ბესელია: ჩემ შესახებ კადრების გავრცელება შორს არ არის მმართველი პარტიისგან

გამოწერა
ეკა ბესელიას სკანდალური ვიდეოების გავრცელების საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში სულ 18 ადამიანია მიცემული.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების" წევრები მაფრთხილებდნენ, რომ პარტიის დატოვების შემთხვევაში ჩემ წინააღმდეგ ზეწოლა და მორალური ტერორი მოხდებოდა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა დეპუტატმა, პარტიის „სამართლიანობისთვის" ლიდერმა ეკა ბესელიამ ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

„ინერვიულა...“ – ბესელიას ვაჟის რეაქცია დედის პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებაზე>>>

ეკა ბესელია ერთ-ერთი იმ დეპუტატთაგანია, რომელმაც „სასამართლო სკანდალის" გამო მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" და საპარლამენტო უმრავლესობის რიგები სკანდალით დატოვა.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
რატომ წავიდნენ, გაუგებარია - ივანიშვილმა ბესელიას პოლიტიკური პერსპექტივები შეაფასა

ურთიერთობები თანაპარტიელებთან ბესელიას საბოლოოდ გაუფუჭდა 2018 წლის დეკემბერში, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სია წარუდგინა.

ამ სიაში შეტანილი იყო იმ მოსამართლეთა გვარები, რომელთაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იმ დროს ოპოზიციური „ქართული ოცნების" წარმომადგენელთა საქმეებზე სკანდალური გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული და რომელთაც ბოლო დროს სასამართლოს „კლანურ მართვაში" ადანაშაულებდნენ.

რაც შეეხება ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებს, იგი სოციალურ ქსელში 28 იანვარს გამოჩნდა. ამასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე პირადი ცხოვრების ხელყოფის მუხლით არის აღძრული.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, მისთვის მთავარი კითხვაა, თუ ვინ იყო დამკვეთი, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებულიყო. მისი სიტყვებით, როცა ის „ქართული ოცნების" წინააღმდეგ წავიდა, თანაგუნდელებმა გააფრთხილეს, რომ „მორალური ტერორის შემთხვევაში მას ვერ დაიცავდნენ“.

„მასთანაც (ბიძინა ივანიშვილთან) მქონდა ამ თემაზე საუბარი წამოსვლამდე. მე მჭირდებოდა მთავარ კითხვაზე პასუხი – ვინ ჩაიდინა ეს, და იყო პირობა, რომ ეს იქნებოდა გამოძიებული. მან თქვა, რომ ეს არ იცოდა, მაგრამ უნდა გამოეძიებინათ. ამდენი ხანი გავიდა და ისევ პასუხგაუცემელია ეს კითხვები", – განაცხადა ბესელიამ.

ბესელიას ერთ-ერთი ვერსიით, გამოძიება სწორედ იმიტომ არ იძვრის, რომ აღნიშნული კადრების გავრცელება „შორს არ არის მმართველი პარტიისგან“.

„ეს იყო ის ჯგუფი, რომელიც სასამართლოს გავლენიან ჯგუფად მოიხსენიება, მასთან დაკავშირებული პირები, ლობისტები, რომლებიც ლობირებდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას და მათ შორის პარტიულ შემადგენლობაშიც. მგონია, რომ ეს პროცესი არ არის შორს მმართველი პარტიისგან, ისევე, როგორც ვერ გამოვრიცხე ის ძალა, რომლის დროსაც მოხდა ამ უკანონო ჩანაწერის განხორციელება“, – განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ბოლო ფაქტი მიმდინარე წლის მარტის ბოლოს მოხდა. სკანდალური ვიდეოების გავრცელება ინტერნეტში 28 იანვრიდან დაიწყო. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში სულ 18 ადამიანი მიეცა.

მათ ბრალი ედებათ იმაში, რომ ისინი სკანდალურ ვიდეოჩანაწერებს ინახავდნენ და სოციალური ქსელისა და მობილური აპლიკაციის საშუალებით ავრცელებდნენ მას. დაკავებულებს ოთხიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ყველა ახალი ამბავი
0