ თქვენი, როგორც ექიმის მოიმედეა?

— ვაიმე, როგორ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი… როგორ ფიქრობთ, ამ 34 სოფელში განა რამდენი კომლია? ცარიელია ეგ სოფლები და მარტო სახელწოდებებიღაა დარჩენილი, ასეთია სამწუხარო რეალობა. როცა აღწერა ტარდებოდა, ზოგი სოფლიდან არავინ მოვიდა და არც ბარიდან გამოჩენილა ვინმე. მაგალითად, არის ასეთი სოფელი —ლებაისკარი, საიდაც არავინ ჩამოვიდა. ამიტომ ეს სოფელი სიიდან საერთოდ ამოვარდა. უკვე აღრიცხვაზეც აღარსადაა და იურიდიული სტატუსიც არ გააჩნია. სხვათა შორის ლებაისკარი ჩვენი დედულეთია. დედაჩემი, გვარად ჭინჭარაული წარმოშობით ამ სოფლიდან იყო. ამას წინათ ერთი ჩემი ახალგაზრდა ნათესავი მოვიდა და მითხრა: დამეხმარეთ, რომ ეს სოფელი აღვადგინოთ და იყოსო, ასე როგორ უნდა გადავყლაპოთ, რომ ტოპონიმის დონეზე მაინც არ იარსებოსო? მინდა იქ დავბრუნდე და მამა-პაპისეული სახლი აღვადგინოო. ასე რომ, 34 სოფელზე დიდი ხანია, აღარაა ლაპარაკი. ისინი რუკიდანაც გამქრალია…უმეტესობაში არც ზაფხულობით ჩნდება ვინმე, ძირითადად სულ ნასახლარებია. ორ ან სამ სოფელში შესაძლოა, ერთი ადამიანი მაინც ამოვიდეს. ამ ადგილებში ყველგან ულამაზესი ბუნება და გარემოა, მაგრამ რად გინდა? ცარიელია აქაურობა… მომავალში შესაძლოა, რაიმე შეიცვალოს. იმედი მაინც გვაქვს, რა ვიცი… 

-შედარებით იმედიანი მდგომარეობა რომელ სოფელშია?

— ასეთია მაგალითად როშკა, რომელიც ადრეც ძლიერი სოფელი იყო და ბევრი ხალხი ცხოვრობდა, დღესაც ასეა. თანაც, ეს სოფელი ტურისტულ ზონაშია, იქვე აბუდელაურის ტბებია, სადაც ყოველთვის დადიან ტურისტები. საერთოდ საიმედო ოდნავ თუ რამე გამოჩნდება ხოლმე, ეს მაშინვე ეტყობა ადგილს. ახლა თურქეთში ვიყავი სამოგზაუროდ და როგორც კი სარფის საზღვარზე გადავედით და ავტობუსით გზაზე გავედით, ყველგან, ყველაზე ღრმა პროვინციაშიც კი რაღაც წარმოება იყო გახსნილი და რაღაც კეთდებოდა. შესაბამისად ხალხიც ცხოვრობდა და სოფელიც ცოცხალი იყო. როშკაშიც ტურისტების გამო მატულობს მოსახლეობა, ხალხს სტიმული მიეცა და სასტუმროებსაც აშენებენ. სხვა სოფლებში რომ შეხვიდეთ, იქ არც დენია და არც გაზი, 21-ე საუკუნეში ასეთ პირობებში ხალხი როგორ უნდა გაჩერდეს? თუკი ამ სოფლებიდან ერთი მოსახლე მაინც არ გამოჩნდება,- ვერც მუნიციპალიტეტი დაეხმარება ვინმეს და ვერც რაიმე ორგანიზაცია. ერთი ადამიანი მაინც ხომ უნდა გამოჩნდეს, რომ მისი სოფლის ამბავი იკითხოს? 

ლელა გაბური
ლელა გაბური

- თქვენ ახსენეთ, რომ ყველაზე ძლიერი ბარისახოში სოფელი როშკაა და განა რამდენი კომლია ამ სოფელში?

