23:21 29 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7970
  • 100 RUB4.1230
  • USD3.2345
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (97)
80 0 0

მთიან ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირების გამწვავებას, ბაქოსა და ერევნის მრავალწლიან სამხედრო–პოლიტიკურ უთანხმოებას დღეს მესამე ქვეყნები ავი მიზნების მისაღწევ ინსტრუმენტად იყენებენ.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაც რუსეთის კავკასიის დიდ ომში ჩათრევას ცდილობს — მისი ძალებისა და საშუალებების ბელარუსის, სირიის, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის და გეოპოლიტიკური დაპირისპირების სხვა წერტილებიდან გადასართველად. კონფლიქტის უშუალო მონაწილეები — ბაქო და ერევანი, შეგნებულად თუ იძულებით, „დარტყმის ქვეშ“ აყენებენ, არღვევენ დსთ-ისა და კოლექტიურ უსაფრთხოებაზე შეთანხმების ორგანიზაციის (CSTO) უსაფრთხოების სისტემას. არსებობს გეოპოლიტიკური რისკებიც, რომლებიც კავკასიაში ანგარებიანი ინტერესის მქონე დასავლური ქვეყნების „ძალების გარე პროექციას“ უკავშირდება.

მთიანი ყარაბაღის პრობლემა სამხედრო გზით ვერ იჭრება. დარეგულირების ამ პოსტულატს კონფლიქტის ორივე მხარე ეთანხმება — აზერბაიჯანი და სომხეთი (რომელიც არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ინტერესებს იცავს), და ეუთოს მინსკის ჯგუფიც რუსეთის, აშშ-ისა და საფრანგეთის მეთაურობით. მოლაპარაკებათა პროცესი ნელა და რთულად მიმდინარეობს, მაგრამ 27 სექტემბერს აქტიურ საბრძოლო მოქმედებებზე გადასვლის ობიექტური მიზეზები, მძიმე არტილერიის, ტანკების, სარაკეტო კომპლექსებისა და მოიერიშე ავიაციის გამოყენებით, მაინც არ არსებობდა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო უწყებების „შეჯიბრება“ მოწინააღმდეგის აფეთქებული ტანკების ვიდეოებისა და ორივე მხრიდან შემაშფოთებელი დანაკარგების პუბლიკაციის სფეროში რუსეთში გულწრფელ თანაგრძნობას იწვევს როგორც სომეხი, ისე აზერბაიჯანელი ხალხის მიმართ. საბრძოლო მოქმედებები ობიექტურად არ არის ხელსაყრელი კონფლიქტის არც ერთი მხარისთვის, და შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში შედეგები შესაძლოა ძალიან მოულოდნელი იყოს: უცხოელი მშვიდობისმყოფელების შეყვანა, ან, ყველაზე ნეგატიურ შემთხვევაში — ფართომასშტაბიანი ომი სამხრეთ კავკასიაში CSTO-ს ქვეყნებისა (უპირველესად, რუსეთის) და ნატოს მონაწილეობით (როგორც თურქეთი მიანიშნებს).

შერეული სომხურ–აზერბაიჯანული მოსახლეობის რეგიონში კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როცა მთიანი ყარაბაღის ოლქმა აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე გამოაცხადა. პირველ ეტაპზე მშვიდობისმყოფელების როლს სსრკ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარები ასრულებდა, რომლებიც სამი წლის განმავლობაში ახერხებდნენ აქტიური შეიარაღებული დაპირისპირების შეკავებას. საბჭოთა კავშირის დაშლისა და შსს-ს ჯარების გაყვანის შემდეგ ბრძოლები ახალი ძალით გაჩაღდა. 1994 წლისთვის აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიანი ყარაბაღის დიდ ნაწილსა და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე. კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების თაობაზე მოლაპარაკებები ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში 1992 წლიდან მიმდინარეობს. კონფლიქტი მთიან ყარაბაღში პერიოდულად მწვავდება.

კოორდინატთა ახალი სისტემა

მთიანი ყარაბაღის საომარი მოქმედებების თეატრიდან ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები მოდის. აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ესკალაციის წამოწყებაში ადანაშაულებენ. ორივე მხარე სათითაოდ აცხადებს, რომ მხოლოდ პასუხობს შეიარაღებულ პროვოკაციას. ამ ფონზე აზერბაიჯანში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა მთელ რიგ რეგიონებსა და ქალაქებში. ერთი დღით ადრე სომხეთში გამოცხადდა საყოველთაო მობილიზაცია და საომარი მდგომარეობა.

აზერბაიჯანის ხელისუფლების მონაცემებით, 27 სექტემბერს სომხურმა ჯარებმა დატოვეს ე.წ. „უსაფრთხოების სარტყლის“ შვიდი სოფელი (საბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანის სსრ-ის ეს ტერიტორია არ შედიოდა მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის სემადგენლობაში, სომხური ძალების კონტროლქვეშ ის 1990-იანების დასაწყისში აღმოჩნდა). 28 სექტემბერს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმა აღნიშნა: „ჩვენ დავკარგეთ პოზიციები, კიდევ დავკარგავთ, მაგრამ ბრძოლითვე მოვიპოვებთ პოზიციებს“.

