21:24 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
სიბრძნის სიმფონია -2018 (89)
2775190

სიბერე ჩვენი ცხოვრების საფეხურია, რომელსაც ისევე, როგორც სხვა საფეხურებს, თავისი საკუთარი სახე აქვს, საკუთარი ატმოსფერო და ტემპერატურა, სიხარული და ტკივილი.

ჩვენ, ჭაღარათმიან მოხუცებს ისევე, როგორც ჩვენს უმცროს ძმებს, ჩვენი ამოცანა გვაქვს, რომელიც ჩვენს არსებობას აზრს სძენს, ასევე თავისი ამოცანა აქვს მომაკვდავ მოხუცს, მანაც უნდა შეასრულოს მნიშვნელოვანი და აუცილებელი საქმე.

იყო მოხუცი — ისეთივე მშვენიერი და აუცილებელი ამოცანაა, როგორც — იყო ახალგაზრდა. ისწავლო სიკვდილი და მოკვდე — ისეთივე საპატიო ფუნქციაა, როგორც ნებისმიერი სხვა იმ პირობით, თუ ის აზრისა და ყოველგვარი სიცოცხლის წინაშე მოწიწებით სრულდება.

მოხუცი, რომლისთვისაც სიბერე, ჭაღარა და სიკვდილის მოახლოება მხოლოდ საძულველი და საშიშროებაა, ისეთივე უღირსი წარმომადგენელია ცხოვრების თავისი საფეხურისა, როგორც ახალგაზრდა და ძლიერი, რომელსაც სძულს თავისი საქმე და ყოველდღიური შრომა და მათგან თავის დაღწევას ცდილობს.

ჰერმან ჰესეს გამონათქვამი
ჰერმან ჰესეს გამონათქვამი

ყველამ იცის, რომ სიბერეს ათასი ვარამი მოაქვს და ის სიკვდილით სრულდება. წლიდან წლამდე უნდა გაიღო მსხვერპლი და ბევრ რამეზე თქვა უარი. უნდა ისწავლო, არ ენდო საკუთარ გრძნობებსა და ძალებს. გზა, რომელიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ პატარა და სასეირნო იყო, გრძელი და რთული ხდება, და ერთ მშვენიერ დღეს მას გვერდს უკვე ვეღარ ავუვლით. ჭამაზე, რომელიც მთელი ცხოვრება ძალიან გვიყვარდა, უარის თქმა გვიწევს. ფიზიკური სიხარულსა და სიამოვნებას იშვიათად განვიცდით და ეს უფრო ძვირად გვიჯდება. შემდეგ სხვადასხვა ავადმყოფობა, გრძნობების დაჩლუნგებამ ორგანოების დასუსტება, სხვადასხვა ტკივილი, განსაკუთრებით ღამით, რომელიც ასე უსასრულო და საშინელია. ამას ვერსად გაექცევი, ეს მწარე სინამდვილეა. მაგრამ საცოდაობა და სამწუხარო იქნებოდა, მხოლოდ დაკნინების ამ პროცესს თუ გავყვებით და არ დავინახავთ, რომ სიბერესაც აქვს თავისი კარგი მხარეები, უპირატესობანი, თავისი ნუგეში და სიხარული. როდესაც ორი მოხუცი ხვდება ერთმანეთს, მათ უნდა ისაუბრონ არა მხოლოდ დაწყევლილ პოდაგრაზე, სხეულის გაშეშებულ ნაწილებსა და კიბეზე ასვლისას ჰაერის უკმარისობაზე, არამედ მხიარულ შეგრძნებებსა და შთაბეჭდილებებზე. ასეთი კი მრავალია.

როდესაც მოხუცების ამ დადებით და მშვენიერ მხარეზე ვახსენებ და იმაზე, რომ ჩვენ, ჭაღარებს, ისეთი ძალის, მოთმინების, სიხარულის წყარო გვაქვს, რომლებიც სიყმაწვილეში არანაირ როლს არ ასრულებს, ჩემგან შეუფერებელია რელიგიისა და ეკლესიის ნუგეშისცემაზე საუბარი. ეს მღვდლის საქმეა. მაგრამ რაღაც-რაღაცა საჩუქრები, რომლებიც ჩვენთვის სიბერეს მოაქვს, შემიძლია ჩამოვთვალო. აქედან ჩემთვის ყველაზე ძვირფასია საუნჯე სურათებისა, რომელსაც ხანგრძლივი სიცოცხლის შემდეგ მეხსიერებით დაატარებ და რომლებსაც, როდესაც შენი აქტივობა მცირდება, სხვაგვარად ეპყრობი, ვიდრე უწინ ოდესმე. ადამიანების სახეები, რომლებიც დედამიწაზე უკვე სამოცი-სამოცდაათი წელია, აღარ დადიან, კომპანიას გვიწევენ, გვიცქერენ ცოცხალი თვალებით. უკვე გამქრალ და სრულებით შეცვლილ სახლებს, ბაღებს, ქალაქებს მთლიანსა და უვნებელს ვხედავთ, ისე, როგორც ოდესღაც, და მთებს, ზღვებს, რომლებიც ათეულობით წლის წინ ვნახეთ, კვლავ ვპოულობთ ჩვენს სურათებიან წიგნში მთელი თავისი ცინცხალი მშვენიერებით.

