04:27 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
25 0 0

საქართველოში უვადოდ გამოცხადებული საპროტესტო აქციები გრძელდება: ოპოზიცია არ აღიარებს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

ირინა ალქსნისი

პოლიციამ უკვე არაერთხელ გამოიყენა წყლის ჭავლი მომიტინგეების დასაშლელად.

კავკასიური რესპუბლიკის ჩვიდმეტწლიანი გზა საბოლოოდ იქცა ტრაგიფარსად. ჩვიდმეტწლიანი კი იმიტომ, რომ ამ კავკასიური რესპუბლიკის ევროპისკენ სვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ედუარდ შევარდნაძე პროტესტების ფონზე თანამდებობიდან გადადგა და მიხეილ სააკაშვილი თავის გზას შეუდგა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის ნიშნით. ეს იყო ფერადი რევოლუციების მსოფლიო მითის საძირკველში ჩადებული მძიმეწონიანი ქვა.

იმ დღიდან საქართველო თანმიმდევრულად მისდევს მაშინ გაკეთებულ არჩევანს და ყველაფრიდან ჩანს, რომ ამ გზიდან გადახვევას არ აპირებს.

გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ მოიპოვა. მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. დანარჩენი პოლიტიკური ძალებისთვის არჩევნების შედეგები საკმაოდ იმედის გამაცრუებელი გამოდგა — მესამე ადგილზე გასულმა „ევროპულმა საქართველომ“ ხმების ოთხ პროცენტსაც კი ვერ მიაღწია.

ევროატლანტიზმი, დასავლური ფასეულობების დანერგვა, ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა (და, როგორც შედეგი, ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა) — ყველა ამ პარტიის პროგრამების საკვანძო პუნქტებია. მათ შორის განსხვავება ცოტა სხვა სიბრტყეში იმალება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის პარტიაა, რომელიც უკვე შვიდი წელია, რაც დამფუძნებლის გარეშე ფუნქციონირებს. სააკაშვილმა ქვეყანა 2013 წლის ოქტომბერში დატოვა, როცა მისი საპრეზიდენტო ვადა ოფიციალურად ამოწურული ჯერ კიდევ არ იყო. მას წინ ევროპა, აშშ და უკრაინა ელოდა.

თუმცა ოდესის ყოფილ გუბერნატორსა და ამჟამად უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელ სააკაშვილს ახლაც სამშობლოს პოლიტიკურ პულსზე უდევს ხელი. აცხადებს, რომ მზადაა ჩაერთოს ოპოზიციის ბრძოლაში (რომელშიც პირველი ვიოლინოს როლს, რაღა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობა“ ასრულებს) ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, და ირწმუნება, რომ მას თანამდებობები კი არ სჭირდება, მხოლოდ საქართველოს „ხსნაზე“ ფიქრობს.

„ქართული ოცნება“ სწორედ ის პარტიაა, რომელმაც სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ დაამარცხა 2012-ში. მას შემდეგ ის მმართველი პარტიის სტატუსს ინარჩუნებს და ახლა ელექტორალური ფალსიფიკაციის ბრალდებებს იგერიებს. მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილია — პოლიტიკოსი, ბიზნესმენი და საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი: „ფორბსის“ სიის 349-ე ნომერი, თითქმის ხუთმილიარდიანი ქონებითა და 90-იანი წლებისთვის დამახასიათებელი მეტად ჭრელი ბიოგრაფიით.

სააკაშვილის ქმნილება, თავისი დამფუძნებლის მსგავსად, ანტირუსული მიმართულების ისტერიული პოპულიზმითაა ცნობილი. ამ კუთხით ოდნავ აწონილ–დაწონილია ქვეყნის მოქმედი ხელმძღვანელობის პოზიცია, რითიც რეგულარულად იძლევა თავდასხმების საბაბს „ოკუპანტებთან თანამშრომლობისა“ და „ეროვნული ინტერესების გაყიდვის“ გამო. გასული წლის ხმაურიანი სკანდალი მოსკოვთან მიმართებით და შემდეგ დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციები ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების სურათზე სახასიათო შტრიხად იქცა.

შედეგად – საქართველო ამჯერადაც ისევ სკანდალურ დასავლელ მარიონეტებსა (რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის თითქმის ათი წლის განმავლობაში პოლიტიკურად სრულად გაკოტრდნენ) და პოსტსაბჭოთა „ჩამოსხმის“ ქრესტომათიულ ოლიგარქიას შორის აკეთებდა არჩევანს.

ამასობაში კი ქვეყანა რეალურად ისევ ისე დგას იმ პრობლემების წინაშე, რომლებმაც თავის დროზე ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ დარაზმა: მძიმე ეკონომიკური ვითარება, მოსახლეობის დიდი ნაწილის უკიდურესი სიღარიბე, კორუფცია.

2020-მა წელმა კორონავირუსის სახით ახალი პრობლემები და ტურისტული სექტორის კრახი მოიტანა, რომელიც ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგი იყო საქართველოს ეკონომიკისთვის. 2019 წელს ქვეყანამ ტურიზმისგან სამი მილიარდი დოლარი მიიღო — მთლიანი შიდა პროდუქტის 15 მილიარდიანი საერთო მოცულობის ფონზე. წელს რესპუბლიკამ 2,5 მლრდ მოისაკლისა — დარგმა ოცი წლით უკან დაიხია.

ამავდროულად არასწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ საქართველოს საერთოდ არაფერი მიუღია ევროატლანტიკური არჩევანიდან. ბოლოს და ბოლოს, დასავლეთი მართლაც რეგულარულად გამოხატავს რესპუბლიკისა და მისი ხელმძღვანელობის მიმართ მხარდაჭერას — უპირატესად, მორალურს. ეუთოს დამკვირვებლებმა ამჯერადაც ცნეს 31 ოქტომბრის არჩევნები, როგორც „კონკურენტული და მთლიანობაში ყველა ფუნდამენტური თავისუფლების დაცვით“  ჩატარებული. თუმცა უბედურება იქიდან მოვიდა, საიდანაც არ ელოდნენ.

მიხეილ სააკაშვილმა თავის „ფეისბუქზე“ დიდი პოსტი განათავსა, რომელშიც „აშშ-ის ახალ პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან“ მეგობრობაზე წერს და თან უამრავი ერთობლივი ფოტოც დაურთო. პოსტი მან ასეთი პასაჟით დაასრულა: „ახლა, როცა ქართველი ერი იმ მოპარული არჩევნებისა და გამარჯვების დასაბრუნებლად იბრძვის, რომელიც ოპოზიციამ დამაჯერებელი შედეგით მოიპოვა, თეთრ სახლში ნამდვილად გვჭირდება მხარდამჭერები“.  

გამომდინარე იქიდან, რომ გამოჩენილ ქართველ–უკრაინელ ავანტიურისტს მართლაც არც ისე ცუდი კავშირები აქვს ვაშინგტონში, არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ იქ მართლაც ურჩიონ ეუთოს, გადაიხედოს პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით. და შეიძლება დარწმუნებული იყოთ, რომ რეკომენდაციას ყურად იღებენ. როგორც ჩანს, სხვაგვარი ევროატლანტიზმი დასავლეთს საქართველოსთვის არ აქვს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

 

მთავარი თემები