11:53 18 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7686
  • 100 RUB4.3499
  • USD3.1587
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
194 0 0

„საკუთარი ისტორიიდან ვიცით, რომ ყოველთვის, როცა რუსეთთან კარგი ურთიერთობები გვქონდა, ამ კონტინენტზე მშვიდობა იყო. როცა სხვაგვარად ხდებოდა — მშვიდობაც არ იყო“, — ეს ფრაზა გერმანიის ყოფილ კანცლერს გერჰარდ შრედერს ეკუთვნის.

პიოტრ აკოპოვი

აღნიშნული განცხადება შრედერმა (რომელიც ამჟამად Nord Stream AG-ის აქციონერთა კომიტეტის თავმჯდომარეა)  სამშაბათს ­— ვლადიმირ პუტინის მიუნხენში გამოსვლის მე-14 წლისთავზე გააკეთა. ეს უბრალო დამთხვევაა, თუმცა სიმბოლური კია. მით უმეტეს, რომ იმავე დღეს ბრიუსელში ევროპარლამენტის დეპუტატებმა ევროპული დიპლომატიის მეთაურს ჟოზეპ ბორელს საყვედური უთხრეს მოსკოვში „უდროო“ ვიზიტის გამო. მას ძირითადად აღმოსავლეთ ევროპელები ჰკიცხავდნენ, თუმცა ის არსებითად იმას იცავდა, რის შენარჩუნებასაც შრედერი ცდილობს. ბორელი ევროპისთვის ისტორიულ არჩევანზე საუბრობდა:

„ჩვენ რუსეთთან ურთიერთობაში ისტორიულ გზაჯვარედინზე ვდგავართ. არჩევანი, რომელსაც გავაკეთებთ, ამ საუკუნეში ძალთა საერთაშორისო დინამიკას განსაზღვრავს. საით იმოძრავებს ევროკავშირი — უფრო კოოპერაციული თუ უფრო პოლარიზებული მოდელისკენ რუსეთთან ურთიერთობებში, რას დაეყრდნობა — ღია თუ დახურულ საზოგადოებებს“.

ევროპარლამენტის დეპუტატებს, რომლებსაც ბორელი მიმართავდა, შეუძლიათ მოდუნდნენ: არჩევანის გაკეთება მათ არ მოუწევთ. ევროკავშირის პოლიტიკა გერმანიის ხმაზეა დამოკიდებული (და ნაწილობრივ — ფრანგულზე), ამიტომ რუსეთისთვის პირველ რიგში იმას აქვს მნიშვნელობა, რას ამბობენ ბერლინში.

იქ კი არცთუ სახუმარო ბრძოლა მიდის — წელს გერმანიას ხელისუფლების ცვლის გადატანა მოუწევს. მერკელი მიდის და ამით მარტო მისი ეპოქა არ მთავრდება. ის დროც მთავრდება, როცა არჩევანის გაჭიანურება შეიძლებოდა. სწორედ ამიტომაა ფსონები ესოდენ მაღალი.

როგორც მერკელის წინამორბედს, შრედერს ესმის, რაზეა საუბარი. სწორედ ამიტომ, იცავს რა რუსეთთან ურთიერთობებს, ყველაზე პირდაპირ არგუმენტებს იყენებს: ომსა და მშვიდობაზე საუბრობს. ის ყველა ევროპელს მიმართავს, თუმცა უპირველესად გერმანელებს, გერმანულ ელიტას. გსურთ გერმანიის გარშემო ერთიანი ევროპის აგება? მაშინ გაიხსენეთ გერმანიის ისტორია და ყველა ეჭვი გაგეფანტებათ იმასთან დაკავშირებით, როგორი ურთიერთობებია საჭირო რუსეთთან.

შრედერს კიდევ უფრო მარტივად შეეძლო ეთქვა: ბოლო საუკუნე-ნახევარში სამიდან ორ გაერთიანებას გერმანია რუსეთს უნდა უმადლოდეს. დიახ, გერმანელებს გასულ თვეში არ აღუნიშნავთ მეორე რეიხის დაარსებიდან 150 წლისთავი, მაგრამ ოტო ბისმარკის გეგმები გერმანული მიწების გაერთიანების თაობაზე არასდროს განხორციელდებოდა, თუ რუსეთის იმპერია წინააღმდეგ წავიდოდა.

