21:02 31 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7732
  • 100 RUB4.0776
  • USD3.2327
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (649)
91 0 0

მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტის გვერდით შედეგად რეგიონში საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფებების ბოევიკთა გააქტიურება ხდება, რომლებსაც ომიდან ფინანსური სარგებლის მიღებისა და ექსპანსიის განვითარების უნარი შესწევთ.

ასეთი „სპეციალისტების“ მიგრაცია სამხრეთ კავკასიაში საომარი მოქმედებების ზონის გაფართოებითა და ტერორისტული საფრთხეების ქრონიკულ ფორმაში გადასვლით გვემუქრება — ავღანური, ლიბიური თუ სირიული სცენარებით.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი 6 ოქტომბერს აცხადებდა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ათასობით ახლოაღმოსავლელი ბოევიკი გადაჰყავთ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია „ჯაბჰათ ან ნუსრადან“, „ფირქათ ჰამზადან“, „სულთან მურადიდან“ და ასევე ექსტრემისტული ქურთული დაჯგუფებებიდან. დაქირავებული რადიკალები კავკასიის ახალ ომში ფულის შოვნას გეგმავენ. თურქეთი, რომელიც აზერბაიჯანს უჭერს მხარს, კონფლიქტს პირველად აღვივებს ესოდენ ღიად და ერთმნიშვნელოვნად.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა: „ყარაბაღში მიმდინარე მოვლენები ტრაგედიაა, ჩვენ ძალიან ვწუხვართ, იმიტომ რომ აზერბაიჯანიც, სომხეთიცა და მთიანი ყარაბაღიც ის ტერიტორიებია, რომლებზეც ჩვენთვის არაუცხო ხალხი ცხოვრობს“. მან ასევე თქვა, რომ რუსეთის უამრავ მოქალაქეს აქვს მჭიდრო მეგობრული და ნათესაური კავშირები ორივე რესპუბლიკასთან.

მოსკოვში დიდი შეშფოთებით აღიქვამენ მთიან ყარაბაღში ესკალაციას, რომელშიც მესამე ქვეყნები და ძალები დესტრუქციულად მონაწილეობენ. სირიის ოპოზიციაში არსებულმა წყარომ РИА Новости-ს აცნობა, რომ მთიან ყარაბაღში, ოქტომბრის დასაწყისისთვის, 322 სირიელი დაქირავებულიდან 93 უკვე დაღუპულია, რომელთაგან 53-ის ცხედარი სირიაშია გადასვენებული.

უცხოელი ბოევიკები

რუსეთს არ სჭირდება ომი სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ კრემლში ესმით, რომ შეიარაღებული კონფლიქტი ჰიპერტროფირებულ ფორმას იღებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში სირიიდან და ლიბიიდან გადაჰყავთ ბოევიკები საომარ მოქმედებებში უშუალო მონაწილეობისთვის.

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა РИА Новости-სთან ინტერვიუში თურქეთის ლიდერ ერდოღანს ყარაბაღში კონფლიქტის ახალი ტალღის ინიციატორი უწოდა. ბრალდება მძიმეა, თუმცა მასში ალბათ არ დომინირებს პირადი წყენა ან შურისძიება თურქული ჯარების არალეგიტიმური ქმედებების გამო სირიის ტერიტორიაზე. ანკარის გადამეტებულ მონაწილეობას სომხურ–აზერბაიჯანულ კონფლიქტში დესტაბილიზაციის გამომწვევა შეუძლია მთელ სამხრეთ კავკასიაში, აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიაში.

კანადამ შემთხვევით არ შეუჩერა თურქეთს შეიარაღების მიწოდება. უკრაინამ კი უკვე გადაწყვიტა, თურქული წარმოების 50-მდე დრონი შეიძინოს, რომლებსაც აზერბაიჯანი აქტიურად იყენებს მთიან ყარაბაღში. ამ შენაძენმა შეიძლება დონბასში „გაისროლოს“ და უკრაინაში შიდა კონფლიქტის ახალი ტალღა ააგოროს.

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი დიდადაა დაინტერესებული აზერბაიჯანით ენერგეტიკულ და თავდაცვით სფეროებში, პრეზიდენტმა მაკრონმა პირდაპირ განაცხადა, რომ ალეპოში მოქმედი ჯიჰადური დაჯგუფების 300 ბოევიკი სირიიდან ბაქოში გადაისროლეს თურქეთის გავლით. შესაძლოა არჩევნების წინ მაკრონი მეტადაა დამოკიდებული გავლენიან სომხურ დიასპორაზე, მაგრამ ფაქტი მაინც ჯიუტი რამაა.

