14:54 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
95 0 0

ერთხელ „ქართული ოცნების“ სულისჩამდგმელმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, საქართველოში ისეთი დემოკრატია უნდა შევქმნათ, ევროპელები გავაოცოთო...

გაოცებისა რა გითხრათ, მაგრამ მისი მმართველობის 8 წლის თავზე, მართალია, კორონასა და პირაკრული საზოგადოების ფონზე, საქართველოში, ხანგრძლივი ინტერვალის შემდეგ, მართლაც ტარდება ისეთი არჩევნები, სადაც ბელადი და ცალსახა ლიდერი ერთმნიშვნელოვნად არ არის გამოკვეთილი.

მართალია, მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ამომრჩეველთა ხმების 60 პროცენტს მიიღებს, მაგრამ რეალურად ასეთი განცხადებები ყველა პარტიის წინასაარჩევნო პიარის ნაწილი და საკუთარი ამომრჩევლის მობილიზების საშუალებაა და, უფრო რეალისტები რომ ვიყოთ, მმართველი ძალა 40 პროცენტზე მეტის მიღების შემთხვევაშიც ძალიან კმაყოფილი უნდა დარჩეს. ცნობილია, რომ, ზოგადად, 8 წლის შემდეგ, როგორი უნაკლოც არ უნდა იყოს მმართველი ძალა, მოსახლეობას ის ბეზრდება და ახალი ძალა სურს იხილოს მმართველობის სადავეებთან. თუმცა უახლეს ისტორიაში გამონაკლისებიც არსებობს. ეს გამონაკლისია, მაგალითად, გერმანია, სადაც ქრისტიან-დემოკრატიული პარტია რამდენიმე ვადით მართავდა ქვეყანას და გერმანელები ამით არცთუ უკმაყოფილო ჩანდნენ.

თუმცა, სანამ გერმანიის სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობას მივაღწევთ, ქართველებს 24-საათიანი შრომა დაგვჭირდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. მანამდე კი ხვალინდელ არჩევნებს და მის მოსალოდნელ შედეგებს შევეხოთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნამდვილად ძალიან კარგია ამომრჩევლისთვის, რომ ეს არჩევნები ორპოლუსიანობით აღარ ხასიათდება და ყველა ჯურისა და გემოვნების ადამიანს საკუთარი სინდისისა და შეხედულების მიხედვით, ასევე უშიშრად შეუძლია ხმის მიცემა. არჩევნებამდე პროგნოზები უმადური საქმეა, მაგრამ ექსპერტთა უმრავლესობა მაინც დარწმუნებულია, რომ პირველ ადგილს მმართველი გუნდი დაიკავებს. მეორე საპრიზო ადგილს, ბუნებრივია, ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ბლოკი „ძალა ერთობაშია“.

აი, შემდეგ კი მონასტერი ირევა და არავინ იცის, ვინ დაიკავებს საპრიზო მესამე ადგილს. კარგი სასტარტო პირობები აქვთ და სტაბილური ამომრჩეველი ჰყავთ ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის „პატრიოტებს“, მაგრამ ამ ბოლო ხანებში ჩატარებული კვლევებით, რომელთა სანდოობა კიდევ ცალკე განსჯის საგანია, „ევროპული საქართველო“ და გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო“, იგივე „სტრატეგია აღმაშენებელი“ დაწინაურებულან. ისე, გასაკვირი არცაა, რადგან ბოლო დროს საკმაოდ მოდური გახდა გამოთქმა – ვაშაძე უფრო ხშირად გირეკავთ თუ შეყვარებულიო. ჰოდა, ხომ იცით, მიჩვევაა ყველაფერი...

საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსის მიუხედავად, ჯერჯერობით მნიშვნელოვანი უპირატესობა ვერ მოიპოვა „ლელომ“, თუმცა იმაზე არავინ დავობს, რომ „ლელო“ პარლამენტში 5-6 ადამიანს შეიყვანს.

მართალია, 2020-ის არჩევნები ნამდვილად არ აღმოჩნდა ისეთი გარდამტეხი და საოცარი, როგორც 2-3 წლით ადრე გვეგონა, მაგრამ ქართველი ამომრჩეველი ახლა მაინც ვერ დაიწუწუნებს, არჩევანი არ მაქვსო. არა, ბატონო, არჩევანიც გვაქვს და არადანიც, რადგან ჩემი და კიდევ რამდენიმე ნაცნობის გარდა, ყველა კენჭს იყრის იმ იმედით, 1 პროცენტს როგორ ვერ ავიღებ და საოცნებო პარლამენტში როგორ ვერ მოვხვდებიო. ერთმა პარტიამ ასეთი საოცარი ნოუ–ჰაუც კი მოიგონა: პარტიაში პოპულარული ადამიანები დაპატიჟა და პირობა დადო, თითოეული ჩვენგანი მხოლოდ 6 თვე ვიქნებით დეპუტატი და შემდეგ სხვას დავუთმობთ ადგილსო. ამ ლოგიკით, სულ ცოტა, 8 ადამიანს მხოლოდ ამ პარტიიდან მოუწევს 6-თვიანი დეპუტატობა და შემდეგ – 560 ლარიანი ხელფასი. ცოტა კურიოზული ამბავია და დავით კლდიაშვილის კალმის ღირსი, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს თანამედროვე საქართველოს რეალობაა. რეალობა, რომელშიც ღირსეული შრომით ადამიანები დეპუტატის პენსიაზე ნაკლებ თანხას ძლივს მოიპოვებენ...

და ყველას, ვინც 30 ოლქსა თუ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, სწორედ მწყობრი გეგმა უნდა ედოს მაგიდაზე, როგორ აპირებს ამის შეცვლას და ღირსეული ქვეყნის ჩამოყალიბებას, სადაც საშუალო ფენა გაჩნდება, პროდუქციას აწარმოებს და პარლამენტში მოხვედრა მხოლოდ საკუთარი ბიზნესის ლობირებისთვის არ დასჭირდება. ვნახოთ, რას გადაწყვეტს 31 ოქტომბერს ქართველი ამომრჩეველი. თუმცა არჩევანის სიმწირეს ვერავინ დაიჩივლებს და მათ შორის ისეთი ღირსეული ცალკეული ინდივიდები გამოჩნდნენ პოლიტიკაში, ადრე ქუდის გამოსატანადაც რომ არ შევიდოდნენ...

 

მთავარი თემები