01:40 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
54 0 0

როცა თავად არ შეგიძლია გადაწყვეტილების მიღება, პასუხისმგებლობას სხვას აკისრებ. ბერლინში აცხადებენ, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლაზე გერმანიის რეაქცია, რომლის ნაწილიც შეიძლება იყოს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაჩერება, ბევრადაა დამოკიდებული რუსეთზე.

პიოტრ აკოპოვი

„ჩვენ დღის წესრიგში ყველა ვარიანტს დავაყენებთ და შესაფერის დროს მივიღებთ გადაწყვეტილებას. რუსეთს, გამოძიებაში ჩართვით, შეუძლია წვლილი შეიტანოს იმაში, რომ ამგვარი გადაწყვეტილება მიღებული არ იყოს“, — განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა. ანუ რუსულ–გერმანული ურთიერთობების მომავალი კრემლზეა დამოკიდებული?

მაგრამ რეალურად ეს გერმანიის ხელმძღვანელობა დგას ისტორიული არჩევანის წინაშე — მის უახლოეს ნაბიჯებს განმსაზღვრელი, მართლაც ისტორიული შედეგები ექნება მომავლისთვის. არა რუსეთ–გერმანიის ურთერთობების მომავლისთვის, არამედ თავად გერმანიისა და ე.ი. მთელი ევროპისთვის.

ეს იმიტომ, რომ ნავალნისთან დაკავშირებული მთელი ისტორია ახლა უკვე არის გამოცდა არა რუსეთისთვის, არამედ გერმანიისა და მისი ევროპული პროექტისთვის. ნავალნის უცნაური მოწამვლის ისტორია (თუ ეს მართლაც ასეა) ჯერჯერობით ისევ ძალიან მღვრიეა, მაგრამ მისი სრულიად კონკრეტული გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობა აშკარაა. გერმანიას აიძულებენ, შეაჩეროს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“, თუმცა კარგად იციან, რომ თითქმის დასრულებულ პროექტზე უარის თქმა ძალიან სერიოზულ შედეგებს მოიტანს. არა გერმანული ეკონომიკისთვის (მშენებლობაზე დახარჯული 10 მლრდ ევრო კაპიკებია გერმანიისთვის), არამედ გერმანიის რეპუტაციისთვის.

რუსები საბოლოოდ დაკარგავენ რწმენას, რომ გერმანია დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვის, ხოლო ანგლოსაქსები დარწუნდებიან, რომ, გასული საუკუნის მსგავსად, გერმანელებით მანიპულირება შესაძლებელია — უგუნური ნაბიჯებისა და მათი ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებისკენ ბიძგებით. ევროპელების უდიდესი ნაწილი (მათ შორის იტალიელები და ავსტრიელები, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართული რუსთთან გაზის პროექტებში) დარწმუნდება იმაში, რომ ბერლინი მზადა არაა, ანგარიში გაუწიოს საერთო ევროპულ ინტერესებს. და, რაც ყველაზე მთავარია, თავად გერმანელები დაინახავენ, რომ სუვერენიტეტი მაინც ვერ დაიბრუნეს. ასე რომ, გერმანული პასუხის ფასი ნავალნის მოწამვლაზე ძალიან დიდია, პირველ რიგში, თავად გერმანიისთვის.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ — ეს უბრალოდ მარკერია, სიმბოლო. მაასის მტკიცების მიუხედავად, რუსეთს არაფრით შეუძლია დაეხმაროს ბერლინს: არანაირი ჩართვა ნავალნის მოწამვლის გამოძიებაში არ მოხსნის გერმანიის ხელისუფლებას იმ ვალდებულებას, რომ საკუთარი გადაწყვეტილება მიიღოს. გადაწყვეტილება, რომელიც უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე სანქციების ომის დაწყება რუსეთთან ყირიმის შემდეგ.

