შვილების აზრი მშობლებისთვის: რატომ არ გვიყვარს სკოლა

© Pixabay / Wokandapixსაკლასო ოთახი
საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რას იზამდით თუ თქვენი შვილი ერთ მშვენიერ დღეს სკოლაში წასვლაზე უარს განაცხადებდა? ალბათ ძალიან გაუბრაზდებოდით, რაზეც მე გიპასუხებთ, რომ გაბრაზება გამოსავალი არ არის და თქვენი შვილის ამ საქციელს სიზარმაცის გარდა კიდევ შეიძლება მრავალი მიზეზი ჰქონდეს.

დიდი ხანი არაა რაც სკოლა დავამთავრე. კარგად მახსოვს, როგორი სიხარულით მივდიოდი პირველ დღეს. ისიც კარგად მახსოვს, დროსთან ერთად როგორ გაქრა სიხარულიც და სწავლის სურვილიც. მეტიც, ერთ ბედნიერ დღეს სკოლის დაწვა და სწავლის შეწყვეტა ჩემი და ჩემი მეგობრების აუხდენელ ოცნებად იქცა. ამის მიზეზი კი ბევრი გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ კარგი კლასელები მყავდა და მასწავლებლების უმეტესობასაც არაფერს ვუჩიოდი, სკოლაში სიარული მაინც მთელი არსებით მეზარებოდა და ასე მარტო მე კი არა, მოსწავლეების აბსოლუტური უმეტესობა იყო. 

ვირტუალური რეალობა - Sputnik საქართველო
ვირტუალური რეალობა თუ რეალური სამყარო: VR ტექნოლოგიების ახალი ეპოქა

თაობების ცვლილების მიუხედავად, სკოლისადმი ნეგატიური დამოკიდებულება იგივე დარჩა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ პრობლემა ჩვენში კი არა, სისტემაშია. მართალია, სისტემის საფუძვლიან განხილვას ახლა ვერ დავიწყებ, რადგან ამდენი არც ცოდნა მაქვს და არც გამოცდილება, მაგრამ შემიძლია გესაუბროთ იმ მიზეზებზე, რამაც ახალგაზრდა თაობის უმეტესობას სკოლაზე გული აუცრუა.

არსებითად, სკოლა უნდა იყოს ის ადგილი, სადაც მოსწავლეები თავიანთი ინტელექტუალური მოთხოვნილებებისა და ინტერესის დაკმაყოფილებას შეძლებენ. სხვა შემთხვევაში მათ უბრალოდ სწავლის მოტივაცია არ ექნებათ, ხოლო მოტივაციის გარეშე არათუ ბავშვები, მოზრდილი ადამიანიც ვერ აკეთებს თავის საქმეს. ხშირ შემთხვევაში მოსწავლეებისთვის მოტივაცია ან სასწავლო განწყობის შექმნა არავის აინტერესებს და თითქმის ყველა გაკვეთილი მასწავლებლის მკაცრი სახის გამომეტყველებით და უინტერესო მასალით იწყება.  

გულის ფორმის ბოქლომი წარწერით „ადამი და ევა“ - Sputnik საქართველო
სიყვარულო ძალსა შენსა, ანუ რა ღირს „ვალენტინობა“ ქართველი ახალგაზრდებისთვის

„თუ არ ისწავლი, ნიშანს ვერ მიიღებ და შემდეგ კლასშიც ვერ გადახვალ!“ – მეეჭვება მოსწავლეებთან ურთიერთობის დასაწყებად ამაზე ცუდი წინადადება არსებობდეს ბუნებაში. არადა, ფაქტია, რომ ბევრი მასწავლებლისთვის ცუდი ნიშნის დაწერა კოზირივითაა. სკოლის აბსურდულმა სისტემამ მოახერხა და მოსწავლეების სწავლის დონის შეფასების ხერხს სადამსჯელო ფუნქციაც მიანიჭა. შესაბამისად, ჩვენი სწავლა ცუდი ქულისგან ან დასჯისგან გადარჩენის პროცესი იყო. რეალურად კი რისთვის უნდა გვესწავლა – ეს არავის აუხსნია. ხოლო ჩვენით ამის გასააზრებლად მაშინ ძალიან პატარები ვიყავით.