პოზიციური ბრძოლები გრძელდება. ტოტალური უპირატესობა არც ერთ მხარეზე არ შეინიშნება.

ბაქო და ერევანი თანაბრად არიან მზად „ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად“ — დიდი სიმძლავრის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისა და „ისკანდერების“, მოიერიშე ავიაციისა და დრონების გამოყენებით. საბრძოლო მოქმედებების თითოეულ დღეს ახალი მსხვერპლი და ნგრევა მოაქვს. შექმნილ ვითარებაში უკვე პრინციპული აღარ არის, პირველმა ვინ გახსნა ცეცხლი 27 სექტემბერს მძიმე არტილერიიდან და ტანკებიდან, ვინ წარმოაჩენს ბრძოლის ხელოვნების ოპერატიულობაში უპირატესობას. დღეს მთავარია ესკალაციის შეჩერება მთიანი ყარაბაღის საზღვარზე, მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაბრუნება, ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნება. არც სამოკავშირეო ვალდებულებები უნდა მიეცეს დავიწყებას.

თუ ბაქო და ერევანი თავს მოსკოვის მოკავშირეებად მიიჩნევენ, მათ უნდა გაითვალისწინონ რუსეთის პოზიცია, გააცნობიერონ ურთიერთდამოკიდებულების არსებული სისტემისა და ასევე რეგიონული უსაფრთხოების სისტემის ნგრევის შედეგები. უთანხმოების ურთულესი კომპლექსის, წონადი არგუმენტებისა და დაპირისპირებული მხარეების სიმართლის გათვალისწინებითაც კი რუსეთს არ ესაჭიროება ომი კავკასიაში. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მხარეებს, „დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი“ მთიან ყარაბაღში.

ვვარაუდობ, რომ გონიერება გაიმარჯვებს და ფართომასშტაბიანი ომის უკიდურესობამდე არ დეგრადირდება. მით უმეტეს, რომ საერთაშორისო რეაქცია მთიან ყარაბაღში გამწვავებაზე მთლიანობაში კონსტრუქციულია. შეშფოთებას გამოთქვამენ და შუამავლის როლის შესარულებლად მზად არიან ევროკავშირის ქვეყნები, აშშ და ირანი. მოვლენების ძალისმიერი სცენარით განვითარებას მხოლოდ თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი უჭერს მხარს, თუმცა უპირატესად სიტყვიერად. ანკარასაც აქვს დასაკარგი სამხრეთ კავკასიაში საშიშ თამაშში. სომხეთზე თავდასხმა გარდაუვლად გამოიწვევს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის პასუხს, ანუ ომს რუსეთთან (ეს კი არც კვიპროსია და არც საბერძნეთი). მაშ ვინაა ცხელი მოვლენების ძირითადი დამკვეთი და ბენეფიციარი? 

გამაოგნებელი გამჭრიახობა

მნიშვნელოვნად დაასწრო რა მოვლენებსა და მათზე ვაშინგტონის ოფიციალურ რეაქციას, აშშ-ის დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა აზერბაიჯანსა და სომხეთში პარასკევს, 25 სექტემბერს თავიანთი მოქალაქეები დაძაბული ვითარების შესახებ გააფრთხილეს. აშშ-ის საელჩომ სომხეთში ურჩია ამერიკელებს, უარი ეთქვათ მთიან ყარაბაღსა და დილიჟანის ეროვნული პარკის ჩრდილოეთით განლაგებულ რეგიონებში ვიზიტზე — საქართველოს საზღვრებამდე. იმავე დღეს აშშ-ის საელჩომ აზერბაიჯანში მოუწოდა თავის მოქალაქეებს, არ გასულიყვნენ აფშერონის ნახევარკუნძულს იქით — „სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობის გამწვავების გამო“. შესაძლოა ეს უბრალო დამთხვევა კი არ იყოს, არამედ რთული სამხედრო–პოლიტიკური კომბინაციის შედეგი.

აშშ-ის სწრაფვას, დომინანტი იყოს რუსეთის საზღვებთან როგორც ეკონომიკურ, ისე სამხედრო სფეროში, სრულიად შეესაბამება საშუალო ინტენსივობის გეგმური შეიარაღებული კონფლიქტების სერია კავკასიასა და სხვა რეგიონებში. მათ არ ეცოდებათ დსთ-ის ქვეყნების მოსახლეობა, ხოლო რუსეთის რესურსები გარანტირებულად გადამისამართდება სამხედრო საფრთხის ლიკვიდაციისკენ. ანუ მოსკოვს ნაკლები ძალები და საშუალებები დარჩება ვაშინგტონთან კონკურენციისთვის მსოფლიოს სხვა ნაწილებში. მთიან ყარაბაღში გამწვავება აშკარად უქმნის პრობლემებს რუსეთს და სრულად შეესაბამება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (97)

მთავარი თემები