00:16 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
97 0 0

მაღალი დონის გასაიდუმლოება, მოიერიშე შეიარაღება და ფართო დაზვერვითი შესაძლებლობები — პენტაგონმა რუსეთის ჩრდილოეთ საზღვრებისკენ საიდუმლო წყალქვეშა ნავი USS Seawolf გაგზავნა.

ნიკოლაი პროტოპოპოვი

მათი მიზანი – თვალყურის დევნებაა რუსული ატომური სუბმარინების მარშრუტისთვის. სამხედრო ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ეს არის სიგნალი მოსკოვისთვის.

„ზღვის მგლის“ აღლუმი

ნორვეგიაში USS Seawolf-ის ჩასვლის თაობაზე ამერიკელებმა ყველას გასაგონად გამოაცხადეს. პენტაგონის ერთ–ერთი ყველაზე საიდუმლო სუბმარინის ფოტოები უწყების გვერდსა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა, ხოლო აშშ–ის წყალქვეშა ძალების სარდალმა, ვიცე–ადმირალმა დერილ კლოდმა ამაყად აღნიშნა, რომ Seawolf–ის გადასვლა ამერიკელი წყალქვეშა ძალების მოქმედებათა გლობალურ ხასიათს წარმოაჩენს და ხაზს უსვამს, რომ მათ მსოფლიო ოკეანის ნებისმიერ წერტილში შეუძლიათ ამოცანის შესრულება.

კონტრ–ადმირალ ანტონი კარულოს თქმით, USS Seawolf–ის ნორვეგიაში ბაზირება ზრდის აშშ–ის ისედაც დიდ შესაძლებლობებს წყალქვეშა ომის წარმოებაზე და ადასტურებს ვაშინგტონის მტკიცე გადაწყვეტილებას, უზრუნველყოს საზღვაო უსაფრთხოება ჩრდილოეთში.

ამ დროისათვის აშშ–ის სამხედრო–საზღვაო ძალებში Seawolf–ის კლასის სამი სუბმარინა შედის. ისინი ჯერ კიდევ 1980 წელს შეიქმნა მოწინააღმდეგის მიერ სრულად კონტროლირებად რაიონებში მოქმედებებისთვის. ეს უკიდურესად ჩუმი ატომური წყალქვეშა ნავია, რომელიც „თანაკლასელებისგან“ ზემაღალი ფარულობით გამოირჩევა. ამასთან მის ბორტზე განთავსებულია მძლავრი გემსაწინააღმდეგო და ნავსაწინააღდეგო შეიარაღება — ტორპედოები, ნაღმები, რაკეტები „ჯარპუნი“ და „ტომაჰავკი“.

წყალმტყორცნი ძრავები ასმეტრიან სუბმარინებს საათში 35 კვანძის სიჩქარით ამოძრავებს. ამასთან, 20 კვანძამდე სიჩქარისას ისინი პრაქტიკულად უხმაუროდ დაცურავენ. იგეგმებოდა, რომ აშშ ოცდაათამდე ასეთ ხომალდს ააგებდა, მაგრამ სამით შემოიფარგლა: ცივი ომის დასრულების შემდეგ ათობით ასეთი რთული და ძვირადღირებული ხომალდი ამერიკულ ფლოტს უბრალოდ აღარ დასჭირდა.

პენტაგონი აზუსტებს, რომ Seawolf აშშ–ის მეორე ფლოტის პასუხისმგებლობის ზონაში ბანგორის სამხედრო–საზღვაო ბაზიდან (ვაშინგტონის შტატი) ჩავიდა. ატომური სუბმარინი ჯერჯერობით ნორვეგიის ტრიომსში რჩება — რუსული წყალქვეშა რაკეტმზიდების მარშრუტის უშუალო სიახლოვეს.

შეგახსენებთ: აშშ–ის მეორე ფლოტი სულ რამდენიმე წლის წინ ააღორძინეს. ცივი ომის წლებში ეს იყო ყველაზე მსხვილი გაერთიანება ამერიკულ სამხედრო–საზღვაო ძალებში. ფლოტი პასუხს აგებდა ატლანტიკის ოკეანისა და ასევე წყნარი და ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანეების ნაწილის აკვატორიაზე. ფლოტის გემებმა და წყალქვეშა ნავებმა რამდენიმე მსხვილ ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა. მაგალითად, კუბის ბლოკადაში 1960–იანების დასაწყისში. ფლოტი 2011 წელს დაშალეს ბიუჯეტის ეკონომიის მიზნით, მაგრამ შვიდი წლის შემდეგ ისევ აღადგინეს „ჩრდილოეთში რუსული სამხედრო–საზღვაო ფლოტის შესაკავებლად“.

„იმას, რასაც ამერიკელები აკეთებენ, შეიძლება დროშის დემონსტრაცია ეწოდოს, — განაცხადა რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტის პირველი რანგის კაპიტანმა იგორ კუდრინმა. — ტრიომსეს არასდროს იყენებდნენ ატომური წყალქვეშა ნავების მუდმივი ბაზირებისთვის. იქ მხოლოდ რემონტი ტარდებოდა და ეკიპაჟი ისვენებდა. შემდეგში Seawolf, ბუნებრივია, რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის პასუხისმგებლობის ზონისკენ გაემართება — ბარენცის ზღვაში. ხომალდი ყინულქვეშ გაივლის — აგვისტო შესაფერისი დროა ამგვარი ცურვისთვის“.

