12:31 01 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9840
  • 100 RUB4.3704
  • USD3.3253
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2336)
35 0 0

ამ დროისათვის აშშ-ში ხმები ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის დათვლილი, ტრამპის შტაბში კი არ გამორიცხავენ, რომ კიდევ ორი შტატის სასამართლოში შეიტანენ სარჩელს.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ში არსებულ ვითარებაზე რადიო Sputnik-თან მსოფლიო პოლიტიკისა და ეკონომიკის ექსპერტმა იგორ კოვალიოვმა გააკეთა კომენტარი.

მანამდე CNN-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი კიდევ ორ შტატში აპირებს მიმართოს სასამართლოს ხმების დათვლასთან დაკავშირებით, რითიც რესპუბლიკელებს ამ შტატებში შედეგების დაჯამებისთვის ხელის შეშლა სურთ.

სააგენტო „ასოშეიტედ პრესის“ ინფორმაციით, მოქმედი პრეზიდენტის შტაბმა, გარდა მიჩიგანის, პენსილვანიისა და ვისკონსინის სასამართლოებისა, სარჩელი შეიტანა ჯორჯიის სასამართლოშიც და შტატის საარჩევნო კომისიების წევრებისგან ფოსტით მიღებული ბიულეტენების დათვლის შესახებ კანონის დაცვა მოითხოვა.

ამ დროისათვის აშშ-ში ხმები ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის დათვლილი. წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ლიდერობს დემოკრატი ჯო ბაიდენი. თუმცა საბოლოოდ საქმეს ამომრჩეველთა კოლეგიის (ელექტორალის) ხმათა რაოდენობა გადაწყვეტს. კანდიდატს გამარჯვებისთვის 538 ელექტორალიდან 270-ის ხმა ესაჭიროება. ამ დროისათვის ბაიდენს 264, ხოლო ტამპს 214 ელექტორალი უჭერს მხარს.

იგორ კოვალიოვის აზრით, აშშ-ში მიმდინარე პროცესების ფონზე გამორიცხული არ არის, საზოგადოების სერიოზული რადიკალიზაცია მოხდეს.

„აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები, სამწუხაროდ, მთავარი ამბები იქნება ორიოდე დღე და, როგორც წესი, კიდევ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. პირველ რიგში იმის გამო, რომ ფოსტით მიღებული ხმების დათვლის პროცესი ჭიანურდება და ამასთან არც ერთი კანდიდატი არ აღიარებს მარცხს. შესაბამისად, იქნება სხვადასხვა სახის გარჩევები როგორც სასამართლოებში, ისე, რაც ყველაზე საშინელია, ქუჩებშიც. ბაიდენის მომხრეები უკვე ქუჩებში არიან, ტრამპის მომხრეებიც დიდხანს არ დააყოვნებენ. საკმარისია გავიხსენოთ, როგორ იქცეოდნენ ისინი ტეხასში კენჭისყრის წინა დღეს, როდესაც ფაქტობრივად გააძევეს იქიდან ბაიდენის სააგიტაციო კამპანია. ამიტომ მოსალოდნელია შემდგომი სერიოზული რადიკალიზაცია და შეტაკებებიც კი“, — აღნიშნა ექსპერტმა.

კოვალიოვის თქმით, წამყვანი ამერიკული ტელეარხები თავის დათვლებს აწარმოებენ, რაც კიდევ მეტად ძაბავს ვითარებას.

„ციფრები გავლენას ახდენს ადამიანებზე, მათზე, ვინც ამ არხებს უყურებს. მათ ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ისინი მოატყუეს და ამ ციფრებს არჩევნების შედეგების რეალურ მაჩვენებლად აღიქვამენ, რაც ყოველთვის ასე არ არის. შეიძლება მოვიყვანოთ არაერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ დაემთხვა ამა თუ იმ სააგენტოს პროგნოზი რეალობას, რომლებსაც ისინი არჩევნების დაწყებამდე აკეთებდნენ. საჭიროა დაველოდოთ ოფიციალურ შედეგებს. თუმცა, როგორც ვიცით, ისინიც არ არის ყოველთვის რეალობის შესატყვისი — არსებობს სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური გარიგებები. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ოფიციალური შედეგებია და არა ის, რასაც გაზეთები და ტელეარხები გვთავაზობენ“, — განაცხადა კოვალიოვმა.

ექსპერტის თქმით, არჩევნების საბოლოო შედეგის განსაზღვრაში აშშ-ის სასამართლო ხელისუფლებამ შეიძლება შეასრულოს როლი.

გარდამავალი პერიოდის საიტი: ბაიდენი პრეზიდენტობისთვის ემზადება>>

„რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ტრამპის მთავარი ამოცანა — და ეს მისი ერთადერთი ლეგალური შესაძლებლობაა გამარჯვების უზრუნველსაყოფად ძალისა და იარაღის გამოყენების გარეშე — სასამართლოებში ბრძოლაა. ამიტომ ჩქარობდა ის თავისი წარმომადგენლების დანიშვნას აშშ-ის უმაღლეს სასამართლოში ვაკანტურ ადგილებზე, რასაც საკვანძო როლის შესრულება შეუძლია ამ სასამართლო დავებში. ასეთი სარჩელები დიდი ალბათობით მივა უმაღლეს სასამართლომდე და მოსამართლეების აზრზე კიდევ ერთხელ სერიოზულად გახდება დამოკიდებული შეერთებული შტატების ბედი. ანუ სასამართლო ხელისუფლებას, რომელიც პერიოდულად ერევა აშშ-ის პოლიტიკურ პროცესებში, საკვანძო როლის შესრულება შეუძლია“, — მიაჩნია ექსპერტს.

თემები:
მსოფლიო დღეს (2336)

მთავარი თემები