06:15 10 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1450
  • 100 RUB4.6319
  • USD3.4324
ინტერვიუ
მოკლე ბმულის მიღება
ქართველები უცხოეთში (108)
130610

ჩვენს ტრადიციულ რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ ამერიკაში მცხოვრები ინგა გოგიშვილის ისტორიას გიამბობთ.

ამერიკაში ჩასვლის შემდეგ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, რადგან იქ შემოქმედებითი მოთხოვნილება დაიკმაყოფილა და საკუთარი საქმე წამოიწყო. უცვლელი მხოლოდ ოჯახის ინტერესებზე ზრუნვა დარჩა.

ნიუ-იორკში საკმაოდ აქტიურ ცხოვრებას ეწევა და თითქმის ყველა ქართული ღონისძიების მონაწილეა. მის საფირმო ნიშნიან სამოსს ქართველი ემიგრატები კარგად ცნობენ. გარდა ამისა, ცდილობს ქველმოქმედებაზეც იფიქროს და გვერდში დაუდგეს მათ, ვისაც მისი დახმარება სჭირდება.

ინგა გოგიშვილი
ინგა გოგიშვილი

- ქალბატონო ინგა, როგორი იყო თქვენი ცხოვრება ემიგრაციამდე?

- დავიბადე თბილისში, სადაც რუსულ სკოლაში ვსწავლობდი. ბავშვობიდან ძალიან აქტიური ვიყავი. მახენდება, რომ ერთხელ მოზარდ-მაყურებელთა თეატრის სპექტაკლის მერე სკოლაში მსახიობთა გუნდი გვესტუმრა, რათა მათთვის შთაბეჭდილებები გაგვეზიარებინა. მე მსახიობებს პატარა მონოლოგი წარვუდგინე და რეჟისორმა მიხეილ ჭავჭავაძემ თავის გუნდში ამიყვანა. მაგრამ ისე მოხდა, რომ თეატრის სიყვარულს პირადმა ცხოვრებამ სძლია, მალე შეყვარებულთან ერთად „გავიპარე“ და გავთხოვდი. მაშინ იმის ილუზია მქონდა, რომ სამყაროში ყველაფერს შევძლებდი. მერე ზედიზედ ორი ვაჟი შემეძინა და ისე გამოვიდა, რომ მთელი ცხოვრება ოჯახს მივუძღვენი.

ინგა გოგიშვილი
ინგა გოგიშვილი

- ერთ დღესაც დიასახლისი ქალბატონი ამერიკაში აღმოჩნდით, როგორ მოხდა ეს?

- ამერიკაში 2006 წელს ჩამოვედი. როცა მარტო დავრჩი შვილებთან და პრობლემებთან ერთად, საქართველოში ძალიან გაგვიჭირდა. დიდხანს ვფიქრობდი და გადავწყვიტე, რომ დროებით უცხოეთში წავსულიყავი. გამიმართლა და ვიზა მომცეს. ამ ამბავს სახლში ზუსტად ორი თვე ვმალავდი, რადგან ვერ წარმომედგინა როგორ უნდა დამეტოვებინა შვილები. ბოლოს ისინი ფაქტის წინაშე დავაყენე, რომ აქეთ მოვდიოდი. მათ ჩემი გადაწყვეტილება რთულად, მაგრამ მაინც მიიღეს და აქეთ ტირილით გამომაცილეს. ოჯახი ჩემს ახალ მოყვანილ რძალს დავუტოვე და ამერიკაში ჩამოვედი. მაშინ ვფიქრობდი, რომ მხოლოდ ერთი წლით მოვდიოდი, მაგრამ ცხოვრებამ სხვა რეალობის წინაშე დამაყენა...

ინგა გოგიშვილი
ინგა გოგიშვილი

- როგორ თვლით, ბედნიერების ფრინველი დაიჭირეთ?

- დიახ, ამერიკაზე დადის ასეთი ლეგენდა, რომ ბედნიერების ჩიტი დაფრინავს, თუ მოასწრებ და დაიჭერ, შენია, თუ არა და სხვასთან გაფრინდება. გამოდის, რომ ეგ ჩიტი დავიჭირე. ამერიკაში მოვხვდი ოჯახში, სადაც ორი და ექვსი წლის ბავშვები დამხვდნენ. მას შემდეგ 15 წელი გავიდა. ამ ოჯახმა ყველა სირთულე გადამატანინა და სითბო, სიხარული მაჩუქა. ისინი დღემდე ზრუნავენ ჩემზე და ჩემს ოჯახზე. ესენი არიან ტატიანა და ალან ფორმანები (Tatiana & Alan Forman), მთავარი სპონსორები და მონაწილეები იმ სიკეთისა, რომლის სახელია Gift of Life და რომელშიც მეც ჩამრთეს.

ინგა გოგიშვილი
ინგა გოგიშვილი

- რა სახის ქველმოქმედებაზეა საუბარი?

- ესაა საქმე, რომელმაც დიდი სიხარული მაჩუქა. ჩვენ ერთად შევძელით, რომ ბევრი ადამიანისთვის აღმოგვეჩინა დახმარება. ერთ ფაქტს გავიხსენებ: Ronald Macdold-ის კლინიკაში ყველა ქვეყნიდან ჩამოსული ბავშვია, ვისაც გულის პრობლემები აქვს. ამ ბავშვებს სხვადასხვა სახის დახმარება უანგაროდ გავუწიე. მას შემდეგ იმ ბავშვების ბედნიერება - ჩემი ბედნიერებაც გახდა.

ქართველ ემიგრანტებთან ერთად
ქართველ ემიგრანტებთან ერთად

- გავიგე, რომ უცხოეთში უიმედო მდგომარეობაში აღმოჩენილ ქართველებსაც ეხმარებით...

