19:28 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
მანანა სულაქველიძე

ქართველები კიევში, ანუ რატომ დაემალა ყველას ხევსურულ კაბაში გამოწყობილი პატარა ვერიკო

© Manana Sulakvelidze
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
ქართველები უცხოეთში (85)
568110

რუბრიკა "ქართველები უცხოეთში" დღეს კიევში მცხოვრებ ხელოვანს მანანა სულაქველიძეს და მის საქმიანობას გაგაცნობთ.

თბილისელი ხელოვანი მანანა სულაქველიძე ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ მისი შვიდი წლის შვილის ნოსტალგიის გამო მომღერლის კარიერაზე უარის თქმა მოუწევდა, უცხო ქვეყანაში ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს დააარსებდა და იქაურ ქართველ ბავშვებს სამშობლოსგან მოშორებით სამშობლოს და ქართველობას შეაყვარებდა… ქალბატონი მანანა ოჯახთან ერთად კიევში ცხოვრობს.

მანანა სულაქველიძე კონცერტზე
მანანა სულაქველიძე კონცერტზე

- ქალბატონო მანანა, თქვენ ტრადიციულ ქართულ ოჯახში გაიზარდეთ და თქვენი მშობლები ხელოვანი ადამიანები არიან, ამან, ბუნებრივია, თქვენ არჩევანზეც იქონია გავლენა?

— ბავშვობა თბილისში, მთაწმინდაზე გავატარე, ვაკეში 57-ე სკოლა დავამთავრე. ქართულ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე. დედა პედაგოგი, ფილოლოგი იყო, მამა ქორეოგრაფი და ამიტომ ქართულ ტრადიციებზე გავიზარდე. ჩემი არჩევანიც არავის გაკვირვებია, რადგან მშობლებიც ამ გზას ადგნენ. კონსერვატორიის ნიჭიერთა ექსპერიმენტული სკოლა დავამთავრე, ვოკალის პედაგოგად მყავდა არაჩვეულებრივი და ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი ნანა ჭონქაძე, რომელმაც სიმღერა შემაყვარა. ცეკვის პირველი მასწავლებელი მამა იყო, მან მაზიარა ცეკვის ხელოვნებას. ცეკვა, ქართულ ცეკვაზეა საუბარი, მთელი ჩემი ცხოვრების სტიმული და მამოძრავებელი ძალა იყო. მერე სწავლა განვაგრძე კონსერვატორიაში, სადაც ჩემი პედაგოგი მედეა გაბუნია იყო. პარალელურად უნივერსიტეტში, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ჩემი მშობლების რჩევა იყო, რომ მარტო კონსერვატორია არ დამემთავრებინა.

ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მიერ ჩატარებული კონცერტი
ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მიერ ჩატარებული კონცერტი

- კიევში როგორ აღმოჩნდით?

— ცოტა შორიდან დავიწყებ: მთაწმინდა, სადაც გავიზარდე, თბილისის კოლორიტული უბანია, სადაც ყველას გვიყვარდა ერთმანეთი, ამიტომ ბავშვობა ყოველთვის ლამაზად მახსენდება. სურვილი მქონდა, რომ ჩემი შვილებიც ასეთ გარემოში გაზრდილიყვნენ, მაგრამ მერე ქვეყანა აირია. 2000 წელს მეუღლის ოჯახი უკრაინაში მოხვდა. ჩემი მეუღლე ქართველია და კიევში საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლობდა. უკრაინა მისთვის ნაცნობი ქვეყანა იყო, ამიტომ ჩემ 6 წლის შვილთან ერთად კიევში გადმოსვლა მომიწია.

მანანა სულაქველიძე ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მოსწავლეებთან ერთად
მანანა სულაქველიძე ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მოსწავლეებთან ერთად

- ქალბატონო მანანა, იფიქრებდით, რომ კიევში თქვენს მომავალ საქმიანობას გარკვეულწილად შვილის ნოსტალგია განსაზღვრავდა და ამის გამო მომღერლის კარიერაზეც იტყოდით უარს?

— აქ რომ გადმოვედი, მიზნად ნამდვილად არ მქონია, რომ ასეთ საქმეს დავიწყებდი… მაშინ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის ცხოვრების ძალიან რთული, ძნელად გადასატანი პერიოდი დაიწყო. ახლავე აგიხსნით რას ვგულისხმობ: ჩემმა შვილმა კახი ჭოხონელიძემ პირველი კლასი თბილისში დაამთავრა. აქ რომ ჩამოვედით, არაქართულ გარემოში მოვხვდით. ბავშვი კიევის ერთ უკრაინულ სკოლაში მივიყვანეთ, მაგრამ ვერ შეეჩვია. შემდეგ რუსულში გადავიყვანეთ, მაგრამ იმასაც ვერ შეეჩვია. მოკლედ, ძალიან რთული მდგომარეობა გვქონდა. ბავშვი ყოველდღე ითხოვდა ქართულ გარემოს, თავის სკოლას და მეგობრებს. ყოველი დილა იმით იწყებოდა, რომ წავიდეთ უკან, ჩემი ქვეყანა მინდა, ჩემი მეგობრები მინდა, აქ ვერ ვძლებო. დღე და ღამე ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა, რომ ბავშვისთვის ქართული გარემო შემექმნა. მივედი საქართველოს საელჩოში და გავიკითხე, იყო თუ არა კიევში ქართული სკოლა და ქართულ ცეკვას სადმე თუ ასწავლიდნენ. ბევრი ძიების მერე ასეთი ვერაფერი აღმოვაჩინე.

- ეს ფაქტორი გახდა თქვენი მომავალი საქმიანობის სტიმული?

— დიახ, სწორედ მაშინ გამიჩნდა აზრი, რომ ჩემი სპეციალობა გამომეყენებინა. მოვიფიქრე, რომ კიევში ქართული სიმღერისა და ცეკვის სტუდია გამეხსნა და ჩემი შვილისთვის ქართული გარემო შემექმნა. ამ გზით გადავწყვიტე, რომ გადამერჩინა ჩემი შვილი და კიევში მცხოვრები სხვა ქართველი ბავშვებიც, რომლებიც ამ მდგომარეობაში იყვნენ. ძალიან ოპერატიულად ვიმოქმედე, სექტემბერში ჩავედით იქ და უკვე ახალ წელს ჩემს შვილს და იმ სხვა შვიდ ქართველ ბავშვს ნამდვილი ქართული საახალწლო ზეიმი მოვუწყვე. იქაური ბავშვების მშობლებიც გვერდით დამიდგნენ. შემდეგ სხვა ბავშვებიც მოგვემატნენ. მაშინ ჩვენი, საქართველოს ელჩი გრიგოლ ქათამაძე იყო, მან სკოლის შენობა გამოგვინახა, მერე მოგვემატა ბავშვები, ჯერ ქართული ცეკვის სტუდია გავხსენი, შემდეგ ქართული საკვირაო სკოლა, სადაც საგნებად ქართული ენა და ისტორია დავამატეთ. შემედგ ეს სკოლა გადაიქცა ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრად, რომელსაც "იბერია" დავარქვით. ეს ცენტრი არა მარტო ბავშვებისთვის, მშობლებისთვისაც პატარა საქართველოდ იქცა, ადგილად, სადაც ქართველები იყრიდნენ თავს. მთელი ჩემი ენერგია და ცოდნა ამ სტუდიაში, სკოლაში და ცენტრში ჩავდე, ჩემი კარიერა კი ბავშვებს მივუძღვენი.

 

თემები:
ქართველები უცხოეთში (85)

მთავარი თემები