16:19 26 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4801
  • 100 RUB4.4615
  • USD3.1916
ინტერვიუ
მოკლე ბმულის მიღება
53 0 0

კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაცია უკვე 18 წელია მოქმედებს. უმსხვილეს სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში შედის ექვსი ქვეყანა - რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი და ტაჯიკეთი.

კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის გენერალური მდივანი სტანისლავ ზასი, რომელიც ამ თანამდებობაზე საქმიანობას წლის დასაწყისიდან შეუდგა, მასმედიისთვის მიცემულ ინტერვიუში „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტს ესაუბრა იმის თაობაზე, არსებობს თუ არა კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციასა და ნატოს შორის სამხედრო კონფლიქტის საფრთხე, როგორია ორგანიზაციის მიღწევები და გაფართოების პერსპექტივები, ასევე როგორ ებრძვის ორგანიზაცია კორონავირუსის პანდემიას და შეიცვლება თუ არა მსოფლიოში სამხედრო-პოლიტიკური ვითარება ეპიდემიის დასრულების შემდეგ.

- კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციას შეიძლება „სრულწლოვანება“ მივულოცოთ - 15 მაისს მას 18 წელი უსრულდება. მაგრამ, როგორც ვიცით, თავად შეთანხმებას ხელი ჯერ კიდევ 1992 წელს მოეწერა, 10 წლის შემდეგ კი ორგანიზაცია შეიქმნა. როგორ აფასებთ დღეს ორგანიზაციის როლს მსოფლიოში საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით მისი პასუხისმგებლობის ზონაში?

- დღეს კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაცია - ბოლომდე შემდგარი საერთაშორისო ორგანიზაციაა. შექმნილია აუცილებელი ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა, მძლავრი სამხედრო შემადგენელი - ორმხრივი რეგიონული დაჯგუფებები, ცენტრალური აზიის რეგიონის სწრაფი რეაგირების კოლექტიური ძალები, ოპერატიული რეაგირების კოლექტიური ძალები, სამშვიდობო ძალები, კოლექტიური საავიაციო ძალები. ყოველწლიურად ჩვენ ექვს-რვა სხვადასხვა სამხედრო და სპეციალურ წვრთნას ვატარებთ. კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის ფორმატში გამოწვევებსა და საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში მიმდინარეობს საერთაშორისო ოპერაციები: ანტინარკოტიკული - „არხი“ (Канал), უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა - „არალეგალი“ (Нелегал), ტერორიზმთან ბრძოლა - „დაქირავებული“ (Наемник) და სხვ. საერთო ჯამში, კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის ძალოვანი კომპონენტი საკმარისია დასახული ამოცანების შესასრულებლად. თუმცა პრიორიტეტს, რასაკვირველია, პოლიტიკურ მეთოდებს ვანიჭებთ. ჩვენი ორგანიზაციის წესდებაში ასეთი ნორმაა შეტანილი და მინდა ამაზე ყურადღება გავამახვილო. 

კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციამ თავისი ადგილი დაიკავა საერთაშორისო ორგანიზაციების, სტრუქტურების, კავშირების სისტემაში, რომლებიც უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებით არიან დაკავებული. ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს გაეროს სტრუქტურებთან, უპირველეს ყოვლისა, ტერორიზმთან, ნარკოტიკებთან ბრძოლის სფეროში, ასევე სამშვიდობო მიზნების მიმართულებით. ვთანამშრომლობთ ასევე ეუთოსთან. პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს დსთ-სთან, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასთან, საერთაშორისო წითელ ჯვართან. კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაცია მოერგო უსაფრთხოების დაცვის საერთაშორისო სისტემას და თავისი ნიშა დაიკავა.

დღესაც და მომავალშიც ორგანიზაცია შეძლებს გარანტირებული პასუხი გასცეს მისი პასუხისმგებლობის ზონაში დესტაბილიზაციის, მშვიდობისა და უსაფრთხოების დარღვევის ნებისმიერ მცდელობას. დღეს ორგანიზაციის პასუხისმგებლობის ზონაში გაცილებით სტაბილური ვითარებაა, ვიდრე მსოფლიოს მრავალ სხვა რეგიონში. ეს თითოეული წევრი სახელმწიფოსა და ზოგადად ორგანიზაციის დამსახურებაა.