ოთხი ათეული წლის შემდეგ გერმანელები და რუსები პირველ მსოფლიო ომში მიუსიეს ერთმანეთს, რაც ორივე იმპერიისთვის კრახით დასრულდა.

გერმანული მიწების შემდეგი გაერთიანება ჰიტლერის დროს მოხდა და ამის შედეგად იქცა რეიხის აგრესია აღმოსავლეთისკენ, რუსეთზე თავდასხმა, რაც გერმანიისთვის კატასტროფულად დამთავრდა — ის გამარჯვებულებმა დაინაწილეს.

მისი დასავლეთი ნაწილი ატლანტიკური კავშირებით შეკრეს და ერთიან დასავლეთ ევროპაში ჩართვას შეუდგნენ. მაგრამ მაშინ გერმანულ ელიტას ჭკუაც ეყო და ძალაც, რომ მოსკოვთან ურთიერთობები დაელაგებინა.

დიახ, გერმანიის მესამე გაერთიანება სსრკ-ის დაშლის შედეგად მოხდა, მაგრამ ესეც რუსეთის ინიციატივით იყო — ატლანტისტების სურვილის მიუხედავად, რომლებსაც გერმანიის ფედრაციული რესპუბლიკის ზედმეტად გაძლიერება, მისი რუსეთისკენ შებრუნება და ნატოდან გასვლა აშინებდათ.   

ანუ ნებისმიერ გერმანელს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია გერმანიის ეროვნული ინტერესები, არ შეიძლება არ ესმოდეს, რას ნიშნავს მისი ქვეყნისთვის რუსეთთან ურთიერთობები. მაშ, რაღატომ უწევს შრედერს თითქოს აშკარა მოცემულობის განმარტება?

იმიტომ რომ ბევრ გერმანელს უბრალოდ არ გააჩნია ეროვნული ცნობიერება — არიან რა ანგლოსაქსების მიერ გერმანიისთვის შექმნილი იდეოლოგიური კატეხიზისით აღზრდილები, მათ ეროვნულ ინტერესებზე ფიქრისაც კი ეშინიათ. გერმანია ხომ ასე დამნაშავეა ყველას წინაშე, გერმანელების სხვებზე მაღლა დაყენება არ შეიძლება, არ შეიძლება საკუთარი უფლებების დაცვა. მაქსიმუმი, რაც შეიძლება — ეს საერთო ევროპული ინტერესების დაცვაა. მაგრამ იმას, თუ რა არის „ევროპული“, სწორი, ატლანტიკური სულით სპეციალურად აღზრდილი და გამოყვანილი ხალხი განსაზღვრავს. გასაკვირი არ არის, რომ რუსეთს სამყაროს ამ სურათში საშიში, არაპროგნოზირებადი, აგრესიული მეზობლის როლი აქვს გამოყოფილი, რომელთანაც რაღაც საქმეების კეთება კია შესაძლებელი, მაგრამ რომლისგანაც გამუდმებით უნდა ელოდე რაღაც პრობლემებსა და უსიამოვნებებს.

ამას დიდი ხნის განმავლობაში ასწავლიდნენ, განსაკუთრებით გერმანულ ელიტას. ამასთან მასებზე პროპაგანდის ზემოქმედება წლიდან წლამდე ნაკლებ ეფექტური ხდება — მაგალითად, თუ გამოკითხვებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ რუსეთთან კარგ ურთიერთობებს ლამის უკვე იმაზე მეტი ადამიანი უჭერს მხარს, ვიდრე აშშ-თან ურთიერთობების მხარდამჭერები არიან. აშშ-ით იმედგაცრუება უკვე ბევრი წელია, რაც გრძელდება, ტრამპის პერიოდში კი უფრო გაძლიერდა. თანაც ამაში თავისი წვლილი სწორედ ატლანტისტებმა შეიტანეს, აშშ-ზე მკაცრი ორიენტაციის მომხრეებმა. ისინი, როგორც მათი ამერიკელი კოლეგები, იძულებული იყვნენ, მთელი ოთხი წლის განმავლობაში მთელი ძალით ელანძღათ ტრამპი, რომელმაც ერთიანი დასავლეთისა და ატლანტიკური სოლიდარობის იდეას უღალატა.

