00:04 05 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6021
  • 100 RUB4.1678
  • USD3.0719
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
214 0 0

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების დასახელებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ თბილისში კახა კალაძეს საკუთარი კვოტაც აქვს და მნიშვნელოვან გავლენასაც მოახდენს არჩევნების შედეგებზე.

თუ დასახელებული 8 კანდიდატიდან 4 პირადად ბიძინა ივანიშვილის კადრია, 4 კახა კალაძესთანაა მჭიდრო კავშირში. დავით სერგეენკო, გია ვოლსკი, სოზარ სუბარი და კახა კახიშვილი პირადად ბიძინა ივანიშვილის კადრები არიან. ლევან კობიაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, ბექა ოდიშარია და ნოდარ ტურძილაძე კი პირდაპირ კახა კალაძის რჩეულები არიან. რა თქმა უნდა, მათი წარდგენა მმართველი ძალის უმრავლესობისთვის მისაღები იყო.

8 კანდიდატიდან გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი კახა კახიშვილს აქვს, რადგან, გარდა ნაკეთები საქმეებისა, მას საკმაოდ სერიოზული დიპლომატიური ურთიერთობები უმაგრებს ზურგს. კახიშვილის კონკურენტები გიორგი ვაშაძე და დავით ჭიჭინაძე იქნებიან და გარკვეულ ხმებს, რა თქმა უნდა, წაიღებენ, მაგრამ დასახელებული კანდიდატებიდან, სავარაუდოდ, ყველაზე მაღალი პროცენტი კახიშვილს უნდა ერგოს.

მეორე უაღრესად დაძაბული ოლქი საბურთალო იქნება. აქ უკვე გამოკვეთილია ალეკო ელისაშვილისა და თაკო ჩარკვიანის კანდიდატურები. რა თქმა უნდა, სერგეენკოს კარგი ავტორიტეტიც აქვს და სახელისუფლებო ძალაც ყველაფერს გააკეთებს მის გასაყვანად, მაგრამ მასაც სერიოზული მუშაობა და დაპირებების გაცემა მოუწევს.

ძალიან საინტერესოა, ვინ გახდება გია ვოლსკის კონკურენტი დიდუბე-ჩუღურეთში. თავის დროზე ვრცელდებოდა ხმები აქ რიმა ბერაძისა და გამგებელ ირმა ზავრადაშვილის კანდიდატობაზეც, მაგრამ სულ მთლად უფროსმა ვოლსკის დაუჭირა მხარი და ახლა საკრებულოს წევრსაც და გამგებელსაც ისღა დარჩენიათ, ვოლსკის მიეხმარონ, თუ სურთ პოზიციების შენარჩუნება.

თანაც, დიდუბე-ჩუღურეთში ხან გიორგი მარგველაშვილისა და ხანაც მამუკა ხაზარაძის კანდიდატურებს ასახელებენ, რაც სულაც არაა ხელწამოსაკრავი.

ყველაზე მეტად მოგება სოზარ სუბარს უნდა გაუჭირდეს... ყოველ შემთხვევაში, აქ მეორე ტურის ალბათობა მაღალია. მართალია, ის და ლევან ხაბეიშვილი სხვადასხვა წონით კატეგორიაში გადიან, მაგრამ ხაბეიშვილი თავადაც ძალიან აქტიურია და ბევრი განაწყენებული ადამიანიც დაუდგება გვერდით, რომ აღარაფერი ვთქვათ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებზე.

საკმაოდ დაძაბული ბრძოლა და მეორე ტურია მოსალოდნელი ვაკეში, სადაც ერთმანეთს მოქმედი გამგებელი და ევროპული საქართველოს ლიდერი ელენე ხოშტარია შეერკინებიან.

სერიოზული ბრძოლაა მოსალოდნელი ენმ-ის კანდიდატ ნიკა მელიასა და „ქართული ოცნების“ კანდიდატ ლევან კობიაშვილს შორის გლდანში. ცნობილია, რომ ფული, გავლენები და ცნობადობა არც ერთ მათგანს არ აკლია. ვნახოთ, როგორი იქნება შედეგები.

ასევე სერიოზულ ბრძოლას ვარაუდობენ მიხეილ ყაველაშვილსა და შალვა ნათელაშვილს შორის ნაძალადევში. მართალია, ყაველაშვილი ნათელაშვილს არ ცნობს პოლიტიკაში და პირიქით, მაგრამ ცხადია, მაჟორიტარი ერთ-ერთი მათგანი, დიდი ალბათობით, სახელისუფლებო კანდიდატი გახდება, თუმცა ნათელაშვილის მოხვედრა პარლამენტში თავისი პარტიის რეიტინგით და ხატოვანი შედარებებით არ მოგვაწყენს.

მერე რა, რომ ნაცების დროს ნაცებს წირავდა ფულს, ოცნების დროს - ოცნებას. დიდი საიდუმლო არაა, რომ მისი გული მაინც ნიკო ლეკიშვილის დროინდელ საქართველოს ეკუთვნის. მთაწმინდელებს ბექა ოდიშარია შესთავაზებს საკუთარ კანდიდატურას და, ალბათ, მოიგებს კიდეც, რადგან ოპოზიციამ ისევ მრავალნაცადი შალვა შავგულიძე დააყენა აქ კანდიდატად.

უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, ლელოც დაასახელებს საკუთარ რჩეულებს. ასე რომ, ბრძოლა თბილისისათვის გადამწყვეტ ფაზაში სექტემბერ-ოქტომბერში შევა.

 

მთავარი თემები