— ძლიერ სოფლად კი ითვლება, მაგრამ ზამთარში აქ მხოლოდ სამი კომლი ცხოვრობს. ყველაზე უხუცესი მაცხოვრებელი 1923 თუ 24 წელს დაბადებული მოხუცები არიან. მაგალითად მინდა ვახსენო მზექალი ჭინჭარაული, რომელიც 90-ზე მეტი წლისაა. მას სმენის აპარატი ვუყიდეთ, მაგრამ ვერ გუობს და სულ ვეჩხუბები, გაიკეთე მეთქი. იქაური მოხუცები ზოგჯერ ისე ბავშვურად სასაცილო რაღაცეებს იტყვიან, რომ მეცინება. მაგალითად კარტოფილი დამინიშნა ექიმმა, ასე ამახინჯებენ წამლის, კაპტოპრილის სახელს, ან ინსპექცია შეეჭრაო, ინფექციის ნაცვლად… ძალიან ალალები და საყვარლები არიან. ახალგაზრდები ცოტანი არიან. სკოლა მარტო ბარისახოშია, სადაც სულ 60 ბავშვია. უმეტესობა უფრო ზაფხულობით ამოდის. მე ვფიქრობ, პირველ ეტაპზე საზოგადოებრივი აზრის შესწავლა უნდა მოხდეს, რომ საქმე წერტილიდან დაიძრას. აუცილებელია, რომ აქ მოკვლევა გაკეთდეს, გავიგოთ, ვინაა ისეთი, ვინც აქ ჩამოსვლის სურვილს გამოთქვამს, ვის ჰყავს შვილი, ვინ არის ამ მხარიდან უცხოეთში წასული. აუცილებელია ამ საკითხისადმი ინდივიდუალური მიდგომა, რომ გაირკვეს სად რა პერსპექტივაა და მერე ფული საჭიროების მიხედვით დაიხარჯოს. მთელ ხევსურეთში სიცოცხლე რომ გამოყოჩაღდეს, ამისთვის საჭირო არაა ათეულობით და ათასობით მილიონი. სულ ამას ვიმეორებ, თავის დროზე სოფელ გუდანში შევარდნაძემ ქვითკირის სახლები რომ ააშენა და მათ დიდი გომურები გაუკეთა, ის სახლები დღემდეა, ანუ ის ფული მიზანმიმართულად დაიხარჯა და ეს სოფლები დღემდე არსებობს!

ლელა გაბური
ლელა გაბური

- ქალბატონო ლელა, მთაში ახალგაზრდული ცენტრი შეგიქმნიათ…

— რა ხდება იცით? აქ რომ ხარ,მარტო მედიცინის სფეროში ვერ ჩაიკეტები. იმდენი საქმეა და იმდენს სჭირდება დახმარება, რომ ძალაუნებურად ყველა ფრონტზე ერთად ბრძოლა გიწევს. ამიტომ შევქმენი ორგანიზაცია "ხევსური ქალები ჯანსაღი მომავლისთვის" და სხვადასხვა ფონდებთან ვთანამშრომლობ. იქნებ, რაღაც ფინანსური რესურსი მოვიძიოთ, რომ აქ მყოფ ბავშვებს დავეხმაროთ. ბარისახოში ორსართულიანი კერძო შენობა მაქვს და მინდა ახალგაზრდებისთვის შევქმნა ისეთი სივრცე, სადაც ისინი შეიკრიბებიან. აქ მსგავსი რამ ჯერ არ არის. სხედან ერთ სკამზე და მზესუმზირას აკნატუნებენ — ესაა მათი კომუნიკაციის ერთადერთი ფორმა და სივრცე. ამ ცენტრში მინდა, რომ პერიოდულად ჩატარდეს არაფორმალური განათლების გადამზადების კერა, სადაც ბავშვები, რადგან აქ დაცული ტერიტორიები შეიქმნა და ტურიზმი განვითარდა, მასში ჩაერთვნენ და დასაქმდნენ. ახლა მათი კვალიფიკაცია ადექვატური არ არის, ამიტომ მათი გადამზადებისთვის ფულია საჭირო. 

ხევსური ქალები ჯანსაღი მომავლისათვის
ხევსური ქალები ჯანსაღი მომავლისათვის

- მგონი, ერთადერთი ექიმი ხართ, ვინც მთაში ბავშვებს სპექტაკლი დაუდგა…

— ადრე ელენე მაცხონაშვილმა მეორადი თოჯინები მაჩუქა. მე ისინი განვაახლე, ზოგს კისერი მოვაბი, ზოგს ტანსაცმელი შევუკერე და შარშანწინ ჩვენი, ადგილობრივი მოზარდების ძალებით სკოლამდელ ბავშვებს ჩემს ეზოში სპექტაკლი "ბატის ჭუკი" დავუდგით. უნდა გენახათ, რა ხდებოდა! ვერ დავდიოდი სამსახურში, ბავშვები ამ ამბავს ყოველ დღე მახსენებდნენ. სულ მეკითხებოდნენ: "ლელა ექიმო, როდის გვექნება სპექტაკლი"? მე ვპასუხობდი: მალე მეთქი! ახლა მინდა საორგანიზაციო საქმეები მოვაგვარო და ეს საქმე იმას ჩავაბარო, ვისაც ეხერხება. აქ ორი უნიჭიერესი ხევსური ბავშვია, პიანისტები არიან. მარიამ წიკლაური ფაქტობრივად ვარსკვლავია, ეს თბილისში მცხოვრები ხევსურია. 5 მაისს ვგეგმავ, რომ ეს ორი ახალგაზრდა პიანისტი თავის თანატოლებს ხევსურეთში შევახვედროთ. ვცდილობ, ეს მხარე რაღაცით გამოვაცოცხლო, რომ ამ ბავშვებსაც ხალისი ჰქონდეთ… აქეთ რომ ვმგზავრობ ხოლმე, ვზივარ ჩემთვის და ავტობუსში, როგორც ახლა, ხევსური მგზავრების ლაპარაკს გატრუნული ვუსმენ… ეს ხომ ჩემთვის მშობლიური მუსიკაა — რითიც ვტკბები და ვხარობ…

 

მთავარი თემები