09:22 16 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2855
  • 100 RUB4.6066
  • USD2.9607
ტელეკომპანია რუსთავი 2

სად აპირებენ საქმიანობის გაგრძელებას „რუსთავი 2"-ის ყოფილი ჟურნალისტები

© Sputnik / Alex Shlamov
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
ლანა ჩეჩელაშვილი
93520

ვინ დგას რეალურად „მთავარი არხის“ უკან? – კითხვა, რომელიც გუშინდელი მოვლენების შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

ერთ თვეში „რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ან გირაოს, 40 000 ლარის გადაუხდელობის გამო დააპატიმრებენ, ან ამავე დროში გვარამია ამ ტელევიზიიდან წამოსულ ჟურნალისტებთან ერთად ახალ ტელევიზიას გააკეთებს და არჩევნებამდე დარჩენილ ერთ წელიწადში კიდევ უფრო მეტად ეცდება, ნერვები მოუშალოს ხელისუფლებას.

მართალია, „რუსთავი 2“ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს და მან ერთ თვეში გარკვეული ცვლილებებიც მოასწრო არხზე, მაგრამ გუშინ ნოდარ მელაძის პატარა კომენტარს სოციალურ ქსელში 1500-ზე მეტი მოწონება და 300-ზე მეტი კომენტარი აქვს, ხოლო ქიბარ ხალვაშს – სულ 300 „ლაიქი“ და ორიოდე ცნობილი სახის არაფრისმთქმელი კომენტარი. ანუ, გარდა იმისა, რომ ნაციონალების მომხრეები ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები არიან, საზოგადოება მაინც დაჩაგრულის მხარესაა, მით უმეტეს, როცა საქმე ჟურნალისტებს ეხება და რეპუტაციულად ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით ბევრად მეტად შეიძლება დაზარალდეს, ვიდრე არხის კრიტიკა აზარალებდა.

და, მაინც, იყო თუ არა რევოლუციამდელი „რუსთავი 2" ანგაჟირებული და ერთი პოლიტიკური ძალის მსახური? რა თქმა უნდა, იყო. აკი გაეპარა კიდეც მიხეილ სააკაშვილს თავის ფბ-ზე ფრაზა, „საქართველოს განათების" გეგმას 9-საათიან „კურიერში“ ნოდარ მელაძეს მივცემო.

და, მიუხედავად ამისა, ხალხს მწარე სიმართლის მთქმელი და ხელისუფლების შეცდომების დამთვლელი მასმედია უფრო მოსწონს, ვიდრე დამტკბარ-დაშაქრული წამყვანები, რადგან ზუსტად იციან, ამ ბრიოლინიანი მხარდაჭერის უკან უბრალოდ კარგი ცხოვრების სურვილი დგას და სხვა არაფერი...

მაინც რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში?

სააკაშვილის გენპროკურორის მოადგილემ და განათლების ყოფილმა მინისტრმა ნიკა გვარამიამ უკვე დაარეგისტრირა „მთავარი არხი", რომლის 51 პროცენტის მფლობელი თავადაა. მათ აქვთ სიხშირეც, კადრები, გამოცდილება, კონტაქტები და ახლა უკვე – თავისუფალი სიტყვისათვის წამებულის იმიჯიც.

ის, რასაც ზედაპირზე ვხედავთ, ჟურნალისტების პროტესტია არხის ახალი მესაკუთრის მიმართ, კულუარებში კი გამალებული მოლაპარაკებები მიმდინარეობს ახალი არხის დაფინანსებაზე. ჯერჯერობით ორი წყაროა გამოკვეთილი:

ამბობენ, რომ ნიკა გვარამია შეხვდა „რუსთავი 2“-ის ყოფილ მესაკუთრე ყარამანიშვილებს და მათ ახალი არხის გაკეთება შესთავაზა. რა თქმა უნდა, თუ ეს გარიგება შედგა, ის კავშირში იქნება მიხეილ სააკაშვილის გავლენებთანაც.

მეორე, უფრო სარწმუნო ვერსია კი იმასთან დაკავშირებით ვრცელდება, რომ გვარამიას კომპანიას ლონდონში თავშეფარებული ქართველი ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი დააფინანსებს და ახალი ტელევიზია ტელეკომპანია „იბერიის" მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას დაეყრდნობა.

თუმცა სავარაუდოა, რომ ეს თანამშრომლობა არ იქნება ასეთი აფიშირებული.

გვარამიას ხელს აძლევს მისი დაკავებაც. როგორც ჟურნალისტი და გვარამიას მეგობარი ელისო კილაძე წერს, გვარამიას შედგენილი ჰქონია წიგნების სია და ჩამოწერილი საქმეები, რომელთა მოგვარებასაც ციხეში აპირებს.

ამბობენ იმასაც, რომ გვარამიას დაპატიმრების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო სიის პირველ ათეულში მის ჩაწერას აპირებს და პარლამენტში შესვლის შემდეგ ხელისუფლება იძულებული გახდება, ის გაათავისუფლოს.

თავისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში კი გვარამიას „მთავარ არხს", სავარაუდოდ, პირველივე დღეებიდან მაღალი რეიტინგი ექნება.

უდავოა, რომ ხელისუფლება ანგაჟირებულ „რუსთავი 2"-ზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმარჯვებს, თუ მათ ნამდვილი პროფესიონალებითა და იდეალისტებით ჩაანაცვლებს და არა ტროლებითა და ფულის შოვნის სურვილით შეპყრობილი გაქოცებული ნაცებით...

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

მთავარი თემები