23:44 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
ინტერვიუ
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (602)
37 0 0

სექტემბერში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში ნაციზმის რეაბილიტაციასთან და ისტორიის ფალსიფიკაციასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიების განყოფილება შეიქმნა.

რატომ და რისთვის გახდა საჭირო ცალკე ქვედანაყოფი, რაშია მსგავსი საქმეების გამოძიების სირთულე, რა ცოდნას უნდა ფლობდნენ გამომძიებლები და რატომაა რუსეთი ვალდებული, რეაგირება მოახდინოს უცხოეთში არსებული საბრძოლო დიდების სიმბოლოების შებილწვაზე, სააგენტო РИА Новости-ს საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ ბასტრიკინი ესაუბრა.

— ცოტა ხნის წინ საგამოძიებო კომიტეტში ახალი ქვედანაყოფი ჩამოყალიბდა ნაციზმის რეაბილიტაციასთან და ისტორიის ფალსიფიკაციასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოსაძიებლად. ამ ინფორმაციას დიდი განხილვები მოჰყვა მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში. გვითხარით, რით იყო ნაკარნახევი ამგვარი ქვედანაყოფის შექმნის აუცილებლობა?

— როგორც ცნობილია, ნიურნბერგის სამხედრო ტრიბუნალის განაჩენი უმნიშვნელოვანესი ეტაპი გახდა მეორე მსოფლიო ომის მიზეზების შეფასებისას. ყველას უნდა ესმოდეს, რომ მთავარი ნაცისტი დამნაშვეების ქმედებები, რომლებიც პასუხისმგებელი იყვნენ მეორე მსოფლიო ომის გაჩაღება–წარმოებაში, დანაშაულებრივად იქნა ცნობილი. მიუხედავად ამისა, დღეს, განგრძობადი საინფორმაციო ომის პირობებში, იზრდება ნაციზმის რეაბილიტაციის მცდელობები როგორც რუსეთში, ისე საზღვარგარეთ. ამასთან, ჩვენ ასევე ვხედავთ რუსეთის როლის ცრუ შეფასებებს ფაშიზმზე გამარჯვების საქმეში. სამართლიანობის აღდგენის მიზნით აუცილებელია ამგვარი მოვლენების წინააღმდეგ საქმიანობა გააქტიურდეს. ამასთან საზოგადოების სწრაფვამ, პატივი მიეგოს სამშობლოს დამცველებს და დაიცვან ისტორიული სიმართლე, კანონმდებლობაში ჰპოვა ასახვა და ახლა ეს რუსეთის კონსტიტუციითაა გამყარებული.

— როგორ ისჯება ახლა მსგავსი ქმედებები?

— რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი ნაციზმის რეაბილიტაციის შესახებ უკვე გამოიყენება მათ მიმართ, ვინც ნაცისტური სიმბოლიკისა და ფაშიზმის იდეოლოგიის გავრცელებას ცდილობს.

ამის ბოლო მაგალითებია ჩვენი რეაქცია „უკვდავი პოლკის“ ონლაინ–აქციის დროს მომხდარზე: რუსეთის რამდენიმე სუბიექტის მცხოვრებლებმა ინტერნეტ–საიტზე ნაცისტებისა და სამშობლოს მოღალატეების ფოტოები ატვირთეს. სისხლის სამართლის საქმეების ნაწილი დასკვნით სტადიაშია, ზოგი ფიგურანტი უკვე წარდგა სასამართლოს წინაშე. ერთ-ერთი მათგანი, პერმში მცხოვრები დანიილ სიმანოვი უკვე გასამართლებულია და 200 საათი სავალდებულო სამუშაოები აქვს მისჯილი. ვფიქრობთ, ეს განაჩენი შეესაბამება დანაშაულის საზოგადოებისთვის საფრთხეს და ამიტომ ცალკეული გამონათქვამები, თითქოს კოდექსის ეს ნორმა სადამსჯელო ინსტრუმენტად გამოიყენება, და ასევე გაუგებარი პარალელები საკონცენტრაციო ბანაკებთან, მხოლოდ გაკვირვებას იწვევს.

— რაშია ამგვარი დანაშაულების გამოძიების სირთულე?