ბოლო წლებში ბერლინი წინააღმდეგობას უწევდა ანგლოსაქსებისა და მათი აღმოსავლეთ ევროპელი სატელიტების მცდელობას, გაეჩერებინათ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ იმ მიზეზით, რომ მისი ამოქმედება უკრაინას ტრანზიტიდან მიღებულ ფულს დააკარგინებდა. ხოლო როდესაც მოსკოვთან მოილაპარაკეს, რომ უკრაინის გავლით ტრანზიტის ნაწილი შენარჩუნდებოდა, იმაზე ალაპარაკდნენ, რომ ტირანისგან გაზის ყიდვა ამორალურია, რომელიც აწამებს საკუთარ ხალხს და იყენებს ქიმიურ იარაღს ევროპაში („სკრიპალების საქმე“). მერე იმაზე დაიწყო ლაპარაკი, რომ გერმანია საკუთარ უსაფრთხოებაში ამერიკელებს ფულს აკლებს, რომლებიც მას რუსებისგან იცავენ, სამაგიეროდ ყიდულობენ რუსულ გაზს.

ბერლინში ყველაფერ ამას ისმენდნენ და გაზსადენის მშენებლობას განაგრძობდნენ. დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა, ამერიკასთან ურთიერთობებში სულ უფრო მეტი პრობლემა გაჩნდა — ამ ვითარებაში გერმანიის ხელმძღვანელობა უბრალოდ იძულებული გახდა, დაეცვა საკუთარი ნაციონალური ინტერესები და უფლება, ეხელმძღვანელა ერთიანი ევროპისთვის. თანაც ყველა გერმანელმა პოლიტიკოსმა შესანიშნავად იცის, რომ გერმანელების უმეტესობა გერმანიის უმთავრეს პრობლემად აშშ-ს მიიჩნევს და არა რუსეთს. ასე რომ, შეიძლებოდა ზეწოლას არ დამორჩილებოდნენ.

ნავალნის მოწამვლის ისტორიის „ჩრდილოეთის ნაკადთან“ დაკავშირების მცდელობა თავიდან მორიგ პროვოკაციას ჰგავდა, რომელსაც ბერლინი აირიდებდა. მაგრამ გასული სამი კვირის განმავლობაში გერმანულ პრესასა და პოლიტიკურ წრეებში საგანგებო ხმაურია ატეხილი — ისეთი შეგრძნებაა, რომ ატლანტისტებმა მთელი ძალების მობილიზება მოახდინეს.

მაგალითად, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი იოშკა ფიშერი მსჯელობს, „რა მორალური ფასი შეიძლება იყოს გადახდილი დიქტატურებთან ბიზნესისთვის“, ანუ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის შეჩერებისთვის.

„ფედერალურმა მთავრობამ დაუშვა დიდი სტრატეგიული შეცდომა, გადაწყვიტა რა, დახმარებოდა რუსეთს ამ გერმანულ–რუსული გაზსადენის მშენებლობაში, მიუხედავად ევროკავშირის შიგნით აქტიური წინააღმდეგობისა. ახლა კი ჩვენ ვხედავთ, რა დღეში ჩავცვივდით ამის გამო: პოლიტიკური და ეკონომიკური ზარალი უზარმაზარია“.

ფიშერი სვამს კითხვას:

„რამდენად გონივრულია რუსეთისთანა არასაიმედო პარტნიორთან თანამშრომლობის მუდმივი გაფართოება გრძელვადიანი პერსპექტივის თვალსაზრისით? მიმაჩნია, რომ ეს უკიდურესად არაგონივრულია. ჩვენ ხომ უკვე ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე“.

და ვისთან? იწყება ჩამოთვლა „ნავალნის ანალოგიური მოწამვლებისა და თავდასხმებისა“ — სკრიპალების მოწამვლა, გერმანიაში თავშეფარებული ჩეჩნის მკვლელობა და, რაღა თქმა უნდა, „ოპოზიციონერების მკვლელობა მოსკოვში“.

