23:55 28 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6409
  • 100 RUB4.1895
  • USD3.0892
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
196 0 0

ხელისუფლება საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტის 100 კაცამდე შევსებას ელოდება, ოპოზიციის ნაწილი კი, როგორც ირკვევა, ელოდება, როდის დაიმშევა ხალხი და გამოვა ქუჩაში. მისი რადიკალური ფრთა არ მალავს, რომ საგაზაფხულოდ აქციებისთვის ემზადება.

როგორც ჩანს, არც ხელისუფლების ოცნებას უწერია ასრულება და არც რადიკალური ოპოზიციის. ხელისუფლების იმიტომ, რომ საგაზაფხულო სესიამდე 10 დღით ადრე 54 ოპოზიციონერი მყარად დგას იმ აზრზე, რომ პარლამენტში არ შევა. ოპოზიციას კი, რომელსაც საგაზაფხულოდ გრძელვადიანი და მრავალრიცხოვანი აქციების მოწყობა სურს, ავტორიტეტი ისედაც არ გაზრდია 2012 წლის შემდეგ და ახლა სულ შემოეხა ტანზე დარჩენილი რეიტინგი ამდენ ლანძღვა-გინებასა და გარჩევებში, და რისი იმედი აქვს, ძნელი სათქმელია.

პარალელურად არსებობს იდეა მესამე ძალის შექმნასა და გაძლიერებაზე ადგილობრივი და შემდეგ საპარლამენტო არჩევნებისათვის. როგორც ჩანს, სწორედ ამ ძალას გულისხმობს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად პოლიტიკაში ერთჯერადად დაბრუნებას არ გამორიცხავს.

საქმე ისაა, რომ ე.წ. მესამე, დასავლური ძალა, დიდი მცდელობის მიუხედავად, მამუკა ხაზარაძის გარშემო ვერ ჩამოყალობდა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან საქართველოში ბანკირები დიდად არ უყვართ და მათ მხოლოდ ჩრდილიდან შეუძლიათ ქვეყნის მართვაში მონაწილეობა და ფულის კეთება. მიუხედავად „ლელოს“ კარგი სტარტისა, მათ დასაწყისი უკეთესი ჰქონდათ, ვიდრე რეალური შედეგი. არავინ ელოდა, რომ ეს გაერთიანება 10 პროცენტსაც კი ვერ აიღებდა.

ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ გაზაფხულზე ახალი პროდასავლური გაერთიანება გამოიკვეთოს ექს-პრეზიდენტ მარგველაშვილის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის უსუფაშვილის, ექსპერტ გია ხუხაშვილისა და მათი თანამოაზრეების მონაწილეობით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ ჩანს არც გმირი ბაზალეთის ტბის ძირიდან და არც მათი დამფინანსებელი, სავარაუდოდ, ისინი შეეცდებიან რესურსი დასავლეთის რომელიმე ადმინისტრაციაში მოძებნონ, რადგან არა მხოლოდ აშშ, არამედ ევროპაც უდიდესი ცვლილებების წინაშე დგას – 16-წლიანი მმართველობის შემდეგ პოსტიდან თვით მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალი ანგელა მერკელი მიდის, რამაც შეუძლებელია, ცვლილებები არ გამოიწვიოს საქართველოს კიდევ ერთი სტრატეგიული პარტნიორის, გერმანიის საგარეო პოლიტიკაში.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მოსვლას გეგმავს ლევან ვასაძე, ყოფილ დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან ერთად, რომელიც, ალბათ, „პატრიოტებს“ უფრო წაართმევს ხმებს, ვიდრე ლიბერალურ ძალებს.

მოკლედ, ასეა თუ ისე, ქართულ პოლიტიკაში, ისევე, როგორც საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სერიოზული იდოლოგიურ-საკადრო კრიზისია და ძალთა ახალი კალეიდესკოპის დალაგება დროსა და რესურსებს მოითხოვს.

მთავარი თემები