— ისე ჩანს, რომ ამგვარ დანაშაულში ყველაფერი ნათელია და მარტივი. მაგრამ ეს ასე არ არის. ამ სიმარტივის უკან თავისი სპეციფიკა იმალება. დანაშაულის გარემოების დადგენისას მარტო ფაქტის კონსტატაცია კი არ ხდება, რომ ესა თუ ის გამონათქვამი ისტორიულ მოვენებს არ შეესაბამება. მთელი აზრი იმაშია, რომ დადგინდეს პირის მოტივი და ასევე მიზანი უკანონო ქმედებების ჩადენისას, რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება სსრკ-ის მოღვაწეობის შესახებ განზრახ ცრუ ინფორმაციების გავრცელებაში გამოიხატებოდეს.

ამასთან დაკავშირებით ნაციზმის რეაბილიტაციის მუხლით წინასწარი გამოძიების ზოგმა თავისებურებამ, მისმა სპეციფიკამ, ასევე საგამოძიებო გამოცდილებამ წარმოშვა კიდეც დამოუკიდებელი ქვედანაყოფის შექმნის აუცილებლობა საგამოძიებო კომიტეტის სტრუქტურაში.

— მაგრამ ხომ შეიძლება შეგხვდეთ ბევრად რთული დანაშაულებიც, რომლებსაც ისტორიის ღრმა ანალიზი სჭირდება? შეძლებენ კი თქვენი თანამშრომლები მათ გამოძიებას?

— ახალი ქვედანაყოფის შემადგენლობაში შევლენ ის გამომძიებლები, რომლებსაც უკვე აქვთ მსგავსი დანაშაულების გამოძიების გამოცდილება. ესენი არიან თანამშრომლები, რომლებსაც აქვთ ფართო ცოდნა არა მარტო იურისპრუდენციასა და საერთაშორისო სამართალში, არამედ ისტორიაშიც. მათ დიდი რაოდენობით საარქივო დოკუმეტი აქვთ შესწავლილი ომისა და მისი შემდგომი პერიოდიდან, როდესაც ნაცისტების დანაშაულების სხვა საქმეებს იძიებდნენ და საჭიროების შემთხვევაში მეცნიერებსაც მიმართავდნენ.

გარდა ამისა, ასეთი საქმეებისას ჩვენ უზრუნველვყოფთ აუცილებელი სასამართლო ექსპერტიზების ჩატარებას, მათ შორის, ისტორიულისაც.

გამომძიებელი ასევე ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის არსებული ნორმებითაც, რომლებიც ნიურნბერგის სამხედრო ტრიბუნალის გადაწყვეტილებას ეფუძნება. და, რა თქმა უნდა, მუშაობა ამ მიმართულებით ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მოქალაქეთა მიერ გაწეულ სამეცნიერო–ისტორიულ საქმიანობაზე. ერთი საქმეა ნაცისტების ჰეროიზაცია, მათი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამართლება, ხალხის ხსოვნის შეურაცხყოფა, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ისჯება, და სულ სხვაა სამეცნიერო მოღვაწეობა.

გარდა დანაშაულის უშუალო გამოძიებისა, ახალი ქვედანაყოფი ასევე შეასრულებს საკოორდინაციო ცენტრის როლს, გაუწევს რა მეთოდურ–ანალიტიკურ დახმარებას რეგიონულ საგამოძიებო ორგანოებს სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებაში.

— სხვა ქვეყნებში თუ ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით მსგავსი, ან ნაცისტური იდეოლოგიის გავრცელებასთან დაკავშირებული დანაშაულები?  

— გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ანტიკონსტიტუციური ორგანიზაციების პროპაგანდისტული მასალების გავრცელებაზე. ამასთან, მაკვალიფიცირებელი ნიშანი ადგენს გაზრდილ პასუხისმგებლობას იმ მასალების გავრცელებაზე, „რომელთა შინაარსიც ნაციონალ–სოციალიზმის იდეოლოგიასთან არის კავშირში“.

ისრაელში არსებობს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ჰოლოკოსტის უარყოფაზე. ბელარუსში ასევე არსებობს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ნაციზმის რეაბილიტაციაზე.

იმავდროულად კი ვხედავთ, როგორ ეკიდებიან ბალტიისპირეთის ქვეყნებში SS-ის ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობაც ნიურნბერგის ტრიბუნალმა დანაშაულებრივად ცნო. უკრაინაში სკოლის მოსწავლეები ნაცისტების საფლავების ყვავილებით შესამკობად დაჰყავთ, გმირებად გამოჰყავთ ისინი, ვინც ჰიტლერულ არმიასთან თანამშრომლობდა.

