საქართველო, რუსეთი, ირანი და სომხეთი საკუთარი ენერგოსისტემების ამიერკავკასიაში ერთობლივი მუშაობისთვის მომზადებაზე შეთანხმდნენ. ექსპერტ დმიტრი ლუკაშოვის აზრით, ენერგეტიკული დერეფნის, „ჩრდილოეთი–სამხრეთის“ შექმნის პროექტში ყველა მონაწილის ინტერესი ხელსაყრელად დაემთხვა.
რუსეთის,, სომხეთის, საქართველოსა და ირანის ენერგეტიკის მინისტრებმა 13 აპრილს ერევანში მოლაპარაკებები გამართეს ელექტროენერგეტიკაში თანამშრომლობასთან დაკავშირებით და ოთხი ქვეყნის ენერგოსისტემების ერთობლივი მუშაობისთვის მომზადების „საგზაო რუკას“ მოაწერეს ხელი.
ეს შეხვედრა იმ ოთხმხრივი მოლაპარაკებების გაგრძელება იყო, რომელიც გასული წლის დეკემბერში დაიწყო. მაშინ საქართველომ, რუსეთმა, სომხეთმა და ირანმა ოთხმხრივ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის ფარგლებშიც, „ჩრდილოეთი–სამხრეთის“ ელექტროენერგეტიკული დერეფნის შექმნის მიზნით, არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. ეს კი ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და ევროკავშირის ენერგოსისტემებთან მუშაობას ხდის შესაძლებელს.
ასეთი ენერგოპროექტის რეალიზაცია ყველა მხარისთვის ხელსაყრელია, მიჩნია კომპანია IFC Markets–ის ანალიტიკოს დმიტრი ლუკაშოვს.
„ელექტროენერგიის წარმოება ამიერკავკასიაში სეზონური ხასიათისაა. იქ ბევრი ჰიდროელექტროსადგურია და ზაფხულობით ძირითადად ისინი გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას. და სწორედ მისი ექსპორტირებაა ძალიან მოსახერხებელი ირანში. ზამთარში კი, როდესაც ელექტროენერგიის კლება შეინიშნება, სომხეთი და საქართველო მის შეძენას რუსეთისგან შეძლებენ. ანუ, ამგვარი სეზონურობის ხარჯზე კარგი ელექტრონაკადის უზრუნველყოფაა შესაძლებელი, რაც ყველა მხარეს აძლევს ხელს. ამას გარდა, პროექტის დაწყება ნულიდან არ არის საჭირო. ინფრასტრუქტურა ნაწილობრივ არსებობს. ამიტომ ეს შესაძლოა უკვე მოქმედი ელექტროგადამცემი ხაზების გაფართოებად შეფასდეს“, — განაცხადა ლუკაშოვმა რადიო Sputnik–ის ეთერში.
„ყველასათვის ნათელია, რომ ეს მოგებიანი პროექტია და კომერციულ შემოსავლებს მოიტანს. როცა ერთ ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავების პიკია, ის წარმატებით გაიყიდება მეზობელ ქვეყნებში, სადაც იმ დროს ენერგოდეფიციტია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ელექტროენერგია გამომუშავდება, მაგრამ გამოყენებული ვერ იქნება და შემოსავალი დაიკარგება. არადა გაყიდვა და შემოსავლის მიღება ყველა ქვეყანას სურს, მიუხედავად რაღაც პოლიტიკური თემებისა. მიმაჩნია, რომ ამ პროექტში „კაპიტალიზმის ჯანსაღი სულია“, რაც ყველა შესაძლო უთანხმოებას გადალახავს და ყველაფერი აშენდება და გაკეთდება“, — დაამატა ექსპერტმა.
ლუკაშოვის აზრით, ამ პროექტში ყველა ქვეყნის ინტერესი დაემთხვა.
„ამიერკავკასიაში და ჩვენს ქვეყანაში ელექტროენერგიის სიჭარბეა. გასულ წელს წარმოებული მთლიანი ელექტროენერგიის 15% რუსეთიდან იყო ექსპორტირებული. რუსეთი დაინტერესებულია ექსპორტის გაზრდით და საქართველოსა და სომხეთსაც აქვთ ასეთი ინტერესი. ირანსაც შეეძლო თავისი სიმძლავრეები შეექმნა და საკუთარი გაზის ხარჯზე დაეკმაყოფილებინა მოთხოვნები, მაგრამ საამისოდ ინვესტიციებია საჭირო, რომლებიც მას ამჟამად არ გააჩნია. ამიტომ თეირანს ელექტროენერგიის შეძენა ურჩევნია“, — დაასკვნა დმიტრი ლუკაშოვმა.