08:48 25 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8292
  • 100 RUB4.2718
  • USD3.2897
ინტერვიუ
მოკლე ბმულის მიღება
763 0 0

საქართველოში ნიჭიერი ადამიანი არავის უკვირს – სურვილისა და მონდომების შემთხვევაში ამ ქვეყანაში ბევრს შეუძლია, რომ საკუთარი შესაძლებლობა და სულიერი მოთხოვნილება ამა თუ იმ ფორმით გამოავლინოს.

აქ სირთულეს უფრო ის წარმოადგენს, რომ სხვისი ნიჭი აღიარო და ადამიანს საკუთარი გზის პოვნასა და პიროვნულ რეალიზებაში დაეხმარო. თამარ გოდაძისთვის ეს რთული სულაც არ აღმოჩნდა, მას არ გასჭირვებია ამ ქვეყანაში ნიჭიერი ქალბატონების მოძიება და მათი ერთ სივრცეში გაერთიანება. ამგვარ ინიციატივას იმიტომ ეწოდება სიკეთე, რომ ეს 35 ქალბატონი მარტოხელა დედა და სოციალურად დაუცველი ხელოვანი ადამიანია...

მისი საქმიანობა, ბუნებრივია, არ დარჩენილა ისეთი ქალაქის ყურადღების მიღმა, როგორიც თბილისია, ამიტომ ქალბატონი თამარი და მისი „Mix Shop საპოვნელა“ წელს სამართლიანად წარადგინეს ცნობილ ბრენდზე - „პერსონა“.

მის სალონს არც პანდემიის დროს შეუჩერებია მუშაობა, ქალბატონი თამარი თავად მიდიოდა მომხმარებელთან ან ფოსტაში, რათა დიზაინერების ნამუშევარი ადრესატამდე მისულიყო.

თამარ გოდაძე
თამარ გოდაძე

- ქალბატონო თამარ, ეს მსგავსი ტიპის პირველი სალონია საქართველოში?

- დიახ, მსგავსი სახის სალონი ჩვენთან პირველია. მასში გაერთიანებული არიან უნიჭიერესი ადამიანები, რომლებიც ამ გზით ახდენენ პიროვნულ რეალიზებას. ისინი ამზადებენ ხელნაკეთ ნივთებს, აქსესუარებს, ჩანთებს, ტანსაცმელს, სუვენირებს და ა.შ. ეს სოციალური პროექტი 2016 წელს წამოვიწყე. არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, არ მელამაზება. არ არის მარტივი ყველას ტკივილის ტარება, მაგრამ უნდა გავითავისოთ. ეს არის სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც მარტოხელა დედებს და სოციალურად დაუცველ ხელოვან ადამიანებს ვუწევთ დახმარებას. ჩვენს ჯგუფში 35-მდე ავტორ-დიზაინერია, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებულ ულამაზეს ნივთებს ამზადებენ. ყველა მათგანთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს და ყველას ოცნება ვიცი.

საქმიანობის დროს
საქმიანობის დროს

- ასეთი ქალბატონების პოვნა ალბათ არ გაგიჭირდათ, „საპოვნელა“ რატომ დაარქვით სალონს?

- როდესაც კომერციული ფართის ფასებმა მოიმატა, იძულებული გავხდით, რომ ადგილი შეგვეცვალა. მოგვიანებით მეორედაც იგივე დაგვემართა. მიუხედავად იმისა, რომ კიევის ქუჩა, რომელზეც ჩვენ ვიყავით, ქალაქში ცნობილია, მომხმარებელს მაინც უჭირდა ჩვენი პოვნა. ამიტომ სალონს „საპოვნელა“ დავარქვი. კმაყოფილი ვარ იმით, რაც შევქმენი, ჩემი საქმე ძალიან მიყვარს. აქ ყველა ფუნქციას ვითავსებ: მფლობელიც მე ვარ და გამყიდველიც, რათა ჩემს ავტორ-დიზაინერებს დამატებითი ხარჯი არ ჰქონდეთ. ვმუშაობ ყოველდღე, დილის 11-დან საღამოს 9 საათამდე, უკვე გარკვეული წესებიც გვაქვს, რომელსაც ყველანი ვასრულებთ.

დიზაინერების ნახელავები „Mix Shop საპოვნელაში“
დიზაინერების ნახელავები „Mix Shop საპოვნელაში“

- ვიცი, რომ ქალთა კოლექტივს მამაკაციც მიემატა...

- ეს გახლავთ ბატონი მერაბ კოპალეიშვილი, დიდი ხელოვანი, რომელიც უკვე ოთხი წელია ჩვენი ავტორია. ის სოციალურად დაუცველია, მაგრამ ამაზე საუბარი ეუხერხულება ხოლმე. მისი დიდი სურვილია, რომ თავისი ნამუშევრის – ალექსანდრე დიუმას ქანდაკება თბილისის რომელიმე სკვერში დაიდგას. ძალიან მინდა, რომ ეს ოცნება აისრულოს.

ირმა სოხაძესთან ერთად
ირმა სოხაძესთან ერთად

- თქვენი დევიზია „ურთიერთობა ფულზე მეტად ფასობს"...

- მართლაც ასეა – ჩვენთან ურთიერთობა ფულზე მეტად ფასობს, რადგან ერთ გუნდად შეკრულები, ვისაც როდის და რა დროს ვჭირდებით, იქ ვჩნდებით ხოლმე. ურთიერთობაში ყველაზე მთავარი ნდობაა, ისინი მენდობიან, ამიტომ მათ იმედს არასოდეს გავუცრუებ. წინ დიდი გეგმები და ოცნებები გვაქვს. პირველ რიგში, ჩვენი პატარების ჯანმრთელობა და შემდეგ ჩვენი საავტორო ნამუშევრების კიდევ უფრო დახვეწა და განვითარება. ხალხის სიყვარული ის მყარი საფუძველია, რაზეც მე და ჩემი გუნდის წევრები ვდგავართ. წარმატებაა აკეთო საქმე, რომელიც გიყვარს და ბედნიერებაა გიყვარდეს ის, რასაც მიაღწიე...

მერაბ სეფაშვილთან ერთად
მერაბ სეფაშვილთან ერთად

ამ მასალის მომზადების დროს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ „Mix Shop საპოვნელას“ ერთ-ერთი ავტორ-დიზაინერის ბავშვს გულზე პრობლემა აქვს და ოპერაციას უკეთებენ. ეს ქალბატონი მარტოხელა დედაა და მას წინასაოპერაციო მომზადებისთვის საკმარისი თანხა არ გააჩნია. ბარბარე სუარიშვილს უკვე სამჯერ ჩაუტარდა ოპერაცია და სამჯერვე ზონდირებით. ის ახლა მეოთხე ოპერაციის მოლოდინშია, რაც მისი გადარჩენის მეოთხე შანსია. პატარა ბარბარეს დახმარების მსურველებს შეუძლიათ მისი დედის ნამუშევრები „Mix Shop საპოვნელაში“ საავტორო ფასად შეიძინონ.

 

მთავარი თემები