13:07 18 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7686
  • 100 RUB4.3499
  • USD3.1587
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
158 0 0

ქართული მედია ოპოზიციის მიერ გარკვეულ დათმობებსა და შეთანხმების ალბათობაზე დანიელსონის მიერ გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ ისევ ალაპარაკდა.

ამის ინსპირაცია კი კვირას ევროკავშირის ოფისში ჯერ პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის, ხოლო შემდეგ „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის ვიზიტი გახდა. როგორც თალაკვაძე, ასევე ხაზარაძე აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან, დანიელსონის ტექსტს ხელი მოაწერონ, მაგრამ მცირედი შესწორებებით. წითელი ხაზი კი როგორც ერთი, ისევე მეორე მხრიდან ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და მელია-რურუას გათავისუფლებაზე გადის.

სხვათა შორის, 9 აპრილს პარლამენტში გამოსვლისას სწორედ ამიტომ აკრიტიკებდა პრეზიდენტი როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, რომ ვერ იქნა და საერთო ენა ვერ გამონახეს და ქვეყნის ინტერესები საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა ვერ დააყენეს.

ორივე მხარე საუბრების გაგრძელების პარალელურად დიდი ინტერესით ელოდება, რა მოხდება ირაკლი კობახიძის აშშ-ში და ბრიუსელში ვიზიტების შემდეგ. ძნელი დასაჯერებელია, რომ კობახიძემ შეძლოს მთავარი პარტნიორების იმაში დარწმუნება, რომ მელიას პატიმრობა აუცილებელი იყო მაშინ, როცა ამისი მის პრემიერ-მინისტრ გახარიასაც კი არ სჯეროდა.

მეორეს მხრივ, დასავლეთს არ ესმის, რას ნიშნავს ოპოზიციის გაჯიუტება და პარლამენტში არშესვლა, რომელსაც პაატა ზაქარეიშვილმა სამართლიანად უწოდა ყველა დროის ყველაზე სულელური პოლიტიკური გადაწყვეტილება. თანაც, ამ არჩევნების შედეგებს ყველა მთავარი საერთაშორისო მოთამაშე აღიარებს და დღესაც რომ ჩატარდეს არჩევნები, სოციოლოგიური კვლევების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, დღევანდელ ოპოზიციას ნამდვილად არ აქვს იმის შანსი, უკეთესი შედეგები დადოს.

პარლამენტის ბოიკოტირების გადაწყვეტილების ავტორი და მოკარნახე რომ უკრაინაში მცხოვრები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, ნათლად ჩანს. მას ამ პოზიციით წვრილ-წვრილი პარტიების გაფანტვა და „ნაციონალური მოძრაობის“ დომინანტობის შენარჩუნება სურს, მაგრამ რატომ აყვნენ სხვა, ბარიერგადალახული პარტიები მას ამ ავანტიურაში, ეს უკვე სხვა საკითხია.

როგორც ჩანს, ბოლოს და ბოლოს, პარლამენტში ვიხილავთ „გირჩს“, რომელთაც ძალიან უნდათ საქართველოს პარლამენტის ხილვა და მისი ტრიბუნის გამოყენება, თუმცა საკუთარი სამეფო უკვე შეუქმნიათ, და ასევე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოთხ დეპუტატს თაკო ჩარკვიანის გამოკლებით, რომელიც სიის მეორე ნომერი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, სწორედ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხის გამო დატოვებს პარტიას.

რაც შეეხება „ლელოს“, ის საკუთარ პირობებს აყენებს. არადა, როგორც ჩანს, სწორედ „ლელოს“ გადაწყვეტილება იქნება მთავარი იმისათვის, შეძლებს თუ არა პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას 113 ხმით. ამის გარეშე ბარიერის 3 პროცენტამდე ჩამოწევა არ მოხერხდება. სხვათა შორის, ხელისუფლებას ძალიანაც აძლევს ხელს, ამტკიცოს, რომ მას სურს საარჩევნო კოდექსის შეცვლა, მაგრამ ოპოზიცია ამის საშუალებას არ აძლევს. ამით ხელისუფლება მასზე მორგებულ კანონსაც შეინარჩუნებს და კონსტრუქციულ სახესაც.

„უახლოეს დღეებში" გახდება ცნობილი, თუ როდის შედგება მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი. ვითარება არის ჩიხური, თუმცა მე გამოსავალს ვხედავ... ვფიქრობ, რომ არსებული შეთანხმების დოკუმენტში უნდა დავამატოთ პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი, ასევე რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელი გზა და ამით შეთანხმება მოხდეს. ეს გზა არსებობს", – იმედიანადაა განწყობილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

მოლაპარაკების განახლებასა და შეთანხმების პერსპექტივაზე მინიშნებები მმართველ პარტიაშიც კეთდება. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი იმედოვნებს, რომ მალე მხარეები შეძლებენ საერთო ნიშნულამდე მისვლას. „ხუთი თუ ექვსი საკითხია, ყველასთან დაკავშირებით გვაქვს აწონილ-დაწონილი, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე პოზიცია. ეს არის იმ სტანდარტის შესაბამისი, რასაც ჩვენგან პარტნიორები ითხოვენ და, რაც მთავარია, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის ინტერესებს უკავშირდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

რა პირობებს აყენებს „ქართული ოცნება“? რა თქმა უნდა, მმართველი პარტია არავითარ შემთხვევაში არ აპირებს აღიაროს, თითქოს პოლიტპატიმრები ჰყავს. როგორც ირკვევა, გარდა გირაოსი, ასევე მათი მხრიდან არსებობს შეთავაზება, რომ პარლამენტმა მიიღოს დაჩქარებული წესით ამნისტიის კანონი, რომელიც 2019 წლის ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ყველანაირ პასუხისმგებლობას მოხსნიდა. მეორეს მხრივ კი, შესაძლოა, მმართველი გუნდი დათანხმდეს შემოდგომაზე ადგილობრივ არჩევნებთან ერთად ჩატარდეს პლებისციტი, რათა გაირკვეს, სურს თუ არა ხალხს ვადამდელი არჩევნები. აი, რა სურს ხალხს და როგორია მათი განწყობები, ამაზე მომავალ სტატიაში გიამბობთ.

 

მთავარი თემები