ჰერმან ჰესეს გამონათქვამი
ჰერმან ჰესეს გამონათქვამი

სურილებით, ოცნებებით, მისწრაფებებით, ვნებებით შეპყრობილნი ჩვენ ისევე, როგორც ადამიანების უმეტესობა, მივქროდით ჩვენი ცხოვრების წლებსა და ათწლეულებზე, მივქროდით მოუთმენლად, ცნობისმოყვარეობითა და იმედებით, მღელვარებით განვიცდიდით წარმატებებსა და იმედგაცრუებებს, დღეს კი, ფრთხილად ვფურცლავთ საკუთარი ცხოვრების დიდ ილუსტრირებულ წიგნს და გვიკვირს, რა მშვენიერი და დიდებულია ამ რბოლიდან წასვლა და vita contemplativa-ში (ჭვრეტითი ცხოვრება) გადაშვება.

აქ, მოხუცთა ბაღში მრავალი ყვავილი ხარობს, რომლებზე ზრუნვა ადრე ფიქრადაც არ გაგვივლია. აქ ყვავის მოთმინების ყვავილი, კეთილშობილი ბალახი, ჩვენ ვხდებით უფრო მშვიდი, შემწყნარებელი, და რაც უფრო კლებულობს ჩვენი მოთხოვნილება, ჩავერიოთ და ვიმოქმედოთ, მით უფრო იზრდება ჩვენი უნარი, დავაკვირდეთ, მოვუსმინოთ ბუნებისა და ჩვენი თანამოძმეების ცხოვრებას, დავაკვირდეთ მის მიმდინარეობას კრიტიკის გარეშე და არ შევწყვიტოთ გაოცება მისი მრავალფეროვნებით, ხანდახან მდუმარე სევდით, ხანდახან — სიცილით, ნათელი სიხარულით, იუმორით მონაწილეობა.

ჰერმან ჰესეს ქანდაკება
© Flickr / Tourismus Untersee
ჰერმან ჰესეს ქანდაკება

ცოტა ხნის წინ ჩემს ბაღში კოცონთან ვიდექი, მასში ფოთლებსა და ხმელ ტოტებს ვყრიდი. ეკლიან ღობესთან მოხუცი ქალი მიდიოდა, დაახლოებით ოთხმოცი წლის. ის შეჩერდა და ჩემი ყურება დაიწყო. მე მივესალმე, მაშინ მან გაიცინა და მითხრა: "კარგია, კოცონი რომ დაანთეთ. ჩვენს ასაკში ჯოჯოხეთს უნდა შევეგუოთ". ასე დავიწყეთ საუბარი, შევჩივლეთ ერთმანეთს სხვადასხვა ტკივილსა და უბედურებაზე, მაგრამ ყოველ ჯერზე — ხუმრობით. საუბრის ბოლოს კი ვაღიარეთ, რომ არც ისე საშინლად ბებრები ვართ და თავს ნამდვილ მოხუცებად ვერ ჩავთვლით, სანამ ჩვენს სოფელში ჩვენზე უფროსი — ასი წლის მოხუცი ცხოვრობს.

როდესაც ახალგაზრდები თავისი სიძლიერისა და მიამიტობის უპირატესობით ჩვენ ზურგს უკან დაგვცინიან, სასაცილოდ აღიქვამენ ჩვენს მძიმე სიარულსა და დაძარღვულ კისერს, ვიხსენებთ, როგორ დავცინოდით ოდესღაც ჩვენც, ასევე სიძლიერისა და მიამიტობის უპირატესობით და სრულებით არ მიგვაჩნია, რომ დავმარცხდით, არამედ გვიხარია, რომ ცხოვრების ეს საფეხური გადავლახეთ და უფრო ჭკვიანი და მომთმენი გავხდით.

ჰერმან ჰესე — გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი

თემები:
სიბრძნის სიმფონია -2018 (89)

მთავარი თემები