10:19 24 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
სანდრა რულოვსი

ზუგდიდი - სანდრა რულოვსის და „ქართული ოცნების“ ვატერლოო

© REUTERS / David Mdzinarishvili
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
ლანა ჩეჩელაშვილი
35760

19 მაისის ადგილობრივი არჩევნები 2020 წლის გენერალური რეპეტიციაა

ზუგდიდი მრავალი პოლიტიკოსისათვის იქცა საბედისწერო ქალაქად. გარდა იმისა, რომ ეს ქალაქი უკვე 26 წელია აფხაზეთის გზის ბახტრიონია, აქ გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია; ზუგდიდში დამარცხდა ქართული პოლიტიკის  და „ქართული ოცნნების" ვარსკვლავთბიჭუნა ირაკლი ალასანია 2012 წელს და სამ კვირაში დიდწილად ზუგდიდშივე გადაწყდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ბედი. ნაციონალურმა მოძრაობამ კიდევ ერთხელ გაათამაშა მიხეილ სააკაშვილის მეუღლის, სანდრა ელისაბედ რულოვსის კარტი და ვნახოთ, რამდენად წარმატებულად, ყოველ შემთხვევაში მეორე ტურის ალბათობა ამ ქალაქში ძალიან მაღალია.

და მაინც - ვინ არის სანდრა ელისაბედ რულოვსი. ჰოლანდიელი ქალბატონი, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, ლამის 10 წლის განმავლობაში საქართველოს პირველი ლედი, ვისთვის „ცეერუს" აგენტი, ვისთვის - საქართველოზე შეყვარებული პატრიოტი, ვისთვის ორგანოებით მოვაჭრე და ვისთვის - კეთილშობილი იდეალისტი და ქველმოქმედი...

სინამდვილეში ყველა ეს იმიჯი მედიის მიერაა შექმნილი და რეალობასთან ძილიან ცოტა რამ აქვს საერთო. ის არც ისეთი მონსტრია, როგორსაც ოპონენტები წარმოაჩენენ და არც - ისეთი იდეალისტი, როგორადაც ნაციონალების პროპაგანდას სურს... სანდრა ელისაბედ რულოვსი პრაგმატული ევროპელი ქალია, უდავოდ ნიჭიერი და კარგი მასალა პიარისათვის, გულზე - საქართველოს რუკით. წინასაარჩევნოდ ხალხს მეგრულადაც უმღერებს და მეგრულსაც ისწავლის, უფრო სწორად, იცის, მაგრამ რამდენად სცდება მისი მიზნები მის გამარჯვებას პოლიტიკაში, ამას ვერასოდეს გავიგებთ, თუ ნამდვილად არ გახდა ზუგდიდის მერი. არადა, ექსპერტები ამბობენ, რომ ამისი შანსები რეალურია...

ხელისუფლებისათვის ღირსებისა და მომავალი არჩევნებისათვის ზუგდიდი იმდენად გადამწყვეტია, რომ სახელისუფლებო კანდიდატის წარდგენაში ოცნების ყველა რეიტინგულმა სახემ მიიღო მონაწილეობა და ირიბად - ბიძინა ივანიშვილმაც, რომელმაც საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარეც იახლა სამეგრელოში, ზვიად გამსახურდიას მუზეუმის აშენებაც დაავალა, გაზის გაყვანაც და რეგიონის აღორძინებაც.

ზოგადად, „ქართულ ოცნებას“ 2020 წლისათვის ახალი ნატარივის პოვნა მოუწევს, თუ რატომ უნდა მისცეს მას ხალხმა ხმა. ის, რომ მიშაა მოსაშორებელი, უკვე აღარ მუშაობს. საჭიროა ერთი კონკრეტული რეალისტური და არა - ნეგატიური ნარატივის შეთავაზება საზოგადოებისათვის. ოცნება ცდილობს ამ პოზიტიური წესრიგის შექმნასაც და პრიორიტეტად განათლება გამოაცხადა, რომლის დაფინანსებაც იზრდება და გრძელვადიან პერსპექტივაში განათლება ნამდვილადაა ქვეყნის გადარჩენისა და მსოფლიოში საკუთარი ადგილის პოვნისათვის უმნიშვნელოვანესი. თუმცა 2020-ის საპარლამენტო არჩევნები, სავარაუდოდ, უფრო სოციალურ-ეკონომიკური ნიშნით წარიმართება, რადგან დღეს ხალხს უფრო უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე აწუხებს, ვიდრე თუნდაც საქართველოს ერთიანობა. თავის წინასაარჩევნო კლიპში სანდრა რულოვსი სწორედ ამ თემას ეხება - ჩვენ ავაშენებთ ლაზიკას, სადაც ათი ათასობით ადამიანი დასაქმდება და ზუგდიდიდან დავიწყებთ საქართველოს გაერთიანებასო.

19 მაისისათვის როგორც ხელისუფლების, ასევე ნაციონალური მოძრაობის რესურსები ძირითადად ზუგდიდისაკენ იქნება მიმართული და ამ მომენტით ზუგდიდელებმა კიდეც უნდა ისარგებლონ და კიდეც - იამაყონ. მათი არჩევანით მნიშვნელოვანწილად გაირკვევა, როგორი იქნება 2020-ის საპარლამენტო არჩევნების ბედი. სამწუხაროდ, წინასწარ შეიძლება იმის თქმა, რომ პროვოკაციებიც მრავლად იქნება და ცემა-ტყეპაც, თუმცა ამ საზღვრისპირა რეგიონში ხელისუფლებას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს, რადგან საქართველოს გაერთიანებისა და წინსვლის იდეა მილიონჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველა არჩევნები, რაც ოდესმე ჩვენს ქვეყანაში ჩატარებულა.

... და ბოლოს - ამ არჩევნებში კვლავ სამწუხარო რეალობად რჩება ის ფაქტი, რომ ის ისევ შავ-თეთრ ფერში, ოცნებისა და ნაციონალების დაპირისპირების ნარატივით მიმდინარეობს და მესამე პოლიტიკური ცენტრი ისევე არ ჩანს, როგორც ბაზალეთის ტბის ძირას ოქროს აკვანის მკვიდრი. ვნახოთ, რას გვიჩვენებს ზუგდიდური გაზაფხული.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

მთავარი თემები