პანკისის ხეობის საიდუმლო – „საჯილდაო ქვა" ყველა ხელისუფლებისთვის

© photo: Radio Way / FBპოლიციის სპეცრაზმი პანკისის ხეობაში
პოლიციის სპეცრაზმი პანკისის ხეობაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
3 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას სამთავრობო საათზე პარლამენტში ელოდებიან. სამთავრობო საათის მთავარი თემა, ბუნებრივია, პანკისის ხეობაში 21 აპრილს განვითარებული მოვლენები იქნება, თუმცა ოპოზიცია ასევე არ გაუშვებს შანსს ხელიდან, რომ გახარია კრიმინალის ზრდასა და განუკითხაობაში არ დაადანაშაულოს.

მიუხედავად სიტუაციის სირთულისა, კრიზისების მენეჯერად ცნობილი გიორგი გახარია ცდილობს, ვითარება იუმორით განმუხტოს და დეპუტატებს ფინჯან ყავაზე სთავაზობს შეხვედრას სამთავრობო საათამდე. ამ დაძაბულ სიტუაციაში ასეთი მეთოდი ცუდი ნამდვილად არაა, თუმცა გარდა ყავაზე გადაპატიჟებისა, 3 მაისამდე შსს-ს მაინც მოუწევს გადაწყვეტილების მიღება – რა უყოს იმ ხალხს, ვინც პოლიციას ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინა, რადგან ისეთ სენსიტიურ რეგიონში, როგორიც პანკისია, მსგავსი ქმედებების გატარება სამომავლოდ ნამდვილად სერიოზულ ხიფათს შეიცავს.

ქრთამის მიცემა - Sputnik საქართველო
არის თუ არა კორუფცია საქართველოში – არასამთავრობოების კვლევა

რა გზა აქვს გახარიას?

1. დააპატიმროს ხეობის აქტიური ნაწილი, მათ შორის ქალები, რომლებიც ინციდენტში მონაწილეობდნენ. ეს მეტად სახიფათო ნაბიჯი პანკისელების კიდევ უფრო გაუცხოებასა და აგრესიას გამოიწვევს. ხეობა თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილში ისედაც ხელისუფლებას ადანაშაულებს და ამ ახალგაზრდის საწოლში ჩაცხრილვა ჯერ კიდევ არაა გამოძიებული.

2. გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი არასწორად დაგეგმილი სპეცოპერაციის გამო. ამისი სურვილი, როგორც ექსპერტები ამბობენ, ბევრს აქვს, მაგრამ გახარია ნამდვილად არ ჰგავს იმ კაცს, რომელიც გადადგომას აპირებს, ან ვითარებასთან შეგუებას. მან არაორაზროვნად აღნიშნა, რომ ამ აქციის უკან გარკვეული ძალები იდგნენ. ახლა ქართული მასმედია მკითხაობს – ვინ არიან ეს ძალები. ერთ-ერთი ვერსიით, რომელიც პირველად ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გამოთქვა, ესაა პარტიაში დაბრუნებული ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც არ სურს გახარიას გაძლიერება და, უფრო მეტიც, პრემიერ-მინისტრობა. არადა, ამისი შანსი ძალიან დიდია. ძნელი დასაჯერებელია, რომ პატარა, 5,4-მეგავატიანი ჰესის წინააღმდეგ აქციები რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურებს დაეგეგმათ და მოეწყოთ. აი, შიდა ინტრიგების თემა კი ნამდვილად არაა გამორიცხული. მით უმეტეს, პანკისში ნარკოტიკების ბიზნესსა და ქვეყნის ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებს მუდმივად აკავშირებდნენ ერთმანეთთან, ისევე, როგორც მდიდარი ადამიანების გამოსასყიდის მიღების მიზნით გატაცებას და აქ რიგითი პანკისელები კი არა, თბილისელი მაღალჩინოსნები იყვნენ თავი და თავი. ხოლო შემსრულებლებს მალე იცილებდნენ თავიდან. ასე წაიღო ე.წ. ქისტური კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტმა ვეფხია მარგოშვილმა და მრავალმა სხვამ უამრავი საიდუმლო საფლავში.