ევროპაშიც წამოყვეს თავები რევანშისტებმა და ნეონაცისტებმა. კერძოდ, ისინი გააქტიურდნენ ავსტრიაში, იტალიაში, ესპანეთში. როგორც ჩანს, ჯერჯერობით ასეთი მოვლენები არ აშინებს ამ ქვეყნების ხელმძღვანელობას, მაგრამ მომავალში ეს, შესაძლოა, დამღუპველად აისახოს მათ საზოგადოებრივ ცნობიერებაზე.

— საზღვარგარეთ მიმდინარე მოვლენები რა კუთხით ეხება რუსეთს?

— არსებული სისხლის სამართლის კანონმდებლობა გვავალდებულებს, რეაგირება მოვახდინოთ საზღვარგარეთ დაფიქსირებულ ისეთ შემთხვევებზე, როგორებიცაა ნაციზმის რეაბილიტაციის მცდელობები და საბრძოლო დიდების სიმბოლოების შეურაცხყოფა. საგამოძიებო კომიტეტი იძიებს უკრაინის ნაციონალური ხსოვნის ინსტიტუტის თავმჯდომარის ვლადიმირ ვიატროვიჩის საქმეს. მას ბრალად ედება იმ ფაქტების სისტემატური უარყოფა, რომლებიც საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალმა დაადგინა ევროპის ქვეყნების სასამართლოსთვის და მთავარი სამხედრო დამნაშავეების დასასჯელად.

ასევე მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქის, „SS-ის ლატვიური ლეგიონის“ ვეტერანის ვისვალდის ლაცისის მიმართ. დადგენილია, რომ 2017 წლის ნოემბერში რიგაში მისი ავტორობით გამოიცა წიგნი, რომელშიც ლაცისი ამართლებს „ლეგიონის“ საპოლიციო ბატალიონების მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. 2020 წლის აპრილში ლაცისი გარდაიცვალა, მაგრამ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა ფიგურანტის სიკვდილის გამო მარტო ახლო ნათესავების თანხმობის საფუძველზეა შესაძლებელი. ამიტომ გამოძიება გრძელდება.

მიმდინარე წელს ასევე აღიძრა საქმე ჩეხეთის რესპუბლიკაში მარშალ კონევის ძეგლის აღებასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის საბრძოლო დიდების სიმბოლოდ მიიჩნეოდა.

სულ ცოტა ხნის წინ დაფიქსირდა წითელი არმიის ჯარისკაცების ძეგლის შეურაცხყოფის კიდევ ერთი ფაქტი ლიტვის რესპუბლიკის ქალაქ ჟეჟმარიაიში. ამ ფაქტზეც ასევე მიმდინარეობს საპროცესო შემოწმება.

— რისი მიღწევა გსურთ საბოლოოდ?

— ჩვენი ვალია დავიცვათ ცოცხალი თუ დაღუპული მებრძოლ–განმათავისუფლებლების, ნაცისტების მსხვერპლთა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნა. გვახსოვდეს და ვიცოდეთ ომის გაკვეთილები — ეს ნიშნავს, გვქონდეს ტრაგედიებისა და შეცდომების თავიდან აცილების შანსი. ამის გათვალისწინებით ჩვენ ცოტა ხნის წინ შევქმენით საგამოძიებო კომიტეტის სამძებრო და საარქივო სამუშაოების საკოორდინაციო შტაბი.

ნებისმიერი მცდელობა, ომის გაჩაღებისთვის თანაბარი პასუხისმგებლობა დაეკისროთ ნაცისტ დამნაშავეებსაც და ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნებსაც, გამართლდნენ ნაცისტი დამნაშავეები და მათი მომხრეები, უბრალოდ ისტორიის ფალსიფიკაცია არ არის. ეს არალეგიტიმურია და ამორალური თავისი ბუნებით, მკრეხელობაა მსოფლიოს ხილული და იურიდიულად დადგენილი ბოროტებისგან განმათავისუფლებლების ხსოვნის მიმართ. სწორედ ამიტომ უნდა აღვუდგეთ წინ ისტორიული სიმართლის დამახინჯებას, მათ შორის, სისხლის სამართლებრივი ზომებითაც.

თემები:
რუსეთი დღეს (602)

მთავარი თემები