06:06 06 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
79 0 0

შსს-ს ცნობით, კრიმინალური ქსელი QQAAZZ-ის დაკავებული წევრები მსოფლიოს წამყვანი კიბერდამნაშავეების დავალებით ათობით მილიონი ევროს გათეთრებას ცდილობდნენ.

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. ევროპოლის და ქართველი სამართალდამცველების თანამშრომლობის შედეგად კრიმინალური ქსელი QQAAZZ-ის 20 წევრია დაკავებული, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

უწყების ცნობით, უპრეცედენტო საერთაშორისო საპოლიციო ოპერაცია – 2BaGoldMule ევროპოლის მიერ კოორდინირებული საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად ჩატარდა და ოპერაციაში ჩართული იყო 16 ქვეყნის სამართალდამცველი უწყება.

„დაკავებულ იქნა კრიმინალური ქსელი QQAAZZ-ის 20 წევრი, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი კიბერდამნაშავეების დავალებით ათობით მილიონი ევროს გათეთრებას ცდილობდნენ“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოპერაციას წინ უძღოდა კომპლექსური გამოძიება პორტუგალიის, აშშ-ისა და ესპანეთის პოლიციის, ასევე გაერთიანებული სამეფოს, საქართველოს, ლატვიის, ბულგარეთის, იტალიის, გერმანიის, შვეიცარიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ავსტრალიის, შვედეთის, ავსტრიისა და ბელგიის სამართალდამცველი უწყებების მიერ, ევროპოლის კოორდინაციით.

„დადგინდა, რომ QQAAZZ-ის ქსელს, რომლის წევრები იყვნენ ლატვიიდან, საქართველოდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და ბელგიიდან, ასობით კორპორატიული და პირადი საბანკო ანგარიში ჰქონდა გახსნილი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ირიცხებოდა კიბერკრიმინალების მიერ მსხვერპლების ანგარიშებიდან მოპარული თანხა. შემდეგ აღნიშნული თანხები ირიცხებოდა QQAAZZ-ის მიერ კონტროლირებად ანგარიშებზე და ხშირად თანხების კონვერტაცია ხდებოდა კრიპტოვალუტაში“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ქართული მხრიდან გამოძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო.

საქართველოს ევროპის საპოლიციო გაერთიანებაში მეკავშირე ოფიცერი ჰყავს>>

საქართველოს შსს-სთვის საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა ერთ–ერთი პრიორიტეტული საკითხია. 2017 წლის აპრილში სამინისტრომ ევროპის პოლიციის სამსახურთან (ევროპოლთან) ხელი მოაწერა შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ, ხოლო 2018 წლის სექტემბერში ევროპოლის შტაბ-ბინაში საქართველოს ოფისი გაიხსნა. გარდა ამისა, ევროპის ქვეყნებში საქართველოდან პოლიციის ატაშეები გაგზავნეს.

მთავარი თემები