- შესაძლებელია, ამ სტაბილურობამ და სიმტკიცემ ორგანიზაციაში ახალი წევრები მოიზიდოს?

რა თქმა უნდა, ეს ორგანიზაციის ერთ-ერთი მიმზიდველი ორიენტირია. ამჟამად ჩვენ ორგანიზაციის პარტნიორებისა და დამკვირვებლების მექანიზმის ამუშავების ეტაპზე ვართ. იმედი გვაქვს, რომ გამოჩნდებიან ორგანიზაციებიც და ქვეყნებიც, რომლებიც უკვე იურიდიულადაც გახდებიან ჩვენი პარტნიორები და დამკვირვებლები. ამისთვის ნიადაგი მომზადებულია. მიმდინარეობს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პარლამენტში რატიფიკაციის პროცესი. ტაჯიკეთის გარდა, ყველა სახელმწიფომ დაასრულა რატიფიკაცია.

- პირველ რიგში, ვის განიხილავთ პარტნიორი ან დამკვირვებელი ქვეყნების სტატუსში და აქვს თუ არა ვინმეს შემოტანილი განაცხადი? 

 - განაცხადების დრო ჯერ არ დამდგარა, რადგან საკითხი ჯერ არ არის რატიფიცირებული. გეგმები, რა თქმა უნდა, არსებობს. ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებულია, რომ „ორგანიზაციის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც მის მიზნებსა და პრინციპებს იზიარებს და მზადაა იტვირთოს ვალდებულებები, რომელთაც მოქმედი წესდება და ორგანიზაციის ფარგლებში გაფორმებული სხვა საერთაშორისო შეთანხმება და გადაწყვეტილება შეიცავს“. მაგრამ სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის გაფართოებას უფრო ფრთხილად, აკურატულად უნდა მივუდგეთ. ვფიქრობ, ესეც პერსპექტივაა.

- როგორ მიმდინარეობს კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის ქვეყნების თანამშრომლობა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში? როგორ გადააქვს თავად ორგანიზაციას პანდემია და არიან თუ არა თანამშრომლებს შორის COVID-19-ით ინფიცირებულები?

- პანდემია - ჩვენი ქვეყნებისთვის სერიოზული საფრთხეა. ეს საკითხი ბოლომდე კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის კომპეტენციას არ განეკუთვნება. ჩვენ, როგორც არ უნდა იყოს, სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია გვაქვს. მაგრამ ამის მიუხედავად, ამ საფრთხის მიღმა არ ვრჩებით.

ტელეფონით ვესაუბრე კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების საბჭოს მდივნებს კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ვითარებაზე. გავცვალეთ მოსაზრებები თითოეულ წევრ სახელმწიფოში პანდემიასთან ბრძოლის ღონისძიებებზე. შევთანხმდით კონსულტაციების გაგრძელებაზე კოლექტიური რეაგირების ზომების შესამუშავებლად ორგანიზაციის პასუხისმგებლობის ზონაში ვითარების მკვეთრად გაუარესების შემთხვევაში.

რა თქმა უნდა, პანდემია - ახალი საფრთხეა. მაგრამ კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის სამართლებრივი ველი ამ ტიპის საფრთხეებზე რეაგირების შესაძლებლობას იძლევა.

- პანდემიამ, როგორც უკვე აღნიშნეთ, კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის საქმიანობაში ცვლილებები შეიტანა. შეეხო თუ არა ეს ცვლილებები ორგანიზაციის წევრების წვრთნების გრაფიკს? 

- პირველ რიგში, კარგად უნდა გვესმოდეს წვრთნების მნიშვნელობა. ესაა შეიარაღებული ძალებისა და ძალოვანი სტრუქტურების ერთობლივი მოქმედებისთვის მომზადების უმაღლესი ფორმა. იმედი გვაქვს, მოვახერხებთ თუ ყველა სწავლების არა, მათი ნაწილის ჩატარებას მაინც. იგეგმებოდა რვა ერთობლივი სწავლების ჩატარება. ყველა სექტემბერ-ოქტომბრისთვის იყო დაგეგმილი. ტრადიციულად, წვრთნები ყოველთვის ამ პერიოდში იმართება. ჯერჯერობით არაფერი გადაგვიდია და გრაფიკს მივყვებით. მომავალში ვითარებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ. თუ სწავლების მონაწილეთა ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს რეალური საფრთხე შეექმნება, წვრთნების გადადება მოგვიწევს.

