თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ქვევრის ღვინის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღეს ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში RAW Wine (The Artisan Wine Fair), რომელიც აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში გაიმართა. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის ასზე მეტი ღვინის მწარმოებელი და ათასობით სტუმარი დაესწრო, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
გამოფენაში მონაწილეობდნენ კომპანიები „გოცას საოჯახო მეღვინეობა", „ტიბაანი", „მეღვინეობა ართანა", „ღვინის ქურდები", „ახმეტის ღვინის სახლი" და „ნიკალას მარანი". ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქვევრის ღვინო, გაცნობოდნენ მისი დამზადების ტრადიციებს, ასევე საქართველოს კულტურასა და და ისტორიას.
ამავე ფორმატის გამოფენა ასევე დაგეგმილია ლოს-ანჯელესში. 11-12 ნოემბერს RAW Wine LA-ში მონაწილეობას მიიღებენ იგივე კომპანიები.
„აღნიშნულ გამოფენებში ქართული ღვინის წარდგენით იზრდება ქვევრის ღვინის ცნობადობა, რაც იძლევა პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას", – აღნიშნავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში ქართული ღვინის ექსპორტი 12%-ით გაიზარდა. მათ შორის, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 400 ათასამდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 1%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
RAW WINE მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გამოფენად არის აღიარებული, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან.