04:43 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
115 0 0

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული 19 პირი.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. რამდენიმეთვიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად გამოავლინა და პასუხისგებაში მისცა პირი, რომელმაც საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლმა მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები სოციალურ ქსელში რამდენჯერმე გავრცელდა. პირველი ვიდეო სოციალურ ქსელში მიმდინარე წლის 28 იანვარს გამოჩნდა, ბოლო ფაქტი კი მარტის ბოლოს დაფიქსირდა. ამასთან დაკავშირებით  სისხლის სამართლის საქმე პირადი ცხოვრების ხელყოფის მუხლით აღიძრა.

ჭელიძის განცხადებით, ბრალდებულმა კადრები პირველმა განათავსა ინტერნეტ-სივრცეში, მის კუთვნილ ტელეფონზე ჩატარდა კომპლექსური ფონო-ვიდეოსკოპური, ჰაბიტოსკოპური და საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზები. აღნიშნულ პირს ბრალი უკვე წარედგინა.

„ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ვიდეოჩანაწერი 2019 წლის იანვრის თვეში მკვლელობისთვის ამჟამადაც პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ დ.ა.-მ ინტერნეტით გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკიდან. აღნიშნული კადრები დ.ა.-მ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მესენჯერის საშუალებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მ.დ.-სგან მიიღო“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

უწყების ცნობით, კადრები ფარულად, უკანონოდ 2012 წლის მაისშია გადაღებული, რისთვისაც 2016 წელს გასამართლებულები არიან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები.

ასევე სომხეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ამოღებულია ბრალდებულის მობილური ტელეფონი, რომლის კომპლექსური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ სწორედ ამ მოწყობილობიდან გავრცელდა ვიდეომასალა.

„დ.ა.-ს და მ.დ.-ს დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა“, – განაცხადა ჭელიძემ.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გრძელდება აღნიშნულ დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების ვინაობის დასადგენად.

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლით დაკავებულია და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული 19 პირი.

ეკა ბესელიამ გუშინ განაცხადა, რომ  მისთვის მთავარი კითხვაა, თუ ვინ იყო დამკვეთი, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებულიყო. მისი სიტყვებით, როცა ის „ქართული ოცნების" წინააღმდეგ წავიდა, თანაგუნდელებმა გააფრთხილეს, რომ „მორალური ტერორის შემთხვევაში მას ვერ დაიცავდნენ“. ბესელიას ერთ-ერთი ვერსიით, გამოძიება სწორედ იმიტომ არ იძვრის ადგილიდან, რომ აღნიშნული კადრების გავრცელება „შორს არ არის მმართველი პარტიისგან“.

ეკა ბესელია ერთ-ერთი იმ დეპუტატთაგანია, რომელმაც „სასამართლო სკანდალის" გამო მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" და საპარლამენტო უმრავლესობის რიგები სკანდალით დატოვა.

ურთიერთობები თანაპარტიელებთან ბესელიას საბოლოოდ გაუფუჭდა 2018 წლის დეკემბერში, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სია წარუდგინა.

 

მთავარი თემები