სამიდან ნულამდე... ანუ ახალი დროების „ლაკმუსის ქაღალდი“

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვინ და რატომ იწონებს მმართველი გუნდის ინიციატივას, ვის რა აქვს ნულოვანი ბარიერის საწინააღმდეგო და რას მოუტანს ქვეყანას პარლამენტში ხელოვნურად შექმნილი მრავალხმიანობა?

სამსონ ხონელი

წინამდებარე სტატიას ერთი ბანალური ჭეშმარიტების შეხსენებით დავიწყებ: არაფერია უფრო მარადიული, ვიდრე ადამიანების სწრაფვა ცვლილებებისკენ. სხვისი არ ვიცი, მე კი მგონია, რომ ჩვენში სწორედ ეს სენტენცია უდევს საფუძვლად დაუსრულებელ დისკუსიას თემაზე − რა გვინდა, როგორ მივაღწიოთ საწადელს, საით მივდივართ და რატომ? უკვე თითქმის სამი ათეული წელია, რაც გვინდა შევთანხმდეთ მართვის ისეთ სისტემებზე, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება. არადა გვავიწყდება, რომ ასე არ ხდება ხოლმე...

მომავალ წელს სახელმწიფოს ძირითადი კანონის მიღებიდან მეოთხედი საუკუნე შესრულდება, თუმცა პოლიტიკური ისტებლიშმენტის ძალიან დიდი ნაწილის კონსენსუსით მიღებულმა კონსტიტუციამ ჯერაც ვერ შეიშრო მელანი. მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველა ხელისუფალმა, როგორც შეეძლო ისე, ხელი შეუწყო სახელმწიფოს ცხოვრების წესის ახლებურად გააზრებასა და გადაწერას. ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებები ერთ წელზე მეტს ითვლის. არ ვაპირებ დეტალურად გიამბოთ, ვინ და როგორ არგებდა საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს ქვეყნის ძირითად კანონს. ახლა ისეთი პირი უჩანს, რომ წინ საკონსტიტუციო რეფორმის კიდევ ახალი ეტაპი გველის. ცვლილებები, სავარაუდოდ, საარჩევნო სისტემას შეეხება. სხვაგვარად პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილის ოცნება ვერაფრით შეისხამს ფრთებს. დიახ, მმართველი გუნდის ინიციატივამ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით და თანაც ე.წ. ნულოვანი ბარიერით ჩატარების თაობაზე „ოფსაიდში“ მყოფ ბევრ პოლიტიკურ ფიგურას გაუჩინა თამაშში დაბრუნების იმედი.

ვახტანგ ხმალაძე - Sputnik საქართველო
რას ნიშნავს ნულოვანი ბარიერი და რა დეტალები რჩება დასაზუსტებელი

პარლამენტის ბიუროს უმრავლესობის 93 დეპუტატის ხელმოწერით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები წარედგინა და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ინიცირების პროცესიც დაიწყო. ბიურომ ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დაავალა. კომიტეტი დეპუტატთა ხელმოწერებს ერთი კვირის ვადაში შეამოწმებს და შედეგებს ბიუროს წარუდგენს. ამის შემდეგ კი პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო–სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის საკითხი დადგება. შემდეგ კი საჯარო განხილვების პროცესიც დაიწყება. საკონსტიტუციო ცვლილებები კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში შედის. პროექტის მიხედვით, ამოღებულია ჩანაწერი სამპროცენტიან საარჩევნო ბარიერსა და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე. ძირითადი კანონის გარდამავალ დებულებებში გაწერილი ფორმულის მიხედვით, იმისათვის, რომ განისაზღვროს, თუ რამდენი მანდატი მიიღო პარტიამ, მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და ყველა პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობაზე გაიყოფა. მიღებული მთელი რიცხვი პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა იქნება. რაც შეეხება გადაუნაწილებელ მანდატებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ის საუკეთესო შედეგის მქონე პარტიებს შორის რიგითობით განაწილდება.

ზურა ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
ზურაბ ჯაფარიძე: პრორუსული ძალები პარლამენტში უნდა შევიდნენ, თუ აიღებენ 0.67%-ს

ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის განმარტებით, ინიციატივა გარდატეხას შეიტანს პოლიტიკური სისტემის განვითარებაში. საქართველოში პოლიტიკური და პარტიული სისტემის განვითარება თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის. ახალი სისტემის პირობებში უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალურად ფართო კონსენსუსი. მათივე შეფასებებით, საზოგადოება სრულად ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რა მნიშვნელოვანი რეფორმა იწყება ჩვენში. 2020 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არჩევნები პირველად ჩატარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით. ეს კი ნიშნავს, რომ, თუ ბარიერიც ნულოვანი იქნება, მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს, სადაც მოხვდება ყველა ის პოლიტიკური დაჯგუფება, რომელსაც სულ მცირე მხარდაჭერა მაინც ექნება. ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ზუსტად იქნება ასახული საზოგადოებაში არსებული განწყობები და, შესაბამისად, პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობას სრულად აიღებს საზოგადოება.