ამერიკული ჟურნალის Foreign Policy-ს მონაცემებით, თურქეთი მთიან ყარაბაღში სირიელი დაქირავებულების მარიონეტულ არმიას იყენებს. აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტში სირიის შეიარაღებული დაჯგუფებების ათობით მეომარი დაიღუპა, რომლებიც მანამდე სირიის ჩრდილოეთსა და ლიბიაში იბრძოდნენ. სირიის ეროვნულ არმიაში არსებული წყაროები გამოცემას ატყობინებენ, რომ სამხრეთ კავკასიაში დაახლოებით 1500 დაქირავებული სირიელია გადასროლილი. მეომრებს ოთხთვიანი კონტრაქტი გაუფორმეს თვეში 1500 დოლარის ანაზღაურებით (ოღონდ თურქულ ლირებში). მაგრამ ბევრმა ინანა ყარაბაღში ჩასვლა – 55 დაღუპულის ოჯახებს 60 ათასი თურქული ლირის (7800 აშშ დოლარი) გადახდა აღუთქვეს კომპენსაციის სახით. არც ისე დიდი ფასია სიცოცხლისთვის.

ნიადაგი ტერორიზმისთვის

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს დაქირავებულების გაგზავნას აზერბაიჯანში და აცხადებს, რომ სომხეთს ქურთისტანის მუშათა პარტიის ბოევიკები უჭერენ მხარს, რომლებიც უკვე ათწლეულებია, რაც თურქეთის წინააღმდეგ იბრძვიან. ბაქოშიც ადასტურებენ, რომ სომხეთის მხარეზე სირიელი და ლიბიელი დაქირავებულები იბრძვიან. წმინდა ტექნოლოგიურად, „სარკისებრი პასუხი“ შესაძლებელია — მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებული სომხური დიასპორის ფინანსები ნამდვილად იძლევა დაქირავებულებისგან „საკუთარი“ პროქსი–არმიის შექმნის შესაძლებლობას. საკითხი მხოლოდ მსგავსი ალგორითმების მიზანშეწონილობაშია.

მთიან ყარაბაში შემდგომი ესკალაცია სისხლიანი ჩიხია ბაქოსთვისაც და ერევნისთვისაც. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მოსახლეობისთვის კი — გადამწვარი მიწა. სამხრეთ კავკასიაში გაჩენილი „უხვი ბაგა“ ათასობით ბოევიკ–ჯიჰადისტს მიიზიდავს, რომლებისგან თავის დაღწევაც მერე თავად „დამსაქმებლებსაც“ გაუძნელდებათ. სხვათა შორის, ბოლო დრომდე აზერბაიჯანიცა და სომხეთიც შედარებით წარმატებული ქვეყნები იყვნენ, თუ საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხეებს შევაფასებთ.

ამერიკული კომპანია Soufan Group-ის მონაცემებით, აზერბაიჯანის დაახლოებით 900 მოქალაქეა (სუნიტები) ჩართული საომარ მოქმედებებში ახლო აღმოსავლეთში — ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში. და, მაინც, აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოთხი ხმაურიანი კონტრტერორისტული ოპერაციის შემდეგ ქვეყანაში სიმშვიდეა. სირიიდან დაბრუნებულ „ჯიჰადის ვეტერანებს“ სპეცსამსახურები მშვიდად იღებენ. მაგრამ ვერანაირი დიდი მიზანი ვერ გაამართლებს „სასარგებლო“ სირიელი ბოევიკების სავარაუდო იმპორტს.

სომხეთს 27 სექტემბრამდე კიდევ უფრო ნაკლებად ემუქრებოდა ტრანსნაციონალური ტერორიზმის საფრთხეები. მან რუსეთთან ერთად მოახდინა „ისლამური სახელმწიფოსა“ და სხვა ჯიჰადური დაჯგუფებების ლიკვიდაცია სირიის ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნისთვის საერთაშორისო ტერორიზმთან შორ მანძილზე ბრძოლაა მიზანშეწონილი და არა „დამხმარე ძალად“ ქურთისტანის მუშათა პარტიის ბოევიკების მიწვევა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

თემები:
რუსეთი დღეს (649)

მთავარი თემები