13:03 18 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7686
  • 100 RUB4.3499
  • USD3.1587
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
147 0 0

მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ „ქართული ოცნებამ“ დღეს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები დაარეგისტრირა.

მართალია, უცნობია როგორ შეძლებს მის მიღებას „ქართული ოცნება“ არასაკმარისი ხმების პირობებში, მაგრამ ფაქტია, დასავლეთთან და ოპოზიციასთან სათქმელი აქვს, რომ ორი მიმართულებით მიდის დათმობაზე – საკონსტიტუციო ცვლილებები არჩევნებთან დაკავშირებით, რაც საარჩევნო ბარიერის 5-დან 3 პროცენტამდე ერთჯერადად შემცირებას გულისხმობს, და პარლამენტში ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში 4 დეპუტატი მაინც ეყოლება.

ამ ცვლილებებით, წესით, „გირჩი“ და „ევროპული საქართველოც“ უნდა დაინტერესდნენ, რომლებიც პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიციიდან დღემდე ყველაზე რადიკალურად უმაგრებენ ზურგს „ნაციონალურ მოძრაობას“. მართალია, მისი ლიდერები ამბობენ, არავითარი პრობლემა არ გვაქვსო, მაგრამ არჩევნებზე ხომ ნათლად გამოჩნდა, რომ 3 პროცენტზე მეტის მოპოვების ძალა რეალურად ოპოზიციის დიდ ნაწილს არ გააჩნია და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ ლახავს ბარიერს უპრობლემოდ, თუმცა მისი რეიტინგი დღეისათვის რადიკალურადაა შემცირებული, იმავე NDI-ს კვლევების თანახმად.

მეორე მიმართულება საკონსტიტუციო ცვლილებების კუთხით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და მოსამართლეების დანიშვნის წესს ეხება. ის მომავალში შეიცვლება და ნახევრად დახურული წესიდან ღია წესად გარდაიქმნება. აქ გასაკვირი და გასაოცარი მხოლოდ ისაა, რომ როგორც იუსტიციის საბჭოში, ასევე სასამართლოების დიდ ნაწილში კადრები უკვე დანიშნულია და ახლა რა ცვლილებებიც არ უნდა მიიღონ, ეს მხოლოდ „უკან მიდევნებული ლამპარი“ იქნება.

მიუხედავად რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებებისა, ჩვენი ინფორმაციით, მაქსიმუმი, რაზეც ბატონი დანიელსონის ხელმძღვანელობით მიმდინარე მოლაპარაკებებზე შეიძლება ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდნენ, ეს შემოდგომაზე პლებისციტის ჩატარებაა. თუმცა ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი ვარაუდობს, რომ მოლაპარაკებები შეიძლება უშედეგოდ დასრულდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს უწერიათ ძალაში შესვლა, რადგან მას იმაზე 17-ით მეტი ხმა სჭირდება, ვიდრე დღეს პარლამენტშია წარმოდგენილი. მართალია, „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩის“, „რესპუბლიკელების“ წარმომადგენლები ირწმუნებიან, თუ ხელისუფლება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელი ან რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას დათანხმდება, პარლამენტში დროებით ან ერთჯერადად შევალთო, მაგრამ ამ დავას წერტილი ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ ბრიუსელში და ახლა უკვე თბილისში ნათლად დაუსვა – ქვეყანაში არჩევნები 2024 წელს ჩატარდება და არაფერი მანამდე არ იქნებაო.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ ოპოზიცია არათუ 2024 წლის არჩევნებისთვის, არამედ ადგილობრივი არჩევნებისთვისაც კი არ ემზადება სათანადოდ მაშინ, როცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელ პოლიტიკურ ძალას ექნება რეალური დასაყრდენი ადგილობრივ დონეზე. იმასაც შეგახსენებთ, რომ 2003 წელს ხელისუფლების შეცვლა სწორედ ადგილობრივი არჩევნების შედეგად დაიწყო.

დღეს საქართველოში ხელისუფლების ცვლილების სუნი ნამდვილად არ ტრიალებს. ასე რომ, ოპოზიციას რაიმე კომპრომისზე წასვლა მაინც მოუწევს, რათა პოლიტიკური ბრძოლის ველიდან საერთოდ არ გაქრეს დღეს არსებული სპექტრი.

 

მთავარი თემები