„ყველა ამ დანაშაულის გათვალისწინებით, აუცილებელია დაფიქრება, რამდენად შეგვიძლია ვენდოთ პარტნიორს, რომლისთვისაც პოლიტიკური მკვლელობები, აშკარაა, რომ არის არა დასანანი გამონაკლისი შემთხვევები, არამედ კანონზომიერება. მიმაჩნია, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ბრჭყალებს გარეთ გატანა დაუშვებელია“.

ხოლო გერჰარდ შრედერს პირდაპირ სთხოვენ განსაზღვროს, ვის მხარესაა. ბუნდესტაგში ფრაქციის თავმჯდომარემ იოჰან  ვადეფულმა მოუწოდა ყოფილ კანცლერს, „დაუყოვნებლივ თქვას უარი ყველა თანამდებობასა და პოსტზე რუსეთში“ (კომპანია „ნორდ სტრიმსა“ და „როსნეფტში“).

შრედერს „მწვანეთა“ ფრაქციის ლიდერისგანაც მოხვდა: ექს-კანცლერმა ახლავე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მხარს უჭერს თუ არა დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებსო, თქვა გერინგ–ეკარდტმა.

ანუ შრედერს „ამორალკისთვის“ გმობენ: როგორ შეგიძლია იმუშაო ამ მკვლელებთანო? „მკვლელობის“ ამბავზე აღარც მსჯელობენ, მიუხედავად იმისა, რომ გერმანელ პოლიტიკოსთა შორის არიან ისეთებიც, ვინც კრემლის ხელაღებით დადანაშაულებას ეწინააღმდეგება და იმავდროულად იმათ ფარისევლობასაც ამხელს, ვინც მაღალ მორალზე მსჯელობს. „მემარცხენეების“ ყოფილმა ლიდერმა სარა ვაგენკნეხტმა განაცხადა, რომ მათ, ვინც ნავალნის საქმის გამო „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე უარის თქმას მოითხოვენ, ნედლეულის სხვა მიმწოდებლებიც ანალოგიური კრიტერიუმებით უნდა შეაფასონ და თანმიმდევრულობა მოითხოვონ მათთვის.

გერმანიის ხელისუფლება შეგნებულად აჭიანურებს პასუხს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნაზე, აიძულებს რა სერგეი ლავროვს, განცხადება გააკეთოს არა მარტო „ბერლინისთვის გაგზავნილი ოფიციალური მოთხოვნებისადმი აბსოლუტურად შეუფერებელ დამოკიდებულებაზე“, არამედ „აბსოლუტურად მიუღებელ ტონზეც“, რომლითაც ბერლინი მსოფლიო საზოგადოებას ამცნობს „რუსეთის კავშირის“ თაობაზე.

რუსეთის საგარეო უწყების პასუხი კი კიდევ უფრო ხისტია. ელჩ გეზე ფონ გაირს, გარდა მტკიცე პროტესტის გაცხადებისა გერმანიის მთავრობის მოქმედებების გამო, გაფრთხილებაც მისცეს: თუ ბერლინი „ბუნდესვერის ექიმების“ სამედიცინო დასკვნებს არ წარმოადგენს, მოსკოვი ამას შეაფასებს როგორც გერმანიის ხელისუფლების უარს ჭეშმარიტების დადგენასა და ობიექტურ გამოძიებაზე.

მსგავსი მკაცრი გაფრთხილებები — ეს არის ყველაფერი, რითიც რუსეთს შეუძლია დაეხმაროს გერმანიის ხელმძღვანელობას. ამასთან ნავალნის გამო „რუსეთის დასჯის“ ზომების მიღებისას ბერლინში უნდა დაფიქრდნენ არა მარტო რუსეთ–გერმანიის ურთიერთობებზე, არამედ თავად გერმანიის მომავალზეც, მის დამოუკიდებლობასა და მთელი ევროპის პასუხისმგებლობაზე. შეცდომის ფასი უზარმაზარი იქნება — არა რუსეთისთვის, არამედ თავად მისთვის.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

მთავარი თემები