მე პირადად მხოლოდ უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ გავიაზრე ბოლომდე, თუ როგორი აუცილებელია სწავლა. ისიც მარტო იმიტომ, რომ იქ არჩევანის მეტი თავისუფლება მქონდა და ამასთან ერთად სულ სხვა დონის ლექტორები მასწავლიან ჩემთვის საყვარელ პროფესიას. 

ახალგაზრდები ქალაქის ფინზე - Sputnik საქართველო
ქურდული სამყაროს აჩრდილები: რატომ იზიდავთ მოზარდებს კრიმინალური ცხოვრება

ზოგადად, საქართველოში კვალიფიციური მასწავლებლების სერიოზული დეფიციტია ამ პროფესიის არაპრესტიჟულობისა და დაბალი ანაზღაურების გამო. მართალია, ჩემი მასწავლებლების უმეტესობა ძალიან მიყვარდა, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ცოტა თუ აკმაყოფილებდა მოსწავლეების მოთხოვნებს. ასეთი მასწავლებლების არაკვალიფიციურობის გამო ბევრ მოსწავლეს საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეექმნა.

მაგალითად, მახსოვს, მესამე კლასში ჩვენმა მასწავლებელმა გვათამაშა თამაში, რომელიც შემდეგი შინაარსის იყო: წინასწარ დარიგებულ ფურცლებზე მოსწავლეებს სხვადასხვა ნომინაციებში („ყველაზე კარგი მოსწავლე“ „ყველაზე კარგი ბიჭი“ და ა.შ.) უნდა დაესახელებინათ თანაკლასელები, ყველაზე მეტი ხმის ადრესატი კი კარგ ქულას იგებდა. სახალისო თამაშია არა? ნეტავ რა უნდა მოხდეს ცუდი? ასე ვფიქრობდით ჩვენც მანამ, სანამ არ გაირკვა, რომ „ნომინაციებში“ ბავშვების ნაწილი ერთხელაც კი არ დასახელებულა. თითქოსდა ისეთი არაფერი, მაგრამ ბევრ ჩემს მეგობარს ამ გაკვეთილის შემდეგ სოციუმთან ურთიერთობის კომპლექსი ჩამოუყალიბდა.

როლური თამაშები - Sputnik საქართველო
ლისზე გაცოცხლებული ფანტაზიები: თუ რაინდად, პრინცესად ან მაგად გადაქცევა გსურთ...

გასაოცარია, რამხელა გავლენა შეუძლია ჰქონდეს მასწავლებლის ერთ გაკვეთილს მოსწავლეებზე. ალბათ ამ გავლენის დამსახურებაა საზოგადოებაში დამკვიდრებული ერთფეროვნებაც. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მოსწავლე ინდივიდუალურია, სკოლებში ძალიან არ უყვართ, როცა ამას გამოხატავ და გამოიყურები განსხვავებულად. დაუშვებელია სხვანაირად ჩაცმა, განსხვავებული სტილის თუ ფერის თმები და ა.შ.

გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ბავშვი თავისებურია, ყველა მათგანი ვერ შეასრულებს დავალებას ერთნაირი წარმატებითა და სისწრაფით. სკოლის სისტემა კი პროგრამების სწრაფად ათვისებაზეა გათვლილი. შესაბამისად, ის ბავშვები, რომლებიც გაკვეთილების ჩქარა სწავლას ვერ ახერხებდნენ, მუდმივ მარცხს და წარუმატებლობას განიცდიდნენ, რაც კიდევ უფრო აძლიერებს სკოლისადმი სიძულვილს.

