19:55 11 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1590
  • 100 RUB4.6231
  • USD3.4174
ინტერვიუ
მოკლე ბმულის მიღება
ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით (49)
92 0 0

მნიშვნელოვანია ხალხს გავაგებინოთ, რომ კონკრეტული ენერგოობიექტების მშენებლობა მათ სარგებელს მოუტანს, მიაჩნია აქტივისტს

თბილისი, 16 აპრილი - Sputnik. ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის წინააღმდეგი არ არიან, არამედ ითხოვენ მხოლოდ კონკრეტული პროექტის გამჭვირვალობას, განაცხადა მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა Sputnik-საქართველოსთან ინტერვიუში.

უკვე ნახევარი წელია, საქართველოში არ ცხრება ვნებები ნამახვანჰესის მშენებლობის ირგვლივ. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მოძრაობა სულ უფრო მასშტაბურ ხასიათს იძენს. ისინი ფიქრობენ, რომ მომავალმა კაშხალმა გარღვევის შემთხვევაში შეიძლება საფრთხე შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს. მათ არ მოსწონთ ასევე საქართველოში თურქული კომპანიის შემოყვანა და მისთვის 99 წლის ვადით დიდი ტერიტორიის გადაცემა.

 „ჩვენ ანტიჰესების მოძრაობა არ ვართ და არ ვამბობთ, რომ ჰესები არ უნდა აშენდეს. ჩვენ გვაქვს ჩვენი დამოკიდებულება დიდი კაშხლის მიმართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს პოზიცია ყველაზე სწორია. ესეც გარკვეულწილად დავის საგანია. ჩვენი მთავარი მოთხოვნებია: იმ ანტისახელმწიფოებრივი შეთანხმების შეწყვეტა, რომელიც კომპანიასთანაა გაფორმებული, ასევე დადგენილების გაუქმება, რომელიც ითვალისწინებს უცხოელი ინვესტორისთვის რიონის ხეობის გადაცემას“, - აღნიშნა გოლეთიანმა.

იგი სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს უცხოელი ინვესტორისთვის 99 წლით მიწის გადაცემას. მისი თქმით, განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ჰესებს აქტიურად აშენებენ, ასეთი პრაქტიკა არ არსებობს.

აქტივისტი აცხადებს, რომ თუ მიწა ინვესტორს მაქსიმუმ 20 წლით გადაეცემა და კომპანია მას სახელმწიფოს ვადის გასვლის შემდეგ დაუბრუნებს, ასეთი ვარიანტი მისაღები იქნება.

„ჩვენ გვინდა, გამოცხადდეს მორატორიუმი და დაიწყოს ფართო საჯარო დისკუსიები. მნიშვნელოვანია ხალხს გავაგებინოთ, რომ კონკრეტული ენერგოობიექტების მშენებლობა მათ სარგებელს მოუტანს და მათი და ქვეყნის ინტერესებს მოემსახურება“, - აღნიშნა გოლეთიანმა.

აქტივისტის სიტყვებით, პრობლემის მოგვარება საქართველოს ენერგოპოლიტიკის შემუშავებაა, რაც ქვეყნის მთავრობასთან ასეთ მასშტაბურ დაპირისპირებას მომავალშიც თავიდან აგვაცილებს.

საქართველოს ხელისუფლებასა და ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა შეთანხმებით, რომ დიალოგი გაგრძელდება. გარდა ამისა, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ყველა კვლევა ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის და გადაიხედება უახლოეს დღეებში.

მთავრობის ინიციატივით, კომპანია ENKA-მ მზადყოფნა გამოთქვა, ყველა არსებული კვლევა გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად მათ შესასწავლად შეიქმნება. საბჭოში შევლენ ჰიდროლოგები, გეოლოგები, სეისმოლოგები, ეკოლოგები, მათ შორის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს. ნამახვანჰესის კასკადმა უნდა შეაერთოს ორი კაშხალი მდინარე რიონზე: 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი“ და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი“.

თემები:
ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით (49)

მთავარი თემები