გინკგო ბილობა (Ginkgo biloba) არის ხე, რომელსაც ცნობილმა ბიოლოგმა ჩარლზ დარვინმა „ცოცხალი წიაღისეული" უწოდა. მცენარე დედამიწაზე 300 მილიონი წელია ხარობს და ამჟამად არსებული მცენარეების არც ერთ სახეობას არ მიეკუთვნება.
ხე აღმოაჩინეს აზიაში, სადაც მცენარის სამკურნალო თვისებებს უკვე 5 ათასი წელია იყენებენ. გინკგო ბილობის აქტიური ნივთიერებები მის ფოთლებშია.
გინკგო ბილობა ევროპაშიც იზრდებოდა, მაგრამ გამყინვარების პერიოდში გაქრა. 1712 წელს გერმანელმა ექიმმა და ბოტანიკოსმა ენგელბერტ კემპფერმა გინკგო ბილობა ევროპაში იაპონიიდან ჩაიტანა.
საქართველოში XIX საუკუნეში შავი ზღვის სანაპიროზე შემოიტანეს. განსაკუთრებით კარგად ხარობს კოლხეთში, სადაც გიგანტურ ზომას აღწევს. იზრდება ასევე აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ, თბილისის ბოტანიკურ ბაღსა და უნივერსიტეტის ბაღში. არის ყინვაგამძლე მცენარე.
გინკგო ბილობა ორსქესიანი მცენარეა მამრობითი და მდედრობითი ყვავილებით. ეს ყვავილები ერთ ხეზე არ ხარობს, ანუ ერთ ხეზე მხოლოდ ან მამრობითი, ან მხოლოდ მდედრობითი ყვავილებია. მამრობით ხეებს უფრო მაღალი და ვიწრო ღერო აქვს, ხოლო მდედრობითს – უფრო სქელი.
გინკგოს ხე 1000 წელზე მეტს ხარობს. არის მდგრადი მწერების, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების, ასევე ჰაერის დაბინძურების მიმართ.
პირველი მცენარე, რომელიც ჰიროსიმაში ატომური ბომბის აფეთქების შემდეგ გაჩნდა, ეს გინკგო იყო.
გინკგო ბილობას ფოთოლზე დამზადებული პირველი ექსტრაქტი 1965 წელს დარეგისტრირდა (გერმანიაში). მას შემდეგ ის ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში. ის ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამოკვლეული ექსტრაქტია და ყველაზე ფართოდ იყიდება მთელ მსოფლიოში. ევროპელი და საერთაშორისო კვლევებით დამტკიცებულია მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება.
მცენარის სამკურნალო თვისებები განპირობებულია დიდი რაოდენობის ფლავონოიდებითა და ტერპენოიდებით. ეს აქტიური ნივთიერებები წარმოადგენს ანტიოქსიდანტებს, რომლებსაც შეუძლია ორგანიზმის უჯრედების დაცვა თავისუფალი რადიკალების წარმოქმნისგან. ამ უკანასკნელს ონკოლოგიური დაავადებების წარმოშობა შეუძლია.
წაიკითხეთ აქ: ღვია და მისი სასარგებლო თვისებები>>
გინგკო ბილობის ფოთლებისგან დამზადებულ ექსტრაქტში 40-ზე მეტი ბიოლოგიურად აქტიური ნაერთია. ამ მცენარეში არის ასევე საკუთარი უნიკალური კომპონენტები - ბილობალიდები და გინკგოლიდები. სწორედ ამ კომპონენტებით განისაზღვრება მცენარის განსაკუთრებული ფარმაკოლოგიური აქტიურობა.