10:40 29 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
75 0 0

რუსეთი მხარს უჭერს სტრატეგიული შემტევი იარაღის შესახებ შეთანხმებას (CHB–III) და მოუწოდებს აშშ-ს, გააგრძელოს ის.

გალია იბრაგიმოვა, სოფია მელნიჩუკი

მოლაპარაკებები ზაფხულიდან იწელება. ვაშინგტონი დოკუმენტის გადახედვას მოითხოვს, მოსკოვი კი უარზეა რამე შეცვალოს. რა არის პრობლემის არსი?

„არ გვესმის რეაქცია“ 

„პირველი რიგის საკითხი, რომელიც შეიძლება და საჭიროა, რომ ოპერატიულად გადაიჭრას — ეს, რა თქმა უნდა, რუსეთისა და აშშ-ის შეთანხმების გაგრძელებაა სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შესახებ, რომელსაც ვადა 2021 წლის თებერვალში, ანუ ძალიან მალე გასდის. ჩვენ ასეთ მოლაპარაკებებს აშშ-თან ვაწარმოებთ“, — აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა გაეროს გენასამბლეის 75-ე სესიის გახსნაზე.

რუსეთის ლიდერმა მოუწოდა ქვეყნებს, თავი შეიკავონ ახალი სარაკეტო სისტემების განთავსებისგან. გასულ წელს შეერთებული შტატები მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან (INF Treaty) გავიდა, რის შემდეგაც მოსკოვმა მორატორიუმი გამოაცხადა მათ განთავსებაზე ევროპაში. პუტინმა მაშინ ხაზი გაუსვა: „მანამ, სანამ აშშ ამგვარი ზომებისგან თავს შეიკავებს“.

„ჩვენ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ გვესმის რეაქცია ჩვენს წინადადებაზე არც ამერიკელი პარტნიორებისგან და არც მათი მოკავშირეებისგან“, — დაამატა მან.

CHB-III-ის გაგრძელებაზე რეკომენდაცია ასევე არაერთხელ გასცა ანტონიუ გუტერიშმა. აი, აშშ-ის მოთხოვნაზე, ჩართონ შეთანხმებაში ჩინეთიც, გაეროს გენმდივანს ნეგატიური რეაქცია ჰქონდა. ამერიკელები „დიდი შეცდომის“ თაობაზე გააფრთხილა რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამაც.

სტრატეგიული უსაფრთხოების დედაბოძები

CHB-III არის ფუნდამენტური დოკუმენტი ბირთვულ ტექნოლოგიებზე კონტროლის სფეროში. მოაწერეს რა მას ხელი 2010 წელს, მოსკოვმა და ვაშინგტონმა აიღეს ვალდებულება, შეემცირებინათ სტრატეგიული არსენალი. პროცესი ჯერ კიდევ 70-იანებში დაიწყო, როდესაც ცივ ომში მოწინააღმდეგეებმა პირველი ხელშეკრულება გააფორმეს სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შესახებ. მას შემდეგ ამ სფეროში შვიდი ორმხრივი შეთანხმებაა მიღებული.   

აშშ-ს არასდროს დაუყენებია ისინი ეჭვქვეშ, მაგრამ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობამ ყველაფერი შეცვალა. თეთრი სახლის მეთაური ცდილობს, შეთანხმება თანამედროვე რეალობებს მოარგოს და ახალი გამალებული შეიარაღება მას არ აშინებს.

INF Treaty-დან გასვლის გადაწყვეტილება 2019 წლის აგვისტოში შეერთებულმა შტატებმა რუსეთისადმი პრეტენზიებით ახსნა. მთავარი — რომ თითქოს მოსკოვმა დოკუმენტით აკრძალული რაკეტა SSC-8 (რუსული კლასიფიკაციით — 9M729) გამოსცადა. გასაგები მტკიცებულებები ამერიკელებს არ წარმოუდგენიათ.

თუმცა არაფორმალურ საუბრებში ისინი აღიარებდნენ, რომ პრობლემა მოსკოვის ქმედებებში არ იყო. პენტაგონმა იეჭვა, რომ ჩინეთი მცირე და საშუალო სიშორის რაკეტებს ქმნიდა და მოითხოვა, რომ ჩინეთის ხელისუფლება სტრატეგიული შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებას შეერთებოდა. პეკინმა ეს მოთხოვნა უყურადღებოდ დატოვა.

2020 წლის მაისში აშშ „ღია ცის ხელშეკრულებიდან“ გავიდა და კვლავ მოსკოვი დაადანაშაულა, აქაოდა რუსები ფრენების ინსპექტირებას ეწინააღმდეგებიანო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს ბრალდება უარყო. უწყებაში ვარაუდობენ, რომ ამერიკელები აპირებენ აქტიურად აითვისონ კოსმოსი და „ღია ცის ხელშეკრულება“ ამაში ხელს უშლიდა.

ბირთვული პარიტეტი

„აშშ-სა და ნატოს აშფოთებთ, რომ ჩინეთის ბირთვული პროგრამა სწრაფად ვითარდება. როგორც ჩანს, ჩინელები ამ საკითხში ვაშინგტონთან და მოსკოვთან პარიტეტის მიღწევას ცდილობენ“, — განმარტა აშშ-ის სპეცწარმომადგენელმა შეიარაღებაზე კონტროლის კუთხით მარშალმა ბილინგსლიმ.