პოლიტიკური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. განსხვავებულია ხედვები საარჩევნო ბარიერის საკითხზე. მმართველი პარტიის პოზიცია ცნობილია, ის თავად არის ე.წ. ნულოვანი ბარიერის იდეის ავტორი. ყოფილი სახელისუფლებო გუნდის ერთი განაყოფი, რომლის შინაარსსა და ფორმას კვლავაც ქვეყნიდან დევნილი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განსაზღვრავს, ინიციატივის წინააღმდეგია. ყოფილ ხელისუფალთა იდეური მამის პოზიციას იზიარებენ ე.წ. „გაერთიანებული ოპოზიციის“ სხვა პარტიებიც. „ევროპული საქართველოს“ წევრები აცხადებენ, რომ უპირატესობას სამპროცენტიან ბარიერს ანიჭებენ, თუმცა ცვლილებებს მხარს უჭერენ და ხელისუფლებას უკან დახევის საბაბს არ მისცემენ მიუხედავად წვრილმანი ვირეშმაკობებისა, რომელიც ხელისუფლებამ ამ პროექტში ჩადო ნულოვანი ბარიერის და ბლოკების აკრძალვის სახით. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, სწორედ ბარიერის საკითხია „ლაკმუსის ქაღალდი“ და ნიშანდობლივია, რომ ნულოვანი ბარიერი არ მოსწონთ მხოლოდ გარეგნულად ვესტერნიზებულ, ეტატისტ-მოდერნიზატორებს, რომლებიც ოსტატურად ინიღბებიან პროდასავლელ დემოკრატებად. ხოლო სინამდვილეში კი არც პროევროპელები არიან და არც ლიბერალი-დემოკრატები თავიანთი მენტალობით. თუმცა ეს სხვა თემაა...

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი: ვინც ამას დათანხმდება, არის აბსოლუტურად სულელი, ან ჩვეულებრივად ნაყიდი

უნდა ითქვას, რომ პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას სკეპტიკოსები ექსპერტთა წრეებშიც ჰყავს. მათი შეფასებით, თუ 2020 წელს არჩევნები მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებული სისტემით ჩატარდება, პარლამენტში რამდენიმე პოლიტიკური დაჯგუფება მოხვდება. დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირებას ვერც ერთი მათგანი ვერ შეძლებს და დღის წესრიგში კოალიციური მთავრობის შექმნის საკითხი დადგება. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ გვაქვს ამის გამოცდილება, ამან შეიძლება დამატებითი პრობლემები შექმნას...

ყველა მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება და მეც ჩემეულ ხედვას შემოგთავაზებთ. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პლურალიზმს მივესალმები. რა უნდა იყოს ჯანსაღ დისკუსიასა და აზრთა ჭიდილზე უკეთესი, თუმცა საამისოდ პირობები უნდა არსებობდეს. მრავალპარტიული პარლამენტი თვითმიზანი არ უნდა იყოს. ჩვენი ჭრელი და თანაც ერთგვაროვანი პოლიტიკური სპექტრის დაუოკებელი მისწრაფება ძალაუფლებისკენ და გაცხადებული სურვილი – ყველაფრის ფასად მოიპოვონ დეპუტატის მანდატი, ე.წ. სალაყბოში მრავალხმიანობის არც აუცილებელი და არც საკმარისი პირობა არაა. ჩვენში არ არსებობს პარტიული სისტემები, ჩვენთვის უცხოა პარტიული დემოკრატიაც. პოლიტიკურ პარტიათა დიდ უმრავლესობას უცვლელად თავმჯდომარეობენ პოლიტიკოსები მიუხედავად იმისა, რომ მათი ხელმძღვანელობით ეს პარტიები არჩევნებიდან არჩევნებამდე აგებენ ყველაფერს. ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული უკლებლივ ყველა გამოკითხვის შედეგებით, არსებულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს არ ენდობა ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი... ასეთია ის ჩვენი რეალობა, სადაც კონსულტაციები თამაშის ახალ წესებზე უკვე დაწყებულია იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, ვინც ეს რეალობა შექმნა... დროებით აქ დავსვათ წერტილი. გაგრძელება იქნება...

 

ყველა ახალი ამბავი
0