ახლა ტრამპი კი მოიშორეს, მაგრამ ერთიანი დასავლეთი უკვე აღარ შეწებდება. გერმანელების დიდ ნაწილს აღარ სჯერა ამერიკასთან კავშირის პერსპექტივისა. არც მისთვის მხარის დაჭერა სურთ ჩინეთთან კონფლიქტში, არც მათ მაგივრად აპირებენ ცეცხლიდან ნაკვერჩხლის ამოღებას და არც რუსეთთან დაპირისპირებას არ აპირებენ. ანუ ხალხი მზადაა დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ რა ხდება ელიტების შემთხვევაში?

კი, ისინი სიტყვიერად სულ უფრო ხშირად, თუმცა აკურატულად, ამბობენ, რომ აუცილებელია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება — ბუნებრივია, იმის დათქმით, რომ საუბარია ევროპასა და ყველა ევროპელზე. მაგრამ თავს (და ვერც სხვებს) ვერ მოიტყუებ — ყველაფერი გერმანელებზეა დამოკიდებული.

გერმანია მართლაც ისტორიული არჩევანის წინაშე დგას: უკვე დროა, ატლანტიკური ფერფლი ჩამოიფერთხოს (ნატოდან გასვლა არ იგულისხმება, დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური აზროვნების დაბრუნებაზეა ლაპარაკი) და თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარი და ევროპის მომავალზე.

არჩევანზე უარის თქმა, დროის გაწელვა, ლავირების გაგრძელება აღარ გამოვა. ეს იმიტომ, რომ სწორედ ახლა გერმანიას კვლავ მოსთხოვენ თავიდან დაიფიცოს ატლანტიკური პროექტისადმი ერთგულებაზე — ანუ ჩაერთოს ატლანტიკურ თამაშში, დაადასტუროს რუსეთის შეკავების კურსისადმი ერთგულება. გერანულ ელიტებს ეს კატეგორიულად არ სურთ (მათ დიდ ნაწილს) — მათ შორის იმიტომაც, რომ თავიანთი ამომრჩევლების განწყობა ესმით. ამიტომ სექტემბრის არჩევნებამდე გერმანული ელიტებისთვის ჭეშმარიტების მომენტი დადგება.

ახლა კანცლერის პოსტზე ორივე კანდიდატი — ეს გერმანიის ორი უდიდესი მიწების პრემიერ–მინისტრები არიან: არმან ლაშეტი ჩრდილოეთ რეინ–ვესტფალიიდან და მარკუს ზედერი ბავარიიდან. რომელ მათგანს წარადგენს პოლიტიკური გაერთიანება გერმანიის ქრისტიან–დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან სოციალური კავშირი ბავარიაში კანცლერის პოსტზე, ჯერჯერობით გაურკვეველია. მაგრამ პრინციპული ის იქნება, კიდევ რომელი პარტია შევა მმართველ კოალიციაში. ამაზე იქნება დამოკიდებული ახალი გერმანული კაბინეტის დამოუკიდებლობის დონე.

თავისთავად ლაშეტიცა და ზედერიც ევროპასა და მსოფლიოში გერმანიის ინტერესების დასაცავად არიან მომართულები, მაგრამ კოალიციური პარტნიორების ხარჯზე მათი ხელების თავისუფლება შესაძლოა შესამჩნევად შეზღუდული იყოს.

თუმცა, როგორიც უნდა იყოს გერმანიის მმართველი ახალი კოალიციის შემადგენლობა, სწორედ მას მოუწევს ისტორიული გადაწყვეტილების მიღება რუსეთთან მომავალი ურთიერთობების შესახებ — და მასზე იქნება დამოკიდებული გერმანიის (და, შესაბამისად, ევროპის) ბედი უახლოესი ათწლეულების განმავლობაში. რუსეთის გარეშე, მით უმეტეს, რუსეთთან დაპირისპირებით, გერმანია ვერ შეძლებს ევროპის გაერთიანებას, ხოლო ევროინტეგრაციისგან უკუქცევას უზარმაზარი პრობლემები მოჰყვება თავად გერმანიისთვის.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

მთავარი თემები