კიდევ ერთი სიგნალი რუსეთს

რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის ექს–სარდალი ვიაჩესლავ პოპოვი ყურადღებას ამახვილებს „დროშის დემონსტრაციის“ სამხედრო–პოლიტიკურ ასპექტზე.

„აშშ–ს სურს აჩვენოს, რომ არქტიკული თეატრი მხოლოდ რუსეთის სამხედრო–საზღვაო ძალების მიერ არ კონტროლდება. ვაშინგტონი აპირებს დააფიქსიროს რეგიონში თავისი სამხედრო ყოფნა. ამერიკელები ეწეოდნენ, ეწევიან და კიდევაც გასწევენ აქ დაზვერვით მისიებსაც. თუმცა რუსი მეზღვაურები, რა თქმა უნდა, თვალს მიადევნებენ მათ გადაადგილებას“, — აღნიშნა ადმირალმა.

აღსანიშნავია, რომ „ზღვის მგლის“ ნორვეგიაში ჩასვლისთანავე ექვსმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა B-52 Stratofortress, რომლებსაც ბირთვული იარაღის ზიდვა შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღო ნორვეგიის სამხედრო–საჰაერო ძალების სწავლებაში. უფრო მეტიც, „მფრინავი ციხე-სიმაგრეების“ ესკადრილიამ ნატოს წევრი 30 ქვეყნის საჰაერო სივრცე გადაკვეთა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. აშშ–ის ევროპული სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ასეთი შემოფრენა უნიკალურია ბომბდამშენების ოპერატიული ჯგუფის რეგულარული მისიების ფარგლებში. მისია „სამოკავშირეო ცა“ მიმართულია ნატოს ფარგლებში სოლიდარობის დემონსტრაციისკენ, საბრძოლო მზადყოფნის დონის გაზრდისა და ერთობლივი ოპერატიული უერთიერთქმედების გაძლიერებისკენ.

თვითმფრინავები ორ გუნდად დაიყო. ოთხი „სტრატეგისგან“ შემდგარი პირველი ჯგუფის მარშრუტი ევროპის თავზე გადიოდა. დანარჩენები ამავე დროს აშშ–სა და კანადის თავზე დაფრინავდნენ. ამასთან „ციხე-სიმაგრეებს“ ნატოს წევრი ქვეყნების გამანადგურებლები მიაცილებდნენ და ცაშივე ამარაგებდნენ საწვავით.

ავიაციის ესოდენ მასშტაბური და საჩვენებელი სწავლებები, ექსპერტების აზრით, ასევე შეიძლება განიხილებოდეს როგორც რუსეთისთვის გაგზავნილი სიგნალი.

საპასუხო რეაქცია

ამასობაში მოსკოვი განზე არ რჩება და ოკეანისგაღმელ კოლეგებს თავის სიგნალებს უგზავნის. მაგალითად, გასულ კვირაში დასავლურ მედიაში ხმაური ატყდა ალასკის მახლობლად ნეიტრალურ წყლებში რუსული ატომური წყალქვეშა ნავის ამოცურვასთან დაკავშირებით. ამერიკელებმა გადაწყვიტეს, რომ ავარია მოხდა და მაშინვე დახმარება შესთავაზეს. მაგრამ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ყველა დაამშვიდა, რომ ატომური კრეისერი „ომსკი“ საშტატო რეჟიმში ამოცურდა — მსხვილმასშტაბიანი სწავლება „ოკეანის ფარი 2020“-ის ფარგლებში.

როგორც გაირკვა, წყნარი ოკეანის ფლოტის ხომალდები ბერინგის ზღვის აკვატორიაში სარაკეტო სროლებს ახორციელებდნენ, მათ შორის ატომური წყალქვეშა ნავი „ომსკიც“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ვიდეორგოლიც გამოაქვეყნა, რომელშიც ასახულია, როგორ ემზადებოდა „ომსკის“ ეკიპაჟი სროლებისთვის, როგორ ყვინთავს ის წყალში, ისმის უკუათვლა და რაკეტის გაშვების ბრძანება.

„ჩვენები გამუდმებით იჭერენ ნატოს თვითმფრინავებს საჰაერო საზღვრების ახლოს. ეს ნორმალური ფუნქციონირებაა. ბოლო დროს ბალტიკისა და შავი ზღვის თავზე ასეთი უამრავი შემთხვევა იყო. ვაჩვენებთ, რომ არც ჩვენ გვძინავს და ვართ იქ, სადაც ვართ“, — განმარტა რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტის მთავარი შტაბის ყოფილმა მეთაურმა ვიქტორ კრავჩენკომ.

სწავლება „ზღვის ფარი“ ბალტიის ზღვიდან წყნარ ოკეანამდე აკვატორიაში მიმდინარეობს. მასში ათობით საბრძოლო გემი, წყალქვეშა ნავი, საზღვაო ავიაცია და სანაპირო დაცვაა ჩართული. ყველაფერი ბალტიის ზღვაში დაიწყო, სადაც მეზღვაურებმა ნავ- და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მოქმედებები დაამუშავეს, გემებმა კი ტორპედული და საარტილერიო სროლები განახორციელეს.

ამ დღეებში სწავლების შემდგომი ეტაპი დაიწყო წყნარი ოკეანის ფლოტში — 50–ზე მეტი გემი და ორმოცამდე თვითმფრინავი და ვერტმფრენი ათობით სასწავლო–საბრძოლო ამოცანას ასრულებს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

მთავარი თემები