ამასთან ერთად სკოლებში ზოგიერთ საგანს სხვებთან შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა. ისეთი საგნები, როგორებიც არის ხელოვნება, სამოქალაქო განათლება ან ფიზკულტურა თითქმის არ ისწავლება, სამაგიეროდ, დამატებით ტარდება ქიმია, ფიზიკა ან მათემატიკა. არასწორად არ გამიგოთ, რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის ეს საგნებიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რატომ უნდა ისწავლოს მოსწავლემ ფიზიკა ან მათემატიკა გაძლიერებული წესით, თუ მას ხელოვნებაში ან სპორტში აქვს განსაკუთრებული ნიჭი? მოსწავლეებს არჩევანის საშუალება აუცილებლად უნდა ჰქონდეთ.

საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაცია - Sputnik საქართველო
პროფესიონალურ სპორტში გადაზრდილი ბავშვური თამაში – რა არის კიბერსპორტი?

იმას მეც ვეთანხმები, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეს არ შესწევს უნარი დამოუკიდებლად გააკეთოს არჩევანი, რადგან წარმოუდგენელია ასეთ ადრეულ ასაკში მიხვდე – რისი კეთება გინდა ცხოვრებაში. თუმცა არ მესმის, რატომ არ ვაძლევთ ამის საშუალებას მაღალ კლასებში? ამის საუკეთესო მაგალითი ამერიკული High School სისტემაა. მარტივად რომ ავხსნათ, ეს პროგრამა სკოლაში 8-წლიანი სწავლის პერიოდის შემდეგ იწყება და 4 წელი გრძელდება. იგი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს აირჩიონ თავისთვის სასურველი საგნები, რაც ხელს უწყობს ბავშვებს მომავალი პროფესიისთვის კიდევ უფრო უკეთესად მომზადებაში. სწავლის ეს პერიოდი ამერიკელი მოსწავლეებისთვის თითქმის არ განსხვავდება უნივერსიტეტის წლებისგან. მართალია, ამ სისტემის სრული კოპირება შეუძლებელია და არც კარგი იქნება ჩვენთვის, მაგრამ ამ სისტემისგან ნამდვილად შეიძება ბევრი კარგი რამის სწავლა.

 Street Art - Sputnik საქართველო
ქუჩის მხატვრობა: კრიმინალი თუ ნამდვილი ხელოვნება

ამ ყველაფერთან ერთად ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სკოლის პერიოდში აუარებელი საშინაო დავალება იყო. 12-წლიანი სწავლის მანძილზე ერთხელაც არ მიმიღია ნორმალური ახსნა იმისა, თუ რატომ იყო აუცილებელი დიდი ოდენობით საშინაო დავალების სახლში მომზადება. მასწავლებლებმა რომ ვერ ამიხსნეს, ინტერნეტში დავიწყე ქექვა, თუმცა კვლევების უმეტესობა ამტკიცებს, რომ, მართალია, საშინაო დავალება მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, მაგრამ გადაჭარბებით დავალებებს უკუშედეგი აქვს მოსწავლეების მომზადების მხრივ.

ზოგად პრობლემებთან ერთად ყველა სკოლაში ინდივიდუალური პრობლემები დგას, რომლებიც კიდევ უფრო აშორებს ამ დაწესებულებებს მოსწავლეებისგან. დღევანდელმა გაუმართავმა განათლების სისტემამ მოგვცა ის, რომ სკოლები ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ, რაც საბოლოო ჯამში იწვევს იმ გრძნობას ჩვენში, რაც უკვე დიდი ხანია გაგვაჩნია მის მიმართ.  ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუ თქვენმა შვილმა ერთ დღეს სკოლაში წასვლაზე უარი განაცხადა. ყველაფერს ბავშვის სიზარმაცეს ნუ დააბრალებთ და ტყუილად გაბრაზების ნაცვლად ჯობს პრობლემის ძებნა დაიწყოთ...

 

ყველა ახალი ამბავი
0