02:51 19 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2797
  • 100 RUB4.6131
  • USD2.9691
რუსთავი 2-ის ლოგო

მედიასთან ომი ჯერ არც ერთ ხელისუფლებას არ მოუგია - ვინ გააკონტროლებს ქართულ მედიაბაზარს?

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
233 0 0

საქართველოს სულ რაღაც ერთ წელიწადში უმნიშვნელოვანესი არჩევნები ელის. ბუნებრივია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამ დროისათვის რომელი პოლიტიკური ძალა გააკონტროლებს ქართულ მედიაბაზარს.

მართალია, ინტერნეტისა და ფეისბუქის ეპოქაში რაიმის დამალვა ხელისუფლებისათვის ძალიან ძნელია, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკურად აქტიური ნაწილი მაინც ტელევიზიების მაყურებელია და, შესაბამისად, მის პოლიტიკურ გემოვნებას ტელევიზიები განსაზღვრავენ.

ქართულ მედიაბაზარზე რომ რუსთავი-2-ის შესახებ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ ახალი რეალობა შეიქმნა, ფაქტია.

ქიბარ ხალვაშმა ძალიან სწრაფად გამოაცხადა, რომ ტელევიზია ვალებშია და მისი გაყიდვის სურვილი გამოთქვა. ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, ტელევიზიის ყიდვის სურვილი გიორგი კაპანაძემ, მეტსახელად რიჟამ გამოთქვა, რომლის უკანაც, მისი სტატუსის მიხედვით, ვანო ჩხარტიშვილი დგას.

„დილის ნიუსი: რუსთავი-2-ს ყიდულობს „რიჟა", გიორგი კაპანაძე, ბავშვობის მეგობარი რომ ჩაწერა და დააჭერინა (იგულისხმება გიგი უგულავას ქვისლი). მენეჯმენტში მოჰყავს ნინო შუბლაძე, ხათუნა ბერძენიშვილი და თაკო ფხაკაძე... და ესენი მე მეძახიან ნაცს", - დაწერა კილაძემ.

კილაძისა და ჟურნალისტ გოჩა მირცხულავას აზრით, კაპანაძის უკან ვანო ჩხარტიშვილი დგას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის გავლენების გასაფართოებლად ემზადება.

ვერაფერს გეტყვით, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს, თუმცა ფაქტია, რომ რუსთავი-2 ნაციონალური მოძრაობის გამხმოვანებელი ვეღარ იქნება.

შესაბამისად, არც ოპოზიცია აპირებს გულხელდაკრეფილი ჯდომას. ჯერ იყო და დავით კეზერაშვილის სურვილი გამჟღავნდა, დააარსოს ახალი ტელევიზია.

ნიკა გვარამია თავს ნელსონ მანდელას ადარებს და პარალელურად ტელევიზიის გასაკეთებლად კაპიტალს ეძებს. წესით, არ უნდა გაუჭირდეს.

ტელევიზიის შექმნის სურვილი აქვს კიდევ ერთ პარტიას, რომლებიც ნაცებისაგან გამოიყვნენ - „გირჩს“. ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ მათ უამრავი დაბრკოლება შეუქმნა და რომ ამ სფეროში სრული საბჭოთა კავშირია.

პარალელურად, პრობლემები აქვს „ტვ პირველს“. თუ მასზე ხაკერული თავდასხმა განხორციელდა, დამფუძნებელი თავის მხრივ, პროკურატურაში დადის დაკითხვებზე. შესაძლოა იმისათვის, რომ ან ტელევიზიის დაფინანსების სურვილი დაკარგოს ანდა ტელევიზია რეალურად ხელისუფლების რუპორად იქცეს.

ცვლილებებია „იმედისა" და „მაესტროს" მენეჯმენტშიც. აქ შედარებით სანდო ხალხი დაინიშნა წამყვან თანამდებობებზე და არა ისეთი, ვინც ჟურნალისტური სტანდარტების გამო ასე თუ ისე რაიმეს გააპროტესტებდა.

გამოვა თუ არა სატელევიზიო ბაზრის მონოპოლიზაცია საქართველოში, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება. უფრო მეტი ალბათობით, პასუხი უარყოფითია.

მსოფლიო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მედიასთან ომი ჯერ არც ერთ ხელისუფლებას არ მოუგია, თუმცა ფინანსური ბერკეტებით მისი გაკონტროლება შესაძლებელია. ამასობაში კი ხელისუფლების ზოგიერთი წევრის პიარი სულ უფრო და უფრო ემსგავსება მიხეილ სააკაშვილის პირდაპირ სატელევიზიო ეთერებს. ესეც მისი ყოფილი პიარშიკების დამსახურებით, რომლებიც დღეს ოცნების სამსახურში დგანან.

წინ კიდევ ბევრი საინტერესო მოვლენა გველის. პურისა რა გითხრათ და ამ შემოდგომიდან სანახაობა საქართველოს მოსახლეობას ნამდვილად არ მოაკლდება.

მთავარი თემები