- დიახ, აქ აღებული მაქვს ბინა, სადაც ცხოვრობენ ის ემიგრანტები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და ჯერჯერობით საშუალება და წასასვლელი არსად აქვთ. მათ იციან, რომ ჩემთან იქამდე იქნებიან, სანამ გამოსავალს არ მოძებნიან. მინდა, რომ თითოეულმა მათგანმა დაძლიოს პრობლემები და ბედნიერი იყოს.

არტ ჰაუსში ქართველ ემიგრანტებთან ერთად
"არტ ჰაუსში" ქართველ ემიგრანტებთან ერთად

- კოვიდამდე თქვენ უშვებდით საკუთარი დიზაინით შექმნილ ტანისამოსს, რომლის საფირმო ნიშანი საქართველოს რუკის ფორმის პეპელაა...

- დიახ, წლების მერე აქ ჩემი ბიზნესი ავამუშავე. ეს იყო სამკერვალო, სადაც მე და ჩემი პატარა გუნდი ვცდილობთ, რომ თანამედოვე ტანსაცმელს ქართული ტრადიციული სამოსის სული შთავბეროთ. სამწუხაროდ, პანდემიის გამო ერთი წელი გაჩერებული ვართ. ბოლოს ქართული ტანისამოსის დღეზე წარმოვადგინეთ ჩვენი შეკერილი ყაბალახები და ჯინსის ქურთუკები, რომელსაც ქართულდროშიანი პეპელა ამშვენებს. საერთოდ, პეპელა, ვიცით, რომ სამი დღე ცოცხლობს, მაგრამ ჩვენი პეპელა, რახან საქართველოდან „ჩამოფრინდა“, უკვდავია...

ინგა გოგიშვილი
ინგა გოგიშვილი

- თვლით, რომ თქვენი საქმიანობა ამერიკაში წარმატებულია?

- მე მხოლოდ ფაქტებს მოგახსენებთ და თავად განსაჯეთ: 2016 წელს, ნიუ-იორკის ქალაქის მერიამ, ჩვენი დიასპორის ხელმძღვანელთან ერთად, აქტიური საქმიანობისთვის დამაჯილდოვა. 2019 წელს Georgia Award-ის აქტიური მონაწილე ვიყავი. მაშინ ყველა დაჯილდოებულს ჩემი გაკეთებული საჩუქარი – ხილისგან დამზადებული თაიგული გადავეცი. ნიუ-იორკში დამკვიდრებული ტრადიციული ზეიმის „თბილისობის” აქტიური წევრი ვარ. მონაწილეობას ვიღებ სხვადასხვა ჩვენებებსა და გამოფენებში. ბოლოს ვმონაწილეობდი გამოფენა-გაყიდვაში, რომლის დევიზიც იყო – „მე ჩემს სამშობლოს ზურგით ვატარებ“. ვცდილობ ისე ვიცხოვრო, რომ შვილებმა და შვილიშვილებმა ჩემით ისევე იამაყონ, როგორც მე ვამაყობ მათით.

ქურთუკები საფირმო ნიშნით
ქურთუკები საფირმო ნიშნით

- შვილები არ აპირებენ ამერიკაში ჩამოსვლას?

- ჩემს შვილებს ისე უყვართ თავისი ქვეყანა, რომ ამერიკაში წამოსვლა არ მოინდომეს. გიორგის სთავაზობდნენ აქ სამსახურს, მაგრამ მან გამოაცხადა, ჩემს პაციენტებს ვერ მივატოვებო. შემიძლია ვთქვა, რომ ისინი საქართველოს ნამდვილ შვილებად გაიზარდნენ. ჩემს ორივე შვილს სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი აქვს დამთავრებული, უფროსი შვილი ბიზნესით არის დაკავებული. ამჟამად Proleski Georgia-ს ერთ-ერთი მფლობელია. უმცროსი, გიორგი წმინდა იოანე მოწყალეს სახელობის კერძო კლინიკის დირექტორი და კარდიოლოგია.

ინგა გოგიშვილი ამერიკაში ჩვენებაზე
ინგა გოგიშვილი ამერიკაში ჩვენებაზე

- აღარ გეკითხებით ბედნიერი თუ ხართ...

- დიახ, მე ვარ ბედნიერი დედა, დედამთილი და ბებია. ექვსი შვილიშვილი მყავს და ახლა მეშვიდეს ველოდებით. დარწმუნებული ვარ, რომ მათგან საამაყო ქართველები გაიზრდებიან.

ოჯახის პატარა წევრებთან ერთად
ოჯახის პატარა წევრებთან ერთად

- როგორია დღეს ამერიკაში მყოფი ქართველების ზოგადი განწყობა?

- კარგად ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანას და ხალხს უჭირს. იმედით ვცხოვრობთ, მაგრამ დავიღალეთ და სამშობლოში დაბრუნება გვინდა. ბევრს ოცი წელი არ უნახავს თავისი ოჯახი და განა არ ბრუნდებიან, ვერ ბრუნდებიან, რადგან ოჯახი, მშობლები და შვილები მათზე არიან დამოკიდებული.

ინგა გოგიშვილი
ინგა გოგიშვილი

- როგორია თქვენი ოცნება?

- ძალიან მინდა, რომ ბედნიერი და აღორძინებული საქართველო ვიხილო, ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ქართველების ახალ თაობას, რათა ქვეყანამ უცხოეთში მათი გადახვეწით მომავალი არ დაკარგოს. იმედი ვიქონიოთ, რომ მალე მოვა დრო, როცა ქართველებით სავსე ბევრი თვითფრინავი საქართველოში ჩამოფრინდება...

 

თემები:
ქართველები უცხოეთში (108)

მთავარი თემები