04:12 16 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0299
  • 100 RUB4.0185
  • USD2.6818
არჩევნები

ვინ მოიგებს საპრეზიდენტო არჩევნებს

SPUTNIK / LEVAN AVLABRELI
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
რუსუდან კაციტაძე
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური (54)
40020

განვითარდება თუ არა მოვლენები ვადამდელი არჩევნებისა და რევოლუციური სცენარით.

როგორც ჩანს, 28 ოქტომბრის არჩევნების ყველაზე სწორი შეფასებაც და წინასწარმეტყველებაც საქართველოს პატრიარქს ეკუთვნის. მან დაახლოებით ასეთი რამ თქვა - საქართველო გაიმარჯვებსო. მართლაც, ჯერჯერობით ქართული ოცნებაც და ნაციონალური მოძრაობაც უკმაყოფილონი არიან შედეგებით და კიდევ უფრო დიდი მონდომებითა და აგრესიით მიდიან მეორე ტურისკენ, რომელიც, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს გაიმართება. მაგრამ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, რაც ხელისუფლება მიხვდა, რომ უპირობო ლიდერი ვეღარაა და ხალხი მისგან რეალურ სამოქმედო გეგმას მოითხოვს და არა მხოლოდ „სისხლიან 9 წელზე“ საუბარს, იმდენი დადებითი ინიციატივა გამოითქვა, რომ ნამდვილად ღირდა არჩევნების მეორე ტური, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროპული სტილის დემოკრატიაზე, სადაც 100 პროცენტით არჩეული ლიდერები არ არსებობენ და სადაც ყველას ახსოვს ან უნდა ახსოვდეს, რომ ხალხმა დროებით დაიქირავა ამა თუ იმ მოვალეობის შესასრულებლად.

როგორც არ უნდა დასრულდეს საპრეზიდენტო არჩევნები, მთავარია, პროცესები მშვიდად და ზედმეტი აგრესიის გარეშე განვითარდეს. გაერთიანებული ოპოზიციის მთავარი შეცდომა ისაა, რომ ვაშაძემ ზედმეტად ადრე ისაუბრა საკუთარი გეგმების შესახებ – რომ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილს, და ხალხს მართლაც თვალწინ დაუდგა 2004-2012 წლები, 7 ნოემბრის აქციის დარბევა, შეჭრა ტელევიზიაში და ა.შ. ასე რომ, თუ ვაშაძე არჩევნებს წააგებს, მან საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, რომ მოწინააღმდეგის მობილიზება შეძლო მომავლის რევოლუციური და არასტაბილური სცენარით, რადგან მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა დიდი ალბათობით ნიშნავს აქციებს პარლამენტის წინ და ვარდების რევოლუციის სცენარის განმეორებას, რაც იშვიათად თუ ვინმეს აძლევს ხელს.

მეორე მხრივ, არც სალომე ზურაბიშვილის შანსები გამოიყურება მეტი უპირატესობით. მას არ გააჩნია ქართველებისთვის ამდენად დამახასიათებელი უშუალობა და ადამიანების გულებთან მისვლის უნარი. ბევრი ადამიანი და ოჯახი ჰყავს გამწარებული საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს, საკმაოდ იოლად ელეოდა და ითხოვდა თანამშრომლებს და არც წარსულში მისი პოლიტიკური პარტნიორების მიმართ გამოირჩეოდა დიდი მადლიერების გრძნობის გამოხატვით. ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ ხმები, რაც სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, ძირითადად ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ აქტივის ხმებია. ახლა ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებს „ოცნება“ ძველი, განაწყენებული თანამებრძოლების შემორიგებას და ასევე ნეიტრალური ამომრჩევლის მიყვანას არჩევნებზე.

რამდენად მოსალოდნელია რევოლუციური სცენარით მოვლენების განვითარება? მართალია, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ის პრეზიდენტად კურთხევისთანავე დაითხოვს პარლამენტს და მთავრობას, მაგრამ საქმე ასე მარტივად როდია. პრეზიდენტის ახალი უფლებამოსილების განმსაზღვრელი კონსტიტუციის მე-80 მუხლი საკმაოდ ბუნდოვანია და ის პირდაპირ არ აძლევს უფლებას პრეზიდენტს პარლამენტი დაითხოვოს. პარლამენტის მხრიდან ბიუჯეტის პროექტის ჩაგდება მოსალოდნელი არაა. კონსტიტუციონალისტი და საკონსტიტუციო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხში პრეზიდენტის როლი საკმაოდ ბუნდოვანია და ის მხოლოდ ფორმალურად თუ გააფორმებს იმ ვითარებას, რასაც სახალხო მღელვარების გზით პოლიტიკური კრიზისი ჰქვია, რომელიც მხოლოდ მთავრობისა და პარლამენტის შეცვლით უნდა განიმუხტოს.

ამ გზის გამოცხადებას და კოალიციური მთავრობის შექმნაზე ფიქრს ურჩევს ხელისუფლებას „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი. როგორც მან ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, ხელისუფლება უნდა ეცადოს, სანამ არჩევნები შედგება, მანამ გააცნოს საზოგადოებას კრიზისიდან გამოსვლის გზები. ისიც კრიზისის განმუხტვის ერთ-ერთ წინაპირობად ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მიიჩნევს. თუმცა ძნელი დასაჯერებელია, რომ ხელისუფლებამ მისი რჩევები გაითვალისწინოს, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღწევა ქართულ რეალობაში ძნელია, ისევე, როგორც მისი დათმობა. მართალია, კოალიციური მთავრობა მეტი სტაბილურობის გარანტი იქნება, მაგრამ ეს ხელისუფლების გაზიარებასა და სხვათა ინტერესების გათვალისწინებას ნიშნავს.

ჯერჯერობით რაც ჩანს, ორივე ძალა საკმაოდ აგრესიულ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს და დათმობას არ აპირებს, რაც შეიცავს საფრთხეს, რომ მოხდეს საზოგადოების კიდევ უფრო გახლეჩა და დანაწილება. გონიერი მმართველი კი ამ პირობებში, პირველ რიგში, აგრესიის შემცირებას და საზოგადოების კონსოლიდაციას ეცდებოდა. და მთავარი – სალომე გაიმარჯვებს თუ გრიგოლი, ხალხს ეკონომიკური პრობლემების მოგვარება სჭირდება.

 

თემები:
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური (54)

მთავარი თემები