- როგორ აფასებთ კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის ფარგლებში შეიარაღებული ძალებისა და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლობის დღევანდელ დონეს?

- ვაფასებ, როგორც ძალიან მაღალს. ორგანიზაციის დაარსების დღიდან მოყოლებული, 18 წლის განმავლობაში, უზარმაზარი სამუშაო შესრულდა წევრ სახელმწიფოთა ყველა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლობის გასაძლიერებლად. გავიარეთ გზა ცალკეული ამოცანების ერთობლივად, როგორც წესი, ორმხრივ საფუძველზე, გადაჭრის ღონისძიებებიდან უფრო მაღალ დონემდე - შეიარაღებული ძალებისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების მრავალმხრივ კომპლექსურ თანამშრომლობამდე.

- ახლა ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ სამყარო პანდემიის შემდეგ აღარ იქნება ისეთი, როგორიც ადრე. თქვენ როგორ აფასებთ პერსპექტივას და რა უნდა შეიცვალოს, თქვენი აზრით, ორგანიზაციის მუშაობაში?

- დიახ, დღეს ისმის ასეთი მოსაზრებები. ამაზე ისაუბრეს, მაგალითად, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა და არაერთმა სხვა პოლიტიკოსმა. ყველა ამ ავტორიტეტული სახელმწიფო მოღვაწის მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ასეთი გლობალური დასკვნების საფუძველს ვერ ვხედავ.

ჩვენი ორგანიზაცია - სამხედრო-პოლიტიკური ბლოკია. ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ორიენტირებული ვართ საერთაშორისო და რეგიონულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზე. მე ვერ ვხედავ წონიან არგუმენტებს, რომ ის როგორღაც არსებითად და, მით უმეტეს, უფრო კარდინალურად შეიცვლება პანდემიის შემდეგ.

- იხილება თუ არა კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციაში ნატოსთან სამხედრო კონფლიქტის ალბათობა და თუ ემზადებიან ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები ასეთი რისკისთვის?

- ნატოსთან სამხედრო კონფლიქტის უშუალო რისკი არ არსებობს. უთანხმოების, მსხვილი საერთაშორისო პრობლემებისა და გამოწვევების გადაწყვეტისადმი განსხვავებული მიდგომების შემთხვევაშიც კი - საფუძველი ასეთი კონფლიქტისთვის არ ჩანს. მეტსაც გეტყვით, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ნატოს სახელმწიფოთა პოლიტიკურ ელიტასა და საზოგადოებას, ჩვენ მსგავსად, შესანიშნავად ესმის, რამდენად კატასტროფული იქნება ასეთი გლობალური კონფლიქტის შედეგი.

ამასთან, კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციაში კარგად აქვთ გააზრებული ევროპის კონტინენტსა და მთელ მსოფლიოში მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკური მოვლენების მთელი სირთულე. ცვლილებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ვითარება სერიოზული დაკვირვებისა და  ანალიზის ქვეშაა. კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის საზღვრების მახლობლად ნატოს სამხედრო ძალისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერება და ერთობლივი მანევრების მასშტაბებისა და ინტენსივობის (ყოველწლიურად 40-მდე მსხვილი სამხედრო სწავლება იმართება) ზრდა არ შეიძლება შეშფოთებას არ იწვევდეს.

ეს ყველაფერი ობიექტურად მოითხოვს ორგანიზაციის ადეკვატურ რეაქციას და მუდმივ მზადყოფნას შესაძლო კრიზისულ სიტუაციებზე. ამასთან დაკავშირებით მუშავდება რეაგირების პოლიტიკურ-დიპლომატიური ღონისძიებები, ძლიერდება ორგანიზაციის სამხედრო შემადგენელი, მიმდინარეობს უწყვეტი მუშაობა ჯარების საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებისა და მართვის სისტემების სრულყოფისათვის.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ეს ზომა მიმართულია მხოლოდ ორგანიზაციის წევრ-სახელმწიფოთა კოლექტიური უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად.

მთავარი თემები