06:19 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
81 0 0

მსხვილმა ამერიკულმა ბანკმა, რომელიც ცნობილია თავისი პოლიტიკური გავლენითა და იმით, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ათობით მაღალი რანგის ჩინოვნიკი მათი ყოფილი თანამშრომელია, შოკისმომგვრელი განცხადება გაავრცელა: დოლარის მთავარი მსოფლიო ვალუტის სტატუსს შესაძლოა ბოლო მოეღოს.

ივან დანილოვი

Goldman Sachs-ი ფინანსურ წრეებში ფართოდ ცნობილი სტრუქტურაა, რომელიც ერთი ტრილიონი დოლარის აქტივებს მართავს, უოლ-სტრიტის დიდი პატივისცემით სარგებლობს, კონვეიერული მეთოდით ამარაგებს თავისი ექს-თანამშრომლებით აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მაღალ თანამდებობებზე და ასევე ფლობს კორპორატიულ მეტსახელს Vampire squid („ვამპირი კალმარი“). ეს მეტსახელი ბანკს ჟურნალისტმა მეტ ტაიბიმ შეარქვა 2008 წლის კრიზისის შემდეგ და შერჩა კიდეც.

„პირველი, რაც უნდა იცოდეთ Goldman Sachs-ის შესახებ, ეს ისაა, რომ ის ყველგანაა. მსოფლიოში ყველაზე მძლავრი საინვესტიციო ბანკი — ეს კალმარი–ვამპირია, რომელიც კაცობრიობის სახეს შემოხვევია და უმოწყალოდ არჭობს თავის სისხლიან ძაბრს ყველაფერში, რასაც ფულის სუნი უდის“, — წერდა ტაიბი თავის ჟურნალისტურ გამოძიებაში, რომელიც 2010 წელს გამოქვეყნდა ჟურნალში The Rolling Stone.

ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე, როდესაც „კალმარი–ვამპირი“ რაიმე საჯარო პოზიციას აფიქსირებს (მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, როდესაც მისი შეფასება მკვეთრად განსხვავდება მეინსტრიმული მედიაკლასის წარმოდგენებისგან მოსალოდნელის შესახებ), მას აუცილებლად უნდა დაეთმოს ყურადღება.

დოლარის, როგორც მსოფლიო ვალუტის პერსპექტივების კრიტიკა სწორედ ამერიკული ბანკისგან ორმაგად საკვირველია. ხომ ცნობილია, რომ აშშ-ში „ჩაწერილი“ გლობალური ფინანსური სტრუქტურები სპეციფიკური, არც ისე შესამჩნევი პატრიოტიზმით ხასიათდებიან, რასაც ისინი პერიოდულად ამყარებენ მომავალი სენატორებისა და კონგრესმენებისთვის უხვი შეწირულობების გადარიცხვით. რაღაც აზრით, Goldman Sachs-ი — ეს ამერიკაა, უფრო ზუსტად კი — თანამედროვე, დაზგისგან განდგომილი და ფინანსურ მანიპულაციებში ღრმად ჩაფლული ამერიკა. ოდესღაც შეერთებული შტატების სიმბოლო იყო არა ბანკი, არამედ სამრეწველო კორპორაცია General Motors, რომლის შესახებაც თავდაცვის მინისტრი ვილსონი ამბობდა, რაც კარგია General Motors-სთვის, ის კარგია ამერიკისთვისო.

ახლა აშშ-ის სიმბოლოდ ისეთი საინვესტიციო ბანკი მიიჩნევა, რომელიც პერიოდულად ღებავს თავის ლოგოტიპს უმცირესობების ფერებში, აქვს ღრმად ამორალური, მაგრამ გავლენიანი სტრუქტურის რეპუტაცია და ახლა ძალიან ღელავს ამერიკული ვალუტის ბედზე, რომლის პრობლემებიც სერიოზულ გავლენას მოახდენს ამერიკის პერსპექტივებზე მთლიანობაში.

ამერიკული ფინანსური ინფორმაციის სააგენტო Bloomberg ავტორიტეტული ბანკის ანალიტიკოსების შიშებზე წერს:

„Goldman Sachs Group Inc.-მა ყურადღება მიაქცია აშშ-ში ინფლაციასთან დაკავშირებით მოულოდნელად გაძლიერებულ შფოთვებს, გაავრცელა რა სამშაბათს თამამი გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ დოლარს მსოფლიო სარეზერვო ვალუტის სტატუსის დაკარგვის რისკები ემუქრება.