ვაშინგტონის უკმაყოფილებას იწვევს ისიც, რომ CHB-III არ ზღუდავს რუსეთის ტაქტიკური ბირთვული პოტენციალის ზრდას. ბილინგსლიმ სტრატეგიული შეიარაღების ვერიფიკაციის ამჟამინდელი მექანიზმიც გააკრიტიკა.

დისკუსიები მაინც დაიწყო, მაგრამ ამერიკელებმა მორიგი პირობა წამოაყენეს: აშშ მოითხოვს, შეთანხმებაში ასევე შევიდეს უახლესი რუსული შეიარაღება, რაც ღია კარზე კაკუნს ნიშნავს“, — განაცხადა რუსმა მინისტრმა.

„კარგი წინადადება“

შეხვედრების მეორე რაუნდი სექტემბერში დამთავრდა — გარღვევების გარეშე. აშშ-ს ახალი მოთხოვნა აქვს — მიიღონ დამატებითი ჩარჩო–ხელშეკრულებები.

მასში ამერიკელები ითხოვენ არა მარტო სტრატეგიული, არამედ ტაქტიკური ბირთვული არსენალების ჩართვასაც. ერთადერთი დათმობა ისაა, რომ ვაშინგტონი თანახმაა, დროებით გადაიდოს მოლაპარაკებათა პროცესში ჩინეთის ჩართვა.

„ჩვენ რუსეთს კარგი წინადადება მივეცით“, — განაცხადა ბილინგსლიმ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვი მხოლოდ ამჟამინდელი სახით გაახანგრძლივებს შეთანხმებას. მისი მოქმედების ვადა რამდენიმე თვეში იწურება და რამის შესაცვლელად დრო არ რჩება. უწყებაში აღნიშნეს, რომ შეთანხმების პროცესი თავად ამერიკელებმა გაწელეს.

„თუ ამერიკელები მზად არიან, შეიმუშაონ რაღაც ახალი ინტერესთა ბალანსის საფუძველზე, მაშინ გარიგება შესაძლებელი იქნება. მაგრამ ამას დრო დასჭირდება“, — განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.

„აშშ პრეფერენციების დევნაში“

„ალტერნატივები ცოტაა: CHB-III ან უცვლელად უნდა გახანგრძლივდეს, ან საბოლოოს უნდა ითქვას მასზე უარი“, — მიაჩნია შეიარაღებაზე კონტროლის პრობლემების სპეციალისტს ევგენი მიასნიკოვს.

შეთანხმების მთავარ ფასეულობად მას სტრატეგიული შეიარაღების ვერიფიკაციის სისტემა მიაჩნია.

„წარსულში ძნელი იყო ერთმანეთის ნაბიჯების კონტროლი. მხარეები ყველაზე ცუდი სცენარიდან ამოდიოდნენ, რაც დაძაბულობას ზრდიდა. თუ სისტემა ჩამოიშლება, წარსულის გამეორების რისკი გაიზრდება“, — აცხადებს ექსპერტი.

ახალი ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტს ვადიმ კოზიულინს ეჭვი არ ეპარება, რომ შეთანხმება გაგრძელდება. აშშ-ის მოთხოვნებს ის ფსონების გაზრდისთვის თამაშად აფასებს.

„ტრამპი თავის ამპლუაშია: გარიგების დადების წინ მეტი პრეფერენციის მიღებაზე ვაჭრობს. მაგრამ დრო პრაქტიკულად არ დარჩა და ამერიკელებიც გაგრძელებაზე წავლენ. ახალი პირობები შემდგომი მსჯელობის თემაა. მით უმეტეს, რომ რუსეთსაც აქვს წინადადებები ტაქტიკური ბირთვული არსენალისა და ევროპაში ამერიკული იარაღის თაობაზე“, — ვარაუდობს ექსპერტი.

მისი თქმით, CHB-III-ში არ შედის უპილოტო სისტემები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება ბირთვული იარაღის მატარებლებად განიხილებოდეს.

„უპილოტო აპარატები რუსეთს ბევრ შეკითხვას უჩენს. არსებითად ეს იგივე ფრთოსანი რაკეტაა — მრავალჯერადი გამოყენებიდან გამომდინარე, ის სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენს. მაგრამ CHB-III-ზე შეხვედრების ფარგლებში მოსკოვი ამ თემას ჯერჯერობით არ აჩქარებს“, — შენიშნავს კოზიულინი.

მისი თქმით, კონტროლის სისტემის შენარჩუნება ახლა ძირითადად აშშ-ზეა დამოკიდებული. თუ ვაშინგტონი დიალოგს დათანხმდება, პერსპექტივაში მას შეიძლება ჩინეთიც შეუერთდეს, საფრანგეთიც, დიდი ბრიტანეთიც, ინდოეთიცა და პაკისტანიც — ის სახელმწიფოები, რომლებიც ბირთვულ იარაღს ფლობენ.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

მთავარი თემები