15:29 15 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.6227
  • USD2.9608
თბილისის ხედი

სიახლის მოლოდინში... ანუ მათთვის, ვინც იპოთეკურ ვალს ვერ იხდის!

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
196150

მძიმე საკრედიტო ტვირთი, გასაყიდად „გაბანტული" ქონება და ახალი საკანონმდებლო ინიციატივა... რას გულისხმობს კანონპროექტი, რომელზეც პარლამენტარები მსჯელობენ...

იპოთეკით დაზარალებულთა პრობლემა კვლავაც მწვავედ დგას. მოქალაქეთა ერთი ნაწილი სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო საცხოვრებლის დაკარგვის საფრთხის წინაშეა. ბოლო მონაცემებით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 287 ათასი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება. მათ შორის, 42 ათასი კომერციული ბანკების მიერ არის დაიპოთეკებული. დაახლოებით ერთი ამდენი გარანტიად აქვთ ჩადებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ხოლო 200 ათასამდე ერთეული ქონება კერძო მევახშეების ხელშია.

ბოლო დროს, სხვადასხვა ქვეყანაში განვითარებული ე.წ. იპოთეკური კრიზისი არ შეხებია კონკრეტული ქვეყნის მოსახლეობის 3 პროცენტზე მეტს, ჩვენში კი მოსახლეობის 20-25 პროცენტს უსახლკაროდ დარჩენა ემუქრება. ესენი არიან ძირითადად მცირე მეწარმეები, აგრეთვე ისინი, ვინც სახლი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის გამო დატვირთა იპოთეკით, ან სხვა ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად თანხა დასჭირდა. ყველა ამ კატეგორიის მსესხებელმა კერძო მევახშეს მხოლოდ მას შემდეგ მიმართა, რაც ბანკებმა მათ სესხის გაცემაზე უარი უთხრეს.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, მეორე მხრივ, შეუძლებელია კერძო მევახშეების ხელში მილიარდობით ღირებულების ქონება და კაპიტალი იყოს თუ ეს ბანკების ინტერესებში არ იქნება. ექსპერტ-ანალიტიკოსების აზრით, სწორედ ამიტომ არის გასამკაცრებელი კომერციული ბანკების კონტროლი, რათა ისინი არაპროფილურ საქმიანობას არ ეწეოდნენ. საჭიროა სასწრაფო ცვლილებები საკანონმდებლო დონეზე. მოქმედი კანონმდებლობა კრედიტორს, კერძო მევახშეს განუზომელ ძალაუფლებას აძლევს… დიდი დრო არ გასულა, რაც პატივცემულ მკითხველთ, ვაუწყეთ, რომ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ხალხის რჩეულები ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მსჯელობენ. მათთვის, ვინც ეს ამბავი მხოლოდ ახლა შეიტყო, განვმარტავ, რომ კანონპროექტით შემოდის ახალი ცნება – „ბოლო საცხოვრისი“, ანუ მოვალისა და მისი ოჯახის წევრზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ერთადერთი უძრავი ქონება. ფიზიკურ პირს თუ ერთადერთი სახლი ბანკში აქვს ჩადებული, ანდა კერძო მევახშესთან გაფორმებული აქვს იპოთეკის ხელშეკრულება და თანხას ვერ დაფარავს, გამსესხებელი სამი წლის განმავლობაში ვერ გაყიდის ამ უძრავ ქონებას. თუ მოვალე თანხას სამი წლის შემდეგაც არ დაფარავს, აღმასრულებელს უფლება ეძლევა, უძრავი ქონება გაასხვისოს. კანონპროექტის ავტორების აზრით, სამართლებრივი რეგულირებით შესაძლებელია კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობის დაბალანსება და მოქალაქეების დაცვა სახლკარის დაკარგვისგან. ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მკითხველის ყურადღებას კიდევ ერთხელ, თუმცა ამჯერად დაწვრილებით გავამახვილებ.

პარლამენტში შესული საკანონმდებლო ინიციატივა ხუთი პაკეტისგან შედგება, სადაც სხვა მრავალ ნიუანსთან ერთად, საუბარია სამოქალაქო კოდექსში გასატარებელ ცვლილებებზე.