გამომდინარე იქიდან, თუ როგორ უახლოვდება კონგრესი ფისკალური სტიმულირების მორიგ რაუნდს, რათა პანდემიით გაღარიბებულ ეკონომიკას მხარი დაუჭიროს, ხოლო ფედერალურმა რეზერვმა უკვე გაზარდა თავისი ბალანსი დაახლოებით 2,8 ტრილიონი დოლარით ამ წელს, Goldman-ის სტრატეგები გვაფრთხილებენ, რომ აშშ-ის პოლიტიკა „ვალუტის გაუფასურების შიშებს“ იწვევს, რამაც შეიძლება ბოლო მოუღოს დოლარს, როგორც დომინანტ ძალას მსოფლიო სავალუტო ბაზრებზე“.

Goldman Sachs-ის ანალიტიკოსებს სათანადოდ უნდა მივუზღათ: ჯერ კიდევ გაზაფხულზე, როდესაც აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის საბეჭდი დაზგა, ის-ის იყო, მუშაობას იწყებდა აშშ-ის ბიუჯეტისა და ფინანსური ბაზრების მხარდასაჭერად ეპიდემიის პირობებში, ხოლო კონგრესი და სენატი ეკონომიკაში საბიუჯეტო გადასხმების ზომებსა და თანამდევ დეფიციტის ზრდაზე მსჯელობდნენ, ბანკი კლიენტებთან სპეციალურ თათბირებს ატარებდა და არწმუნებდა მათ, გადაეცვალათ დოლარი ოქროზე (ან ბიტკოინებზეც კი), გამომდინარე მოსალოდნელი ინფლაციის საფრთხეებიდან. ახლა ბანკმა გადაწყვიტა, იგივე პრობლემა მაქსიმალურად ფართო აუდიტორიის წინაშე გამოიტანოს,  და ეს მას მშვენივრად გამოუვიდა — დოლარის, როგორც პლანეტის უმთავრესი ვალუტის სტატუსის დაკარგვის საფრთხეებზე ლამის მსოფლიოს ყველა წამყვანმა მედიასაშუალებამ დაწერა.

რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია, რომ „ფინანსური წრეების უმეტესობაში ეს მოსაზრება ჯერ ისევ უმცირესობაში რჩება (როგორც ამას სამართლიანად შენიშნავენ Bloomberg-იც და სხვა მედიაკომენტატორებიც), ხოლო Goldman-ის ანალიტიკოსებს არ მიაჩნიათ, რომ სტატუსის დაკარგვა აუცილებლად მოხდება“.

ამ სახის ტიპური პოზიციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ აშშ-ის დოლარი „ახლოსაც კი არ არის იმასთან, რომ სარეზერვო ვალუტის სტატუსი დაკარგოს — კაპიტალის ბაზრების სიღრმისა და გლობალური ტრანზაქციების გათვალისწინებით, რომლებიც დოლარში ხორციელდება“, — განუცხადა Bloomberg-ს მაიკლ კრუპკინმა, ბრიტანული ბანკი Barclays-ის ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში სავალუტო ვაჭრობის ხელმძღვანელმა.

პრობლემა ისაა, რომ როცა ამ პოზიციას ამერიკული ანალიტიკური საზოგადოების დიდი ნაწილი გაითავისებს, უკვე გვიანი იქნება – იმ აზრით, რომ ამერიკული ვალუტის დომინირებაზე აგებული მსოფლიო სისტემის დემონტაჟი ან უკვე დასრულებული იქნება, ან უკვე გადალახული ექნება უკან დაბრუნების წერტილი.

კიდევ ერთ არგუმენტად იმის სასარგებლოდ, რომ დოლარის სისტემა ყველა კრიტიკოსს მოინელებს, შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ მან წინა „შეტევა“ გადაიტანა 2008–2009 წლებში. მაგრამ ამ არგუმენტის პრობლემა ისაა, რომ საბეჭდი დაზგის მუშაობის ინტენსივობა ვერანაირად ვერ შეედრება იმას, რაც გასული კრიზისის დროს ხდებოდა, როცა აშშ ერთპოლარული სამყაროს უდავო ლიდერი იყო.

ახლა ვითარება სულ სხვაგვარად გამოიყურება: ამერიკული ქალაქები იწვის, ორივე წამყვანი პარტია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არაღიარებასა და შესაძლო სამოქალაქო ომზე მსჯელობს, ხოლო ერთპოლარული სამყარო უკვე აღარ არსებობს — და მთელი საქმე მხოლოდ ისაა, რა ფორმას მიიღებს აშშ-სა და ჩინეთს შორის უკვე დაწყებული ცივი ომი.

ბრძენმა და კარგად ინფორმირებულმა „კალმარმა–ვამპირმა“ ტყულად არ ატეხა განგაში. გავლენიანი ბანკის გაფრთხილება აუცილებლად იქნება გაგონილი, მაგრამ უკვე არსებობს სერიოზული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები გამოავლენენ იმ არაპოპულარულ ნაბიჯებზე წასვლის უნარს, რომლებიც დოლარის მთავარ მსოფლიო ვალუტად შენარჩუნებას დასჭირდება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

მთავარი თემები