Фемида - богиня правосудия - Sputnik საქართველო
რას მალავს სასამართლო „კლანონმდებლობა" და რატომ „გადააგდო" პარლამენტმა ვენეციის კომისია

მეორე ვერსიით, პანკისელები ოპოზიციამ, განსაკუთრებით კი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა წააქეზეს. ბუნებრივია, ეს ვერსიაც შეიძლება შეესაბამებოდეს სიმართლეს, თუმცა როგორც ერთ, ასევე მეორე ვერსიას შესაბამისი მტიცებულებებით გამყარება სჭირდება.

3. შედარებით უმტკივნეულო გზა პანკისელებთან მოლაპარაკება და აქციის ზედმეტად აქტიური მონაწილეებისთვის საპროცესო გარიგების გაფორმება და იმისი დაპირება იქნება, რომ მაჩალიკაშვილის საქმეს საფუძვლიანად გამოიძიებენ, თუ როგორმე ამ გაუცხოებულ თემთან მომლაპარაკებლები გამოჩნდნენ და ნდობა გარკვეული დოზით მაინც აღდგა.

„რას ვეტყვი მე ჩემ ხალხს და რას მეტყვის იგი მე?“ – ილია ჭავჭავაძის ეს ფრაზა ბოლომდე ვერ ასახავს გახარიას პარლამენტში გამოსვლის პათოსს, რადგან ის, მოსალოდნელია, იყოს ხისტი და პრინციპული. თუმცა პანკისის ხეობის პრობლემის მოგვარება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და მხოლოდ ძალოვანების დახმარებით გამორიცხულია.

ზოგადად, ეს ხეობა მუდმივად იყო ქართული ხელისუფლებების საჯილდაო ქვა. აქ იკარგებოდნენ მდიდარი ბიზნესმენები და ითხოვდნენ მათთვის გამოსასყიდს. აქ იტაცებდნენ ხეობაში „წამლის“ საშოვნელად ჩასულ თბილისელებს, აქ დღესაც ებრძვის ერთმანეთს ტრადიციული და „თანამედროვე“ მუსლიმური ადათ-წესები.

არსებულ კონფლიქტში სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ლილუაშვილმა სუს-ის პასუხისმგებლობა გამორიცხა და თქვა, რომ მათ შსს-ს მიაწოდეს არსებული განწყობების შესახებ ინფორმაცია, ხოლო გადაწყვეტილებას ასეთ შემთხვევებში ოპერაციის დამგეგმავი ადამიანები იღებენ. საერთოდ, მოლაპარაკების ნაცვლად სპეცრაზმით გამოცხადება საკუთარ ხალხთან ყოველთვის წამგებიანია.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
„არც პური დაგვაკლდება, არც სანახაობა" - კიდევ ვის და რატომ მოხსნის პრემიერი

21 აპრილის მოვლენებმა აჩვენა, რამდენად დიდია უნდობლობა და უფსკრული ხეობის ხალხსა და ხელისუფლებას შორის, ამიტომ ქართულმა სახელმწიფომ ახლა ის ადამიანები და საერთო პროექტები უნდა ეძებოს, რაც ქვეყნის ერთიანობას განამტკიცებს და არა მცირე ჰესების მშენებლობის გზები. თუმცა, თუ სტრატეგიული და სწორი კომუნიკაციის საშუალებით მხარეებს საქმეში ჩართავ, არც ჰესის მშენებლობით ადგილობრივთა დაინტერესებაა რთული. ეს უფრო რთული, ხანგრძლივი და კარგი გზაა, გზა, რომლითაც, მაგალითად, ბრიტანელებმა და „ბიპიმ“, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაყვანა შეძლეს და განხორციელებული სოციალური პროექტებით უკეთესობისკენ შეცვალეს ადგილობრივთა ცხოვრება.

მანამ კი წინ ცხარე საპარლამენტო დებატებია, რომელიც უდავოდ საინტერესო მოვლენა იქნება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და სწორედ 3 მაისს გაირკვევა, შეძლებს თუ არა გახარია ყველა შიდა და გარე მტრის ფინჯანი ყავით მოგერიებას, გახდება ქვეყნის მომავალი პრემიერი თუ დარჩება შინაგან საქმეთა მინისტრად გარკვეული ვადით.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

ყველა ახალი ამბავი
0