კანონპროექტის თანახმად, აღმასრულებელი სააღსრულებო საქმის წარმოებისას ვალდებული იქნება შეამოწმოს, იპოთეკით დატვირთული ხომ არ არის მოვალის ბოლო საცხოვრისი, ანუ მასსა და მისი ოჯახის წევრებზე რეგისტრირებული ერთადერთი საცხოვრებელი. თუ ასეა, აღმასრულებელი ვალდებული იქნება, აღსრულება 3 წლის ვადით შეაჩეროს. ამ პერიოდში მოვალეს ეკისრება, რომ კრედიტორის სასარგებლოდ დღეს არსებული საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთის 1/12 ყოველთვიურად გადაიხადოს. თუ 3 წელიწადში მოვალე იპოთეკურ სესხს არ გადაიხდის, კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე აღმასრულებელი ვალდებული იქნება, სააღსრულებო საქმის წარმოება განაახლოს და ქონება გაასხვისოს. ეს სამომავლოდ, ამჟამად კი, როგორც იურისტები განმარტავენ მოვალეების თითქმის 90 პროცენტი ქონებას კარგავს, ფაქტობრივად, ნულოვან აუქციონზე…

ეს არ ეხება მხოლოდ ბანკებს, მათზე სახიფათო კრედიტორები კერძო მევახშეები არიან. ისინი პირდაპირ ნადირობენ ქონებაზე.  ამიტომაც არის აუცილებელი კანონში ცვლილებების შეტანა, რათა მოვალეებს მივცეთ შანსი, საცხოვრისიც შეინარჩუნონ და ვალიც გადაიხადონ. კრედიტორისთვის კი მთავარი უნდა იყოს თანხის უკან დაბრუნება, რომ შემდეგ სხვას ასესხოს და არა ის, რომ მაინცდამაინც ბინიდან გამოასახლოს მსესხებელი.

კერძო მევახშეები, ძირითადად, მოკლევადიან და ძვირად ღირებულ სესხებს გასცემენ, დაახლოებით წლიური 100 პროცენტის ფარგლებში და 3 თვის შემდეგ ერთიანად სთხოვენ მოვალეს პროცენტთან ერთად ძირი თანხის დაფარვასაც. იურისტების განმარტებით, ახალ კანონპროექტში განსაზღვრული სამწლიანი პერიოდი მათ შესაძლებლობას მისცემს, ფინანსურადაც მოძლიერდნენ, დააგროვონ თანხა, ან თავად გაყიდონ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება და ვალიც გადაიხადონ. გარდა ამისა, საკანონმდებლო ინიციატივით, თუ მოვალე გადაიხდის ძირი თანხის ორმაგ ოდენობას, ეს ვალდებულება გადახდილად ჩაითვალოს…

ამასობაში, სპეციალისტები და ექსპერტები ღიად მიგვანიშნებენ, რომ იპოთეკური სესხი არის ყველაზე დაბალრისკიანი და შესაბამისად, ყველაზე მიმზიდველი საკრედიტო ორგანიზაციებისთვის. ამიტომაც კმაყოფილდება იპოთეკური სესხების განაცხადების, პრაქტიკულად 100 პროცენტი…

ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი: „საკრედიტო დაწესებულებები ხშირად ისე გასცემენ სესხს, რომ არც კი ინტერესდებიან, აქვს თუ არა მსესხებელს დადასტურებული შემოსავალი. სამწუხაროდ, მთელი ეს სისტემა ისეა მოწყობილი, კრედიტორებს ის უფრო აწყობთ, რომ მსესხებელმა სესხი ვერ გადაიხადოს და ქონება დაკარგოს. გადაუხდელობის შემთხვევაში კრედიტორი ხომ გაცილებით მეტ სარგებელს იღებს მოვალისგან სესხზე დარიცხული ჯარიმების, საურავების, პირგასამტეხლოს სახით, თანაც ქონების ხელში ჩაგდების შანსიც იზრდება… ამიტომაც, თუ გვინდა კრიზისი თავიდან ავიცილოთ და ევროპულ სტანდარტებსაც მივუახლოვდეთ, აუცილებელია რეგულაციები. როცა იპოთეკით დატვირთული ქონების ასეთ დიდ მასშტაბებზეა ლაპარაკი, მიზეზებიც უნდა ვნახოთ, რატომ არის გაცემული ამდენი იპოთეკური სესხი. წესით, ეს არის სესხი ქონების შესაძენად, ჩვენთან კი ამ სახის სესხებს იღებენ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ან ბიზნესის დასაწყებად. ორივე შემთხვევაში ამ მიზნებისთვის ასეთი სესხის აღება სრულიად გაუმართლებელია. ჩვენთან საბანკო სექტორი ადამიანს, რომელსაც ბიზნესის დაწყება ან მისი განვითარება უნდა იპოთეკური სესხის აღებას აიძულებს. რად გვინდა ე.წ ბიზნესსესხი? იმავე ბიზნესსესხების შემთხვევაშიც, ბანკები ბიზნესის მფლობელებს ქონების ჩადებას სთხოვენ. ესეც მახინჯი პრაქტიკაა…“

როდის და რა შედეგით დასრულდება კანონპროექტზე მსჯელობა უცნობია! ჯერჯერობით ვიცით, რომ  ჩვენში საკრედიტო ორგანიზაციებს საკმაოდ ძლიერი და „გამოცდილი“ ლობისტები ჰყავთ!

 

მთავარი თემები